რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020 15:11

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ირგანიზებით გამერთულ ყოველწლიურ კონფერენციაში - “Georgia and its Neighborhood”, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას.
 
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან.  ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთიბაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია,“ - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა.
 
მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
 
სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა ლევან მიქელაძეზე და ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატის სახელობის ფონდის მნიშვნელობას საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთოს ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

 

რატომ იმსახურებს ყურადღებას უკრაინის ბრძოლა კორონავირუსთან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 10:39

ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული იმაში, თუ როგორ ებრძვის უკრაინა კორონავირუსს. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მოხდება შემდეგ, არსებობს რაღაც უკრაინის ეპიდემიასთან ბრძოლაში, რაც იმსახურებს ყურადღებას.

ერთი შეხედვით, უკრაინის კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული არაფერია. ამჟამინდელ ეტაპზე, უკრაინაში ეპიდემიის მასშტაბები უფრო მცირეა, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. იგი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეპიდემიით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია; დაღუპულთა რიცხვმა ახლახანს მიაღწია 100-ს (დღეში 5-დან 10 გარდაცვალებამდე). შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 20 000-ს უტოლდება, დაახლოებით იგივე ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში, ხოლო გერმანიაში ეს მაჩვენებელი 3000-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რა მოხდება შემდეგ, უკრაინის კორონავირუსთან ბრძოლაში არსებობს რაღაც, რაც იმსახურებს ყურადღებას. საკვანძო მომენტი: მკაცრი საკარანტინო წესები ქვეყანაში ძალიან სწრაფად შემოიღეს. იგი 11 მარტს გამოცხადდა და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი (!) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინამ დახურა თავისი საზღვრები მარტის შუა რიცხვებში, როდესაც დაფიქსირდა ინფიცირების 10-ზე ნაკლები შემთხვევა, ხოლო ვირუსის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარი ადრეული რეაქციის ახსნა მარტივია: უკრაინელებს საფრთხეების ეშინიათ. ისინი უდგებიან მათ სერიოზულად, საფრთხეები მათ ექმნებათ ხშირად, მათ კარგად ესმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად უნდა იმოქმედონ. უკრაინელები არც ისე კარგად იცნობენ უსაფრთხოების განცდას, ისინი ცხოვრობენ მუდმივი საფრთხეების ატმოსფეროში და ხშირად ურჩევნიათ იმოქმედონ ძალიან ადრე, ვიდრე ძალიან გვიან.

ევგენი გლებოვიცკის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოაზროვნეს, უკრაინელი ინტელიგენციის წარმომადგენელს, უყვარს გამეორება, რომ უკრაინელები ალბათ მსოფლიო ჩემპიონები არიან გადარჩენის კუთხით. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სურვილები საერთო ღირებულებებია უკრაინელებისთვის, და ისინი ენობრივ, პიროვნულ, რელიგიურ და ეკონომიკურ წინააღმდეგობებსაც კი აღემატება.

მსოფლიო ფასეულობების რეიტინგის მონაცემების თანახმად, უკრაინას  რაციონალური ფასეულობები უფრო ურჩევნია, ვიდრე ტრადიციული; მაგრამ ის ნაკლებად აფასებს თვითგამოხატვის შესაძლებლობებს და ძალზედ მაღალი აქვს გადარჩენის ინსტიქტი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები, მართალია, უფრო რაციონალურები არიან, მაგრამ ისინი არჩევანს თვითგადარჩენაზე გააკეთებენ და არა განვითარებაზე.

ეს გასაგებია, თუ გავიხსენებთ უკრაინის ისტორიის თავისებურებებს. 1932-1933 წლების სტალინური „შიმშილობის“ შედეგად უკრაინამ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი დაკარგა; დაახლოებით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილით 1920-იან და 1946-1947 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა მეოთხედით: დაახლოებით 10 მილიონი ადამიანით, რომელთაგან 3 ან 4 მილიონი დაიღუპა, იბრძოდნენ რა წითელი არმიის რიგებში; ჰოლოკოსტის 6 მილიონი მსხვერპლიდან 1 მილიონი უკრაინიდან არის. მილიონობით უკრაინელი დაიღუპა „გულაგში“, 1930-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა უკრაინული ინტელიგენცია და მრავალი ცნობილი დისიდენტი დევნილთა ბანაკებში გადაასახლეს ე.წ. "ხრუშჩოვის დათბობის" პოლიტიკის შემდეგ.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის დონბასის ნაწილების ოკუპაციამ და მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურმა ცნობებმა ფრონტის ხაზზე დაღუპულთა შესახებ, დღეს კიდევ უფრო გაზარდა დაუცველობის განცდა, რაც უკრაინულ საზოგადოებას კიდევ უფრო აფერხებს. გარდა ამისა, ამჟამად არსებობს კორონავირუსული პანდემიის საფრთხე, აგრეთვე იყო ჩერნობილის ზონაში ბოლოდროინდელი ტყის ხანძარი, როდესაც უკრაინული საზოგადოება ცხოვრობდა იმის შიშით, რომ ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიაღწევდა.

დაუცველობის ასეთი შეგრძნება არსებობს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სახით. საზღვრის გარედან, უკრაინას არ აქვს სათანადო დაცვა, რომელითაც „ნატო“-ს ქვეყნები სარგებლობენ (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად), მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით, უკრაინელები ხშირად სამართალდამცავ სისტემას განიილავენ, როგორც დამატებით საფრთხეს და არა როგორც დამცავ მექანიზმს.

 

უკრაინული ანდაზა ამბობს, რომ უმჯობესია საფრთხის გადაფასება, ვიდრე მისი არშეფასება სათანადოდ. სწორედ ეს ლოგიკა უდევს საფუძვლად კარანტინის ასეთ ადრეულეტაპზე შემოღება.

 

გასაკვირია, მაგრამ კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების მკვეთრი მატების მიზეზი შეიძლება გახდეს რელიგია. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ საფრთხე მოედინება უკრაინაში არსებული რუსეთის ეკლესიის მხრიდან. ადრე, ამ ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, პაველმა, კიევ-პეჩორის ლავრის მღვდელმა განაცხადა, რომ ”არ არის საჭირო გეშინოდეთ ეპიდემიის”, და რომ მორწმუნეებმა ”უნდა იჩქარონ ეკლესიაში და ჩაეხუტონ ერთმანეთს”. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ლავრა გახდა კიევის ეპიდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი. ახლახანს, მიტროპოლიტმა ონუფრიმ, აღნიშნა, რომ მისი ეკლესიები მსახურებას აღავლენენ აღდგომის კვირას, 19 აპრილს, მიუხედავად საკარანტინო ზომებისა და მოწოდებებისა, რომ დარჩენილიყვნენ სახლში. შესაბამისად თუკი ტაძრებში დასწრება არ შეიზღუდება, მრევლი აღდგომის დღესასწაულზე მივა ეკლესიაში და გაჩნდება ინფიცირების დიდი რისკი.

შედეგად, აღდგომის მომდევნო კვირა აჩვენებს, თუ რამდენად რაციონალურები არიან უკრაინელები და რამდენად ძლიერია მათი გადარჩენის ინსტინქტი, რათა დარჩნენ სახლში.

ამასთან, თუ უკრაინელები უსაფრთხოების საკითხს უფრო მაღლა დააყენებენ, ამან შეიძლება მომავალში გლობალური საკითხი წარმოშვას. კერძოდ: უნდა დომინირებდეს თუ არა უსაფრთხოების საკითხი, ვიდრე თავისუფლების?

ნეო-ავტორიტარული ლიდერები, რომლებიც პანდემიას ხედავენ, როგორც დამატებით არგუმენტს დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის წინააღმდეგ, უკვე ადანაშაულებენ მას. აღნიშნულს უფრო მეტად იყენებს რუსული პროპაგანდა დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. კორონავირუსის პანდემიამ ახალი გლობალური კამათი წამოიწყო, რომლის დროსაც ლიბერალურ დემოკრატიაზე მიმდინარეობს აგრესიული თავდასხმა.

”ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და საზოგადოებამ მკაფიოდ განასხვავონ: მეტი უსაფრთხოება არ ნიშნავს ნაკლებ დემოკრატიას. თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, როდესაც აუცილებელია ჯანმრთელობის და ზოგადი უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ არა როგორც ყველა სხვა პრობლემის გადაჭრის მექანიზმი”.

ბალანსი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, როგორც ბოლო წლებში ბევრმა უკრაინელმა მოაზროვნემ  გაუსვა ხაზი, უნდა გახდეს რეალური. საჭიროა ისეთი წონასწორობის დაცვა, როდესაც თავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობაა, ხოლო უსაფრთხოება განიხილება, როგორც ჩვენი სიცოცხლისა და ჩვენი ძირითადი ფასეულობების დაცვის მექანიზმი - თავად თავისუფლების ჩათვლით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «Ukraine Verstehen» და საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ვლადიმირ ერმოლენკო

მთავარი რედაქტორი UkraineWorld- ში და ანალიტიკოსი «Интерньюз-Украина»- ში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:14

2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.
11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულვებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის  მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების  სისტემას.
რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
ამასთან, დგამს ნაბიჯებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით, პარალელურად, კი ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან. ამ მიზნით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვას, ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვას, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების პრაქტიკას, რითაც უხეშად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეშფოთებას იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და ღირსების შელახვა, ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულების გზით.
კიდევ უფრო საგანგაშოა ეთნიკურ ნიადაგზე წამებისა და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრებამ შესაძლებელი გახადა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე.
განსაკუთრებულ წუხილს იწვევს ის ფაქტი, რომ ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.
ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობა, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომის საჭიროება. 
არსებული გამოწვევების პასუხად, საქართველოს მთავრობა განუხრელად აგრძელებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, მოლაპარაკებებისა და დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის გზით. საქართველომ სრულად შეასრულა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და ცალმხრივად არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების ვალდებულების მიმართ ერთგულება, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში. იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების დაზიანებას, საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ძალისხმევას არ იშურებს რუსეთის უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. პარალელურად, საქართველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად, რისი დასტურიცაა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.
დეესკალაციისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, 2012 წლიდან გადაიდგა ნაბიჯები რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღსადგენად, ქართულმა მხარემ მიიღო რიგი კონსტრუქციული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რუსეთის შესაბამისი ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირების კუთხით.
ქართული მხარე დიდად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა წარმართოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად. 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები  საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დასარეგულირებლად,  კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით.  
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული  მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:05

2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
 
ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
 
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
 
მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
 
მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
 
ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

მცოცავი ოკუპაცია - საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას რუსი ოკუპანტების უკანონო ქმედებების აღკვეთას მოუწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ივლისი 2017 16:07

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვარი გადმოწევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე და ხელს უშლის საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის.

სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

ზემოაღნიშნული ფაქტი და ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში არსებული მდგომარეობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, რათა აღნიშნული ქმედება ადექვატური საერთაშორისო შეფასებისა და შესაბამისი პასუხის გარეშე არ დარჩეს”- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წიგნები ოკუპაციის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსწავლეებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 16:26

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ეროვნული ბიბლიოთეკისა და კლინიკა „ვენუს ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად, გორის რაიონის სოფელ ტირძნისს ესტუმრა და სკოლის ბიბლიოთეკას უახლესი ლიტერატურა გადასცა.

„ტირძნისი საზღვრისპირა სოფელია და 2008 წლის ომის დროს კონფლიქტის ზონა იყო. ეს არის სკოლა, რომელიც ომის დროს დაიწვა და შემდეგ მისი აღდგენა მოხდა. შევხვდით მოსწავლეებს, პედაგოგებს, რომლებმაც რეალურად გადაარჩინეს სკოლის შენობა, სოფელ ტირძნისს არ აქვს ბიბლიოთეკა და ეს როლი სკოლის ბიბლიოთეკამ იტვირთა. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ასეთი საჩუქრების ჩატანა.“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სტუმრებს ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის წევრები ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენით შეხვდნენ. „მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ოკუპაციის საზღვართან განსაკუთრებულად რთულ პირობებში ცხოვრება, ტრადიციები ცეკვის, სიმღერისა და განათლების კუთხით არ ნელდება. ეს ძალიან დასაფასებელია“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში განხორციელდა და მასში ბევრმა ორგანიზაციამ და მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ცდილობს, რომ წიგნიერებასა და წიგნად ფონდს შორის არსებული დისბალანსი გამოსწორდეს. მოგეხსენებათ, რომ სიტყვა „ეკვილიბრიუმი“ წონასწორობას ნიშნავს და პროექტი სწორედ ქვეყნის მასშტაბით წონასწორობის აღდგენაზე ზრუნავს როგორც განათლებისა და წიგნიერების, ასევე საწიგნო ფონდებთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს გიორგი კეკელიძეს, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს და ყველა კერძო შემომწირველს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება ოკუპაციის ზონასთან ახლოს ჩაგვეტანა ეს საჩუქრები“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

„აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:53

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ  აფხაზები და ოსები იმედგაცრუებულები არიან რუსეთისგან, რადგან მათ ვერ მიიღეს ის, რასაც მოელოდნენ და რომ რუსეთი მათ რეალურ დამოუკიდებლობას არასოდეს დაუშვებს. „აფხაზებმა და ისებმა ის ვერ მიიღეს, რასაც მოელოდნენ რუსეთისგან და საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან. ისინი ხედავენ, რომ კორუფცია ყველაფერს ჭამს და ანადგურებს. ეს ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულ შანსს არ აძლევს საქართველოს, მაგრამ, მათ აქვთ ისეთი განცდა, რომ რუსეთმა ისინი მიატოვა და რომ ისინი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არიან.  იქ მცხოვრები ყოველი მეორე მოსახლე ნამყოფია თანამედროვე საქართველოში და ხედავენ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება დემოკრატია. ხედავენ, რომ საქართველო აშკარა ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.“

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

„რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია“ - პაატა ზაქარეიშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 17:35

„ძალიან კარგია, რომ გადადიხართ მაუწყებლობის ახალ ფორმატზე, რუსულ ენაზე გადაცემების გაკეთება ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საკმაოდ დიდი სეგმენტია ქართულ საზოგადოებაში რუსულენოვანი მოსახლეობის, რომელთათვისაც რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია...აფხაზები და ოსები უსმენენ მხოლოდ რუსულენოვან გადაცემებს და იქ ძალიან იშვიათად არის მათ შესახებ ინფორმაცია.    აუცილებელია, შეიქმნას რუსულენოვანი სახლემწიფო არხი, იმის მსგავსი, როგორიც იყო „პიკი“ ნაციონალური მოძრაობის დროს. თუმცა, იქ გადაცმები პროპაგანდისტული იყო და „ყიდდა“ არა  ისეთ საქართველოს, როგორც სინამდვილეში იყო. ეს კი უნდა იყოს საინფორმაციო არხი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, თუ რა ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „სტარვიზიის“ ეთერში.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=9fRPUgIhVtQ

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 17:41

გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა. „ჩვენთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანია ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება, პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა,"- განაცხადა პრემიერმა.პრემიერმინისტრმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო კონსტრუქციულ მიდგომაზეა გადასული. 
"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად კონსტრუქციულია, რომ მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე,"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

თინათინ ხიდაშელმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:49
წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 95 წელი გავიდა. დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები. „ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება. ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ,“ - ამ სიტყვებით შეაფასა დღევანდელი დღე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა. თავდაცვის მინისტრმა კი 25 თებერვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან სერიოზული შანსი აქვს საქართველოს, დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, როდესაც უნდა გვახსოვდეს, აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „ძალიან მიხარია, რომ ის პატივი, რაც ეკუთვნით ჩვენ გმირებს, ხალხში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იუნკრების სახელის ქვეშ, ზოგადად, უნდა იგულისხმებოდეს, ის ეროვნული გვარდიელი, შეიარაღებული ძალების მებრძოლიც და მოხალისეც, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მიხარია, რომ ქართველებს გვაქვს ასეთი ადგილი ტაბახმელაში, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები,“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების დასასრულს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონმა დავით გაბიზაშვილმა იუნკერთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური