NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს კიდევ ერთი ქართული ასეული შეუერთდება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 12 ივნისი 2017 12:34

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)“ ფარგლებში ეროვნული თვითშეფასების II დონე (SEL-2) დაასრულა. დღეს ქართული ასეულის მიერ ეროვნული თვითშეფასების II დონის წარმატებით გადალახვის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა.

აღნიშნულ პროგრამას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

ქართული ქვედანაყოფის მომზადების დონე დასკვნითი საჩვენებელი სწავლებით შეფასდა. შეფასების მონიტორინგს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე და ნატოს სხვადასხვა შტაბის ოფიცრები აკვირდებოდნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პირობით მოწინააღმდეგეზე იერიშის დროს ქვეითთა ჰამერის ტიპის დაჯავშნული ავტომობილები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება გამოიყენეს. განხორციელდა პირობითად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ვერტმფრენით ევაკუაციაც.

შემდეგ ეტაპზე I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული ნატოს შეფასების II დონეს გაივლის (NEL-2). ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შემთხვევაში კი, ქართული დანაყოფი ნატოსთან სრულად თავსებადი გახდება და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დანიშნულებით იქნება გამოყენებული. I ქვეითი ბრიგადის „ჩარლი“ ასეული მეორე ქართული დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს შეუერთდება.

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 30 მაისი 2017 14:13

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს, სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

იტალიელების და გერმანელების 50%-ს ბალტიისპირეთისთვის „რუსული საფრთხის" არ სჯერა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 28 მაისი 2017 20:57

ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან.

ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან. ნატოს განცხადებას რუსეთის მხრიდან პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესაძლო შეჭრის შესახებ არ ენდობიან იტალიელები, გერმანელები და ფრანგები, მაშინ როცა ბრიტანელები და ამერიკელები სხვა მოსაზრებას ემხრობიან, ასეთია „სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც ბრიუსელში ალიანსის სამიტის წინ სპუტნიკისთვის კვლევითმა კომპანია Ifop-მა ჩაატარა. იტალიასა და გერმანიაში გამოკითხულთა უმეტესობას (69% და 60%) და ფრანგების თითქმის ნახევარს (47%) არ სჯერა, რომ რუსეთს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის დაპყრობის გეგმა აქვს. ამ მოსაზრებას ძირითადად, უმაღლესი განათლების მქონე ასაკოვანი თაობა იზიარებს. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, პირიქით, კარგი განათლების მქონე ადამიანები არ გამორიცხავენ რუსეთის შეჭრას აღმოსავლეთ ევროპაში. ამ მოსაზრებას ემხრობიან ბრიტანელების 43% და ამერიკელების 55%.

გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია IFop —მა საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში 2017 წლის 21-25 აპრილის პერიოდში ჩაატარა, ხოლო აშშ-ში კი 21-27 აპრილის პერიოდში. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 4005-მა რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკის, გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენს. ცდომილება +/- 3,1%–ია, ხოლო მონაცემების სანდოობა – 95%.

2016 წლის ივნისში ნატომ პოტენციური „რუსული აგრესიისგან“ დაცვის მიზეზით, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ოთხი ბატალიონის განთავსების შესახებ განაცხადა. თავის მხრივ, მოსკოვში არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი ალიანსის წევრ-ქვეყნებს არასოდეს თავს არ დაესხმება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნატოში ეს მშვენივრად იციან, მაგრამ იყენებენ საბაბად, რათა რუსეთის საზღვართან უფრო მეტი სამხედრო შენაერთი განათავსონ.

ცნობა პროექტ "სპუტნიკ მნენიას" შესახებ: ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. სპუტნიკი – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს 30-ზე მეტ ენაზე ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. სპუტნიკის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

 

ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების სამიტში დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი პირველად მიიღებენ მონაწილეობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 24 მაისი 2017 17:18

ბრიუსელში, ხვალ ნატო-ს წევრი ქვეყნების, ლიდერების დონეზე, სამიტი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს სამიტში პირველად მიიღებენ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

ნატო-ს შტაბ-ბინა ხვალ ახალ შენობაში გადავა.

ნატო-ს გენერალური მდივნის ,იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ეს ისტორიული მომენტი იქნება: ახალი სახლი თანამედროვე ალიანსისთვის“. 
სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრები ერთობლივი თავდაცვის საჭიროებებისთვის მშპ-ის 2%-იანი მაჩვენებლის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ხვალინდელი სამიტი აჩვენებს ნატო-ს უნარს შეიცვალოს ამ ცვალებად სამყაროში. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებმა უკვე მოახდინეს ალიანსში მონტენეგროს მიღების პროტოკოლის რატიფიცირება და უკვე ივნისის დასაწყისში მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდება. 

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 14:35

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიღო. ლევან იზორიამ გენერალური მდივნის თანაშემწეს ელჩ თაჩან ილდემს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა წარმოადგენდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ალიანსთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროა. „ამ მიმართულებით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დავსახეთ. რუსული პროპაგანდის ფონზე, მოსახლეობა გარკვეულ ინფორმაციას იღებს. რუსეთი ცდილობს დაამკვიდროს მცდარი წარმოდგენები მოვლენებისა და საფრთხეების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში. დავსახეთ კომუნიკაციის ერთობლივი სტრატეგია, თუ როგორ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ნატოზე და მასში გაწევრიანების შესახებ, თუ რას ნიშნავს ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება დასავლური საზოგადოება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი, ის არის ღირებულებათა სისტემაზე დაფუძნებული ბლოკი, რომლის დასაცავადაც თითოეულ წევრ და პარტნიორ ქვეყანას შესაბამისი სამხედრო მზადყოფნა უნდა ჰქონდეს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში. მის მუშაობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც აქტიურად არიან ჩართულნი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე მოწვეული ექსპერტები და მკვლევარები.

ფართომასშტაბიანი city game - "აღმოაჩინე ნატო"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 04 აპრილი 2017 12:31

„აღმოაჩინე ნატო“ არის ფართომასშტაბიანი city game, რომელიც 8 აპრილს საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება. City game არის ინტელექტუალური და აქტიური შემეცნებითი სათავგადასავლო თამაში, რომელიც სახალისო, არაფორმალურ გარემოში მიაწოდებს მონაწილეებს ინფორმაციას ნატოს შესახებ. თამაშის განმავლობაში თითოეულ ჯგუფს მოუწევს 10 შეკითხვაზე პასუხის მოძიება და 10 სახალისო დავალების შესრულება - გამარჯვებული იქნება ის გუნდი, რომელიც პირველი მოაგროვებს ყველა მინიშნებას, გაივლის ყველა ჩეკ-პოინტს და მივა ფინიშამდე.

თამაშის დასაწყისში თითოეული გუნდი გადანაწილდება ერთ-ერთზე 10 ლოკაციიდან: თითო ლოკაციაზე მათ დახვდებათ დავალება და შეკითხვა. დავალების შესრულების შემდეგ გუნდი მიიღებს შეკითხვას, ხოლო მასზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში გუნდი მიიღებს ნატოს მონეტას. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეაგროვებს 10 ნატოს მონეტას.

პროექტში ჩართვა შეუძლიათ სტუდენტებსა და მოსწავლეებს მე-9 კლასიდან ზემოთ (სულ 20 გუნდი). თუ გსურთ ჩაერთოთ პროექტში, უნდა შექმნათ გუნდი და დარეგისტრირდეთ. დარეგისტრირებულ პირველ 20 გუნდს დაუკავშირდებიან. დარეგისტრირების ბოლო ვადაა 6 აპრილი.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 17:22

საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა გახსნეს.

ღონისძიება მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.


„სამუშაო შეხვედრის ძირითად დანიშნულებას, ამოცანას და მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია წარმოადგენს. ის უნდა მოერგოს საქართველოს შეირაღებული ძალების საჭიროებებს, ფოკუსირება უნდა მოახდინოს ძირითად პრიორიტეტებზე და ნებისმიერი ხასიათის დუბლირება უნდა აღმოფხვრას. გამოკვეთილ პრიორიტეტებზე მეტად მხარდაჭერითი ოპერაციები განისაზღვრება, განხორციელდება და პაკეტის შემადგენელი თითოეული პროექტის იმპლემენტაცია უფრო ეფექტური გახდება. გამოჩენილი ინტერესისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნატოს მხარეს და პარტნიორ ქვეყნებს, ვინაიდან დღეს თბილისში 200-ზე მეტი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი გვყავს. ღონისძიება სამ დღეს მოიცავს. საქმიანობა სინდიკატებში გაგრძელდება და შედეგად მივიღებთ არსებითი პაკეტის მექანიზმების დახვეწას და ეფექტურობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოს სტანდარტებთან და გაუზრდის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.


სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭო, უშიშროების საბჭო - წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე სინდიკატებში იმსჯელებს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუტიური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება.

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 13:41

28 მარტს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება. სემინარს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსმა გახსნიან.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი სემინარი საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.

სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე იმსჯელებს.

ნატო აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებულ „არჩევნებს“ არ აღიარებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 10:46
ნატო არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატო-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „აღნიშნული „არჩევნები“ ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის მტკიცე დარეგულირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს“. „ალიანსი კვლავ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.

თავდაცვის მინისტრი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 18:08
თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები, ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და დასახული ამოცანები ის მთავარი საკითხებია, რაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს გააცნო. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, გენერალ პეტრ პაველმა პირველი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ქართული მისიის ხელმძღვანელი ნატოს მისიაში ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ. მხარეებმა ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ალიანსის ერთ-ერთ ყველაზე თავსებად და დასაყრდენ მოკავშირეს რეგიონში, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს არამარტო ევროატლანტიკური, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებს და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ლევან იზორიამ ნატოს უმაღლეს სამხედრო პირს მადლობა გადაუხადა ალიანსის წევრი თითოეული ქვეყნის მიერ იმ მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას. მისივე თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო, უკვე მეორედ ეწვია საქართველოს, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრა, ნატოს სამხედრო კომიტეტის სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართეს და ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური