პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 22 აპრილი 2019 10:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით დილის რვა საათიდან მობილიზებული იყო კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი.

ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 21 აპრილი 2019 14:35

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში გაემგზავრა, სადაც მორიგი დაპირისპირებაა.

თელავის სამხარეო პოლიციაში მიმდინარე შეხვედრა აქციის მონაწილეებმა დატოვეს. სოფელ ბირკიანის მოსახლეობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა.

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

წყარო: 1tv.ge

პანკისის ხეობაში მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 21 აპრილი 2019 14:32

პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მორიგი დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები.

აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმს ქვებს და ჯოხებს უშენენ, შეკრებილების წინააღმდეგ კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენ გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაპირისპირებისას პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის ხელის შეშლა დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ სცადა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

წყარო: 1tv.ge

 

USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 16:02

USAID-ის პროექტი Zrda პანკისის ხეობაში მცირე გრანტების პროგრამის განხორციელებას იწყებს. სოფელ დუისში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე,  თომას მორისი ადგილობრივ თემებს  შეხვდეა და მცირე გრანტების პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროგრამა Zrda პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტის წარმომადგენლებიეწვივნენ ფერმერებს, საოჯახო სასტუმროების მფლობელებსა და სოფლის მოსახლეობას, რომლებსაც პროექტი Zrda დახმარებას უწევს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელების გზით. მცირე გრანტების პროგრამა დაეხმარება პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს - ათი მათგანის დახმარება უკვე 2017 წელს განხორციელდება. მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი Zrda უკვე ახორციელებს პანკისის თემებში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას.  პროექტის განხორციელების შედეგად პანკისის ხეობაში დაგეგმილია დაახლოებით 200 სამუშაო ადგილის შექმნა, გაყიდვების გაზრდა 30 მცირე ბიზნესისთვის და 2 000 შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა მომავალი სამი წლის განმავლობაში.

USAID ZRDA ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 16:25
დღეს, სასტუმრო Tbilisi Rooms Hotel-ში USAID-ის პროექტ Zrda-ს ინიციატივით გაიმართა საქართველოს ტურ-ოპერატორთა და ტურიზმის სექტორში ჩართულ მხარეთა შეხვედრა, რომლის მიზანი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა. საუბარი იყო ტურიზმის სფეროში არსებული მოთხოვნა-მიწოდების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების და გადაჭრის გზებზე. ტურიზმის განვითარებისაკენ მიმართული ინიციატივებზე და დაგეგმილ პროექტებზე. პროექტის მიზანია ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლების გზით ხელი შეუწყოს ახალი ტურების შექმნა-გაყიდვას, რაც, ერთის მხრივ ქართულ ტურისტულ ბაზარს შემატებს მრავალფეროვნებას და მოიზიდავს დამატებით ვიზიტორს, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული ადგილობრივი სუბიექტების შემოსავალების ზრდას და განვითარებას. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. პროექტი, აღნიშნული მიმართულებით მუშაობს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და პანკისის ხეობაში, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდამჭერ ღონისძიებებს განახორციელებს ყველა სამიზნე რეგიონში. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო-, ეკო-, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, Zrda დახმარებას გაუწევს დაინტერესებულ მხარეებსა და თემებს, განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEMFest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

პანკისელ ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამსახურში ჩართვა შეეძლებათ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 10:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.

16, 17, 18 და 23, 24, 25 თებერვალს, 10.00-დან 16:00 საათამდე დუისის საზოგადოებრივ ცენტრში (კლუბში) სამინისტროს წარმომადგენლები დაინტერესებული ახალგაზრდებისგან დოკუმენტებს ადგილზე მიიღებენ და მათ შესაბამის კონსულტაციასაც გაუწევენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაპირდა.

"ისლამური სახელმწიფოს"წევრები საქართველოში პროვოკაციებს ამზადებენ-დავით სანაკოევი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 09:50

პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან. 
"პანკისის ხეობაში ხდება მეომრების კონცენტრაცია, რომლებიც სირიაში, აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია " ისლამური სახელმწიფოს" რიგებში აქტიურად იბრძოდნენ. ახლა ისინი საქართველოში იკრიბებიან და პროვოკაციებს ამზადებენ სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საზღვრის მონაკვეთზე. მათი თავდასხმის ობიექტები შეიძლება გახდნენ რუსეთის და სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ან, სულაც, საქართველოს პატრულის წარმომადგენლები. მათ ასევე შესაძლოა გაიტაცონ მშვიდობიანი მოქალაქეები ან ცეცხლი გაუხსნან მათ. ისინი, ჩვენ, როგორც გვესმის, მიზნად ისახავენ ვითარების დაძაბვას საზღვარზე, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული ოპერაციის ფონზე და ეს ყველაფერი, ჩვენი ინფორმაციით, მოახლოებულ საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისთვის მზადდება" , - აცხადებს სანაკოევი. 

დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 11:59

ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.   

ბორჩაშვილი ამ დრომდე მკურნალობას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში განაგრძობს, რის გამოც, სამართლებრივი პროცედურა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება. 

ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას გულისხმობს. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

დაკავებულს  მარჯვენა კიდურის ზედა ნაწილში 7 თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გაურთულდა, რის გამოც ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

დაკავება ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით-დაკავებულია საქართველოს მოქალაქე

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 11:15

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დავით ბორჩაშვილი დააკავა.

როგორც "ნიუსდეის"სუს-ში განუმარტეს ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენრტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტეორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იგი გვიან ღამით თურქეთიდან ჩამოიყვანეს, თუმცა ბორჩაშვილი ამ დროისთვის ღუდუშაურის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც ბორჩაშვილის დედა და მამიდა განმარტავენ ის თურქეთში იმყოფებოდა და არანაირი კავშირი არ ჰქონია სირიასთან.  

შეგახსენებთ,რომ დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ოჯახის წევრები პანკისში გამართული აქციით ცდილობდნენ. მათი განცხადებით  ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა ,საქართველოში დაბრუნებისას კი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს .

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 20:08

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მძიმედაა ავად და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა დროულად მოხდეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური