სალომე ზურაბიშვილი - ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველო - ნატოს ურთიერთობის ქვაკუთხედია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 16:27

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ჩვენი ურთიერთობები.
,,საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი იმისა, თუ რა გზაზე ვდგევართ - რომ ეს გზა უცვლელი და უალტერნატივოა, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება - სამხედრო, თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისათვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.
ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსათვის ნატოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკა გრძელდება, თუნდაც ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც ძალიან დიდი წინსვლის ნიშანია და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.
,,ქალბატონო პრეზიდენტო, ნამდვილად დიდი პატივია, თქვენთან ხელახლა შეხვედრა. ბოლოს ჩვენ ბრიუსელში შევხვდით ახლა უკვე თბილისში შედგა ჩვენი შეხვედრა, რაც საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ მაღალი დონის პარტნიორობას გამოხატავს.
საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს. მე დღეს ერთობლივი წვრთნების ცენტრი მოვინახულე, სადაც ჩვენ, სხვადასხვა პარტნიორთან ერთად, ერთობლივ წვრთნებს ვახორციელებთ.
ეს მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო და ნატო მხარდამხარ მოქმედებენ. მე უაღრესად მადლობელი ვარ ერთობლივი უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ გაღებული წვლილისთვის.
ამას გარდა, საქართველო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილეა და წვლილი შეაქვს ჩვენს მისიაში, რომელსაც ავღანეთში ვახორციელებთ. მსგავსი ახლო თანამშრომლობით ჩვენ ვაძლიერებთ ნატოს მოკავშირეების უსაფრთხოებას. ასევე, გეხმარებით თქვენ, რაც ჩვენი, როგორც საქართველოს, ასევე ნატოს ინტერესშია. საქართველო ნამდვილად უნიკალური პარტნიორია. მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესს.
ნატოს ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მე ვესწრებოდი ნატოს სამიტს 2008 წელს, ბუქარესტში, სადაც ჩვენ პირველად განვაცხადეთ აღნიშნულის თაობაზე, თუმცა, მსგავსი განცხადებები კვლავ გაკეთდა გასული წლის ივლისში, ბრიუსელში.
ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. უარი თქვას მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რადგან ეს ტერიტორიები  საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ შეხვედრისას მისი მთავარი გზავნილი დღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან დამძიმდა ვითარება, ეს იქნება გატაცებები, თუ მუქარები ნატოს წვრთნების შესახებ.
,,ეს ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი ყოველდღიური სათქმელი უნდა იყოს, რათა მათ იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებსა და სამშვიდობო ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად უფრო რთული ხდება, როცა საოკუპაციო ხაზზე იკეტება გადასასვლელი პუნქტები.
ამის მიუხედავად, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია - მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა, ან ჟენევაში ან სხვანაირად. არ შეიძლება, რომ ჩვენ შეგუებულნი ვიყოთ  საკითხის მხოლოდ ტექნიკურ დონეზე გადაწყვეტას, რადგან რეალურად პროგრესი, რომ მშვიდობიანად გადაწყდეს ეს საკითხი, ამ ფორმით, არ არსებობს, თუ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად არ შეახსენებენ, რომ მან უნდა შეასრულოს არებული ვალდებულებები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი ძალა და ეს იქნება ჩვენი გამარჯვების გზა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ქეთევან მახარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან კი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სამხედრო ასისტენტი გიერმუნდ ეიდე, საქართველოში ნატოს ოფისის ხელმძღვანელი როზალია პუგლისი, ნატოს პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ევროატლანტიკური და მსოფლიო პარტნიორობის ოფიცერი სტეფან ელგერსმა, გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის მოადგილე კრისტიან მესზაროსი, ნატოს პრესსპიკერის მოადგილე პიერ კაზალეტი.

მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 მარტი 2019 10:33

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულება და ინტეგრაციული  მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.

ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.

მხარეებმა ისაუბრეს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატოს ეგიდით მიმდინარე სწავლებაზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 
შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რეგიონში არსებული ვითარება. ქართულმა მხარემ ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 18 მარტი 2019 13:42

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC) მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალი ლადისლავ იუნგმა გახსნეს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც 18-29 მარტის ჩათვლით “წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში” (JTEC) გაიმართება და მასში 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” პირველი ერთობლივი მრავალეროვნული ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს.

სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას. სწავლება ასევე გამოცდის ალიანსის Non Article 5 კრიზისებზე რეაგირების ყოვლისმომცველ მიდგომას. პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019” რიგით მეორე სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება - პაკეტი საქართველოს 2014 წელს უელსში გამართულ ნატოს სამიტზე მიენიჭა. ნატო-საქართველოს პირველი ერთობლივი სწავლება 2016 წელს ჩატარდა.

პირველად ხდება ისტორიაში, როდესაც „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს საქართველოს თავდაცვის ძალები JTEC-თან ერთად ხელმძღვანელობს. ქართულ მხარეს სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მენტორობას ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა (ACT), ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობა (LANDCOM) და გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრი (JFTC) გაუწევს.

წინა სწავლებისგან განსხვავებით, ღონისძიება გაფართოვდა, კერძოდ წინა სწავლებაში 14 ქვეყანა მონაწილეობდა, ხოლო წლევანდელ წვრთნებში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გერმანია, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, გაერთიანებული სამეფო, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, აშშ, აზერბაიჯანი, საქართველო, შვედეთი).

სწავლებაში ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” (ICRC), გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO)და გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO, დამკვირვებელი).

გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 15:38

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია "Sea Guardian"-ში საქართველოს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს სტანდარტებით მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები, რომელთაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი მიენიჭებათ.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. მან ხაზი გაუსვა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.

გიორგი გახარიამ ნატოს საზღვაო ძალების სარდალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.

ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.

​პანკისელი პედაგოგები ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 15:52

პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფის სასწავლო ვიზიტი ბელგიაში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში 6 თებერვალს გაიმართა მასწავლებლების შეხვედრა ნატოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მაისურაძესთან.

შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიის, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ. ყურადღება გამახვილდა მასწავლებლების ინფორმირების აუცილებლობასა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„ასეთი სახის შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია ჰქონდეს. მასწავლებლებს და სკოლის ხელმძღვანელებს პანკისის ხეობიდან, საშუალება მიეცათ ალიანსის მაღალი დონის წარმომადგენლებთან და ჩვენთან შეხვედრის განმავლობაში სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ არა მხოლოდ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის თაობაზე, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რადგან ამ შეხვედრით საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე,“ - განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, პედაგოგები სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების რეგიონულ კოორდინატორს, დესპინა აფენტოულის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოსს შეხვდნენ. ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის საკითხები შეხვედრის მთავარი თემა იყო.

პროექტი შერიგებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა მიერ ხორციელდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

ზამთრის სამთო შუალედური კურსი გუდაურში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 11:10

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში (PFP) შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. სამთო კურსის მეორე ეტაპზე საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები გუდაურში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს სამთო უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარებიან, რომელიც მათ საბაზისო სამთო კურსის ფარგლებში შეასწავლეს. კურსში 14 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 3 ქართველი, 2 ლატვიელი, 1 ბელარუსი, 1 აზერბაიჯანელი და 7 უკრაინელი. 

ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილი სამხედროები თოვლიან რელიეფზე დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას გადიან. კურსის ფარგლებში მათ უწევთ გაუკვალავ თოვლში სრიალი, თოკში ჩაბმული სრიალი, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა, გადარჩენა და ევაკუცია, ასევე უახლოეს სამედიცინო პუნქტამდე მიყვანა, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და ღამის გათენება, ზვავსაშიშ ადგილებში თოვლის საფარის შემოწმება და ზვავის რისკების დადგენა. მსმენელებს საძებნი ხელსაწყოს A8 გამოყენებით ზვავში მოყოლილი ადამიანის აღმოჩენაც უხდებათ. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსის პირველი ეტაპი სამხედროებმა აბულის მთაზე გაიარეს. 

შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი 8 თებერვალს დასრულდება. კურსის დასრულების შემდეგ სამხედროები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. წარჩინებულ მსმენელებს ჯგუფის უფროსის კურსზე დასწრების რეკომენდაცია გაეწევათ.

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 13:34

ესპანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრობისკენ, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოსეფ ბორელ ფონტელიესმა ქ. მადრიდში ქართველ კოლეგასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებს და საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ქვეყნის განვითარების გზაზე.

 მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, დავით ზალკალიანის განცხადებით ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.  დავით ზალკალიანმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას.
 
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

მხარეებმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნეს ესპანელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მზარდი ინტერესი. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობას, აღნიშნა ამ მხრივ მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები და გამოთქვა დაინტერესება საქართველომ გაიზიაროს ესპანეთის წარმატებული გამოცდილება ამ მიმართულებით.
 
ევროკავშირში ინტეგრაციის  საკითხებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ წარმატებულ და ხელშესახებ რეფორმებს, რომელიც შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას და ასევე ესპანურ მხარეს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება.

დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში მიიწვია, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით.

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ხაზი გაესვა ქვეყნის წარმატებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აღინიშნა, რომ ასპირანტ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს არსებით როლს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი - ჯეიმს აპატურაი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018 11:55

დღეს თბილისში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ჩამოვიდა. პირველ შეხვედრას ნატოს მაღალჩინოსანი საგარეო საქმეთა სამინისტროში მართავს.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მამუკა ბახტაძეს და სალომე ზურაბიშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრსაც შეხვდება. ჯეიმს აპატურაი მოლაპარაკებებს გამართავს ოპოზიციასთან - მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპატურაის განაცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გაეცნოს და საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის გეგმებზე ისაუბროს.

„ველოდები მაღალი რანგის შეხვედრებს პრეზიდენტთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებებს გავმართავთ ასევე ოპოზიციის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარებას შეეხება. ეუთოს შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიების ტონი ძალზედ მკაცრი იყო, მსოფლიო თანამეგობრობა ელოდება მხარეებს შორის შერიგებას,“- აცხადებს აპატურაი. დღეს ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„სამი მიზეზის გამო ვიმყოფები საქართველოში. პირველი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა საქართველოში სტუმრობა. თუმცა არსებობს სამუშაო მიზეზებიც, რომლებიც უმთავრესია. დიდი მოლოდინით ველოდები მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, აგრეთვე ვგეგმავ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რათა დღევანდელი საქართველოს სრული სურათი დავინახო. ნატო-ს სურს არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ ქართული საზოგადოების ყველა ნაწილთან შეხვედრა. ვიზიტის მესამე მიზეზი კი გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ეხება. ჩვენ ძალიან კარგი 2018 წელი გვქონდა, ბევრი კონკრეტული სამუშაო იქნა დასრულებული, დღესდღეობით ბევრად მეტი ნატოა საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი. მთავრობასთან და მომავალ ლიდერთან უნდა განვიხილოთ 2019 წლის გეგმები, ჩვენ გვინდა მეტი ნატო საქართველოში და აგრეთვე მეტი საქართველო ნატოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ნატოს-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით 2019 წლის გეგმა იქნება. აპატურაი „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

აშშ და ნატო-ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018 13:00

„აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ.“-ამის შესახებ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში,  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.

აღსანიშავია, რომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 დეკემბერი 2018 16:37

"თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
 
მისი თქმით ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიპყრობილია შავი ზღვის რეგიონისადმი და ბუნებრივია მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
 
“მნიშვნელოვანია რომ ამ მინისტერიალზე პირველად, ისევე როგორც სამიტის დროს გაიმართება ცალკე შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია რომ შეხვედრა კონცენტრირებული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატოს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღი მონაწილეობა და ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. გვექნება საუბარი ამ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა”- განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით ნატოს ბრიუსელის სამიტზე უკვე იქნა განსაზღვრული რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გააქტიურება.
 
მინისტრის თქმით შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი.
 
“ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ითარგმნოს პოლიტიკურ განზომილებაში და წევრობის პერსპექტივაში”- განაცხადა ზალკალიანმა.
 
მისი თქმით შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს გაიმართება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.
 
აღსანიშნავია რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური