"ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 15:27

„მე მინდა დავამშვიდო ყველა, სანამ მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!“- ნათვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფოს მართვის პროცესში შეფერხება არ იქნება.

„სახელმწიფოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება. ეს უბრალოდ აღარ გვეკადრება! ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე რომ ეს ვერ გავიაზროთ,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

სახელმწიოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 14:11

პარლამენტის თავმდჯომარე და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან მნიშვნელოვანია გუშინ ვინ გაგვახარა, გინდ ჩემპიონობით, გინდ ქველმოქმედებით, გინდ პოლიტიკური წარმატებებით.

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხვალ ვინ გამოგვადგება!

ვინ გაიყვანს ქვეყანას ფონს, აი ამ ძალიან მძიმე ვითარებაში.

ეს არჩევანი კი თითოეულმა ჩვენგანმა 8 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.

მე ვამბობ, დიახ მე ვერ შევძელი ცხოვრებაში ბევრი მილიონის შოვნა, მე ვერ შევძელი ოლიმპიური მედლის მოპოვება, ხვალ რომ გამიშვათ რაღაც მიმართულებით, ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია და რაც ვიცი, სწორედ სახელმწიფოსთან, დემოკრატიასთან, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყებნებასთან, საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებია.

ამ ყველაფერზე მზად ვარ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს გავეჯიბრო.

დიახ, მე მაქვს ეს ამბიცია და შესაბამისად მზად ვარ ნებისმიერთან პაექრობისთვისაც.

რა თქმა უნდა არის უამრავი სხვა თემა, რომელშიც მე არ ვარ მზად ასე ყოჩაღად ვინმესთან სასაუბროდ და ზუსტად ამაშია საქმე!

"რესპუბლიკური" პარტიიდან, ან ჩემგან, როგორც კი მოისმენთ, რომ მხოლოდ ჩვენ გადაგარჩენთ ხალხო და დანარჩენები რაში გჭირდებათ, აი იმ წუთშივე დამისვით ჯვარი, რომ თურმე მეც გამირეკია.

ასე რომ, თუ ვინმე გვეუბნება, რომ მორჩა დამთავრდა ყველაფერი, პრობლემები მოვაშორეთ, ვინც გასაშვები იყო გავუშვით, ვინც ჩასასმელი იყო ციხეში ჩავსვით, ახლა აგერ ვარ მე და ჩემი გუნდი და ამ ქვეყანას უკვე ჩვენ მივხედავთ - აი აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

რადგან, ჩვენ ქართველებმა, ბევრჯერ ვნახეთ, ბევრჯერ გავიარეთ ეს და კიდევ ერთი შეცდომა დაუშვებელია, აღარ გვეპატიება.

სამწუხაროდ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არ არის აქტიურ პოლიტიკაში.

მაგრამ, ბიძინა ივანიშვილი არის "რესპუბლიკური" პარტიის კონკურენტი "ქართული ოცნების" არა მარტო დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, არამედ ლოგოც , სიმბოლოც, ლიდერიც, არჩევნების იმედიც, პროგრამაც და საერთოდ ყველაფერი.

ყველამ ვიცით, რომ სამწუხაროდ, მას უნდოდა წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ ვერ მოახერხა და ამიტომ არის აი იმ ვითარებაში სადაც არის...

თუმცა მე ვიცი და მჯერა, რომ მას უკვე ნამდვილად უნდა წასვლა ამ არჩევნების შემდეგ, იმ როლიდანაც კი სადაც ამ ეტაპისთვის არის და მე ეს მაწუხებს.

მაწუხებს იმიტომაც, რომ ამომრჩეველი, რომელიც 8 ოქტომბერს მივა ხმის მისაცემად, ეს კარგად უნდა გაიაზროს!

ხმას აძლევს მაგალითად "რესპუბლიკურ" პარტიას უსუფაშვილიან, ხიდშელიანად და ა.შ. თუ "ქართულ ოცნებას", რომელსაც ნოემბრიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ ეყოლება?!

არ მინდა ვინმემ სხვანაირად გამიგოს, ან შეურაცხყოფად მიიღოს, მაგრამ პოლიტიკურად "ქართული ოცნება" არ არსებობს.

რადგან, პოლიტიკურად თუ "ქართულ ოცნებას" გამოვაკლებთ ივანიშვილს და საძალაუფლებო ბერკეტებს, იქ უბრალოდ აღარაფერი დარჩება, არც პოლიტიკურად, არც ორგანიზაციულად.

დარჩება რამდენიმე საუკეთესო სახელმწიფო მოღვაწე, მაგრამ "ქართული ოცნება" მმართველი პარტია ვეღარ იქნება.

ეს ყველაფერი ერთი წუთითაც არ ნიშნავს, რომ მე ვაკნინებ იქ მყოფი ადამიანების მნიშვნელობას. რადგან თუნდაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ადამიანი, როგორც პრემიერი ეს არის ცალკე ღირებულება!

ასე რომ, მე "ქართულ ოცნებასთან" ვიპაექრებდი და არა მის ასეთ ვითარებაში მყოფ ლიდერთან, რომელსაც ხელს ვერ მოკიდებ, ვერ გაეჯიბრები და ა.შ.

ზოგადად, მე რასაც ვუყურებ, როგორც ჩანს 2012 წლის გამარჯვების შემდეგ, სახელისუფლებო ტვირთმა ოცნების დამფუძლებელს შესაძლოა პრიორიტეტები შეუცვალა, რასაც დაპირებების გარკვეულწილად შეკვეცა მოყვა კიდეც...

მართალია ამის უამრავი მიზეზი იყო, როგორც საგარეო, ასე საშინაო ფაქტორები..

მაგრამ ეს მაინც მისი არჩევანი იყო.

ამიტომ ახლა, 8 ოქტომბეს, უკვე ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი

და ყველას თავისი უნდა მიაგოს.

უმადურობას უნდა შევეშვათ ჩვენ მოქალაქეები და ყველას თავისი დავუფასოთ.

მაგრამ ამასობაში არჩევანი მომავალზე უნდა გავაკეთოთ. იმაზე, თუ ხვალისთვის ვინ გამოგვადგება.

გუშინ ვინ გაგვახარა, გინდ ჩემპიონობით, გინდ ქველმოქმედებით, გინდ პოლიტიკური წარმატებებით, ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ხვალ ვინ გაიყვანს ქვეყანას ფონს, ამ ძალიან მძიმე ვითარებაში, აი ეს არის უმთავრესი.

მიტუმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც განსაკუთრებით ჩვენს შემოგარენში, კავკასიაში, კიდევ უფრო დიდ ევრაზიულ კონტექსტში, არის უკიდურესად დაძაბული.

აი აქ გვჭირდება სწორედ სახელმწიფოს პატრონობის შემძლე ხალხი!

პირადად მე, მზად ვარ გავუწოდო თანამშრომლობის ხელი ამისთვის მომართულ ადამიანებს. მაგრამ გამიჭირდება ამ ხელის გაწვდენა მათთვის, ვინც 4 წელი პარლამენტში იყო და არ იპარლამენტარეს. 4 წელი ერთად ვიყავით და 4 წელი მათ ძებნაში გავლიე...

და ასეთი ხალხი თუ კიდე იქნება უმრავლესობაში, ეს ხალხი თუ იქნება ისევ სასურველი ჩვენი მომავლისთვის, ეს მე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

კი, თითეული მათგანი გადასარევი პიროვნებაა, წარმატებულებიც არიან, მაგრამ ამ საქმეს, პოლიტიკას, პარლამენტს, მთავრობას ჭირდება ადამიანები, რომლებსაც ამისთვის ცალია, რომელთათვისაც ეს საინტერესოა და მათი მიზანიცაა.

ბოლოს კი, მე მინდა დავამშვიდო ყველა, სანამ მე ვარ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და გიორგი მარგველაშვილი- ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას!

სახელმწიოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება.

ეს უბრალოდ აღარ გვეკადრება!

ჩვენ არ ვართ არც ისეთი ახალგაზრდები და არც ისე გადასული სხვა თემებზე რომ ეს ვერ გავიაზროთ. ჩვენ ცოტა სხვა გამოცდილების და ხედვების ხალხი ვართ.

რეალურად კი, მე მიმდინარე პროცესებში უფრო სხვა ლიდერებისგან ვხედავ პრობლემებს.

და მე არ მინდა, რომ უცხოეთში გაქცეული თუ გადახვეწლი ავანტურისტული იდეებით დაკავებული ყოფილი თუ დღევანდელი ლიდერები, რაღაც პროვოკაციის მსგავსს გვიწყობდნენ გამუდმებით. აი მათ თემებზე უნდა ვიყოთ ყურადღებით.

რადგან სამწუხაროდ, ნაციონალებმა ვერ დააღწიეს თავი იმას, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე არ უნდა წავიდნენ.

თორემ, ჩვენ შემთხვევაში, სამივეს მაგივრად გაძლევთ პირობას, რომ არჩევნების წინ კი, ეს იქნება პოლიტიკური კონკურენცია, პაექრობა, მაგრამ ეს არ იქნება მტრობა, კანონის დარღვევა, არც ზნეობის და ეთიკის ნორმების დარღვევა," -  ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში, რომელიც მის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

 

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:14

საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარსდგა, რომელსაც ხელს აწერს ასევე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO -ს კურსის ურყევი ნება.

„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს - როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ხმა ავსტრიელ დეპუტატს მისცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:59

დავით უსუფაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ხმა ავსტრიელ დეპუტატს, კრისტინა მუტონენის მისცა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მიაწოდა. 

“ხმა მივეცი თანამშრომლობას და უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებში, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. დავით უსუფაშვილის თქმით, ასამბლეის პრეზიდენტის არჩევის პროცესში ეუთოს პრინციპებითა და პრიორიტეტებით ხელმძღვანელობაა საჭირო.

“რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები თანამდებობებს ანტინატოელების პროტესტის გამო არ დატოვებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 09:48

“რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრები  თანამდებობებს რუსეთიდან შემოძახების გამო ან ქართველი რუსეთუმების, ანტინატოელების პროტესტის გამო არ დატოვებენ. ისინი თანამდებობებს დატოვებენ მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ ჩათვლის ამას საჭიროდ პოლიტიკურად ან პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გადაწყვეტს ასე.  არ არის გამორიცხული, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილურად დატოვება თანამდებობების," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:56

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებულ 17-პუნქტიან რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის დამატებითი პუნქტი „კონფლიქტი საქართველოში“ კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ წარუდგინა. რეზოლუციის მიღების შემდეგ დავით უსუფაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებთან მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ამ წუთში კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია ყველა ის პრობლემა, რაც გვაქვს და ყველაფერს დარქმეული აქვს თავისი სახელი, რუსულ ოკუპაციას, იმ პრობლემებს რაც ქვეყანაშია და მოუწოდებს ეს რეზოლუცია და 57 ქვეყანა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყველა ქვეყანას, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას რომ განუხრელად იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის პრინციპები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი. რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება და მისცეს დევნილებს საშუალება დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებაზე და აღიარებაზე. როგორც დებატებისას ჩვენმა მხარდამჭერმა პარლამენტის წევრებმაც აღნიშნეს, დოკუმენტი უპრეცედენტოდ მკაფიოა და შეიძლებოდა მისი ცოტა დაბალანსებაც, მაგრამ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა. ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია, იმიტომ, რომ ამ დოკუმენტით მსოფლიოს 56 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია,"- განაცხდა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი პარაგვაის რესპუბლიკის კოგრესის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 15:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ვალტერ ჰარმსთან და დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფუძველი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პარაგვაის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჩაეყარა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონგრესის დელეგაციის წევრებს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაღრმავდეს.

ვალტერ ჰარმსის თქმით, პარაგვაი დაინტერესებულია საქართველოსთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებით. პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის წევრების განცხადებით, მათი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

შეხვედრაზე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს, რაც საქართველოსა და პარაგვაის შორის არსებობს. მხარეების თქმით, საჭიროა, ურთიერთობები გააქტიურდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, კერძო სექტორის დონეზე. 
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაიში, კონრადო პაპალარდო, რომელსაც დავით უსუფაშვილმა საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით უსუფაშვილი ტომას მაირ ჰარტინგს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 18:17

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორთან, ტომას მაირ ჰარტინგთან და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან გამართა.

მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარება, ასევე, საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 15:33

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის რეზიდენტ ელჩთან, ტარეკ ებრაჰიმ მოჰამედ მაატისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და ეკონომიკის გაზრდის პოტენციალზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ორ ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ აკავშირებს, ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაძლიერების მყარი პერსპექტივები არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეგვიპტელ დიპლომატს ეგვიპტის ავია ხაზების კუთვნილი ავიალაინერის კატასტროფულად ჩამოვარდნის და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა. საერთაშორისო ტერორიზმზე საუბრისას აღინიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის ანტი ტერორისტული ღონისძიებები პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ტარეკ ებრაჰიმის განცხადებით, ეგვიპტის მხარე ყურადღებით აკვირდება საქართველოს სამხედრო დანაყოფების მონაწილეობას სამშვიდობო მისიებში და მიესალმება მათ ძალისხმევას ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში მშვიდობის დამყარების კუთხით.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის ახლად არჩეულ პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ახალი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ქართველ კოლეგებთან განახლებული ძალებით გააგრძელებს ურთიერთობას.

შეხვედრის დასასრულს სტუმარმა ეგვიპტის პარლამენტის თავმჯდომარის სახელით დავით უსუფაშვილს ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე ზეპირი მოწვევა გადასცა.

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის რეზიდენტი ელჩის რეზიდენცია სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქშია განთავსებული.

დავით უსუფაშვილი ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 17:14

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტი ჯული მინოვეს-ტრიქველი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებებზე, თანამშრომლობაზე, ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„დღეს, მე მაქვს საშუალება ვუმასპინძლო ლიბერალ ინტერნაციონალის პრეზიდენტს, ბატონ ჯუდი ტრიქველს და მის თანმხმლებ პირებს. საქართველოში ლიბერალ ინტერნაციონალის აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ტარდება. ჩამოსულია ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოსთვის. პირველად ტარდება მსგავსი ღონისძიება პოსტსაბჭოურ სივრცეში. ჩვენ გვქონდა საუბარი ჩვენს თანამშრომლობაზე, ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების საერთაშორისო თანამშრომლობაზე. მე მადლობა მოვახსენე კოლეგებს ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი განვითარების და იმედი გამოვთქვი, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება“, - განაცახადა პარლამენტის თამჯდომარემ, დავითუსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური