ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 03 მაისი 2019 10:26

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს შემფასებელთა ჯგუფს მასპინძლობს.  დელეგაციას ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს, თავდაცვის დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი პოლ სავერო ხელმძღვანელობს.

სამდღიანი ვიზიტის მიზანს  დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის დოკუმენტით განსაზღვრული პარტნიორობის მიზნების განხორციელების შეფასების ქართულ მხარესთან ერთად განხილვა წარმოადგენდა. პარტნიორობის მიზნების წარმატებით შესრულება  საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას უწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ნატოს დელეგაციის წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოში მოვლენილ ნატოს ექსპერტებთან და პარტნიორი ქვეყნების მრჩევლებთან. შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და  სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის პოლ სავეროს მადლობის სერთიფიკატი გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებმა, ასევე, შეხვედრები გამართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.  

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:58

გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისთვის ფინანსურ დახმარებას ზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, გერმანიის ელჩმა ნატო-ში ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500 000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა.

„ამით გერმანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატო-ს პარტნიორების მხრიდან ნებაყოფლობით გამოყოფილ გრანტებზე, რადგან ამისთვის ნატო-ში არ არსებობს სპეციალური საბიუჯეტო სახსრები. გერმანია როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალით მომავლშიც დაეხმარება საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500 000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის.

„2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე გერმანიამ ნატო-ს სხვა პარტნიორებთან ერთად შექმნა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი (SNGP), რომელიც ხელს უწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ნატო-სთან. გერმანიისთვის SNGP კვლავ რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად საქართველოს მდგრადი დახმარებისათვის მის მიერ დასახულ გზაზე.

აქედან გამომდინარე გერმანიის ელჩმა ნატოში (ბრიუსელში), ბატონმა ჰანს დიტერ ლუკასმა 2018 წლის 7 დეკემბერს SNGP-ის საქართველოში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებითი 500.000 ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის თანხმობა განაცხადა.

2016 და 2017 წლებში გერმანიამ უკვე ორჯერ გამოყო 500.000 ევრო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და სხვა SNGP-პროექტებისთვის, მათ შორის კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრისთვის. საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაფინანსება ამ ახალი თანხებიდანაც განხორციელდება, რადგან მისი მხარდაჭერა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აღნიშნულია  საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში.

JTEC-ში დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი დასრულდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 ივნისი 2017 10:42

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულ სამხედროებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა, სადაც JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებს კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. 

JTEC-ში ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსი ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების შესწავლას და ასევე, დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწას ისახავდა  მიზნად.

დღეიდან, კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-მაკონტროლებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სხვადასხვა სწავლებებში გამოადგებათ.

კურსი  ლიტვურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღნიშნული სწავლება  მიმდინარე წლისთვის რიგით  მეორე კურსს წარმოადგენს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 17:22

საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

სამუშაო შეხვედრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა შტეფენ ელგერსმა გახსნეს.

ღონისძიება მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.


„სამუშაო შეხვედრის ძირითად დანიშნულებას, ამოცანას და მიზანს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია წარმოადგენს. ის უნდა მოერგოს საქართველოს შეირაღებული ძალების საჭიროებებს, ფოკუსირება უნდა მოახდინოს ძირითად პრიორიტეტებზე და ნებისმიერი ხასიათის დუბლირება უნდა აღმოფხვრას. გამოკვეთილ პრიორიტეტებზე მეტად მხარდაჭერითი ოპერაციები განისაზღვრება, განხორციელდება და პაკეტის შემადგენელი თითოეული პროექტის იმპლემენტაცია უფრო ეფექტური გახდება. გამოჩენილი ინტერესისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ნატოს მხარეს და პარტნიორ ქვეყნებს, ვინაიდან დღეს თბილისში 200-ზე მეტი ნატოსა და პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი გვყავს. ღონისძიება სამ დღეს მოიცავს. საქმიანობა სინდიკატებში გაგრძელდება და შედეგად მივიღებთ არსებითი პაკეტის მექანიზმების დახვეწას და ეფექტურობის გაზრდას, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ნატოს სტანდარტებთან და გაუზრდის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობებს,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.


სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიზისების მართვის საბჭო, უშიშროების საბჭო - წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე სინდიკატებში იმსჯელებს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიმართულებებია: შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუტიური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება.

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 13:41

28 მარტს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება. სემინარს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელი შტეფენ ელგერსმა გახსნიან.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი სემინარი საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევას, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციას, დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების გაუმჯობესებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას ისახავს.

სამი დღის განმავლობაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 80-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე იმსჯელებს.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 09 დეკემბერი 2016 11:46

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ზამთრის კურსი“ მიმდინარეობს.

ერთკვირიანი კურსი, რომელიც  თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავს, ნატოს მხარდაჭერით, ასევე JTEC-ის და ნატოს საწვრთნელი ცენტრის - ნორვეგიის ზამთრის საბრძოლო ცენტრის  ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. კურსის თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პრაქტიკულ ნაწილს კურსის მონაწილეები ნორიოს სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე გადიან, სადაც ქართველი და ნორვეგიელი ინსტრუქტორები  სამხედრო მოსამსახურეებს მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედების შესახებ გამოცდილებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს უზიარებენ.

ზამთრის კურსის პრაქტიკული ნაწილის მსვლელობისას ქართველი სამხედროები ჯგუფებად დაიყვნენ. თითოეულ ჯგუფს ინსტრუქტორისგან მიღებული კონკრეტული დავალების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შესრულება დაევალა. ჯგუფები თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების და იმპროვიზაციის მიხედვით შეფასდნენ. ინსტრუქტორებმა დაწვრილებით განიხილეს კონკრეტულ სიტუაციებში ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები, რაც ქარში და წვიმაში კარავის ან სხვა ნებისმიერი საფარის სწორად აგებას, კოცონის დანთებას, პირადი ნივთების მშრალად შენახვას და სხვა დეტალებს მოიცავდა.  მონაწილეებმა გააანალიზეს შეცდომები და ინსტრუქტორებისგან პრაქტიკული რჩევებიც მიიღეს.

კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე კლიმატური პირობების გავლენის შესახებ, ასევე, თუ რა სახის დაზიანებები შეიძლება მიიღონ და როგორ უნდა მოქმედებდეს პირადი შემადგენლობა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. კურსის მსვლელობისას სამხედროებმა  რთულ კლიმატურ პირობებში იარაღისა და პირადი აღჭურვილობის  მშრალად შენარჩუნების წესები, სივრცის დაგეგმვისა და ზამთრის ოპერაციების ტექნიკური პრინციპებიც შეისწავლეს.

„ზამთრის კურსი“ საქართველოში პირველად ტარდება და მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამომავლოდ  სწავლების საერთაშორისო დონეზე განხორციელება და ნატოს წევრი, პარტნიორი და მეზობელი ქვეყნებიდან სამხედროების მონაწილეობა იგეგმება.

ალიანსის წევრ ბევრ ქვეყანაში,  მკაცრი ზამთრის გამო,  ზამთრის კურსის ჩატარება და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება ნატოს მხრიდან პრიორიტეტად არის მიჩნეული. საერთაშორისო  სტუდენტების მონაწილებით  ზამთრის პირველი კურსი  1927 წელს ჩატარდა.

„ის საშიშროება, რაც რუსულ პროპაგანდას თან ახლავს, არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა“ - ქეთევან ჩაჩავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 26 ნოემბერი 2016 18:26

„რა თქმა უნდა ის საშიშროება, რაც ე.წ. რუსულ პროპაგანდას თან ახლავს, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა. ამას დღეს აქტიურად ვუპირისპირდებით და მეტი ინფორმირებულობით ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, ამავდროულად, ევროპა ამერიკა და ზოგადად მსოფლიოც კი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გააზრებული გვქონდეს ეს საფრთხეები. ერთადერთი საშუალება, რითიც პროპაგანდას შეიძლება გავუმკლავდეთ, არის ინფორმირებული საზოგადოება. შესაბამისად, როდესაც ადამიანს აქვს ზუსტი ინფორმაცია, რას ნიშნავს ნატო, რა ტიპის პოლიტიკა აქვს მას, რა ურთიერთობა აქვს ჩვენს ქვეყანას ნატოსთან, მისთვის სასაცილოც კი ხდება ის მითები, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება“ - განაცხადა „ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ქეთევან ჩაჩავა პასუხობს.

„უნდა მოხდეს შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ბალანსის აღდგენა“ - კახა გოგოლაშვილი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 16:06

„შავი ზღვის აკვატორიაში არსებული მდგომარეობა, რუსეთის სასარგებლოდ დისბალანსი, რომელიც იქ არსებობს სამხედრო პარიტეტის თვალსაზრისით, ყოველთვის აწუხებდა ალიანსის სახელმწიფოებს, აწუხებდა თურქეთს, რუმინეთს, არა მარტო შავი ზღვის ქვეყნებს, არამედ შავი ზღვის მიმდებარედ არსებულ ნატოს წევრ ქვეყნებსაც. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ნატომ გააძლიეროს თავისი ყოფნა იმისათვის, რომ მოხდეს ბალანსის აღდგენა შავ ზღვაში, რომელიც განსაკუთრებით დაირღვა რუსეთის სასარგებლოდ, ყირიმის ანექსიის შემდგომ.“ - განაცხადა ევროპული კვლევების დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს კახა გოგოლაშვილი პასუხობს.

სტოლტენბერგის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვარშავის სამიტის შემდეგ - მამუკა კუდავა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 10 სექტემბერი 2016 10:55

"სტოლტენბერგის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქარტველოსთვის ვარშავის სამიტის შემდეგ. ვარშავის სამიტზე ჩვენ მივიღეთ სერიოზული მხარდაჭერა რანდენიმე მიმართულებით, ეს იქნება ორმხრივი თანამშრომლობა ნატოსთან, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ასევე მოწოდება რუსეთისადმი, რომ უკან წაიღღოს აღიარება აფხაზეთისა და სმხრეთ ოსეთის.  ამჯერად უკვე,  ვარშავაში გაჟღერებული გზავნილები თბილისში ჩამოიტანა ნატოს გენერალურმა მდივანმა ტოლტენბერგმა."-  განაცხადა საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში, „პოლიტიკური ცენტი გირჩის“წევრმა მამუკა კუდავამ „სტარვიზიასთან“ ინტერვიუში. უყურეთ „სტარვიზიის“ ეთერში და უსმინეთ რადიო „სტარეფემზე“, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს მამუკა კუდავა  პასუხობს.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 17:44

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“-ის მთავარი დაგეგმარების კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, ოფიციალურად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ გახსნა.

ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT), ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის  წარმომადგენლები  სწავლების დაგეგმარებაზე „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC)  სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

„ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სწავლების დაგეგმვისა და მასპინძლობის ძალიან მდიდარი გამოცდილება, მაგრამ, ეს,  რეალურად, არის ნატოს პირველი სწავლება, რომელიც ჩადებულია ნატოს სწავლებების გეგმაში და რომელიც პერიოდულად ჩატარდება საქართველოში. ნოემბერში ვმასპინძლობთ პირველ ასეთ სწავლებას და ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის კონფერენცია. სწავლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენს ოფიცრებს აძლევს საშუალებას,  მიიღონ გამოცდილება ნატოს ოპერაციების დაგეგმვის თვალსაზრისით. სწავლებაში ჩართულია ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობა, ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობა იზმირიდან  და ნატოს ერთობლივი  წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც განთავსებულია პოლონეთში. ქართული მხრიდან სწავლებაში მონაწილეობენ JTEC-ის ოფიცრები, გენერალური შტაბისა და ბრიგადების ოფიცრები. უკვე ცნობილია, რომ ამ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა. დასტური გვაქვს სლოვენიიდან, ლიტვიდან, თურქეთიდან. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-იდან. სწავლებაში ჩართვის სურვილი გამოთქვა უკრაინამ. ვფიქრობთ, ეს იქნება საინტერესო, მრავალფეროვანი სწავლება, რომლის დროსაც ჩვენი ოფიცრები მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმავენ და განახორციელებენ ნატოს ოპერაციას“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

 „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს. სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და  „ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ გაიმართება.

სწავლების განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ.  სწავლება ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს ნატოსთან მეტ სიახლოვეს დაადასტურებს.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური