ბრიუსელში დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალი იხსნება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 10:00

სირიაში განვითარებული მოვლენები და ნატოს უსაფრთხოების კონცეფცია ახალ საფრთხეებზე-ამ თემებზე დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე იმსჯელებენ. 

ასევე განხილული იქნება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში რუსეთის ჩართულობაზე.

მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება, რომელიც ასევე მართავს ორმხრივ შეხვედრებს. ხვალ ის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრება.

თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს მიზანია ვარშავის სამიტისთვის მზადება და იქიდან მაქსიმალური სარგებლით დაბრუნება.

„ამ ეტაპზე ეს კონსენსუსი რომ არ არის, ეს ნათელია და ამაზე რაიმე სპეკულაციები დავიწყოთ, არასწორი იქნება. პირველი დეკემბრის დეკლარაცია არის დასტური იმ მასშტაბის კონსენსუსის, რაც იქ ჩაიწერა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმაც მიხეილ ჯანელიძემ. 

„მოხდება ყველა საკითხის განხილვა, რომელიც უკავშირდება ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოში ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 16:55

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მაღალი რანგის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციას  აშშ-ის ევროპული სარდლობის ლოგისტიკური მიმართულების დირექტორი, ადმირალ ლი სინგლეტონის ხელმძღვანელობს. უცხოელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსმა  უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე  და  უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  იმპლემენტაციის პროცესში ლოგისტიკური შესაძლებლობების შეფასებაა.

გენერალური შტაბის უფროსმა ვიზიტი დადებითად შეაფასა და ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ნატოს ნებისმიერი დელეგაციის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ  ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციას ამერიკელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, რომლებსაც ლოგისტიკის მიმართულებით წამყვანი როლი აქვთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. მათი ვიზიტის  მიზანია, კიდევ ერთხელ ნახონ ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით  შესრულებული საქმე, ამავე დროს დასახონ მომავალი გეგმები და დაეხმარონ საქართველოს  შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებში, რაც გამოადგება როგორც საქართველოს, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„საქართველოში ვიმყოფები, როგორც აშშ-ის ევროპული სარდლობის გერმანული მხარის წარმომადგენელი.  მომდევნო დღეების განმავლობაში შეხვედრების გამართვას ვგეგმავთ  თავდაცვის სამინისტროში, სადაც ნატოს უელსის სამიტის ინიციატივებისა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების საკითხებზე ვისაუბრებთ. საქართველოში ჩემი  ვიზიტის მიზანია, განვიხილოთ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და მისი გაუმჯობესების გზები. ასევე, ვისაუბრებთ,  თუ  როგორ განვავითაროთ  ლოგისტიკური შესაძლებლობები პარტნიორი ქვეყნების  მონაწილეობით სწავლებების ჩასატარებლად. საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, უზრუნველყოს სწრაფი გადაადგილება საბრძოლო მოქმედებების თეატრში და დახმარება გაუწიოს პარტნიორ ქვეყნებს სტიქიური უბედურებებისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ჩვენ,  სწორედ, ის გუნდი გვყავს, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას.  ჩვენს გუნდში შედიან  წარმომადგენლები  გერმანიიდან, ბელგიიდან უნგრეთიდან, ასევე კონტრაქტორებიც. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ვიმსჯელებთ საქართველოს ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე“, - აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ერთკვირიანი ვიზიტის  ფარგლებში  უცხოელი სტუმრები ლოგისტიკური სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

თქვენ ნატო-ს უახლოვდებით, - იენს სტოლტენბერი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 16:32

"საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი. თქვენ გაქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ კომისია ნატო-საქართველო, ასევე თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი," - საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ,  ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. 

ნატოს გენერალური მდივანის განცხადებით, საქართველო ნატოს უახლოვდება: 

"თქვენ ნატო-ს უახლოვდებით. MAP-ი არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა მაპ-თან დაკავშირებით,"- განაცხადა სტოლტენბერგმა.

თინათინ ხიდაშელი ნატოს მინისტერიალზე მიემგზავრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 11:50

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, 10-11 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალი იმართება. მინისტერიალზე დასასწრებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში ხვალ მიემგზავრება.

მინისტერიალის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილია ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 28+1-ის ფორმატში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის. თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთანაც გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

„შესაძლებლობა გვექნება, ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში შევიკრიბოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ფორმატმა რეგულარული ხასიათი მიიღო. ბოლო სამი მინისტერიალია მუდმივმოქმედია. ეს კარგად აჩვენებს ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ბუნებრივია, ყველას ერთი და იგივე ამოცანა გვაქვს, რაც შეიძლება მეტად დააახლოვდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები, ერთი მხრივ, იყოს მაღალი თავსებადობა და, მეორე მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამყარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ოპტიმისტური გეგმები არსებობს ვარშავის სამიტისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ, ამ საკითხზე ვისაუბრებთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ბრიუსელიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრება. „კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ექნება გამოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ორმხრივი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, როგორც ჩემს კოლეგებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

არჩილ თალაკვაძემ ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 15:49

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარში – "წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მონაწილეობა მიიღო და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

სემინარში, რომელზეც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს, ნატო-ს შტაბ-ბინიდან და წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული, ნატო-ს წევრი ქვეყნების საელჩოებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. წლიური ეროვნული პროგრამა არის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას უწყობს ხელს.

სემინარზე ნატო-ს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდგომ, აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხარე ალიანსს წარუდგენს.

გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 18:02

ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ვარშავის სამიტი, საჯარო სამსახურის სფერო და სტრატეგიული კომუნიკაციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს შეხვედრის მთავარი თემები.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და საქართველოში მიმდინარე რეფორმებს.

პრემიერმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უახლოესი მომავლის გეგმებიც გააცნო.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კრისტინა ბალეიშიტე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ.

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ნატოს რადარებიც ადასტურებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 10:33

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს ნატოს რადარებიც ადასტურებენ. შესაბამისი მასალები კი რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გადაეცა.ინფორმაციას თურქეთის მთავრობა ავრცელებს . 

თურქეთის პრემიერის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს მსგავსი ინციდენტის მიმალვა არ გამოუვა.

რუსეთის ხელისუფლებამ სუ–34 რეაქტიული თვითმფრინავის მიერ თურქეთის სივრცის გადაკვეთის ფაქტი უარყო და ბრალდებას მოსკოვის წინააღმდეგ აგორებული მორიგი პროპაგანდა უწოდა.

საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტი ცნობილი გასული კვირის პარასკევს გახდა.

"ბევრი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რაც ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ"-ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 11:05

თავდაცვის მინისტრმა დღეს ბრიფინგზე ნატო საქართველოს ურთიერთბაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით , თებერვალში დაგეგმილი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველო პირველად არის მიწვეული ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე.

"თებერვლის მინისტერიალი, სხვათაშორის, საინტერესოა იმიტომ, რომ პირველად მოხდება, როდესაც საქართველო დაპატიჟებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების ვახშამზე. ეს არის ერთ-ერთი ოფიციალური ფორმატი, სადაც ჩვენ არასოდეს მიწვეული არ ვყოფილვართ, არცერთი არაწევრი ქვეყანა მიწვეული არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი ჟესტი იმის, რომ კლუბის წევრი ხარ, მათიანი ხარ და ასეთ არაფორმალურ ღონისძიებებზეც კი, სადაც ძირითადი საკითხები თანხმდება, უკვე მოგვცეს შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ბევრი ასეთი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რომელიც შეიძლება, ერთი შეხედვით პატარა და უმნიშვნელო ჩანს, მაგრამ მუდმივმოქმედ რეჟიმში ადასტურებს იმას, რომ მათიანი ხარ და ის პარტნიორი ხარ, რომელსაც შიდა დისკუსიებშიც კი აღებინებენ მონაწილეობას", - განაცხადა ხიდაშელმა.

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს წარმომადგენლები იმყოფებიან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 11:04

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ნატოს წარმომადგენლები იმყოფებიან. დღეს თავდაცვის სამინისტროში ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წევრებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს  არსებითი პაკეტის  იმპლემენტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

ნატოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი თებერვალში ნატოში დაგეგმილი თავდაცვის მინისტერიალისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების ანგარიშის მომზადება  და საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების განხილვაა.

საქართველოში სტუმრობის დროს ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს არსებითი პაკეტის ნატოს ძირითად ჯგუფთან (Core Team) და პაკეტის ფარგლებში შემავალი პროექტების ნატოელ და ქართველ  ხელმძღვანელებთან.

შეხვედრების დროს  ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობის მექანიზმები, კერძოდ კი ნატოსთან დაგეგმვის და მიმოხილვის პროცესის  (PARP)  ფარგლებში არსებული პარტნიორობის მიზნები (PG),  წლიური ეროვნული პროგრამა (ANP), ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთიანი შეფასების დოკუმენტი (WP JA) და 2016 წლის  განხორციელების პროგრამა (IP).

 

გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:17

გიორგი კვირიკაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ბოლო წლებში, საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი შეხვედრა იყო ამ რანგში იენს სტოლტენბერგთან.

”ვისაუბრეთ მოახლოებულ ვარშავის სამიტზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალ თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც გაიმართება თებერვალში და სადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა და მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ”- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური