საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020 12:44

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება დაგეგმილი და შეთანხმებული იყო მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს.

მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის კუთხით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური