„Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 05 აპრილი 2021 17:21

2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო  გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. 

ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. 

Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე.   ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი 

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 12:45

სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

„დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

„ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

„მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

დამატებითი ინფორმაცია

ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 მარტი 2021 17:39
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი, COVID-19-ის საგანგებო დახმარების ფარგლებში, ლიბერთი ბანკში არსებულ საკრედიტო ხაზს 2.5 მილიონი ევროს მულტისავალუტო რესურსს ამატებს და მის მთლიან მოცულობას 17.5 მილიონ ევრომდე ზრდის.
  • სესხი აძლიერებს, COVID--19-ის პანდემიის კრიზისის დასაძლევად, „ევროპის გუნდის“ მიერ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის გაწეულ დახმარებას, აგრეთვე უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენას.
  • მხოლოდ 2020 წელს, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, საქართველოს ბიზნეს სუბიექტების დასახმარებლად 70 მილიონი ევრო გამოყო.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტს წარმოადგენს, და ლიბერთი ბანკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის არსებული საკრედიტო ხაზის 2.5 მილიონი ევროს ოდენობით 17.5 მილიონ ევრომდე გაზრდის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სესხის საერთო ოდენობამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული საგანდებო პირობებით გაცემული კრედიტების ოდენობამ 90 მილიონ ევროს გადააჭარბა.
 
იმ დროს, როდესაც COVID-19-ის პანდემია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ლიკვიდურობასთან, ფინანსებზე წვდომასთან, ყოველდღიურ საქმიანობასა და ფონდების გაფართოებასთან დაკავშირებით პრობლემებს უქმნის, ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ქვეყნის ეკონომიკაში ახალ კაპიტალს შეიტანს.
 
სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დაესწრო.
 
ვიდეო მასალა იხილეთ აქ: https://we.tl/t-HjPiBizZZK
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა განაცხადა: „ევროპის გუნდი“ და ევროპის საინვესტიციო ბანკი გააგრძელებენ საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას და COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევას. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად, ჩვენ 170 მილიონი ევრო გამოვყავით - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. დღეს კი, ევროპის საინვესტიციო ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის უზრუნველყოფილი სესხის როგორც ოდენობას ისე მიმზიდველობას ზრდის, ვინაიდან საქართველოში არსებული პარტნიორისთვის სესხს ეროვნულ ვალუტაში პირველად გასცემს. მოხარული ვართ, რომ ვრჩებით საქართველოს სანდო მოკავშირედ და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მთავარ წყაროდ”.
 
ლიბერთი ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა აღნიშნა: „მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკს და ევროკავშირს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომლებიც ისინი ლიბერთი ბანკის მიერ იჩენენ. დიდი მადლობა სესხის ოდენობის გაზრდისათვის. ლიბერთი ბანკი საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დამატებით საკრედიტო შესაძლებლობებს შესთავაზებს. კორონა ვირუსმა მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს  ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და ეს შესაძლებლობა ჩვენს კლიენტებს ლიკვიდურობასთან დაკავშირებული მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ქვეყნის ეკონომის აღდგენაში საკუთარი როლის შესრულებაში დაეხმარება. 10 მილიონი ლარის ექვივალენტური ეს დამატებითი მულტისავალუტო რესურსი სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას იძლევა, რაც ზრდის ჩვენს მოქნილობას საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების უფრო ფართო სპექტრის დაფინანსებისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს არის ამ რთულ დროში ყველა ზომის ბიზნეს სუბიექტის დახმარების კუთხით აღებული ჩვენი ვალდებულების შესრულების კიდევ ერთი დადასტურება“.

ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა
 
სესხი იძლევა შესაძლებლობას, დაფინანსება გაიცეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში და გაიზარდოს სესხების ხელმისაწვდომობას მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის. სესხის მოცულობის გაზრდა საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება სამუშაო ადგილების, ლიკვიდურობისა და ბიზნეს საქმიანობის შენარჩუნებაში და ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გამოსვლას COVID-19-ით შექმნილი კრიზისიდან.
 
ევროკავშირის ბანკის ეს ინვესტიცია ნაწილია ევროპის საინვესტიციო ბანკის იმ ფართო ინიციატივისა, რომელიც ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას, მცირე ადგილობრივი ბანკების მხარდაჭერის გზით. მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები საქართველოს ეკონომიკის ხერხემალს და მთავარ დამსაქმებლებს წარმოადგენენ. ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დამატებითი საკრედიტო ხაზი ასევე მოიცავს 450,000 ევროს ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც ლიბერთი ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მომსახურების გაუმჯობესებასა და გაფაღთოებაში დაეხმარება.
 
„ევროპის გუნდი“ ქართულ კომპანიებს ეხმარება
 
ევროპის საინვეტიციო ბანკის მიერ ევროკავშირის გარანტიით უზრუნველყოფილი სესხი ზრდის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხების ხელმისაწვდომობას საქართველოს საფინანსო სექტორის გრძელვადიანი სტაბილურობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ან გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად.  
 
საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ხაზი  კიდევ უფრო მიმზიდველია COVID-19-თან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკის საგანგებო ზომებით გათვალისწინებული უფრო მოქნილი პირობების გამო. აღნიშნული საგანგებო ზომები წარმოადგენს „ევროპის გუნდის“ ძალისხმევის ნაწილს, რომლებიც მიმართულია პანდემიის პერიოდში საქართველოსა და ევროკავშირის სხვა პარტნიორი სახელმწიფოების დასახმარებლად.
 
საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის განკუთვნილ საკრედიტო ხაზებში ევროკავშირის ბანკის მიერ დღემდე განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა 290 მილიონ ევროს აღემატება, რაც ქვეყანაში 54,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
 
დამატებითი ინფორმაცია
 
ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:
ევროპის საინვესტიციო ბანკი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მფლობელობაში არსებული გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად  გონივრული ინვესტიციებისთვის გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში:
ევროკავშირის ბანკი საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ხელს 2007 წლიდან უწყობს. დღემდე ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკაში უზრუნველყოფილი დახმარება 1.85 მილიარდს შეადგენს. ევროკავშირის ბანკმა საქართველოს დახმარება აღმოუჩინა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურული პროექტები (1 მილიარდი ევრო),  მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე საწარმოები (290 მილიონი ევრო), მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (280 მილიონი ევრო) და მწვანე ენერგეტიკული პროექტები (23.5 მილიონი ევრო). COVI0044-19-ის კრიზისის დასაძლევად 2020 წელს ბანკმა საქართველოს 170 მილიონი ევრო გამოუყო.
 
საქართველო ერთ-ერთია ევროკავშირის იმ არაწევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ევროპის საინვესტიციო ფონდის ინსტრუმენტებით, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერას და რისკების გაზიარებას. ამჟამად, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის საგარანტიო პორტფელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების 382.9 მილიონი ევროს მოცულობის სესხებს მოიცავს.
 
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში პროექტების უმეტესობას ევროკავშირის გარე დაკრედიტების მანდატის საფუძველზე აფინანსებს. ეს მანდატი ევროპის საინვესტიციო ბანკს ანიჭებს გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფილია ევროკავშირის ბიუჯეტით პროექტებისთვის სოციალური და ეკონომიკის ინფრასტრუქტურის, ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის სფეროებში. პროექტების დასაფინანსებლად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის გრანტები, რომლებიც ხელმისაწვდომია ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის (NIP) მიერ დაფინანსებული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროგრამის ფარგლებში.
 
საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე: https://www.eib.org/en/publications/the-european-investment-bank-in-georgia

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროკავშირი საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 09 თებერვალი 2021 11:13

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს კონსულტაციას ახალ სფეროებში გაუწევს. ინიციატივის მიზანია, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში დაეხმაროს საწარმოებს, გადავიდნენ ციფრულ ტექნოლოგიებზე და ჰქონდეთ წვდომა კაპიტალის ბაზრებზე. ევროპის გუნდთან (Team Europe) თანამშრომლობით, EBRD კერძო სექტორის მოქნილობის და ეფექტიანობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირიდან მიღებული 1.8 მილიონი ევროს დაფინანსების საშუალებით, EBRD ადგილობრივ კომპანიებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში დაეხმარება. ეს საწარმოებს მისცემს საშუალებას, პანდემიის პირობებშიც შეუფერხებლად განაგრძონ მუშაობა და განავითარონ სოციალურად პასუხისმგებლიანი და ეკომეგობრული ბიზნესი. დაფინანსების წინანდელი ფაზა ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდა.
აღნიშნულის პარალელურად, EBRD საქართველოს ეროვნულ ბანკთანაც ითანამშრომლებს. პროგრამა ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებს, მხარდაჭერის იმ მექანიზმების ჩამოყალიბებასა და დანერგვაში დაეხმარება, რომლებიც გააუმჯობესებს მათ წვდომას კაპიტალის ბაზრებზე – როგორც სესხების მიღების, ისე სააქციო კაპიტალის კუთხით. მიზნობრივი მხარდაჭერის შედეგად, ქართული კომპანიები კაპიტალის ბაზრებისთვის მომზადდებიან, გაეზრდებათ დაფინანსების წყაროები და გაუადვილდებათ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისგან ფინანსების მოზიდვა. კომპანიები შეძლებენ მიიღონ კონკრეტულად მათზე მორგებული საკონსულტაციო მომსახურება და ტექნიკური დახმარება. ეს გააუმჯობესებს მათი კორპორატიული მართვის სისტემას, გამჭვირვალობას და კრედიტუნარიანობის შეფასებას კაპიტალის ბაზრებიდან ინვესტიციების მისაღებად.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალი პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო 1-2 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია. 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წამყვანი საინვესტიციო ორგანიზაციაა საქართველოში. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების შემდეგ ბანკმა ფინანსურ, მრეწველობის, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელებულ 262 პროექტში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩადო.

ახალი ამბები მომზადებულია ევროკავშირის პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. 

D ვიტამინის დეფიციტი და COVID-19

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 10:23

D ვიტამინი აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია ჩვენი ორგანიზმისთვის. უფრო მეტიც, დღეს, თანამედროვე მედიცინა მას სტეროიდულ ჰორმონად განიხილავს და სამედიცინო ლიტერატურაში D ჰორმონის სახელწოდებითაც შეხვდებით. ჩვენს ორგანიზმში პრაქტიკულად ყველა ორგანო და უჯრედი შეიცავს D ვიტამინის რეცეპტორს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ D ვიტამინი გავლენას ახდენს ჩვენი უჯრედებისა და ორგანოების უმეტესობაზე.

D ვიტამინი ძლიერი იმუნომოდულატორია. დღეს, COVID-19-ით გამოწვეული მსოფლიო პანდემიის დროს, იმუნური სისტემის დაცვასა და გაძლიერებას განსაკუთრებით დიდი ყურადღება ეთმობა. ღიად უნდა ითქვას, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ერთი რომელიმე ნივთიერება, რომლის მიღებითაც თავიდან ავირიდებდით კორონავირუსით ინფიცირებას და/ან ავადობას. თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ნივთიერებებით უნდა მოვამარაგოთ ორგანიზმი, რომ იმუნურმა სისტემამ გამართულად და უხარვეზოდ იმუშაოს კოვიდ პანდემიის პირობებში.

იმუნური სისტემის მთავარი გამაჯანსაღებელი გახლავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს შემდეგს: ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება, რეგულარული ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი და გარკვეული ვიტამინები და მინერალები.

ვიტამინებს რაც შეეხება, ვიტამინების უმეტესობა უხვად მოიპოვება საკვებში, შესაბამისად, თუკი ადამიანი მრავალფეროვნად იკვებება, საჭირო ვიტამინების უმეტესობასაც იღებს. თუმცა D ვიტამინი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. ცოტა საკვები შეიცავს D ვიტამინს, ასეთია ძირითადად ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხის გული და კაკაო. საზღვარგარეთ, ევროპასა და ამერიკაში, უამრავი საკვები პროდუქტია გამდიდრებული D ვიტამინით, მაგ., ხილის წვენებს, რძეს, მარცვლეულს ხელოვნურად დამატებული აქვს D ვიტამინი. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა სრულიად სხვაგვარია. ჩვენს ბაზარზე D ვიტამინით გამდიდრებული პროდუქტები პრაქტიკულად არ არის. D ვიტამინზე დღიური მოთხოვნილების შევსების საუკეთესო საშუალებაა მზე, რამდენადაც ჩვენს კანში მზის ულტრაიისფერი B სხივების ზემოქმედებით ხდება D ვიტამინის წარმოქმნა. თუმცა, ზამთრის პერიოდში D ვიტამინის მარაგების შევსება მზის მეშვეობით სეზონიდან გამომდინარე რთულია. ამჟამად სწორედ ზამთარი დაიწყო, გარდა მზის ნაკლებობისა, ჩვენი კანი სამოსით თითქმის სრულად არის დაფარული და კანს მზესთან შეხება ნაკლებად აქვს. გარდა ამისა, ჩვენი, ექიმების, მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობა დარჩეს შინ, ნაკლებად გამოვიდეს გარეთ, რაც თავისთავად ნიშნავს D ვიტამინის დეფიციტის ხელისშემწყობ პირობას.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის მიღებაა აუცილებელი იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის, D ვიტამინი ამ მხრივ ერთ-ერთი ჩემპიონია. იმუნური სისტემის მარეგულირებელი მოქმედების გარდა, D ვიტამინს გარკვეული პოტენციალი აქვს დაიცვას სასუნთქი სისტემა, რასაც გადამწყვეტი როლი შეიძლება ჰქონდეს რესპირატორული ინფექციების შემთხვევაში, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.

კოვიდ 19-ით სიკვდილობა მაღალია ასაკოვნებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ვირუსი ადვილად ერევა დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ორგანიზმს.  D ვიტამინის დანამატებს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური სისტემის გამაძლიერებელი მოქმედება, განსაკუთრებით იმ პირებში, რომელთაც აქვთ D ვიტამინის დეფიციტი.

უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით ნანახია, რომ არის გარკვეული ურთიერთკავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კორონავირუსს შორის. ერთ-ერთი უახლესი Meltzer DO, et al.-ის კვლევით, რომელშიც ჩართული იყო 489 პირი ინახა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე ინდივიდებში უფრო ხშირი იყო COVID დადებითი ტესტის პასუხი, ვიდრე ნორმალური D  ვიტამინის მქონე ინდივიდებში.

Carpagnano GE, et al.-ის კვლევაში გამოვლინდა, რომ D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებული იყო სუნთქვის უკმარისობისა და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების გაზრდილ სიხშირესთან კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებში. ამ პირებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო სიკვდილის რისკი. ერთ-ერთი პატარა რანდომიზებული Castillo ME, et al.-ის კვლევის მიხედვით, რომელშიც ჩართული იყო 50 ჰოსპიტალიზებული პაციენტი, პაციენტთა ნაწილს მიეცა D ვიტამინი (კალციფედიოლი) მაღალი დოზით, ხოლო ნაწილს კი უმკურნალეს მსგავსი სქემით D ვიტამინის დანამატების გარეშე. D ვიტამინით ნამკურნალებ ჯგუფში მხოლოდ 1 პაციენტს დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა, განსხვავებით მეორე ჯგუფისგან, რომელთა მკურნალობაშიც არ იყო ჩართული D ვიტამინი. ამ ჯგუფში 26 პაციენტიდან 13-ს დასჭირდა რეანიმაციაში მკურნალობა.

D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმში გამომუშავებული ბუნებრივი ანტიბიოტიკების - კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას, მეორეს მხრივ კი ამცირებს იმუნური სისტემის ზე-რეაქტიულობას და ზრდის მარეგულირებელი ლიმფოციტების (Treg) რაოდენობას. D ვიტამინის დეფიციტის ფონზე იმუნურ სისტემას შესაძლოა ჰქონდეს გადაჭარბებული პასუხი შემოჭრილ ინფექციურ აგენტზე და საკუთარი ქსოვილი მეტად დააზიანოს, ვიდრე შემოჭრილი პათოგენი. სწორედ ასეთი რამ ხდება კოვიდ ინფექციის დროს, როცა ვითარდება ციტოკინური შტორმი. კორონავირუსის მძიმე შემთხვევებში, ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით იმუნური სისტემის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ციტოკინებს, რომლებიც იდეაში ებრძვიან ვირუსს, თუმცა რეალურად აზიანებენ საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებს ისე, რომ სწორედ ეს არის სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.

ასევე ძალიან საინტერესო და ახალი მონაცემები ხდება ცნობილი D ვიტამინი გავლენის შესახებ სისხლის შემადედებელ სისტემაზე. კოვიდ ინფექციის ერთ-ერთი ხშირი და სერიოზული გართულებაა თრომბოზები, აქაც ნანახია D ვიტამინის დადებითი ეფექტი კოაგულაციურ კასკადზე და თრომბოციტების ერთმანეთთან შეწებების  უნარზე. ჩატარებული Blondon et al-ის, Khademvatani et al-ისა და Wen-Xiu Wu et al-ის კვლევებით არის მონაცემები D ვიტამინის დეფიციტის ფონზე თრომბოზების, განსაკუთრებით ვენური თრომბოემბოლების განვითარების გაზრდილ სიხშირეზე.

ამჟამად ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დანამდვილებით D ვიტამინის დეფიციტს აქვს თუ არა პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი COVID-19-ით ავადობისა და სიკვდილობასთან, თუმცა დანამდვილებით ვიცით იმ მყარი ასოციაციის შესახებ, რაც ინახა და განმეორდა არაერთ კვლევაში. ამდენად სანამ მიმდინარე და მომავალი რანდომიზებული კვლევები პასუხს გასცემს შეკითხვას, ეს ასოციაცია მიზეზ-შედეგობრივია თუ არა, რეკომენდებულია D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობით მიღება.

D ვიტამინის მთავარი წყაროა მზე, თუმცა რამდენადაც დღეს ჩვენი მთავარი მოწოდებაა დარჩით სახლში და ნაკლები დრო გაატარეთ გარეთ, ეხლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია D ვიტამინის დღიური ნორმის მიღება საკვები დანამატების მეშვეობით.   2020 წლის ივლისში ექვსმა ასოციაციამ გამოსცა ერთობლივი განაცხადი, სადაც საუბარია პანდემიის პირობებში D ვიტამინის დანამატების მიღების აუცილებლობაზე, თუკი პირი ვერ ახერხებს ყოველდღიურად 15-30 წთ მზის აბაზანების მიღებას. ამ ერთობლივ განაცხადში საუბარია, რომ D ვიტამინის დანამატები ხელმისაწვდომი, იაფი და უსაფრთხოა მათი   გონივრული დოზით გამოყენების შემთხვევაში. აღნიშნულ განაცხადს ხელს აწერს ისეთი სახელგანთქმული ორგანიზაციები, როგორიცაა ამერიკის ენდოკრინული საზოგადოება (Endocrine Society), ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა საზოგადოება (AACE), ოსტეოპოროზის საერთაშორისო ფონდი (IOF) და ა.შ.

ჩატარებულია მრავალრიცხოვანი კვლევები, თუ რა არის ის ოპტიმალური და უსაფრთხო დოზა და რეჟიმი, რომ მოხდეს D ვიტამინის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არ მოხდეს გადაჭარბებული დოზირება. კვლევის შედეგები ხშირად არაერთგვაროვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოცაა, რაც გამოწვეულია კვლევაში ჩართული სხვადასხვა პოპულაციით, სხვადასხვა რეჟიმითა და კვლევაში მონაწილე პირთა სხვადასხვა დამყოლობით. ამ ჰეტეროგენულობის მიუხედავად, შეიძლება გამოვიტანოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა: 1. D ვიტამინის დანამატების მიღება დოზით 400-800 სე - ბავშვებში და 2000 სე  - ზრდასრულებში სრულიად უსაფრთხოა სისხლში D ვიტამინის განსაზღვრისა და კონტროლის გარეშე. 2. იმისათვის, რომ D ვიტამინმა იმუშაოს, როგორც მძლავრმა იმუნომოდულატორმა უმჯობესია იგი მიიღოთ ყოველდღიურად. საინტერესოა, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, რეჟიმები, რომლის დროსაც D ვიტამინის ერთბაშად დიდი დოზით გამოყენება ხდებოდა, მაგ., ბოლუსური დოზა თვეში ერთხელ - არ გამოდგა ეფექტიანი რესპირატორული ვირუსული ინფექციების შემცირების თვალსაზრისით. 3. D ვიტამინის მარაგების შევსება სასუნთქი სისტემისთვის კრიტიკულად მნიშნელოვანია ვირუსით ინფიცირებამდე, რამდენადაც იზრდება იმუნური სისტემისა და რესპირატორული სისტემის დამცველობითი ძალები. ინფიცირების შემდეგ  მისი როლი შედარებით მოკრძალებულია. 4. დოზები, რომლებიც გამოიყენება პროფილაქტიკისთვის 400-800 სე ბავშვებში და 2000 სე მოზრდილებში არ არის საკმარისი D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად, ამ დროს გამოიყენება ბევრად მაღალი დოზები, რომლებიც მერყეობს 5000 სე-დან 10,000 სე-მდე დღეში. D ვიტამინის სამკურნალო დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტის წონის, ასაკის, თანმხლები პათოლოგიებისა და გამოყენებული სხვადასხვა მედიკამენტების გათვალისწინებით.

დოზირების მოსახერხებელ და სრულ სპექტრს გვთავაზობს გერმანული კომპანიის ველტფარმას მაღალი ხარისხის D ვიტამინი დეტრივიტი, რომელსაც აქვს როგორც კარგი საპროფილაქტიკო დოზა 2000 სე, ისე სამკურნალო დოზები ზრდასრულებისთვის: დეტრივიტი ფორტე 5000 სე და დეტრივიტი მაქსი 10,000 სე. რეკომენდებულია, მოსახლეობამ, თუკი სისხლში D ვიტამინის განსაზღვრის გარეშე გეგმავს მიიღოს პროფილაქტიკური დოზები, ბავშვებთან არ გამოიყენონ 800 სე-ზე მეტი დღიურად, ხოლო ზრდასრულებმა არ გადააჭარბონ 2000 სე/დღეში. ამ დოზით D ვიტამინის მიღება უსაფრთხოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხოლო D ვიტამინის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტი დაუკავშირდეს მკურნალ ენდოკრინოლოგს, რომელიც მოახდენს სამკურნალო დოზისა და ხანგრძლივობის ინდივიდუალურად შერჩევას.

 სტატიის ავტორი:ნათია ვაშაყმაძე 

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM) დამფუძნებელი და პრეზიდენტი,

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი,

კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ენდოკრინოლოგი.

ადამიანის უფლებათა დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის საფუძველია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020 13:48

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი იწყებს 3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთად
 
თბილისი. 9 დეკემბერი 2020 – კორონავირუსის პანდემია კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და საფრთხის წინაშე აყენებს მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვას. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, „ადამიანის უფლებები ყველასთვის“, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

სამწლიანი ინიციატივის ხელმოწერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.

პროგრამა განხორციელდება გაეროს სააგენტოების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

„ინვესტიცია ადამიანის უფლებებში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში აუცილებელია უფრო სამართლიანი, უფრო მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების მისაღწევად. ევროკავშირისთვის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ისევე როგორც გენდერული თანასწორობა, ყოველთვის წამყვანი იქნება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევისა და შემდგომი აღდგენის საქმეში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

„საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

„დღეს ხაზს ვუსვამთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პანდემიის შემდგომი აღდგენის იმპერატივია. საერთო მიზნების მიღწევას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ყველა ადამიანისთვის თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველვყოფთ, პანდემიის მიერ გამოვლენილ ჩავარდნებს მივხედავთ, ხოლო დამკვიდრებული, სისტემატური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის მოსაგვარებლად ადამიანის უფლებათა სტანდარტებს გამოვიყენებთ“, -  განაცხადა ვლადიმირ შკოლნიკოვმა, OHCHR-ის უფროსმა მრჩეველმა.

ევროკავშირის, UNDP-სა და OHCHR-ის ერთობლივი პროგრამა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკისა და შესაბამისი პრაქტიკის განმტკიცებას საქართველოში. პროგრამის განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებსა და გამოწვევებს მიექცევა, რომლებიც აღნიშნულია ევროკავშირისა და გაეროს მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ შეფასებაში.  

ახალი პროგრამა ხუთი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  1. ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის შექმნაზე, მონიტორინგსა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი საჯარო უწყებების გაძლიერება.
  2. სამართალდამცავი ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ხელშეწყობა.
  3. უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მხარდაჭერა.
  4. ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე.  
  5. საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ეყრდნობა ევროკავშირისა და გაეროს ოთხწლიან თანამშრომლობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ამ თანამშრომლობის ახალი ეტაპი მომავალი სამი წლის მანძილზე, 2023 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის წარმომადგენლობის პრეს-რელიზი

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 16:20

კორონავირუსის პანდემია ეტაპობრივად გახდა ბიზნეს სექტორის №1 გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" კომპანია “GM Pharma”-ში განუცხადეს, კომპანიების მენეჯმენტისთვის უდიდეს გამოწვევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული, ფართო სპექტრის საკითხი წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

უსაფრთხო  სამუშაო გარემო გულისხმობს თანამშრომელთა ავადობის რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც COVID-პანდემია, ასევე სეზონური რესპირაციული დაავადებები, მათ შორის - გრიპი.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციის ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალებაა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი მინიმუმ 60%-ით შეამციროს მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებულად აუცილებელია გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკი, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მძიმე გართულებები და ამავე დროს ჯანდაცვის სისტემის, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მკვეთრი გადატვირთვა, რაც თავისთავად პაციენტთა სათანადოდ მოვლის დეფიციტსა და სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

სწორედ ამიტომ, კომპანია “GM Pharma”-მ გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო ინიციატივა, იზრუნა თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და მათ შესთავაზა ნებაყოფლობითი, უფასო იმუნიზაცია სამკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც სრულად შეესაბამება 2020-2021 წლების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რეკომენდებულ შემადგენლობას. “GM Pharma”-ს ასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია დადგენილი წესით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად 10 მილიონ პაციენტზე მეტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოში და საზღვარგარეთ.

 

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
სამშაბათი, 14 ივლისი 2020 14:03

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა  მთავრობებისა და ერებისათვის.

სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა უფრო მეტი გახდა, ვიდრე სიტყვები დიპლომატების გამოსვლისას.

მართლაც, ამ პანდემიურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა გარემოებებმა საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობაც გამოცდის წინაშე დააყენა. თურქეთი და საქართველო ერთგულნი დარჩნენ თავიანთი ურთიერთპასუხისმგებლობისა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ როგორც რეგიონალური მოთამაშეები, კარგი მეზობლები და სტრატეგიული პარტნიორები.

მიუხედავად იმისა, რომ რომ Covid-19- ის პანდემია უპრეცედენტოა, ის არ არის პირველი შემთხვევა, რომელმაც საქართველოსა და თურქეთს შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ერთმანეთისათვის.  არც ის არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ერების გამძლეობა გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

2008 წლის 14 აგვისტოს ახლანდელი პრეზიდენტი და  მაშინდელი პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი,  თბილისს უშუალოდ  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია და ერთობლივი პრესკონფერენციისას მკაფიოდ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა „საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელსაც აღიარებს გაეროს უსაფრთხოების საბჭო და საერთაშორისო სამართალი”.

7 წლის შემდეგ, 2016 წლის 19 ივლისს, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მაშინდელი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა, ეწვია ანკარას. ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი მაშინ, როდესაც  სულ რაღაც 4 დღით ადრე  FETÖ -ს ვერაგმა მიმდევრებმა ტერორი მოუწყვეს თურქ ხალხს, განახორციელეს გადატრიალების მცდელობა, რა დროსაც  დაიღუპა 251 მშვიდობიანი მოქალაქე, პოლიციელები და დემოკრატიის დასაცავად გამოსული სამხედროები.

სულაც არ არის აუცილებელი, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი იყოს იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მაღალი დონის ვიზიტები ჩვენი ერების ყველაზე ტრავმული დღეების შემდეგ.

ეს ვიზიტები განხორციელდა ერთმანეთის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ეს იყო ორი კეთილი მეზობლის სოლიდარობის ნათელი და რეალური მაგალითი.

4 წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობასა და ხალხს ისევ ახსოვს  ის ემოციური მომენტი, როდესაც საქართველოს დელეგაციამ ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც თურქეთის მოქალაქეები ვერტმფრენებიდან გახსნილი ცეცხლით დახოცეს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თვითმფრინავების პილოტები FETÖ- ს სამხედროები იყვნენ. ჩვენ გვახსოვს, რამდენად რთული იყო ჩვენთვის აგვეხსნა ქართველი  მეგობრებისათვის, რომ თურქეთის პარლამენტის შენობა დაიბომბა   FETÖ-ს სამოქალაქო პირების მერ გაცემული ბრძანებით. აღსანიშნავია, რომ ისინი მოგვიანებით დააკავეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც გადატრიალების შტაბს წარმოადგენდა.

როდესაც ქართული დელეგაცია ანკარასა და სტამბოლს ეწვია გადატრიალების მცდელობიდან 4 დღის შემდეგ, 55 პოლიციელის ცხედარი, რომლებიც შეეწირნენ FETÖ- ს მიერ პოლიციის სპეცოპერაციული ცენტრის დაბომბვას, ჯერ კიდევ არ იყო დაკრძალული.

ამ საშინელი ღამის მომდევნო თვეებში მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რამაც გამოავლინა FETÖ-ს სტრუქტურების როლი ამ უპრეცედენტო ღალატში და მათი გლობალური ქსელის მასშტაბები.

სათვალთვალო კამერების, საერთაშორისო თანამშრომლობის, მოწმების ჩვენებების საშუალებით დღეს ვიცით, რომ 15 ივლისს ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო.

აისბერგი წარმოადგენდა სკოლების, ბიზნესმენების, მედია საშუალებებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელს, რომელიც უწყინარი განათლების მოძრაობიდან გარდაიქმნა საიდუმლო ოპერაციულ სტრუქტურად, რომლის მიზანი იყო საზოგადოების გარდაქმნა, თურქეთის სახელმწიფოს მიტაცების გზით. გაძლიერების შემდეგ  ორგანიზაციას გაუჩნდა პრეტენზია გლობალურ მესიანიზმზე, რომელშიც მისი დამფუძნებელი და ლიდერი ფეთულაჰ გულენი ფიგურირებდა, როგორც "სამყაროს იმამი". იგი გახდა ქსელი, რომელმაც დაიწყო ჩარევა ბიზნეს ოპერაციებსა და მთავრობის სატენდერო პროცესებში. იგი მასობრივად ახდენდა გამოცდების შედეგების გაყალბებას, სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მისატაცებლად, ათეთრებდა უზარმაზარი თანხებს და ახორციელებდა ფულადი სახსრების უკანონო გადარიცხვებს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში, თურქეთმა თავის მოკავშირეებს, მეგობრებსა და პარტნიორებს, მათ შორის საქართველოსაც, გაუზიარა თავისი დასკვნები ამ თვისობრივად რთული და საიდუმლო ქსელის შესახებ.  ეს გაკეთდა არა მხოლოდ იმის გამო, რომ თურქეთს სურს ამ კრიმინალურ ქსელს ყველა შესაძლებლობი ჩამოაშოროს, რათა კვლავ არ დააზიანოს თურქეთი. თურქეთის პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დადასტურებული ინფორმაცია ამ სტრუქტურის შესახებ გაზიარებულ იქნა მეგობარი ქვეყნების მთავრობებისათვის იმის გამოც, რომ  ორგანიზაცია FETÖ, მისი ნებისმიერი დანაყოფი და სტრუქტურა ფუნქციონირებს ისევე, როგორც Covid-19 ვირუსი, რომლის სიმპტომებიც ადრეულ ეტაპზე არ ვლინდება, მაგრამ საბედისწეროა, რადგანაც უტევს იმუნურ სისტემას, აზიანებს რა სახელმწიფოსა და ერის სოციალურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ქსოვილებს. ამ სულისკვეთებით, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილმა ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ,  2019 წლის 9 აგვისტოს ერთობლივი განცხადებით მიმართეს აშშ-ს,  ყველა მეგობარსა და პარტნიორს, რათა  ითანამშრომლონ თურქეთთან ფეთულაჰ  გიულენის და FETÖ-ს წევრების თურქეთში  ექსტრადირების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 15 ივლისის მტკივნეული ფაქტები ჯერ კიდევ ცოცხლობს მეხსიერებაში, თურქეთმა გადალახა ტკივილი და დაამტკიცა მისი გამძლეობა, როგორც სუვერენულმა, საერო, დემოკრატიულმა და ძლიერმა სახელმწიფომ.

2016 წლის 24 აგვისტოს თურქეთმა დაიწყო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ სირიაში ტერორისტული ორგანიზაციების: DAESH-ისა და PKK / YPG -ის წინააღმდეგ.  2018 წლის იანვარში თურქეთმა ჩაატარა მორიგი ანტიტერორისტული ოპერაცია PKK / YPG-ის წინაარმდეგ აფრინში. ამ ოპერაციებმა ცხადყო, რომ FETÖ– ს მცდელობებისა და ღალატის მიუხედავად, თურქმა სამხედროებმა აღიდგინეს თავისი ოპერაციული შესაძლებლობები დაიცვან თავიანთი ქვეყანა საზღვრებს გარეთ არსებული საფრთხისგან.

გადატრიალების მცდელობით მიყენებული ტრავმისგან არა მხოლოდ სამხედრო-უსაფრთხოების სფერო გამოჯანმრთელდა.

თურქეთმა შეასრულა ყველა თავისი ვალდებულება ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა: TANAP, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი,  „მარმარაი“ (რკინიგზა ბოსფორის ქვეშ); 2017 წელს თურქეთის ექსპორტის  გაიზარდა 10% -ით, ხოლო 2019 წელს გადააჭარბა 180 მილიარდ აშშ დოლარის. დასრულდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები სტამბოლის ახალი აეროპორტის ჩათვლით. ასევე, თურქეთი მასპინძლობს 3,5 მილიონზე მეტ სირიელ და ერაყელ სამოქალაქო ომს გამოექცეულ მოქალაქეს.

თურქეთს ახსოვს მისი კეთილი მეზობლის, საქართველოს, სოლიდარობა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროს და  მის შემდგომ. ამ 4 წლის განმავლობაში თურქეთის მთავრობის დღის წესრიგში კვლავაც პრიორიტუტულია  ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი გამოწვევა ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, თურქეთი რჩება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერად. იგი განაგრძობს პროექტებისა და ინვესტიციების წახალისებას, რომლებიც თავის მხრივ განაპირობებენ საქართველოს სიმტკიცესა და გამძლეობას. თურქეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამ მხარდაჭერის ყველაზე უახლესი მაგალითია 2019 წლის დეკემბერში ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლითაც თურქეთმა აიღო ვალდებულება 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში თურქეთი 2007 წლიდან რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ერთ-ერთ მთავარ უცხოელ ინვესტორად. ამ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული მაგალითია TİKA-ს (თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო) მიერ 2019 წელს შესრულებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 1.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ბათუმის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში.

Covid-19- ის პანდემია, მისი გლობალური სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით, აუცილებლად მოითხოვს თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მუდამ გვახსოვდეს, რომ  აქამდე, ომებში, დემოკრატიასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე თავდასხმის დროს გამოჩენილი ურთიერთთანადგომა და ერთმანეთისადმი სოლიდარობა, უნდა განვაგრძოთ მომავალშიც.

ამრიგად, დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები კვლავაც გვასწავლის და წინ მიგვიძღვის:  ერი, რომელსაცახსოვსეგთავისისერთიანისულისწირვა, ეგთავისდიდბუნებოვანნიკაცნი, დადიდთასაქმეთაამბავი, კეთდება, მხნევდებაჰგულოვანდებადათავმოწონებულიაყველგან, ჭირიათულხინი.

   

                                                                              ფატმა ჯერენ იაზგანი

                                                                              თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში

დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ივლისი 2020 16:37

2020 წლის 6 ივლისს, საქართველოს ვიზიტით ეწვია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იტყობინება.

დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისთვის და საქართველოში ვიზიტის განხორციელებისათვის, რაც, პანდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში პირველ მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენს.

მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს პანდემიის დროს საქარათველოსა და უნგრეთს შორის აქტიური და წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებას. მინისტრებმა აღნიშნეს არსებული პოზიტიური სურათის შენარჩუნების აუცილებლობას და ფრთხილ მიდგომებს.

“საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროპაში ინფიცირებულების ყველაზე მცირე რაოდენობა სწორედ საქართველოზე მოდის. მინდა საქართველოს მივულოცო ეს წარმატება. უნგრეთიც წარმატებულია პანდემიასთან ბრძოლაში და ვფიქრობ, იმისათვის, რომ ორივე ქვეყანამ მომავალშიც შეინარჩუნოს ეს მიღწევა, ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რადგან ადამიანების ჯანმრთელობა არის უმთავრესი. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ საზღვრის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სავსებით გვესმის, რომ საქართველომ გაახანგრძლივა ამ მხრივ შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ქვეყანას წარმატებები გვაქვს ამ სფეროში, ორივე ქვეყანა ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ბევრი უნგრელია ვისაც სურს საქართველოში ჩამოსვლა. შევთანხმდით,რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად გაცვლის ინფორმაციას ამ მიმართულებით” - აღნიშნა პიტერ სიიარტომ შეხვედრის შემდგომ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა მადლიერებით აღნიშნა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი. არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კონფერენცია, ღონისძიება, სადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამოხატავს მკაფიო მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბოლო პერიოდში ამის ნათელი მაგალითებია ნატოს მინისტერიალი და აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მინიჭების თვალსაზრისით და კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

ევროკავშირის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მთლიანი დაფინანსება 36 მილიარდ ევროს აღწევს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020 12:15

მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ დაამტკიცა დასკვნები “Team Europe” პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის COVID-19-ის პანდემიაზე გლობალური პასუხის ნაწილია.
ამ დასკვნებში ევროკომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ‑19-ის პანდემიის გლობალური გავრცელების გამო, რომელსაც კვლავაც ეწირება ადამიანების სიცოცხლე მთელ მსოფლიოში, და აქვს მასშტაბური სოციალური და ეკონომიკური გავლენა.
დღეისათვის ევროკავშირის მიერ უკვე მობილიზებულია 36 მილიარდი ევრო, რომელიც გამოყენებული იქნება COVID-19-ის კრიზისის დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებსა და რეგიონებში.

 

ახალი ამბები წარმოებულია პროექტის “EU NEIGHBOURS east” ფარგლებში და ისინი შეიძლება უფასოდ იყოს გამოყენებული და გავრცელებული თქვენი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური