საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის სპიკერის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 16:17

ფრაქცია „ევროპული საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ფრაქციის წევრების თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებენ.

„ეს რაც მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება რაციონალური პოლიტიკის, პარტიული დაპირისპირების, ფეხქვეშ გათელვას საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ინსტიტუტებისა და ეროვნული თავმოყვარეობის. დღეს ვიხილეთ ოკუპანტი სახელმწიფოს დუმის წევრი, ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და აქ ჩამოსვლამდე, სამი დღით ადრე ჭკუას არიგებდა მთელს საქართველოს, რომ ყველა ერთად შევეგუოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას. დღეს ვნახეთ ეს ადამიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას, ქვეყნის კონსტიტუციით მეორე მნიშვნელობის ადგილას, რომელსაც რუსულ ენაზე მიჰყავდა სხდომა. ეს ფაქტი სცდება პარტიული განსხავებების ფარგლებს და არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე. მიგვაჩნია და საპარლამენტო უმცირესობის სახელით ვთვლით, რომ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყვეს უმაღლეს დონეზე პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დავიწყებთ ოფიციალური იმპიჩმენტის პროცედურას და ამას მივიყვანთ ბოლომდე. მაგას ამას სჭირდება დრო, ამიტომ მოვუწოდებთ, თავად გადადგას ეს ნაბიჯი და ამით მოწმინდოს სირცხვილი, რომელიც დღეს ყველამ ერთად ვნახეთ პარლამენტში“, – აცხადებენ ფრაქცია „ევროპულ საქართველოში“.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

წყარო: https://1tv.ge/news/evropuli-saqartvelo-irakli-kobakhidzis-gadadgomas-moitkhovs/

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური