დავით უსუფაშვილი სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 14:16

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ტედ უაითსაიდთან შეხვედრა გამართა. 

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეულზე ისაუბრეს, რომელიც ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დაიწყო. როგორც ტედ უაითსაიდმა აღნიშნა, აღნიშნული ღონისძიებისადმი ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიკვეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ისაუბრეს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საფრთხეებზე, რომელიც თანამედროვე მედიასივრცეში არსებობს. იმსჯელეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის თქმით, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და სწორი ინფორმაციის მიმოცვლის პრობლემა, გარკვეულწილად, ყველა ქვეყანაშია და ამის გადასაჭრელად, საჭიროა, შესაბამისი მექანიზმები იქნას შემუშავებული. მისივე განცხადებით, ყველა პროექტს, მათ შორის, თავდაცვის სფეროში, მკაფიო სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმა სჭირდება, რათა პროექტის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მოხდეს. ტედ უაითსაიდის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ინფორმაციას რაც შეიძლება მეტი სუბიექტი ფლობდეს.

საუბარი შეეხო მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტსაც. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს პარტნიორი ქვეყნები კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა ნატოსკენ სწრაფვას უფრო აქტიურად გააგრძელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:13

საქართველო ქუვეითის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს დავით უსუფაშვილმა  ქუვეითის სახელმწიფოს ემირმა, ქვეყნის ყოფილმა და მოქმედმა პრემიერმინისტრებმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოს სტუმრობს. 

ვიზიტის ფარგლებში, უსუფაშვილი ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესა და ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფს შეხვდება.

პარლამენტის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 17:28

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე პროცესები, საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის პოტენციალი და ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის საკითხები განიხილეს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, გიუნტერ ბეხლერის შეხვედრისას. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ყურადღება იმ გამოწვევებზეც გაამახვილეს, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის, არამედ მთელი დემოკრატიული საზოგადოების წინაშე დგას. 

პარლამენტის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 17:33

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, იენჩი ძისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მხარე, როგორც საქართველო, ასევე ჩინეთი დიდი ინტერესით აგრძელებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რაც ორივე ქვეყნისთვის მეტი პოზიტივის და სარგებლის მომტანია. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობას, რომლებიც გასულ წლებში შედგა. ამ მხრივ კი ყურადღება  ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობათა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საქართველოში სტუმრობაზე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე გამახვილდა.
ჩინელმა დიპლომატმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს მის ქვეყანას საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.  მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან და ევროპის ბაზართან დაახლოებას მისი ქვეყანა დიდი ინტერესით განიხილავს, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.
დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩინეთის მხარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას საქართველო შესაბამის შეფასებებს აძლევს და მოხარულია, რომ ამ ქვეყნის სახით ქართულ სახელმწიფოს კარგი მეგობარი ჰყავს.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე - უსაფრთხოების და ტერორიზმის საფრთხეებზეც ისაუბრეს.
იენჩი ძი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2015 წლის ბოლოდან შეუდგა. მანამდე კი, იგი სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, სავარაუდოდ, 15 იანვარს განაახლებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 11:51

საკანონმდებლო ორგანო მუშაობას, სავარაუდოდ, 15 იანვარს განაახლებს. დეპუტატები საკომიტეტო განხილვების ფორმატში, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში იმუშავებენ.
მანამდე დეპუტატები შეხვედრას გამართავენ და კომიტეტებში განსახილველ საკითხებზე შეთანხმდებიან. კანონმდებლებმა მეორე და მესამე მოსმენით განსახილველ და ახლად ინიცირებულ კანონპროექტებზე უნდა იმსჯელონ. საგაზაფხულო სესია კი თებერვლის თვეში დაიწყება.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 19:57

80 მომხრე 3 წინააღმდეგი, დეპუტატებმა მეორე მოსმენით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს, თუმცა განხილვა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიცია მმართველ კოალიციას კოდექსის საკუთარ თავზე მორგების მცდელობაში ადანაშაულებდა.

„არადემოკრატიული და მავნებლური კანონი არის დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ გამწარებულმა ხალხმა მას განაჩენი უკვე გამოუტანა. მან კარგად იცის მარცხის გარდუვალობა და ამ ჭრა-კერვით უნდა რომ რაღაცნაირად გაძვრეს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

ხელისუფლებას ცვლილებებს უწუნებენ თავისუფალი დემოკრატებიც. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისასა ზურაბ აბაშიძემ არსებულ ცვლილებებს "კატასტროფა" უწოდა.

„ეს რის მიღებასაც აპირებთ არის კატასტროფული რეალობა. არანაირ დრამატიზირებას არ ვახდენ. თვლით რომ ეს არის რეფორმა? ეს არის ქვეყნის წინსვლა? ეს ასე არ არის! ვერ დაგეთანხმებით და არ დაგეთანხმებით. არ შეიძლება ამის გაკეთება,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 17:44

როდესაც პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მოწვევას გადაწყვეტს, თუ რაიმე გადაუდებელი წინააღმდეგობა არ მაქვს, მაშინ საბჭოს უნდა დავესწრო და მე ასეც მოვიქცევი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მთავრობის მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებების იგნორირების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუცია და კონსტიტუციური წესრიგი დასაცავია. 
"აქ არ არის აუცილებელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე, საკმარისია ვიყოთ ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე, რომ ვიცოდეთ, რომ კონსტიტუციური წესრიგი არის დასაცავი. კონსტიტუცია არის დასაცავი, კონსტიტუციური უფლებამოსილებები ამა თუ იმ პირების მიერ არის შესასრულებელი და ყველა ვცდილობთ, ეს გავაკეთოთ - მათ შორის მეც. "უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონში ბოლო ცვლილებებით პარლამენტის თავმჯდომარეს საბჭოში ცოტა სხვა სტატუსი მიეცა. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება უშიშროების საბჭოს, არაწევრის სტატუსით, თავისი შეხედულებისამებრ დასწრებოდა. ახალი ცვლილებებით პარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს წევრია. უშიშროების საბჭოს მოწვევის საკითხს პრეზიდენტი წყვეტს. ამიტომ როდესაც იგი ასეთი საბჭოს მოწვევას გადაწყვეტს, თუ არ მაქვს რაიმე გადაუდებელი, შეუძლებელი წინააღმდეგობა, მაშინ მე საბჭოს უნდა დავესწრო და ასეც მოვიქცევი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. 
პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, 4 დეკემბრისთვის ის თბილისში იქნება და უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. 

გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 12:24

2015 წლის 9-11 ნოემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჯიჰან სულთანოღლუ - გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილე და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელი.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯიჰან სულთანოღლუ შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს - დავით უსუფაშვილს, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ძირითად პარტნიორებს საქართველოში - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს.
შეხვედრების მსვლელობაში ჯიჰან სულთანოღლუ ისაუბრებს საქართველოს მიღწევებზე გასული წლების მანძიპარლამენტლზე, განვიტარების მიმდინარე გამოწვევებზე და საქართველოს როლზე მსოფლიოს ახალი დღის წესრიგის - მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
იგი ასევე შეეხება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც ეყრდნობა გაეროსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საპროგრამო დოკუმენტს 2016-2020 წლებისთვის.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ოფიციალურ დელეგაციაში შევლენ გაეროს შტაბ-ბინის წარმომადგენლები და გაეროს მუდმივი კოორდინატორი/გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ნილს სკოტი.
10 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან - ირაკლი ღარიბაშვილთან, და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში - ფედერიკა მოგერინისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციაში „გენდერული თანასწორობისათვის - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელიც ჩატარდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
11 ნოემბერს, ჯიჰან სულთანოღლუ გაემგზავრება დუშეთის რეგიონში, სადაც გაეცნობა გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის მთავრობისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შედეგებს საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდასაჭერად.   
#####
ქალბატონი ჯიჰან სულთანოღლუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირია. სხვადასხვა წლებში იგი ხელმღვანელობდა გაეროს წარმომადგენლობებს ბელარუსში (2004-2007) და ლიტვაში (2000-2005), ხოლო 2012 წელს დაინიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილის თანამდებობაზე და სათავეში ჩაუდგა ევროპისა და დსთ-ს რეგიონულ ბიუროს. ჯიჰან სულთანოღლუ უკვე ორჯერ ეწვია საქართველოს 2013 და 2014 წლებში.  

დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 15:57

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

დავით უსუფაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ მთელი დელეგაცია შთაბეჭდილებების ქვეშაა იმ ყურადღების გამო, რაც საქართველომ ჩინეთის უმაღლესი ლიდერების მხრიდან მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დიდწილად ელჩის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლების დამსახურებაა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობები ყველა დონეზე გაგრძელდეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფუნდამენტი ძალიან მყარია, თანამშრომლობა ჩქარი ტემპებით ვითარდება და ასევე გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარის შეეხო ასევე აბრეშუმის გზის ინიციატივას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობენ, პოტენციურად ძალიან წარმატებული გზის დასაწყისში დგანან და საქართველო ამ პროექტის აქტიური წევრი იქნება, რაც ოქტომბრის თვეში, თბილისში გამართულმა აბრეშუმის გზის ფორუმმა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტისას აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე დასწრებამაც დაადასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს პროდუქტიული და წარმატებული მუშაობისათვის და მის მომდევნო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს, საჩუქრად 50 პერსონალური კომპიუტერი გადმოეცა, როგორც ეს მიმიდნარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩენგ ჩანგჭის საქართველოში ვიზიტის დროს იყო გაცხადებული.

„ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში, ვერ აღიქვეს, რომ 21-ე საუკუნე დაფუძნებულია განსხვავებულ ღირებულებებზე“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 12:59

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია რუსეთის საბოლოო მიზანი არ ყოფილა. ეს ტერიტორიები არის პლატფორმა შემდგომი ნაბიჯებისა, რათა რუსეთმა თავისი კონტროლი გაზარდოს არამხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონშიც. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მესამე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 „სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა რუსეთში, ვერ აღიქვეს, რომ 21-ე საუკუნე დაფუძნებულია განსხვავებულ ღირებულებებზე. ეს გახდა პრობლემა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამის მაგალითია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“, - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია ხშირად იმართებოდეს კონერენციები უსაფრთხოების საკითხებზე

„უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციები უფრო და უფრო საინტერესო ხდება. საქართველოზე რომ ვისაუბროთ, რუსეთი ახდენს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ აზროვნებისაც, რაც ძალიან დამაზიანებელია. ყველა წამი, ყველა წუთი, რომელსაც ვუთმობთ ამ საკითხებს, აკლდება სხვა საკითხებს, რომლებზეც ყველა ხელისუფლება უნდა იყოს ფოკუსირებული. ეს არის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, განათლების საკითხები. სამწუხაროდ, მე და ჩემი კოლეგები მთელ დროს უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ვხარჯავთ, ეს კი ხელს არ უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 „ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური სანქციები საბოლოო ჯამში ყველას ვნებს. არ შეიძლება ეს სიკეთის მომტანი იყოს და საქართველო ამით აგებს. ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარს ვუჭერთ მძიმე სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, დააზიანოს უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებულია“, - აღნიშნა უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მესამე კონფერენცია იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური