ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 20 მაისი 2018 23:21

ინტერნეტსივრცეში ონლაინ-რისკებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, პარლამენტს სპეციალური კანონპროექტი წარედგინება. 
ამ მიმართულებით ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ორ კანონში: “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონსა და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების ინიციატივით გამოდის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე იქნება ინიცირებული. 

კანონპროექტის ძირითადი არსია, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა და ინტერნეტმომხმარებელთა სათანადო ინფორმირების უზრუნველყოფა ონლაინ საფრთხეებისგან არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მექანიზმების თაობაზე. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ ინფორმაციით. 

ამასთან, მომზადებული პროქტის მიხედვით, “მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ემატება მუხლი, რომლის მიხედვით, შესაბამისი პირების მიერ უნდა მოხდეს მშობლების, მეურვეების, პედაგოგებისა და მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ინტერნეტსივრცეში არსებული არასრულწლოვანთათვის ისეთი საფრთხეების თაობაზე, როგორიც არის პორნოგრაფია, “კიბერგრუმინგი“ - ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვება მისი შემდგომი გამოყენების მიზნით, ბავშვის დაშინება, ინტერნეტით, ყალბი ტრანზაქციები და ბავშვის პირადი ინფორმაციის უცხო პირების მიერ მოპოვება.

ჯანდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში ერთობლივად უნდა შეიმუშაონ სახელმძღვანელო (გაიდლაინი) მშობლებისა და პედაგოგებისთვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისგან დაცვის პრევენციის თაობაზე. 

რომან გოცირიძე „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 მაისი 2018 14:22

საპარლამენტო ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებას ითხოვს. გოცირიძე რეგლამენტის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბებას ითხოვს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის განხორციელების გაძლიერება. 

„პროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდა. რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. მისი მიღება კი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. 

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 მაისი 2018 17:39

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

ირაკლი კობახიძე მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 07 მაისი 2018 16:28

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მაროკოს სამეფოს პარლამენტის დელეგაცია მიიღო. 

შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP), საკანონმდებლო ღიაობისა და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, შეეხო ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტს, რომელსაც მიმდინარე წლის 17-19 ივლისს საქართველო უმასპინძლებს.

მაროკოს სამეფოს პარლამენტის წევრთა განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა და ეროვნული სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესში ქართული გამოცდილების გაზიარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

ხაზგასმით აღინიშნა მეგობრობის ჯგუფების დაარსებისა და მათი შემდგომი ინტენსიური ურთიერთობის, ასევე გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.

მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება ხალხთაშორისი დიპლომატიის განვითარებაზე გაამახვილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი გააცნო.

ირაკლი კობახიძემ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა, მაროკოს სამეფოს პარლამენტს ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, მხარდაჭერა გაუწიოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 ნოემბერი 2017 17:54

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. გარდა ამისა, შეთანხმება მხარეებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

დოკუმენტში, რომელიც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის პირობებია განსაზღვრული. ამასთან, შეთანხმება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდას. გარდა ამისა, დოკუმენტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლას.

შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში, ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჩასასვენებელი მიიტანეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 15:35

"ნაცქოცური დემოკრატიის დასამარება" - მსგავსი ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან აქცია პერფომანსი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან ჩასასვენებელი მიიტანეს და განაცხადეს, რომ მალე „ქართული ოცნება“ სამუდამოდ დასამარდება. 
"პარლამენტი დემოკრატიის მესაფლავეა და მალე „ქართული ოცნება“ დასამრდება. დღეს იღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სამარცხვინოა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ქართველი პარლამენტარები ვაშინგტონში სენატორ რონ ჯონსონს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 13:48

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა

შეხვედრისას, მხარეებმა აშშ-ს სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

დელაგაციის წევრებმა სენატორი რონ ჯონსონი საქართველოში მოიწვიეს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავამჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:04

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. 
„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.
შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.
იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.
„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან - კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები- და  მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტი მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული კანონის ლიბერალიზაციის პაკეტს პირველი მოსმენით იხილავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ივნისი 2017 13:15

პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. 

კონკრეტულად, კანონპროექტით იცვლება მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. მცენარე კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით. მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 100 გრამის ნაცვლად 140 გრამის ოდენობით. 

აქედან გამომდინარე ცვლილებები შედის ასევე ”სისხლის სამართლის კოდექსში“, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში, რომლის თანახმად, დიდ ოდენობამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისათვის, მოყვანის ან კულტივაციისათვის სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. ასევე, იმავე ქმედების დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენისთვის ალტერნატიულ სანქციებთან ერთად გათვალისწინებულია მოქმედ რეჟიმთან შედარებით გაცილებით ნაკლები ზომის თავისუფლების აღკვეთა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2018 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური