თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2019 11:31

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ სამხედროებს ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცა და მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ : „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებს ჰქონდეთ მაქსიმალური განვითარების საშუალება თავდაცვის ძალებში, მაქსიმალურად იყვნენ ისინი ინტეგრირებული, ჰქონდეთ ქართული ენის უკეთ დაუფლების საშუალება და პროფესიული განვითარების ყველა პირობები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.

აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.

ნოვრუზ ბაირამობა ახალ დღეს, გაზაფხულის დღესასწაულს ნიშნავს. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 17:54
თბილისის მერი დავით ნარმანია აბანოთუბანში „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს აზერბაიჯანელ უხუცესთა საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისში მოქმედი და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული აზერბაიჯანული ანსამბლები. თბილისის მერმა დავით ნარმანიმ აბანოთუბანში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. „ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, დღისა და ღამის გათანაბრებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამობა დაკავშირებულია სიახლესთან, სიკეთესთან. მე დღეს სიამოვნებით ვუერთდები ამ ზეიმს და მოვედი აქ, რათა მივულოცო ყველას და შევუერთდე საზეიმო განწყობას. კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერთან ერთად ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ქეთევან მამულაშვილი და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ. ნოვრუზ ბაირამი ტრადიციულად 21 მარტს აღინიშნება. 2010 წელს ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 13:09
„ძალიან მიხარია ყოველ წელს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და ნოვრუზ ბაირამის, გაზაფხულის შემოსვლის, ახლის დაბადების, ახლის დაწყების თქვენთან ერთად ზეიმი. გილოცავთ და გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას,' - ასე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში შეკრებილ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული.

ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 მარტი 2017 12:12
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს: „ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც იზიარებს ამ დღესასწაულის სიხარულს, ვულოცავ ნოვრუზ ბაირამს. ნოვრუზ ბაირამი, ათასწლეულებია, დღისა და ღამის გათანასწორების, გაზაფხულის, განახლების და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოდ მიიჩნევა. მრავალი საუკუნეა, ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება საქართველოშიც, სადაც ის საერთო სახალხო დღესასწაულადაა გამოცხადებული. ჩვენი საერთო სამშობლო მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქვეყანაა, ამიტომ, ნოვრუზ ბაირამი მხოლოდ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ეროვნული დღესასწაული არ არის. ჩვენ, ქართველი ხალხი, თქვენთან ერთად ვზეიმობთ ამ დღესასწაულს. გისურვებთ, რომ ნოვრუზ ბაირამი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის ბედნიერების, მშვიდობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს!"

პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად ნოვრუზ ბაირამს მოსახლეობას თავდაცვის მინისტრიც ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 16:18

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, საგამოფენო კუთხეები დაათვალიერეს, ჩაი და ტკბილეული დააგემოვნეს და ტრადიციული კოცონის ანთებას დაესწრნენ.ნოვრუზ ბაირამი ყოველ 21 მარტს აღინიშნება. 

მარნეულში პრემიერი და პრეზიდენტი მოსახლეობას დღესასწაულს ულოცავენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 13:03

მარნეულის ცენტრში პრემიერმა და პრეზიდენტმა ცეცხლი დაანთეს. მუსლიმები დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.დღესასწაული მათ  საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა მიულოცეს.საზეიმო ღონისძიებები ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში რამდენიმე ადგილას იმართება.ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული, ტრადიციულად, 21 მარტს აღინიშნება.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 მარტი 2016 10:50

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს.ნოვრუზ ბაირამი  უძველესი ტრადიციაა და  დღის და ღამის გათანაბრებას უკავშირდება. დღეს,დღესასწაულს აზერბაიჯანელები, ირანელები, ტაჯიკები, ქურთები, უზბეკები, თურქმენები, ყაზახები, ყირგიზები, თურქები და ყირიმელები აღნიშნავენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის ახალი წლის ათვლის თარიღადაც ითვლება.

2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები განსაკუთრებულად აღნიშნავენ აუცილებლად ყველა ოჯახში უნდა იყოს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება წითელი კვერცხები. ამზადებენ ტკბილეულს და ერთმანეთთან სტუმრად მიდიან. სადღესასწაულო დღეები 19 მარტიდან იწყება და 4-5 დრე გრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური