ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018 15:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. დელეგაციაში ასევე, იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
გერმანიაში ვიზიტი ბუნდესვერის საინფორმაციო ცენტრში სტუმრობით დაიწყება, სადაც დელეგაცია ბუნდესვერის განათლების სისტემის შესახებ დაგეგმილ ბრიფინგს დაესწრება. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანულ მხარესთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში გაიმართება. საქართველოს დელეგაციას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსი, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და კანცლერის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში უმასპინძლებენ. 
საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ისტორიაში პირველად მოეწერება ხელი სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის ფედერალურ სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“ ითვალისწინებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, ნატოს 2014 და 2016 წლების სამიტების გადაწყვეტილებებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, რაც დაეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის მომზადებაში და განსაზღვრავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. 
27 ნოემბერს თავდაცვის მინისტრი საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარს მასპინძლობს. დღის მეორე ნახევარში ვიზიტი ქალაქ ჰამბურგში ბუნდესვერის გენერალური შტაბის აკადემიაში გაგრძელდება, სადაც მინისტრი ქართველ სტუდენტებს შეხვდება, გერმანული მხარე კი, წარმოადგენს პრეზენტაციას Mission Command-ის გერმანულ მოდელზე. 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 27 ნოემბერს დასრულდება.

გიორგი მარგველაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 აპრილი 2018 14:04

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ოფიციალური ვიზიტით, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ეწვია. ვიზიტის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია აბუ დაბის საპრეზიდენტო აეროპორტში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილს, პირველ ლედისა და საქართველოს დელეგაციას აეროპორტში

არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანი დახვდა, რომლის მონაწილეობითაც გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოს პრეზიდენტმა ტახტის მემკვიდრეს საქართველოს დელეგაცია წარუდგინა, რომლის შემადგენობაში არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეზიდენციით ელ-ქუვეითში როლანდ ბერიძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 10 -11 აპრილს გაიმართება, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს აბუ დაბიში ტახტის მემკვიდრე შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან, გვირგვინით შეამკობს ვაჰად ალ კარამას სამხედრო მემორიალს და ემირატების სტრატეგიული კვლვების ცენტრში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროების პარტნიორობისა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საჯარო ლექციას წაიკითხავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო. 

საუბრის მთავარი თემები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო პროექტები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები იყო. 

პრემიერ-მინისტრმა  სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალზე ისაუბრა. 

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონული სატრანსპორტო პროექტების აქტივიზაციით და ვფიქრობ, ეს ორმხრივი ინტერესის საგანია. ამიტომაც, ჩვენ ვიმყოფებით აქ, რათა განვიხილოთ ეს პროექტები. მოხარული ვართ, რომ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. ვაფასებთ თურქმენეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თურქმენეთის პოზიციას საერთაშორისო პლატფორმებზე. გილოცავთ "აზიადა 2017"-ის წარმატებულ ორგანიზებას და ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება საერთაშორისო მნიშვნელობისაა. ასეთი ღონისძიებები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ სპორტის განვითარებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. მადლობას გიხდით გახსნის ცერემონიაზე მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საქართველო ამ ღონისძიებაზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროს, ამ მხრივ არსებობს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი ჩვენს ქვეყნებს შორის და ჩვენი მიზანია, არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება, რათა განვავითაროთ სატრანზიტო პროექტები. "აბრეშუმის გზის" წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია თურქმენეთის აქტიური მონაწილეობა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ. ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაცილებით მაღალ ხარისხს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა  ასევე ისაუბრა კულტურულ-ჰუმანიტარულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრა ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. 

პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება თურქმენეთის პრეზიდენტმა. გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, რაც აისახა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებზე.

"ჩვენ მადლობელი ვართ, რომ მხარს უჭერთ თურქმენეთის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის საერთაშორისო ინიციატივებს, ღია კარის პოლიტიკას, ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ ინიციატივებს, როგორიცაა ენერგოუსაფრთხოება სატრანზიტო დერეფნის განვითარება და ა.შ. არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სატრანზიტო დერეფნის განვითარების პოტენციალი, რაც ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია და მადლობას გიხდით, რომ დღეს გაიმართება მისი მომდევნო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.  

გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გიორგი კვირიკაშვილი მეხუთე აზიური თამაშების "აზიადა 2017"-ის გახსნაზე აშხაბადში კიდევ ერთხელ მიიწვია და აღნიშნა, რომ ცერემონიაზე ასევე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი.

მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 13:42

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კლინიკური დარგების სპეციალისტების გაცვლისა და საქართველოში ჩინური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობებს მოიცავს.
დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი ორი ძირითადი შეთანხმების საფუძველზე შედგა. „აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ამის ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება - ერთი, რომელიც ჩინეთში ვიზიტისას შედგა და მეორე - მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ,“ - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
დელეგატებთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე“ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 18:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ბერნის საერთაშორისო აეროპორტში შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდა.
გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია  საპატიო ყარაულის მონაწილეობით, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს საქართველოს დელეგაციის წევრები წარუდგინა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.

სოზარ სუბარი ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივნისი 2016 11:25

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად  ერევანში გაემგზავრნენ.                                              
ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 19:19

ჟენევა / თბილისი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიო 2016 წლის 11-18 აპრილს საქართველოში მონიტორინგის ვიზიტით ჩამოვა.

„ჩემი ამოცანაა, შევაფასო საქართველოში ბავშვთა გაყიდვისა და ექსპლუატაციის მხრივ არსებული მდგომარეობის მასშტაბი, ასევე ქვეყნის მიერ ამ პრობლემის მოგვარების გზაზე მიღწეული წარმატება და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიანიჭა მანდატი, გაავრცელოს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თავიდან აცილებისა და ბრძოლის სტრატეგიები და წარმოადგინოს რეკომენდაციები მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვის, მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

„მე ვაპირებ შევხვდე სასტიკად მოპყრობის, ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს, ასევე  მძიმე პირობებში მყოფ ბავშვებს - ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებულ და დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს, და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს მთავრობისა და სხვა დაინტრესებული მხარეების მისამართით მომზადებულ რეკომენდაციებში“, - განაცხადა ქ-ნმა დე ბოერ-ბუკიკიომ, რომელიც ქვეყანაში მთავრობის მოწვევით ჩამოდის.

თავისი რვადღიანი ვიზიტის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, რუსთავსა და ბათუმს. იგი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახალხო დამცველის ოფისის, ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის სექტორის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებს.

სპეციალური მომხსენებელი ასევე მოინახულებს ბავშვებზე ზრუნვის სხვადასხვა ცენტრს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

თავისი ვიზიტის ბოლოს ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო შეხვდება მედიის წარმომადგენლებს და გაუზიარებს მათ თავის წინასწარ დაკვირვებებს პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ორშაბათს, 2016 წლის 18 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ. №13, თბილისი. პრესკონფერენციას მხოლოდ ჟურნალისტები დაესწრებიან.

სრულ ანგარიშს ვიზიტის შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.

მო დე ბოერ-ბუკიკიო (ნიდერლანდები) ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2014 წლის მაისში დაინიშნა. 2002-2012 წლებში იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა. ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო სათავეში ედგა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიღების პროცესს. იგი დაკარგული და ესპლუატირებული ბავშვების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტია. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ohchr.org/EN/Issues/Children/Pages/ChildrenIndex.aspx

სპეციალური მომხსენებლები ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მექანიზმის ნაწილს შეადგენენ. სპეციალური პროცედურები, დამოუკიდებელ ექსპერტთა ყველაზე დიდი უწყება გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში, ზოგადი სახელწოდებაა საბჭოს ფარგლებში არსებული სიტუაციის შემსწავლელი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმებისა, რომლებიც იხილავენ ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ან თემატურ საკითხებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეებად მუშაობენ, ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და საკუთარი მუშაობისათვის ხელფასს არ ღებულობენ. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობის თუ ორგანიზაციისგან და საკუთარი სახელით ეწევიან საქმიანობას.

 

 

ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით კატარის სახელმწიფოში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მარტი 2016 11:59

ვიზიტის ფარგლებში, დოჰაში მინისტრი თავის კოლეგას, კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის და მინისტრის მოადგილეს, ჰამად ალ ხალიფას კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციით ვაჭრობის, ინვესტიციების განხორციელების, ასევე, საქართველოდან ცხვრის, მინერალური და უალკოჰოლო სასმელების, მშრალი ხილის, თაფლის ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს.  

ვიზიტის ფარგლებში მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ შეთანხმებას - ურთიერთგაგების მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობებს შორის და ურთიერთგაგების მემორანდუმს ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს სამინისტროს შორის.

როგორც შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა აღნიშნა, საქართველოსა და კატარს შორის სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. კატარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყანაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიოპროდუქტების, ასევე ბოსტნეულის, მინერალური და მტკნარი წყლების, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტს ენიჭება.

„ორ ქვეყანას შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმი საქართველოს მხარეს საშუალებას აძლევს სავაჭრო ურთიერთობები აწარმოოს არა მარტო კატართან, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან“, - განაცხადა შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა.

ოთარ დანელიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იყო კატარელ კოლეგასთან შეხვედრა, რადგან  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე გაკეთდა აქცენტი.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უნდა გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, რომლის მაჩვენებელიც დღეისათვის სახარბიელო არ არის, მაშინ როცა, პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, არსებობს შესაძლებლობა ინვესტიციების მოზიდვისა და აგრარულ სექტორში ერთობლივი საწარმოების აშენებისა“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დოჰაში, კატარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ  შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე ესწრებოდნენ.

  

 

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 10:05

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემეირ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატივსაცემად ჩეხეთის მთავრობის თავმჯდომარის ბოჰუსლავ სობოტკას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება. 

დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზენდენტ მილოშ ზემანთან, პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავჯდომარე იან ჰამაჩეკთან, სენატის თავმჯდომარე მილან შტეხთან. ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი იან მლადეკი კი ქართულ მხარეს სამუშაო სადილზე უმასპინძლებს. 

ჩეხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ქართველ სტუდენტებს. 

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვიცე-პრემიერი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ჩეხეთის რესპუბლიკას 23 თებერვალს დატოვებენ. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური