სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 18:40

15 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა სტუდენტური საერთაშორისო კონკურსის ,,ჩინური ენის ხიდი’’ რიგით მერვე შესარჩევი ტური, პირველ ადგილზე გავიდა თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინური მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი ნატალია ხარაბაძე, რომელიც გაემგზავრება ჩინეთში ფინალურ კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, ხოლო მეორე ადგილზე გავიდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ჩახაია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ ქვლივიძე. მარიამ ჩახაია გაემგზავრება ჩინური ენის ხიდის საზაფხულო ბანაკში დამკვირვებლად. მესამე ადგილზე გავიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ სონიშვილი.
კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი. მათი ინიციატივით, შეიცვალა შესარჩევი ტურის ფორმატი და, ფინალური კონკურსის მსგავსად, რომელიც ტარდება ჩინეთში, ჩინურ ენაზე მოხსენებას, კითხვა-პასუხსა და კულტურულ პროგრამას დაემატა ახალი, წერითი ნაწილი. ეს არის სასიხარულო ცვლილება, რადგან, ამიერიდან, მონაწილეები უფრო მრავალმხრივ შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას და უკეთ იქნებიან მომზადებულნი დასკვნითი კონკურსისათვის. 
ჩინური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია იეროგლიფური დამწერლობა. შესარჩევი ტურის პირველ ნაწილში სტუდენტებმა დაწერეს თემა ჩინურ ენაზე. მანამ, სანამ ჟიურის წევრები და დამსწრე საზოგადოება დიდ ეკრანზე პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა წერის პროცესს, თავისუფალი უნივერსიტეტის ორმა ქართველმა კურსდამთავრებულმა წარადგინა პრეზენტაცია ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალური კონკურსისა და საზაფხულო ბანაკის შესახებ. მათ უკვე წარმატებულად იასპარეზეს ჩინეთში და, შესაბამისად, განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ თავგადასავლების შესახებ ისტორიების მოსმენა, რაც წინ ელით შესარჩევ ტურში გამარჯვებულ კონკურსანტებს. 
მეორე ნაწილში სტუდენტებმა წარადგინეს მოხსენება ჩინურ ენაზე და უპასუხეს ჟიურის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს ჩინეთის შესახებ. თუ სკოლის მოსწავლეები უფრო მეტად საუბრობდნენ მოლოდინებზე და საკუთარ წარმოსახვაში არსებულ ჩინეთზე, ამ შემთხვევაში, სტუდენტებმა მსმენლებს გაუზიარეს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვრებიდან დანახული ქვეყანა და შთაბეჭდილებები რეალური გამოცდილებიდან. აუდიტორიამ მათთან ერთად იმოგზაურა პეკინში, ხანჭოუში, დალაშქრა ჩინეთის დიდი კედელი, დააგემოვნა ჩინური კერძები და მაქსიმალურად შეიგრძნო ის ემოციები, რომელთა გადმოცემაც სცადეს სიტყვებით კონკურსის მონაწილეებმა. დასახული მიზნის მიღწევა არასდროს არის მარტივი პროცესი და, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სტუდენტებმა ისაუბრეს დაბრკოლებებსა და მათი გადალახვის გზებზეც. როგორც აღმოჩნდა, მათ საკუთარი ძალისხმევითა და სხვა ადამიანების მხარდაჭერით შეძლეს სირთულეებთან გამკლავება და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელია იმ პიროვნების დამარცხება, რომელსაც აქვს ოცნება. 
კონკურსის შემდეგი ნაწილი დაეთმო კულტურულ ნომრებს და საქართველოს პატარა სცენაზე აუდიტორიამ იხილა უზარმაზარი სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების მქონე ჩინეთის მცირე ნაწილი. სიმღერით, მუსიკალური აკომპანემენტით, ჩინური და ქართული ცეკვის შერწყმითა და იუმორისტული მონოლოგით წარსდგნენ კონკურსანტები ჟიურისა და მსმენლების წინაშე. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ხელოვნება არის საერთაშორისო ენა და მისთვის არ არსებობს გეოგრაფიული თუ პოლიტიკური საზღვრები.
როგორც საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად იზრდება ქართველი სტუდენტების ჩინური ენის დონე. ეს სასიხარულო ტენდენციაა და, იმედი გვაქვს, მომავალშიც მსგავსი მიმართულებით განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება 2017 წლის ,,ჩინური ენის ხიდის’’ კონკურსს, შესარჩევ ტურში გამარჯვებული კონკურსანტი ზაფხულში მონაწილეობას მიიღებს ჩინეთში ,,ჩინური ენის ხიდის’’ ფინალურ კონკურსში, ხოლო მეორე ადგილის მფლობელი ათი დღით გაემგზავრება საზაფხულო ბანაკში და დაესწრება დასკვნით ტურს. წარმატებებს ვუსურვებთ მათ.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური