საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ნოემბერი 2018 14:25

„ნატო-ს გაფართოებამ დაგვანახა ისტორიულად, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს იმ ქვეყნებში და იმ რეგიონებში, რა მიმართულებითაც ნატო ფართოვდება“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე -12 კონფერენციის ფარგლებში გამართული მესამე პანელის - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება” შეფასებისას.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ამ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობის პარალელურად, პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მნიშვნელობაზე: „ჩემს გამოსვლაში, ხაზი გავუსვი მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას რაც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს, იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, მაგრამ ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძალიან კარგ პრაქტიკულ თანამშრომლობას თან ახლდეს წინსვლა პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით“-განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელზე მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.

ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).

სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 16:58

ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოხსენება წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატო-ს პარტნიორობებისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში მოკავშირეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო თუ ინსტიტუციურ ცვლილებებზე. 
კერძოდ, ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკულ იმპლემენტაციაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოს მთავრობის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა   და ეროვნული უმცირესობების უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

სოფო ჯაფარიძემ კომისიის სხდომაში მონაწილე პირებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 14:33

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც წევრი სახელმწიფოები ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორის არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.

მინისტერიალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

ნატოს გენერალური მდივნის - იანს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის სხდომის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რადგან აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია როგორც ნატოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატოს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).

DIB სკოლა კურსს - „ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018 10:02

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი „საერთაშორისო უსაფრთხოების სწავლება: ნატოს როლი საერთაშორისო უსაფრთხოებაში“ გაიხსნა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართული კურსი ორი - ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებებისგან შედგება. 

ნატოს მიმართულებას ქართველ ექსპერტებთან ერთად გაუძღვება კლიგენდაელის წარმომადგენლები სიუზან ოოსტერვიჯკი და გენერალ-ლეიტენანტი ტონ ვან ლუნი, ასევე მოწვეული მკვლევარი ერდოგან აიკაჩი უძღვებიან. კურსი საქართველოს თავდაცვის და ფართო უსაფრთხოების სექტორის საშუალო რგოლის იმ საჯარო მოხელეებისათვისაა გათვლილი, რომლებიც მუშაობენ და ან დაინტერესებულები არიან საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებით და ევროკავშირთან და ნატოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტებით.

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგები, ნატოს წინაშე მდგარი შიდა და გარე გამოწვევები და საფრთხეები, ნატოს გაფართოების პოლიტიკა, ნატოს როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები, ნატოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და შესაძლებლობები, ნატო და კიბერ-თავდაცვის საკითხები, ნატო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები, ნატოს სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში და რუსეთი. კურსი ინტერაქტიურია და ჯგუფურ სამუშაოებსაც მოიცავს.

დავით დონდუა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გიოტმიოლერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 12:51

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერთან. 
 
 შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს ურიერთობების დინამიკა,ბრიუსელის სამიტის შედეგები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი. 
 
 მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო-ში გასაწევრიანებლად. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გენერალური მდივნის მოადგილემ კმაყოფილება გამოხატა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე როგორც რეფორმების განხორციელების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.
 
 როუზ გიოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.  
 
 ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:19

2018 წლის 5 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან გამოიხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ლევან იზორია: „ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 ივლისი 2018 11:00

„ბახტაძის მთავრობა იქნება ურყევი და შეუპოვარი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ბრიუსელში ვიზიტისას, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ოფიციალურ შეხვედრებს ესწრება. „სიმბოლურია, რომ პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბატონმა პრემიერმა ნატოში განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობის მთავარი კურსი იქნება ორიენტირებული სწორედ ნატოში ინტეგრაციაზე, იმ ღირებულებების განმტკიცებაზე, რასაც ნატოს წევრი ქვეყნები იზიარებენ და ეფუძნება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებების განმტკიცებასა და თანამედროვე შეიარაღებული ძალების რეფორმირების საკითხს“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მაღალ შეფასებებს, რომელიც ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაკეთდა. „გაჟღერდა, რომ საქართველოს აქვს დიდი პროგრესი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზაზე, ასევე თავდაცვის უწყების ფარგლებში შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ ეს არის ყოვლისმომცველი რეფორმები, რომლითაც საქართველო დღითიდღე უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. ითქვა, რომ ბრიუსელის სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღსრულდეს, განსაკუთრებით კი, საუბარია იმ პოზიციაზე, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება“, - აღნიშნა მან.

ლევან იზორიას განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორისა და ასპირანტი ქვეყნის თანამონაწილეობის საკითხზე ამ პროცესებში. მისი თქმით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში სხვადასხვა პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობა. „გამოითქვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაფართოების სურვილი კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა კონტრმობილურობის, კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ინიციატივები. აღინიშნა, რომ რაც შეიძლება მეტი ნატო იყოს წარმოდგენილი საქართველოში და ამის მკაფიო გამოხატულება იქნება მომავალ წელს, მარტში დაგეგმილი ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, სადაც თანამონაწილეობის ხარისხი ნატოს მხრიდან იქნება დიდი. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ იქნება კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოსთან დაახლოების თვალსაზრისით“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება - რუსეთის საგარეო უწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ივლისი 2018 12:48

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას თავისი შედეგი მოჰყვება.


„ჩვენ ვამბობდით, რომ ალიანსში იმ ქვეყნების შესვლამ, რომლებიც მისი წევრები არ არიან, შეუძლებელია მთელ სურათზე არ აისახოს, ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება.

როდესაც ცვლილებები ხორციელდება ერთი მხრიდან, ამას მოჰყვება შედეგები სხვა მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

 

რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლენბერგის განცხადეას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს სამიტზე დადასტურდა და ორგანიზაცია ამ პროცესისთვის მომზადებას განაგრძობს.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018 20:33

„ათი წლის შემდეგ, როდესაც პირველად შედგა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ ისტორიული გადაწყვეტილებისა, რასაც ჰქვია საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ამას ვაკეთებთ იმ პრინციპული რეფორმებითა და დემოკრატიული განვითარებით, რასაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში აღწევს“ - ამის შესახებ საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატოს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს დეკლარაციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება: „ეს გადაწყვეტილება ხაზგასმით აღინიშნა იმ შეხვედრის ფორმატშიც, სადაც საქართველო უკრაინასთან ერთად ნატოს წევრ ქვეყნებს ხვდებოდა და  რეგიონში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს განიხილავდა. სამიტის მთავარი თემა, რომელიც ფინანსების, პასუხისმგებლობისა და ტვირთის  სამართლიან და თანაბარ განაწილებას უკავშირდება, კერძოდ კი იმას, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%, ხოლო ამ ბიუჯეტიდან 20% შეიარაღებას მიმართონ, არის სწორედ საქართველოს რეფორმებით მიღწეული და ეს არის ცალსახად დაფიქსირებული, როგორც მნიშვნელოვანი პროგრესი“.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონში საქართველოს აქტიურობას. „ამ თვალსაზრისით ხაზი გაესვა იმ ურთიერთობას, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გაერთიანებულ ძალთა სწავლების ცენტრთან ბიდგოშთან აქვს. ასევე, მისასალმებელია კოორდინაციის ის მაღალი ხარისხი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და გვაძლევს საფუძველს, რომ 2019 წლის მარტში უფრო დიდი მასშტაბის ნატო-საქართველოს წვრთნები ჩავატაროთ“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან იზორია: „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 11:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება. „უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.

მან ყურადღება ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რასაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და მჭიდრო თანამშომლობა. 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია. ლევან იზორიას აზრით, დღეს საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. „ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედ იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან ჯონ ნიკოლსონისგან.

მან გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით. ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება, აღიარება იმის, რომ იდგნენ ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური