ლიბერთი ბანკის განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 22 ივნისი 2020 18:51

რამდენიმე კვირის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი. ამის შესახებ 'ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმ,ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა ლიბერთი ბანკის რეგიონალური ფილიალის ექსპერტ-შემფასებელთან, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ ბანკის სერვის ცენტრში, სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით, შედგებოდა სალომბარდე სესხის ყალბი ხელშეკრულებები, რომლის უზრუნველსაყოფად, ნაცვლად გირაოში ჩასადები ძვირფასეულობისა, დაგირავდებოდა არაძვირფასი ლითონის ნაკეთობანი (ე.წ. ბიჟუტერია). ბრალდებულები მოტყუებით დაუფლნენ ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, რითაც ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საეჭვო გარიგების ინციდენტი აღმოჩენილ იქნა ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის და რაც მთავარია, ამ დანაშაულებრივი ქმედებით არ დაზარალებულა ლიბერთი ბანკის არცერთი მომხმარებელი. აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება და უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას მყისიერი და ოპერატიული დახმარებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიბერთი ბანკის განმარტება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიების შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 14 ივნისი 2020 10:01

ლიბერთი ბანკის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება ოზურგეთის ფილიალში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ლიბერთი ბანკის ფილიალში ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილ იქნა დანაშაულებრივი ქმედება, რის შესახებაც მყისიერად ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და დაიწყო გამოძიების პროცესი.

დღეს, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ამიტომ, ბანკი მიზანშეწონილად თვლის ფართო საზოგადოებას და პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს განუმარტოს არსებული ვითარება:

გამოძიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, დანაშაულის გამოვლენის მომენტიდან. ამ ეტაპზე, დეტალური ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვება ხელს შეუშლის გამოძიებას. თაღლითური სქემის გამოვლენა განხორციელდა ბანკის შიდა სტრუქტურების მიერ და გამოძიება დაიწყო ლიბერთი ბანკის ინიციატივით. ამ ეტაპზე, არ არის ცნობილი ბანკის მიერ მიღებული ზარალი. ასევე, ბანკი იცავს უდანაშაულობის პრეზუმციას და შესაბამისად, არ აკონკრეტებს შესაძლო დამნაშავეთა ვინაობას და მათ შესაძლო ბრალეულობას. რაც შეეხება გარკვეულ ფიზიკურ პირთა ანგარიშების დაყადაღებას, ყველა პროცესი განხორციელდა მხოლოდ სასამართლოს განჩინებით და გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და ეს პროცესები დასრულდება გამოძიების დასრულებისთანავე.

აქვე ავღნიშნავთ, რომ ლიბერთი ბანკს გააჩნია შესაბამისი დაცვის სისტემები, რომლებმაც უზრუნველყო აღნიშნული ფაქტის მყისიერად დაფიქსირება.

კიდევ ერთხელ, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ბანკი დაინტერესებულია გამოძიების სწრაფად და ოპერატიულად წარმართვაში. ამ პროცესებში, ყველა საეჭვო ფაქტი იქნება შესწავლილი და ბანკის არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდება. უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც თუნდაც მცირედი გადაცდომით ზიანს მიაყენებს ჩვენს მომხმარებელს", - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზა“ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:33

„საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისებს ამატებს. როგორც რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებებით ახალი შემადგენლობა ემატება, ხოლო თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით - სხვადასხვა კლასის ვაგონები. 
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 13 აპრილიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№878/877) თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე.
ოთხ ვაგონიანი ელექტრომატარებელი 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს რეისებს. რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50 საათზე და ზუგდიდში ჩავა 14:15 საათზე, ზუგდიდან გამოვა 19:15 საათზე და თბილისში ჩამოვა 00:35 საათზე.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით, ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით“, - აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციაში.

ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გიორგი ტუღუშის ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 08 ოქტომბერი 2016 15:55

ოზურგეთის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, გიორგი ტუღუშის ბრალდებებს, თითქოს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნასაკირალში, ოზურგეთის რაიონის 60-ე უბანზე, შესასვლელ კარებთან ეწეოდნენ აგიტაციას, ხოლო როდესაც წასვლისკენ მოუწოდეს, ადგილზე მივიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, რომელიც ამ ადამიანების უბანში შეშვებას ითხოვდა.

„ეს არის აბსრდული ბრალდება. არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. იქ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბესიკ ქათამაძე ატყუებდა თავის თანასოფლელებს, რომ არ შეიძლებოდა სკოლის ტერიტორიაზე შესვლა, საარჩევნო უბანზე არ იყო საუბარი. მე ვუთხარი და მოვუწოდე, რომ ნუ ატყუებდა თავის თანასოფლელებს. საარჩევნო უბანი არის სკოლის შენობის შიგნით, შესაბამისად ვუთხარი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სკოლის ტერიტორიაზე შესვლა“,-აღნიშნა ჭანუკვაძემ.
ჭანუყვაძის განცხადებით, ეს არის „ნაციონალების“ წესი, მიდგომა, რომელსაც ყოველთვის იყენებდნენ და ახლაც უნდათ, იძალადნონ ადგილობრივ ამომრჩევლებზე, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
ამასთან, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ინფორმაცია, თითქოს უბანზზე შეხლა-შემოხლა მოხდა, აბსოლუტური სიცრუეა.

ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთში აქციის მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 15:01

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე  მყოფ აქციის მონაწილეებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გაესაუბრა. 

ივანიშვილი აქციის მონაწილეებთან მას შემდეგ მივიდა, რა ყოფილი პრემიერის მისამართით,  ,,მშიშარა, გაიქცა! " - ამგვარ შეძახილებს სკანდირებდნენ. 

აქციის მონაწილეებმა ყოფილ პრემიერს   პენსიებთან დაკავშირებული დაპირებები სესახსენეს. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატმა დავით მჟავანაძემ ივანისვილს  შეახსენა, რომ მოსახლეობა პენსიის 250 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. 
ივანიშვილი აქციის მონაწილეების განცხადებებს არ დაეთანხმა და მიმართა, მიაწოდონ კადრები, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაპირების გაცემას ასახავს.

 

არჩილ თალაკვაძე: თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 10:36
“ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამედიცინო ცენტრ “მედალფა“-ს სამედიცინო პერსონალს შეხვდა. არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, C ჰეპატიტის პროგრამასა და ექიმებისა და ექთნების ინტერესების დაცვაზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექთნების როლზე სამედიცინო მომსახურების პროცესში. “თქვენ ის გმირები ხართ, რომლებიც მშვიდობის დროსაც იბრძვით სიცოცხლის გადასარჩენად, ამიტომაც ჩემთვის თქვენი პროფესია ძალიან ძვირფასია.დღეს თქვენთან მოვედი არა იმისთვის, რომ რამე გთხოვოთ, არამედ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგიცხადოთ“- ამ სიტყვებით მიმართა მედიკოსებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. მან საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ჯანდაცვის სფეროში ჩადებული ყოველი ლარი, მომავალში ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ეფექტური ჯანდაცვის სისტემა ეკონომიკური განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის აუცილებელ პირობად დაასახელა. ამიტომ, თქვენ (მედიკოსები) ემსახურებით არამხოლოდ პაციენტებს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას და მომავალს.“ არჩილ თალაკვაძე მენეჯმენტის სპეციალისტია, თუმცა სამაგისტრო განათლება მედიცინის სფეროში აქვს მიღებული. ის, 2013 წლიდან პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმას ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დამოუკიდებელი მისიის მიერ წარმატებულად შეფასდა და რომლის ფარგლებშიც პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება, ტუბერკულოზის გავრცელების უპრეცედენტო შემცირება, პატიმართა სიკვდილიანობის შემცირება და სუიციდის პრევენციის პროგრამის ინიცირება გახდა შესაძლებელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 22:07

გურიას ისეთი სიმდიდრე აქვს, რომლითაც ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის; ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც, რაც ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ,- ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.

გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას გურიაში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

„ქართულ ოცნება -დემოკრატიულ საქართველო"-ს ოზურგეთში არჩილ თალაკვაძე, ხოლო ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თემურ ჭკუასელი წარმოადგენს.

"არჩილ თალაკვაძე გუნდის ერთ-ერთი ახალი სახეა. ამჟამად იგი გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. არჩილი არის მოტივირებული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭით და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში და ოზურგეთელები მისით იამაყებენ. თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას",- განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას გურიის პოტენციალზე ისაუბრა და ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც არა მარტო გურიის, არამედ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია დავუბრუნოთ გურიას. ავაღორძინოთ ჩაის წარმოება და ეს ტრადიცია აღსდგეს გურიაში. მინდა გითხრათ, რომ არსებობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა - ,,ქართული ჩაი“, რისთვისაც სახელმწიფო თანხა უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამ პროგრამით დაინტერესებული არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი მეწარმეები. რა თქმა უნდა, მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ყველა თქგვენთაგანის ოჯახში. გარდა ამისა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარიელებთან და ავსტრიელებთან ერთად კომპანია ,,წყალი მარგებელი“ აშენებს 30 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია. „ნაბეღლავის“ და „ბახმაროს“ გარდა საწარმოში სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი ჩამოისხმება. ქარხანა ჩამოასხავს ასევე ცნობილ უცხოურ სასმელებს, რომლებიც ექსპორტზე გავა საზღვარგარეთ. ცხადია, ქარხნის ამუშავებას მოჰყვება ხალხის დასაქმება და კიდევ მეტი შემოსავალი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა „Black sea aren“-ას გახსნისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ცოტა ხნის წინ შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზი გაიხსნა, რომლის მშენებლობაც 200 მილიონზე მეტი დაჯდა. შეკვეთილში ასეთი დარბაზის აშენება ბიძინა ივანიშვილის იდეა გახლდათ. გურიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მართლაც ეს გრანდიოზული პროექტი. ეს პროექტი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა, მაგრამ, პირველ რიგში, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მოიზიდავს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით ისარგებლოს“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გურიაში სტუმრობას ყოველთვის განსაკუთრებული და გაორმაგებული პასუხისმგებლობა ახლავს, ვინაიდან ამ რეგიონში გამორჩეული ხალხია.

„ცნობილია თქვენი ინტერესი პოლიტიკის მიმართ, სილაღე, იუმორი და, რაც მთავარია, კრიტიკული ანალიზის უნარი, რომელიც არასოდეს გღალატობთ. სწორედ ამიტომ, ლოგიკურია, რომ ასეთმა ხალხმა ოთხი წლის წინ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ - იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც შეძლო ქვეყნაში არსებული ვითარება შეეცვალა, მოეხდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა. როგორც ყოველთვის, არც შემცდარხართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ახლაც აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩვენ პრაქტიკულად არ დაგვიტოვებია არც ერთი სოფელი უშუქოდ, არ დაგვიტოვებია მაღალმთიანი სოფლები, სადაც არ დავნიშნეთ ტრანსპორტი ბავშვების სკოლაში სატარებლად, არც ერთი მოსწავლე არ დაგვიტოვებია სახელმძღვანელოს გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ გლეხებს, ფერმერებს, მეწარმეებს. რამდენადაც შეგვეძლო დავუდექით ხალხს გვერდში. ჩვენ თანამიმდევრულად და მტკიცედ მივდივართ წინ. ყველაზე მთავარი კი ის არის, თქვენ იგრძნოთ უკეთესობა, ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და თითოეული თქვენგანის ოჯახში შემოვიდეს კეთილდღეობა“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველოს ინტერნეტიზაცია იწყება. „მართალია, გურულებმა ისედაც კარგად იცით, რა ხდება ქვეყანაზე, მაგრამ ინტერნეტი რომ შემოვა ყველა ოჯახში, კიდევ უკეთ გეცოდინებათ მსოფლიოს ამბები. ხუმრობა იქით იყოს, და ეს მართლაც ძალიან დიდი საქმეა, დიდი ხელშეწყობაა ჩვენი ხალხისთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

საკუთარ გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მეგობრებო, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ცოტანი ვართ ისედაც. არა გვაქვს გათითოკაცების უფლება, არა გვაქვს უფლება პოლიტიკურ დაპირისპირებებს გადავაყოლოთ ქვეყანა, მოვიძულოთ ვინმე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენსავით არ ფიქრობს. ალბათ, როგორც არასდროს, ისე სჭირდება დღეს საქართველოს ჩვენი ერთიანობა მთავარ და ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებში. როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს ეხება, ერთად უნდა დავდგეთ, აქ ორი აზრი არ არსებობს. „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც დღეს შეუძლია საზოგადოების გაერთიანება უმთავრესი პრინციპების გარშემო. მე ეს მტკიცედ მწამს და ამიტომაც ვარ ამ პარტიის სათავეში. მე მაქვს ჩვენი ხალხის გონიერების იმედი, რომ ამ ძალას ხედავს ჩვენში, და ამიტომაც მჯერა, რომ ჩვენს კანდიდატებს ექნებათ ხალხის მხარდაჭერა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობას და გამარჯვებას გისურვებთ გურულებო“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა ვიცე პრემიერმა, "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"გურია იმედებისა და პერსპექტივების მხარეა. გურია 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების ავანგარდში იყო და თქვენი წილი დიდია თავისუფლების მოპოვებაში, ოქტომბერშიც ერთად ვივლით გამარჯვებისკენ",-აღნიშნა კახა კალაძემ.

ვიცე- პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე სოფლებში გაზიფიცირებისა და ელექტროფიცირების პროგრამებზე.

" ჩვენ შრომით შევქმნით საქრთველოს მომავალს. მშრომელი კაცი არ უნდა დაიჩაგროს, გურიის პატრონები თქვენ ხართ , გახადეთ ეს სახლი ძლიერი, მყარი და ბარაქიანი,"- განაცხადა კახა კალაძემ.

ოზურგეთში ოლიმპიური სახლი გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 13:29

ოზურგეთში საზეიმოდ გაიხსნა ოლიმპიური სახლი - თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი, რომელიც აერთიანებს საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს და საუნას. აქვე განთავსებულია სპორტული მუზეუმი და ბიბლიოთეკა. სამომავლოდ ოლიმპიურ სახლში მოეწყობა კრივის რინგი და ძალოსნობის ფიცარნაგი.

ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავჯდომარე გელა კობალაძე, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა ლომაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, მსოფლიო ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძე, ოლიმპიური ჩემპიონები -საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია და ვახტანგ ბლაგიძე, ევროპის თასის მფლობელი ავთანდილ მაისურაძე, გურიის სპორტული საზოგადოებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდები.

ღონისძიება გახსნა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ,“ ქართული სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „სამი ძმანი გურულები“. მოეწყო საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედიის - „მოგზაურობა ოლიმპეთში“ (ავტორი - მწერალი ირაკლი ლომოური) პრეზენტაცია. ეს გამოცემა საჩუქრად გადაეცა გურიის რეგიონის ყველა საჯარო და კერძო სკოლას. ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური სახლის ბიბლიოთეკას გადასცა პაატა ნაცვლიშვილის ხუთტომეული „ხუთი რგოლი საქართველოსთვის“. პრეზენტაცია დასრულდა სახალისო ვიქტორინით. მოსწავლეები, რომლებმაც ოლიმპიურ თემატიკაზე დასმულ კითხვებს სწორი პასუხი გასცეს, დაჯილდოვდნენ ჩემპიონების ავტოგრაფიანი საყმაწვილო ენციკლოპედიით.

სპორტში გაწეული ღვაწლისათვის სეოკ-ის პრეზიდენტმა სპეციალური ოლიმპიური მედლებით დააჯილდოვა ბეგლარ სიორაძე, გელა კობალაძე, ზაზა სიორიძე და ლაშა ლომაძე. სეოკ-ის დიპლომები გადაეცათ გურიის რეგიონის სპორტის დამსახურებულ მუშაკებს.

ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 14:52

ქალაქ ოზურგეთში ინგოროყვას ქუჩაზე მცხოვრები 47 წლის ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ელექტრო ქურას გაუჩნდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, პაციენტი სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მას სხეულის 99% ჰქონდა დამწვარი.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

აქცია ოზურგეთში-მოსახლეობა ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას აპროტესტებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 14:13

სოფელ ორმეთში ამ წუთებში ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს .  აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს ჩინური კომპანიის კუთვნილ სატვირთო ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლეენ.ადგილობრივები  ამბობენ, რომ სატვირთო ავტომანქანების აქტიური მოძრაობის გამო სოფელში გზები კატასრტოფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მათ გადაადგილების პრობლემა ექმნებათ "საშინელი სიტუაციაა, ორმოები, მტვერი, რომ გაწვიმდება ტალახი. გარეთ ვერ გამოხვალ ბოტები თუ არ გაცვია. რამდენჯერ ვთხოვეთ სოფლის ხელმძღვანელობას, რომ ამისთვის მიექცია ყურადღება, მაგრამ მანამ არავინ არ მოახდინა რეაგირება, სანამ მთელი სოფელი ქუჩაში არ გამოვედით. შეუძლებელია ასე გაგრძელება. არ გავატარებთ ამ სატვირთოებს, სანამ არ მოგვარდება პრობლემა"-ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციას გურიის გუბერნატორიც გამოეხმაურა, მისი განმარტებით მოსახლეობის პროტესტი ჩინური კომპანიის მიმართ მდინარე სუფსიდან სატვირთო მანქანებით ინერტული მასალის გატანას უკავშირდება,რაზეც გარემოსდაცვის სამინისტროს  ლიცენზია გაცემული აქვს, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.გია სალუქვაძე გურიაში არ იმყოფება , ამიტომ პრობლემას მისი მოადგილე გადაწყვეტს. 

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური