საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 27 იანვარი 2019 13:31

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს კონგრესმენებთან, მათ შორის, კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ჯერი კონოლისთან და ადამ კინზინგერთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარის მოადგილესთან, დევიდ პრაისთან.

შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ დენ ტვინინგთან, საერთაშორისო ორგანიზაციის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრაციულ თანაშემწესთან ბროკ ბირმანთან.

საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობასა და ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაში. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია შედიან.

ჩინეთის ელჩი პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 17:26

აპარატის უფროსმა ჩინელ დიპლომატთან პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ახალ ფუნქციებზე საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს გაძლიერების მიმართულებებზე და ამ პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობის მნიშვნელობაზე. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აპარატში მიმდინარე რეფორმირების პროცესი, რაც სასწავლო და კვლევითი ცენტრების გაძლიერებას, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ინტენსიურ კომუნიკაციას გულისხმობს, პარლამენტის საქმიანობას კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტურს გახდის.

შეხვედრაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა ჩინეთის ელჩს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბიბლიოთეკას უახლოეს პერიოდში საჩუქრად გადაეცემა, ბიბლიოთეკაში დაცული დოკუმენტების ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისი ურთიერთობები მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.

ძი იანჩიმ 2019 წელს საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტების გამართვის ინიციატივა გამოთქვა და აღნიშნა, რომ გაცვლითი ვიზიტებით ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობა კიდევ უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას, გივი მიქანაძემ ჩინეთის საელჩოს მიერ დაფინანსებულ საჯარო მოხელეთა საერთაშორისო სწავლების პროგრამებში, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ტარდება ყოველწლიურად, პარლამენტის აპარატისთვის ერთი კვოტის გამოყოფის ინიციატივა გამოთქვა. ინიციატივის პასუხად ჩინელმა დიპლომატმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ორი ადგილის გამოყოფის მზაობა დაადასტურა. ძი იანჩიმ, ასევე, პარლამენტის აპარატის სტამბის მოწყობილობების შეძენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკითხს დეტალურად გაეცნობა და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა პარლამენტში მოდელირებული საკომიტეტო მოსმენა გამართეს

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 15:24

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა.

ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის“ ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.

დღეავანდელი შეხვედრით გვინდა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.

სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით სეულს ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018 14:34

კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფიშოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით, 10 სექტემბერს სეულში გაემგზავრა.

10-12 სექტემბერს, სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვდრები გაიმართება ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერ, ლი ჯუ-იონგთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, იუ სინგ-ჰისთან, საგარეო ურთიერთობათა და გაერთიანების საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანგ სოკ-ჰოსთან, მიწის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, იუნ კვან-სუკთან და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, იუნ სუნ-გუსთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი პარლამენტარები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომსა და კორეული კომპანია Samsung-ის საგამოფენო ტექნოლოგიურ ცენტრს ეწვევიან.

დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები: საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაცია მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:01

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.

როგორც ამერიკელი კონგრესმენების წამყვანმა მრჩევლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას და შესაბამისად, მათი სტუმრობის პირველი ადგილიც საქართველოს პარლამენტი გახდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, შიდა რეფორმები და ეკონომიკური ვითარება.

სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგებით და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, პარლამენტის როლის გაძლიერებით მთავრობაზე კონტროლის თვალსაზრისით. დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით კონგრესის გამოცდილებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო. კონგრესის თანამშრომელთა შეკითხვები აღნიშნული საკითხის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ასპექტებს შეეხებოდა.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლით და რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლისკენ მიმართული ქმედებებით.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივი ძალისხმევა ამერიკის კონგრესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მათი შეფასებით, „ეს ინიციატივა განსაკუთრებით ეფექტური მექანიზმია“.

ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 20 მაისი 2018 23:21

ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება. 
ამ მიმართულებით ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ორ კანონში: “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონსა და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიციატივით გამოდის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. 

კანონპროექტის ძირითადი არსია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ინტერნეტმომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. 

ამასთან, მომზადებული პროქტის მიხედვით, “მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, შესაბამისი პირების მიერ უნდა მოხდეს მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტერნეტსივრცეში არსებული არასრულწლოვანთათვის ისეთი საფრთხეების თაობაზე, როგორიც არის პორნოგრაფია, “კიბერგრუმინგი“ - ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ბავშვის დაშინება, ინტერნეტით, ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.

ჯანდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სახელმძღვანელო (გაიდლაინი) მშობლებისა და პედაგოგებისთვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის პრევენციის თაობაზე. 

რომან გოცირიძე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 14:22

საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს. გოცირიძე რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას ითხოვს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება. 

„პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მისი მიღება კი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. 

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 მაისი 2018 17:39

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მაისი 2018 16:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო. 

შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საკანონმდებლო ღიაობისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს.

მაროკოს სამეფოს პარლამენტის წევრთა განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ეროვნული სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ხაზგასმით აღინიშნა მეგობრობის ჯგუფების დაარსებისა და მათი შემდგომი ინტენსიური ურთიერთობის, ასევე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება ხალხთაშორისი დიპლომატიის განვითარებაზე გაამახვილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

ირაკლი კობახიძემ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, მაროკოს სამეფოს პარლამენტს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, მხარდაჭერა გაუწიოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური