არჩილ თალაკვაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020 13:43

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-10 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღებს მონაწილეობას.

არჩილ თალაკვაძე ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრები ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის მოქმედ თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწესთან, ბროკ ბიერმანთან, ორგანიზაცია Trammo Inc–ის აღმასრულებელ დირექტორთან, ედუარდ ვეინერთან და ექსპერტებთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შეხვდება და ასევე ვაშინგტონის ქართული მემკვიდრეობის აკადემიას ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ი. კობახიძემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 ივნისი 2019 16:25

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.



საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 მაისი 2019 10:39

20 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, სტანისლავ კარჩევსკი და მისი თანმხლები დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დაგეგმილია პოლონეთის სენატის მარშალის შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

სტანისლავ კარჩევსკი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ლეხ კაჩინსკის მემორიალს გვირგვინებით შეამკობს.

ვიზიტის ფარგლებში, სტანისლავ კარჩევსკი სოფელ ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მოინახულებს.

სენატის მარშალი ეწვევა კახეთსაც და სოფელ ნუკრიანში, განვითარების თანამშრომლობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნობა.

დელეგაცია, ასევე, პოლონურ სკოლას ესტუმრება, სადაც მოსწავლეებთან გამიმართება შეხვედრას. დაგეგმილია სამედიცინო ცენტრ „კამილიანის“ მონახულებაც.

სტანისლავ კარჩევსკი საქართველოს 23 მაისს დატოვებს.

ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 16:22

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. 

ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრემიერმინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართა. 
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მათეუშ მორავიეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრებს. პრემიერმინისტრი, ასევე, ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გააქტიურების ინიციატივით გამოვიდა.

მხარეებმა ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და ამ კონტექსტში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

მათი შეფასებით, ასამბლეა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.

მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ზაალ ანჯაფარიძე: გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, მესამე სექტორის დუმილმა გამოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018 22:00

არის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მესამე სექტორის დელეგიტიმაციის მცდელობა, უნდა დაეფიქსირებინათ  თუ არა პოზოცია, არასამთავრობო ორგანიზაციებს  ნიკა გვარამიას განცხადებებზე და რა გავლენა ექნება ხელისუფლებისა და მესამე სექტორის დაპირისპირებას წინასაარჩევნო პროცესზე.  თემაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა მათი დელეგიტიმაციის მცდელობად შეაფასა.  რა გავლენას იქონიებს ეს წინასაარჩევნო პროცესზე?

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება იყო საკმაოდ ხისტი,   მგალითად,  სიტყვა „ფაშიზმის“ ხმარება, თუმცა ეს იყო მისი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების დელეგიტიმაციის მცდელობა ვერ დავინახე. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ბ-ნი კობახიძე სხვა რიტორიკით და ტერმინებით ისაუბრებდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა მესამე სექტორმა იმით გამოიწვია, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები მყისიერად ეხმაურებიან ხოლმე რომელიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიერ საჯაროდ გაკეთებულ ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განცხადებებს. ამჯერად კი, გვარამიას ყოვლად უმსგავსო და მართლაც ჰომოფობიურ გამოხდომაზე დუმული არჩიეს.  კობახიძეს არ დაუკავშირებია ეს კრიტიკა არასამთავრობების კრიტიკულ განცხადებებთან, რომლებიც ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხებოდა. ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო არასამთავარობო ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებული ერთობლივი განცხადების ერთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პასაჟს. როდესაც ისინი საუბრობენ კორუფციაზე, პოლიტიკურ კრიზისსა  და არაფორმალური მმართველობაზე, იყენებენ სიტყვას-  „სავარაუდო“  და სწორადაც იქცევიან, რადგანაც ვიდრე დამაჯერებლად ვიტყოდეთ რომ ეს მართლაც ასეა,  ამ ყველაფერს ჯერ უტყუარი ფაქტებით სჭირდება დამტკიცება.  ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ხელს მხოლოდ რვა ორგანიზაცია აწერს, მაშინ როდესაც საქართველოში რამდენიმე ასეული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვფიქრობ, ეს სიტყვიერი ფარიკაობა ირაკლი კობახიძესა და ენჯეობის ამ მცირე ჯგუფს შორის, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო პროცესზე, რომელიც მცირე ინციდენტების მიუხედავად ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ მოხსენიებული ენჯეოები მაგიდასთან დასხდებიან და იქ განიხილავენ  ყველა საკამათო საკითხს, რაც ხელს შეუწყობდა დაძაბულობის და გაუგებრობის განმუხტვას.   

რა შეიძლება გამოიწვიოს არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებამ.  როგორ ფიქრობთ, არჩევნების შეფასებისას, შესაძლებელია თუ არა მესამე სექტორმა სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ განსაკუთრებული, ხისტი პოზიცია დაიკავოს?

არ მგონია, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა რაღაც კონიუნქტურული ინტერსების და წყენის გამო,   საკუთარ თავს ასეთი დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორის,   მესამე სექტორის დონორების წინაშე ანგარიშვალდებულება.  თუ ეს მართლაც მოხდა,  ეს კონკრეტული ორგანიზაციები შესაძლო დაპირისპირებაში მხარე აღმოჩნდნენ და საზოგადოებაში ასეთი აღქმა შეიქმნა, სწორედ ეს იქნებოდა მათი დელეგიტიმაციის დასაწყისი. მე არ ვისურვებდი მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარებას.

ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მაისი 2018 16:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო. 

შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საკანონმდებლო ღიაობისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს.

მაროკოს სამეფოს პარლამენტის წევრთა განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ეროვნული სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ხაზგასმით აღინიშნა მეგობრობის ჯგუფების დაარსებისა და მათი შემდგომი ინტენსიური ურთიერთობის, ასევე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება ხალხთაშორისი დიპლომატიის განვითარებაზე გაამახვილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

ირაკლი კობახიძემ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, მაროკოს სამეფოს პარლამენტს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, მხარდაჭერა გაუწიოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ელიზაბეტ მილარდს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 14:04

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ელიზაბეტ მილარდმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა და მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი განიხილეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუციური და საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

საუბარი, ასევე, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში არსებულ ლიბერალური სავაჭრო და ეკონომიკური პოლიტიკას შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ მილარდს საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 12:21

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აშშ-ს მომხდარი თავდასხმის გამო უსამძიმრებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იმ დიდი ტრაგედიის გამო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ საზერლანდ სპრინგში დატრიალდა და რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოს პარლამენტის სახელით, თანავუგრძნობ ჩვენს მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

საქართველო დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით ამ მძიმე წუთებში” - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 17:52

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერთან, მა პეიჰუასთან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის მოხარულია, რომ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების როლს და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, ამ პროცესში წვლილი შეიტანოს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის განცხადებით, მისი ვიზიტი და უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა ორმხრივი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის არსებულ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს. ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებს ბევრი ჩინური კომპანია. სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერის შეფასებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესისთვის კარგი გარემოა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აღიდგინოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ფუნქცია. ვიცესპიკერმა პეიჰუამ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის „სარტყელისა და გზის“ ეკონომიკურ პროექტში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ამ პროცესში საქართველოს დახმარება აღმოუჩინოს. აქვე, სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცესპიკერმა აღნიშნა, მისი ქვეყანა მაღალი ოფიციალური პირებით იქნება წარმოდგენილი ნოემბერში დაგეგმილ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“.

ირაკლი კობახიძემ სტუმარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე, განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას.

„საბედნიეროდ, განებივრებულები ვართ ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებით საქართველოში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე ძალიან აქტიური თანამშრომლობის ფონზე აღინიშნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით - როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას და დღევანდელ შეხვედრაზე ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 08 აგვისტო 2017 11:05

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და საქართველოს პარლამენტის სახელით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. 

„9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოს ომი დაიწყო. პირველ რიგში, ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და გავიხსენოთ ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ - ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მიუსამძიმრეს.

 

გვერდი 1/ 5-დან

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური