„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:14

მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის - ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) გახდა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, თავდაცვის კუთხით ინტენსიური რეფორმირების პროცესშია, რაც 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება და ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელმა კოლეგამ პრედრაგ ბოშკოვიჩმა ვილა გორიცაში უმასპინძლა.

"მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:34

„მონტენეგროში, როგორც ნატოს ახალ წევრ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება“, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროელ კოლეგასთან პრედრაგ ბოშკოვიჩთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დედაქალაქ პოდგორიცაში, ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ლევან იზორიამ კოლეგას მონტენეგროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტი სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესანიშნავი საშუალებაა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო. ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 15:47

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

პრეზენტაციაზე ეკატერინე მაჭავარიანმა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის, ასევე, შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკასა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მარტში იგეგმება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ევროპოლში, სადაც ორ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოეწერება ხელი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს შს სამინისტრო ევროპოლში წარადგენს მეკავშირე ოფიცერს და შეიქმნება ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხი, რომლითაც მოხდება ინფორმაციის გაცვლა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან. მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის ხელშეკრულებას, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს პარტნიორი ქვეყნების შეფასებებში.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებისთვის უვიზო მიმოსვლის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება, მათი შემდგომი დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის ქვეყნებთან 2013 წლიდან ახორციელებს ეფექტიან თანამშრომლობას საპოლიციო სფეროში. საქართველოს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში ჰყავს წარგზავნილი და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანასთან თანამშრომლობს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

მ. ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 16:22

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა.
„საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რაზეც კონცენტრირდება საინფორმაციო ცენტრის სამომავლო საქმიანობა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  საზოგადოებასთან კომუნიკაცია. უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართულებით აქტიური ქმედებების გატარება.
„ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია გვთავაზობს. საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო რთული ხდება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის გამო. როგორც ვხედავთ ანტი-დასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, რომ უნდობლობა, რომელსაც ანტი-დასავლური პროპაგანდა თესავს საქართველოს მოსახლეობაში გავაქარწყლოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ამ პროცესისადმი“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მისივე ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოპოვების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციას. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით გააქტიურდება მუშაობა საქართველოს რეგიონებში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და 2018 წლის პრიორიტეტებზე. 
ღონისძიების დასასრულს ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადაეცათ ექსპერტებს: ირაკლი მენაღარიშვილს, მიხეილ მირზიაშვილს, გიორგი გოგუაძეს, გოგიტა ღვედაშვილს, ლევან მახაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს და ლევან დოლიძეს.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის სპეციფიკაციის კონფერენცია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 18:31

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.

 "ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდება. სწავლება ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარება. სწავლება 2019 წელს ჩატარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი ბაკურიანში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 12 თებერვალი 2018 15:34

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ზამთრის საბაზისო კურსს ბაკურიანში მასპინძლობს. ამჯერად სამთო მომზადება საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში დაიწყო. მასში 12 უკრაინელი და 5 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს” მოწყობას შეასწავლიან. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ.

კურსი დაბა ბაკურიანში დღეს დაიწყო და 2 მარტს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საზეიმოდ დაიხურება.

ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის შესახებ სემინარი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 06 თებერვალი 2018 13:10

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის თემაზე სემინარი გაიხსნა. 

ტრენინგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ორგანიზებითა და JTEC-ის მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენინგის მიზანს შტაბებსა და ქვედანაყოფებს შორის ლოგისტიკური დაგეგმარების პროცესში კოორდინაციის უზრუნველყოფა და დაგეგმარების პროცედურებთან დაკავშირებული მეთოდების შესწავლა წარმოადგენს. 

სემინარში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან, ლოგისტიკური მიმართულებით მომუშავე 34 სამხედრო მოსამსახურე, ოფიცრები, ასევე, კაპრალები და სერჟანტები მონაწილეობენ. ერთი კვირის განმავლობაში მათ აშშ-ის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორები გამოცდილებას გაუზიარებენ და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურას, სპეციფიკასა და ტექნიკურ მახასიათებლებს გააცნობენ.

გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 იანვარი 2018 14:45

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიტვის პრემიერმინისტრი საულიუს სკვერნელისი მიიღო.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს: რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად, ლიტვის პრემიერმინისტრთან შეხვედრაზე განიხილებოდა ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია როგორც საქართველო-ლიტვის ორმხრივ ურთიერთობებთან, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებთან.
შეხვედრისას განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატოს ფორმატებში საქართველო - ლიტვის თანამშრომლობას. მხარეებმა განიხილეს ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
"ჩვენს ქვეყნებს ყველა მიმართულებით აქვთ მზარდი და დადებითი დინამიკა და საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს შესაძლებლობები", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ხათუნა სალუქვაძე.

 

 

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:34

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს  უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის  თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს.

როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების  პროცესში ნატოს მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, კრისტიან  კოკვიკი დაესწრნენ.

როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა. 2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ოქტომბერი 2017 11:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე -11 კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ, განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხი და მასში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის ის ეტაპები, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ამ სამიტის მოსამზადებლად. ასევე, სამიტის ფორმატები და მათში პრეზიდენტის მონაწილეობა.
დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე რუსეთზე, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.
"განვიხილეთ საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რუსეთის მხრიდან, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსა და მთლიანად ევროპისათვის", - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური