პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2020 10:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონ ევროს შეადგენს და რომლის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა" და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების" დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
შეხვედრისას პრემიერმა ისაუბრა ევროპული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და რეფორმებზე, რომლითაც ქვეყანა რეგიონული ლიდერია. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ახლახან განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას, რომლის შედეგად, ქვეყანა დემოკრატიული განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ოკუპაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, არამედ მისი განვითარებისა და შესაძლებლობების 20%-ია ოკუპირებული. გიორგი გახარიამ ევროკავშირს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.
პრემიერმა საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს და განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახური და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო დონეზეც, რაც კარგი მმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საქართველოს ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში ნატა საბანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 

აღმოსავლეთ პარტნიორობა ყველასთვის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020 15:01

ევროკავშირის უმაღლესიწარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი

ამ რთულ დროში, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ხალხს საქართველოში და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში კონკრეტული სარგებელი მოუტანა. კერძოდ:

  • მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს ეკონომიკის საყრდენია და 2009 წლიდან ევროკავშირის დახმარებით 40 000 – ზე მეტმა ქართულმა მცირე და საშუალო საწარმომ უკეთეს პირობებში მიიღო სესხები თავიანთი საქმიანობის გასაზრდელად, შემოსავლის გაზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად;
  • 2013 წლიდან, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებში გათვალისწინებული იყო ბაზრის მოთხოვნილებები. 30 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შესაბამისი პროფესიული კურსები გაიარა და შრომის ბაზრის ინსტრუმენტები,  როგორიცაა Worknet.ge გამოიყენა, რაც  დასაქმებაში დაეხმარა;
  • ევროკავშირის დახმარებით პატარა ქალაქებსა და სოფლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 76 საზოგადოებრივი ცენტრი დაარსდა, სადაც პატარა ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ 90 000 – ზე მეტ მოქალაქეს გაუმარტივდა წვდომა 200 საჯარო და საბანკო მომსახურებაზე; მათ ასევე შეუძლიათ უფასო ინტერნეტით და ბიბლიოთეკებით სარგებლობა.
  • თითქმის 7,500 სტუდენტმა და აკადემიური სასწავლო დაწესებულების წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო გაცვლით პროგრამაში „ერაზმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში. 9,300-ზე მეტი ახალგაზრდა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადამიანი საქართველოდან იღებს მონაწილეობას ერთობლივ გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებისა და მოხალისეობრივ პროექტებში.

ჩვენმა პარტნიორობამ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სარგებლობის მოტანა რომ  განაგრძოს, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უკეთესად ვიმოქმედოთ. პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად, გასულ წელს ჩავატარეთ კონსულტაციები ჩვენი რეგიონის 33 ქვეყნის წარმომადგენლებთან, ბიზნესებთან, ორგანიზაციებსა და მთავრობებთან. თუმცა მიღწეულმა შედეგებმა მაღალი შეფასება მიიღო, ასევე იყო ცხადი მოლოდინი, რომ გავაძლიერებთ თანამშრომლობას, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა, ინვესტიციები, კავშირები, კარგი მმართველობა და საერთო გამოწვევები, რომელიც კლიმატის ცვლილებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას მოიცავს.

დღეს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის მომავალი პოლიტიკური ამოცანების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კონსულტაციების შედეგს წარვადგენთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ჩვენი მუდმივი ურთიერთქმედება ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სამომავლო წინადადებები არის ამბიციური, მაგრამ მისაღები. ისინი ემყარება არსებულ თანამშრომლობას, მაგრამ ასევე განსაზღვრავს იმ სფეროებს, სადაც წინ უნდა წავიდეთ. ისინი ეფუძნება ევროკავშირის პროექტის ძირეულ ფუნდამენტურ ფასეულობებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონკრეტულად, ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ ერთად ვიმუშაოთ შემდეგ ამოცანებზე:

  • ერთადსიცოცხლისუნარიანი, მდგრადიდაინტეგრირებულიეკონომიკისთვის: ეკონომიკის გაძლიერება საკვანძოა მოქალაქეების მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, უთანასწორობის შესამცირებლად და ჩვენი პარტნიორობის წარმატების მისაღწევად. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, გაზრდილი ვაჭრობის, ინვესტიციების, უფრო მჭიდრო კავშირების საშუალებით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში, ასევე განათლების, კვლევებისა და ინოვაციების  კერძო სექტორის საჭიროებებთან უკეთესი დაკავშირების გზით.
  • ერთადანგარიშვალდებულიინსტიტუტების, სამართლებრივისახელმწიფოსადაუსაფრთხოებისათვის: კარგი მმართველობა და დემოკრატიული ინსტიტუტები, სამართლებრივი სახელმწიფო, წარმატებული ანტიკორუფციული პოლიტიკა და უსაფრთხოება აუცილებელია მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ისინი სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოების და საზოგადოებების, ისევე როგორც ძლიერი ეკონომიკის საყრდენს წარმოადგენს.
  • ერთად გარემოს და კლიმატის სიცოცხლისუნარიანობისკენ: ჩვენი სამყაროს მომავალი თაობებისთვის შესანარჩუნებლად პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. ევროკავშირი იმუშავებს თავის პარტნიორებთან რესურს-ეფექტიანი ეკონომიკის გასაუმჯობესებლად, ახალი მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ადგილობრივი და განახლებადი ენერგიის წყაროების განსავითარებლად.
  • ერთადსიცოცხლისუნარიანიციფრულიტრანსფორმაციისკენ: ევროკავშირი განაგრძობს ინვესტირებას პარტნიორი ქვეყნების ციფრულ ტრანსფორმაციაში და მიზნად ისახავს ერთიანი ციფრული ბაზრის სარგებლის პარტნიორ ქვეყნებზე გავრცელებას. ჩვენი ერთობლივი მუშაობა ასევე მიმართული იქნება ელექტრონული მმართველობის გაძლიერებაზე, ციფრული სტარტაპების მხარდაჭერის გააქტიურებასა და პარტნიორი ქვეყნების კიბერუსაფრთხოების საკითხში მედეგობის მხარდაჭერაზე.
  • ერთადსიცოცხლისუნარიანი, სამართლიანიდაინკლუზიურისაზოგადოებებისკენ: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და გამჭვირვალე, მოქალაქეებზე ორიენტირებული და ანგარიშვალდებული საჯარო ადმინისტრაციები დემოკრატიის საფუძველია. ევროკავშირი გააგრძელებს ამ საკვანძო სფეროებზე ყურადღების გამახვილებას ჩართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც საკმარისი ადგილი უნდა დაეთმოს; იგი ხელს შეუწყობს თავისუფალ, პლურალისტურ და დამოუკიდებელ მედიას და მოქალაქეთა უფლებების დაცვას და ასევე მობილურობას და ხალხთა შორის კონტაქტებს. ყოველივე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მზარდი დეზინფორმაციის გამო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ვაჭრობა ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის თითქმის გაორმაგდა. 125,000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა უშუალოდ ისარგებლა ევროკავშირის დაფინანსებით, რის შედეგადაც 250,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა ან შენარჩუნდა. ჩვენ უკეთესად ვართ დაკავშირებულები გაუმჯობესებული სატრანსპორტო კავშირის და ასევე მაღალი სიმძლავრის ფართოზოლოვან ინტერნეტზე  გაადვილებული წვდომის წყალობით. ბოლო კვლევების თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მოქალაქეებისთვის ევროკავშირი ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტია. ჩვენ შევინარჩუნებთ შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომას და ვეცდებით, ერთად კიდევ ბევრი რამ გავაკეთოთ დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის კრიზისების შემთხვევაშიც, როგორიცაა COVID-19 პანდემია.

ყოველივე ზემოხსენებულის საშუალებით შევქმნით უფრო ამბიციურ აღმოსავლეთ პარტნიორობას, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს და ჩვენი საერთო კონტინენტის ქვეყნების დაახლოებას განაგრძობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური