თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 11:35

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

პეკინის ქუჩაზე შესაძლოა პარკირება აიკრძალოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 ივნისი 2017 12:18

მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს. 

„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტ-ენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. 

ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ. 

პეკინის ქუჩის გაცალმხრივების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და საბოლოო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა. 

ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია,“ - განაცხადა მუმლაძემ.

ელექტრომობილების მფლობელები პარკირების საფასურს არ გადაიხდიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 იანვარი 2017 17:49

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, ელექტროძრავიანი ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარმოადგინონ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს „სი-ტი პარკს“ გადასცემს. ამის შემდეგ ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ. 

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში. ელექტრომობილების პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლება ეკოლოგიურად სუფთა ავტოტრანსპორტის  იმპორტის წასახალისებლად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამავე მიზნით, შარშან შემოდგომაზე დედაქალაქის ორ წერტილში მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე ელექტროძრავიანი ავტომობილების დასამუხტი პუნქტები მოეწყო.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური