ნატო-მ საქართველოსთვის კარები ღია უნდა დატოვოს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:59
ნატო საქართველოს ურთიერობაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ ისაუბრა. მისი განცხადებით ნატო-მ საქართველოსთვის კარები ღია უნდა დატოვოს,თუ ნატო არ გააგრძელებს გაფართოებას, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ნატო-სადმი ნდობას" უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით, ნატო-მ ღია კარების პოლიტიკა უნდა გააგრძლოს მაკედონიასთან მიმართებაშიც, ასევე დაასრულოს მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების პროცესი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება სააგენტო როიტერთან საუბრის დროს გააკეთა.

კონფერენცია თემაზე - „ნატოს სამეზობლო: სტაბილურობის გენერაცია“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 10:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში შოთა ღვინერიამ გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ოფიციალურ სადილში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე - „საქართველოს მომავალი ნატოსთან“ - ვარშავის მომავალ სამიტზე, სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის უარყოფით როლზე, ნატოში არსებულ პროცესებსა  და რეგიონულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.

 „ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და, საბედნიეროდ, არა მხოლოდ საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად ვართ ჩართული ამ დიალოგში - არა მხოლოდ ამ ფორმატში. ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს საქართველოს კუთხიდან დავანახოთ  რეგიონში არსებული პრობლემები. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის საქართველო და ჩვენი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, როგორც ძლიერი პარტნიორები, მზად ვართ, ვიტვირთოთ  წვლილი ამ უსაფრთხოების განმტკიცებაში,“ - განაცხადა შოთა ღვინერიამ.

ორდღიანი კონფერენცია  - „ნატოს სამეზობლო: სტაბილურობის გენერაცია“ თბილისში „გერმანიის მარშალის ფონდის“, „საერთაშორისო პოლიტიკის ასოციაციისა“ და „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით იმართება.  

 

ევროკავშირს გარე საზღვრების დაცვაში ნატო დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 13:57

ევროკავშირს გარე საზღვრების დაცვაში ნატო დაეხმარება. შესაბამისი შეთანხმება გუშინ, ევროპული საბჭოს სამიტზე შედგა, რომელიც გვიანობამდე მიმდინარეობდა. 
როგორც euronews.ge წერს, ევროპული ქვეყნების ლიდერები მიგრაციის კრიზისის მოგვარების ზოგიერთ ასპექტზე შეჯერდნენ.
"კერძოდ, ნატო განახორციელებს საზღვრებზე დაზვერვასა და მონიტორინგს ეგეოსის ზღვის ყველა იმ მონაკვეთზე, სადაც საზღვრის უკანონო გადაკვეთები ხორციელდება და საიდანაც ყველაზე მეტი დევნილი აღწევს ევროკავშირში. ", - აღნიშნავს euronews.ge.

სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 09:51

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კატარღებმა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ხომალდებმა ერთობლივი სწავლებები ჩაატარეს. წვრთნები ნატო-ს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა. ხომალდებმა ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამაშველო ოპერაციის დემონსტრირება მოახდინეს. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის პირადმა შემადგენლობამ, ასევე, აბორდაჟის საჩვენებელი ოპერაცია განახორციელა, რაც დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას გულისხმობს.

ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამი ერთეულისა და ნატო-ს ტაქტიკური ჯგუფის ოთხი ერთეულისგან შემდგარი ხომალდები იღებდნენ.

სწავლება ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ერთობლივი წვრთნების დაწყებამდე, ბათუმს ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ეწვია, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდა.

ერთობლივი საზღვაო წვრთნები ნატო-ს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

დიმიტრი მედვედევი ნატო საქართველოზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 10:41

ნატო 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის მოვლენების შემდეგ, არაერთხელ დაემუქრა რუსეთს ურთიერთობების გაწყვეტით - ამის შესახებ euronews-თან ინტერვიუში რუსეთის პრემიერმა განაცხადა.

აქვე დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ეს ალიანსის ნებაა და მას შეუძლია მოსკოვთან ნებისმიერ დროს გაწყვიტოს ურთიერთობა.

რუსეთის პრემეირმა სირიაში მიმდინარე მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში, სირიაში ხანგრძლივი ომი დაიწყება, რაც არავის სურს.

რაც შეეხება ევროკავშირის სანქციებს, რუსეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკურად ევროკავშირსაც აზარალებს

ბათუმში ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი შევიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 12:46
ნატოს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი ბათუმში შევიდა. სამხედრო-საზღვაო შენაერთი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშით მცურავი 4 ხომალდით არის დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნაში მიიღებენ მონაწილეობას. ხვალ კი ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრადმირალი ჯორჯო ლაციო, ჩამოვა.

"საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია"-სტოლტენბერგი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 17:59
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი. სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „უელსის სამიტის დროს შევთანხმდით, რომ საქართველოს მხარდასაჭერად არსებითი პაკეტი გადაეცემოდა. ამ ეტაპზე პაკეტის ყველა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. თბილისში ნატოელი და ქართველი ოფიცრები ერთად მუშაობენ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი ქართველი ოფიცრების ტაქტიკურ მომზადებას მაისში დაიწყებს. დღეს კი მიღწეულ პროგრესს შევაფასებთ და შევთანხმდებით, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატომ ამ მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ვისაუბრებთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით და რუსეთი კვლავ განაგრძობს ამ საზღვრების დარღვევას. მოვუწოდებ რუსეთს, უარყოს „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. საქართველო ახორციელებს პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეფორმებს, რათა გაუმჯობესდეს მისი უსაფრთხოება და ეს მას ნატოში გაწევრიანებასთან დაახლოებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს პარტნიორობა“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტინგენტის განლაგებას გეგმავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 14:57

 ნატო რუსეთის საზღვრებთან კონტიგენტის განლაგებას გეგმავს. ინფორმაციას "დეილი ტელეგრაფი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პოტენციური თავდასხმის შესაჩერებლად ალიანსმა აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლოა 500-დან ათასამდე სამხედრო გადასხას. კონტინგენტი ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტდება და ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში პოლონეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში განლაგდება.

ტელეგრაფის ცნობით, ბალტიისპირეთის, ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმებისაგან და ფართომასშტაბიანი ოკუპაციისგან დაცვის ახალ ინიციატივას დღეს ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილავენ.

ამ ინფორმაციას კრემლი უკვე გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საზღვარებთან ნატოს ძალების დისლოცირების გეგმის შესახებ ალიანსს მოსკოვი არ გაუფრთხილებია.

ანალიტიკოსები ამერიკის დაზვერვის სამსახურის შეფასებას ეხმაურებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 14:37

ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან ანალიტიკოსები.

ჯეიმს კლეპერის განცხადებით, ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს. მიზეზად რუსეთის პროპაგანდა და ზეწოლის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.

ამ საკითხზე შეფასება გააკეთა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ.

„პირველი პოლიტიკური არასტაბილურობა და პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა, მეორე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური გამოწვევებია. მესამე რუსული პროპაგანდა და ზეწოლა, რომელიც სავარაუდოდ, იქნება საქართველოზე იმისათვის, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს,“ - აცხადებს დავით სიხარულიძე. 

საქართველომ, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეცვალოს-აშშ-ის დაზვერვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 13:48

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის ზეწოლის პირობებში, საქართველომ, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. 

დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა გუშინ კონგრესს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა მსოფლიოში საფრთხეების შეფასების შესახებ. 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით წინ მიიწევს, ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ზრდის პარალელურად, პოლიტიკური არასტაბილურობა იზრდება. ეკონომიკური გამოწვევები სავარაუდოა, რომ ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოწყვლადს გახდის. დასავლეთისკენ სვლის ნელი ტემპის გამო, საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება და რუსული პროპაგანდის ეფექტურად გაძლიერება აჩენს პერსპექტივას, რომ თბილისი შეანელებს ან შეაჩერებს ძალისხმევას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დაძაბულობა რუსეთთან კვლავ ძლიერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსკოვი უფრო მეტად გააძლიერებს ზეწოლას თბილისზე, რათა უარი თქვას ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებაზე“, - აღნიშნა კლაპერმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური