საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 იანვარი 2021 13:16

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა მატჩების კალენდარი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

B ჯგუფის კალენდარი
  • 25 მარტი
    შვედეთი - საქართველო
  • 28 მარტი
    საქართველო - ესპანეთი
  • 31 მარტი
    საბერძნეთი - საქართველო
  • 2 სექტემბერი
    საქართველო - კოსოვო
  • 5 სექტემბერი
    ესპანეთი - საქართველო
  • 9 ოქტომბერი
    საქართველო - საბერძნეთი
  • 12 ოქტომბერი
    კოსოვო - საქართველო
  • 11 ნოემბერი
    საქართველო - შვედეთი

სულ ზევით, ზევით – საქართველოს ნაკრები ევროპაში წონას და პრესტიჟს იმატებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 13:16

საქართველოს ეროვნული ნაკრებმა ფინეთში ჩატარებული ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მეორე მატჩიც მოიგო და E ჯგუფს კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს. და ეს მაშინ, როცა ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს ევრობასკეტზე თამაში მასპინძლის სტატუსის გამო განაღდებული აქვს, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი სახელიანი სერბეთის ნაკრები ჯგუფში ჩვენს ზურგსუკანაა და კონტინენტის პირველობაზე გასასვლელად იბრძვის.

2 დღის წინ ფინეთთან მოგებულ მატჩში ილიას ზუროსმა თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაამტკიცა, რომ გუნდის შერჩევა და თამაშის წაყვანა კარგად ეხერხება. ძირითადი შემადგენლობის 7 კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ქართველებმა მასპინძელ ფინეთს მოუგეს, 2 დღეში ის შვეიცარიაც დაამარცხეს, რომელმაც ქალაქ ესპოოს არენაზე 28 ნოემბერს სერბეთს 92:90 სძლია.

ფინეთში მოპოვებულ ორივე გამარჯვებაში უდიდესი იყო საქართველოს სუპერლიგის მოთამაშეების წილი. ჩვენს გუნდში 3 გამოკვთილი ვარსკვლავი თამაშობდა – თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი, დანარჩენები კი სუპერლიგის წიაღიდან იყვნენ, რომლებმაც თავი ფინეთთან გამარჯვების შემდეგ, კიდევ ერთხელ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩინეს.

შენგელიას მარჯვენა ფეხი აწუხებდა და ილიას ზუროსმა მხოლოდ 20 წუთი ათამაშა. მწვრთნელმა ისე გაუნაწილა თორნიკეს სათამაშო დრო, რომ გუნდის კაპიტანი და ევროპული კალათბურთის ვარსკვლავი მოედანზე იმ დროს ყოფილიყო, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს დრო იყო მატჩის დასაწყისი, შუაწელი და რაღა თქმა უნდა, ბოლო წუთები. შენგელიამაც, ფინეთთან მატჩის მსგავსად, შეხვედრის ბოლო წუთზე მებრძოლი სული გამოავლინა, ბურთი შვეიცარიელებს აართვა და ზუსტი საჯარიმოებით საქართველოს ნაკრებს მოგება გაუნაღდა.

შენგელიაზე მთელი 9 წუთით მეტი ითამაშა და “ცხუმ-აფხაზეთის” ფორვარდმა ალექსანდრე ფევაძემ, რომელიც კვლავ ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვეული სიდინჯით და კვლავ საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა გივი ბაქრაძე, რომელსაც ბურთი ხომ საიმედოდ გადაჰქონდა მეტოქის ნახევარზე და შედეგიანადაც უტევდა.

ბექა ბექაურმა სანაკრებო კარიერაში უმეტესი – 18 წუთი ითამაშა და 2 სამქულიანი ჩააკალათა, საბა ლობჯანიძემ კი 12 წუთში კარგი დაცვა ითამაშა, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს ნაკრებმა, რის ფონზეც შვეიცარიელებმა მხოლოდ 5 სამქულიანი ჩააგდეს. სწორედ შორი სროლებით სძლიეს 2 დღის წინ შვეიცარიელებმა სერბეთს, როცა 23 ცდიდან 13 სამიანი ჩააგდეს. ილიას ზუროსმა კარგი დასკვნები გამოიტანა აღნიშნული მატჩიდან და შვეიცარიელებს სამქულიანების სასროლი სივრცეები ხომ გადაუკეტა და მეტოქეს სწორედ შორი სროლებით გატეხა. თად მაკფადენმა, რომელმაც ფინეთთან 6 ცდიდან ყველა სამიანი ააცილა, შვეიცარიასთან 9-დან 6 ჩააგდო.

წინა მატჩში ტრავმირებულმა მერაბ ბოქოლიშვილმა შვეიცარიასთან სასტარტოში დაიწყო და გუნდს საწყის წუთებში დაცვითი მუხტი შემატა, ხოლო ილია ლონდარიძემ, რომელიც ფინეთთან მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, იმ 3 წუთში, რაც მოედანზე იყო, თავი არ შეურცხვენია.

დაბოლოს გიორგი კორსანტია, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და საკმაოდ შედეგიანი იყო. არასრულ 13 წუთში კორსანტიამ 9 ქულა მიითვალა და ქართველების დაცვით ჯაჭვშიც მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჰელსინკი დიდი პატივისცემით დატოვა. ილიას ზუროსს და მის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მოგებული ფინური ბაბლის შემდეგ პრესტიჟი კიდევ უფრო მოემატა და ევროპაში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. საქართველო უმიზნებს მომავალი ბაბლის მასპინძლობას, რომელიც 2021 წლის თებერვლის ბოლო კვირაში გაიმართება და რის ფარგლებშიც ზუროსის გუნდს სერბეთთან და ფინეთთან დაპირისპირება მოუწევს. ქართველებს, რომლებსაც ევრობასკეტის საგზური ჯიბეში აქვთ,  1 მოგება ჯგუფში პირველ ადგილს გაუნაღდებს. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურებს E ჯგუფიდან 2-3 ადგილებზე გასული გუნდები მოიპოვებენ.

კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში აღარ უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 20:51

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო - სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი - ოფის ფინალში ითამაშა.

ვლადიმირ ვაისის მატჩების სტატისტიკა საქართველოს ნაკრებში - 16/15/16.

გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, აღნიშნულია სფფ-ს განცხადებაში.

საქართველო ელიტ-რაუნდშია!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:58

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში მონტენეგრო 2:0 დაამარცხა და ელიტ-რაუნდის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.

გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩნენ.
ტურის მეორე შეხვედრაში იტალიამ ლატვია 1:0 დაამარცხა და საქართველოსთან ერთად ჯგუფიდან გასვლა იტალიელებმაც ვადამდე გაინაღდეს.

შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება. მატჩი 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საქართველო U17 - მონტენეგრო U17

თბილისი, „მიხეილ მესხი“

საქართველო U17: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი აზაროვი, კვარაცხელია, გულიაშვილი (73’ გაგუა), დავითაშვილი (80+3’ მოისწრაფიშვილი), აბზიანიძე (65’ ლორდქიფანიძე), მექვაბიშვილი, შალიკაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: კუტალაძე, ბაქრაძე, ჯანგველაძე, ლომთაძე, შვარცი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე

მონტენეგრო U17: რადულოვიჩი, პუპოვიჩი, რადენოვიჩი, მილიკიჩი, ოსმანოვიჩი, პ. ვუკჩევიჩი, ბოჟოვიჩი (65’ მიკიჩი), დრინჩიჩი, ი. ვუკჩევიჩი (76’ შიმუნი), გასევიჩი (41’ მუზუროვიჩი), დინოსა

სათადარიგო შემადგენლობა: ჟივანოვიჩი, მუდრეშა, კრივოკაპიჩი, ვუიანოვიჩი, დუბლიევიჩი

მთავარი მწვრთნელი: ბორის მილიჩკოვიჩი

მსაჯები: გლენ ნიბერგი (შვედეთი), ფრედერიკ კლივერი (შვედეთი), იაშარ აბასოვი (აზერბაიჯანი), რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

გაფრთხილება: 2’ დავითაშვილი, 19’, 31’ ოსმანოვიჩი, 21’ მილიკიჩი, 27’ რადენოვიჩი, 62’ აბზიანიძე, 64’ ვუკჩევიჩი

გაძევება: 31’ ოსმანოვიჩი

გოლები: 1:0 დავითაშვილი (28), 2:0 კვარაცხელია (46)


იტალია U17 - ლატვია U17 1:0 

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

იტალია U17: რუსო, ბარაზეტა, ლეონე (70’ სანდრი), არმინი, სერპე, გიაბუა, ვერგანი, რიკარდი, ბუა (80+1’ პონსი), გრეკო, ფაგოლი (65’ კორტინოვისი)

სათადარიგო შემადგენლობა: გელმი, მიკელოტი, გისლანდი, ტონინი, ივერუ, პეტრელი

მთავარი მწვრთნელი: კარმინე ნუნძიატა

ლატვია U17: დუბოდელოვსი, ტრუსკოვსკისი, ლიბეკსი, ოზოლინში, ვარსლავანსი, ვილერსი (80+1’ კარტიშოვსი), მაგრინსი, კალნინში (41’ კრიუკოვიჩსი), სიდოროვსი (64’ ვილიუმსონსი), ფედოროვიჩსი, კირკილსი

სათადარიგო შემადგენლობა: სოროკინსი, გრიგორიევსი, ჟურავლიოვსი, ილჟინსი, ბამბალსი, სილვესტროვსი

მთავარი მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი

მსაჯები: ერიკ ლამბრეხტსი (ბელგია), კარელ დე როკერი (ბელგია), ლევან ვარამიშვილი (საქართველო), გიორგი კიკაჩეიშვილი (საქართველო)

გაფრთხილება: 52’ ლეონე, 73’ ლიბეკსი, 80+4’ ვერგანი

გოლი: 1:0 ფაგოლი (19)

17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 15:42

24-30 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. გიორგი ნემსაძის გუნდი თბილისში უმასპინძლებს იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს.

17-წლამდელები ტურნირისწინა ბოლო, დასკვნით შეკრებას 17 ოქტომბრიდან დაიწყებენ და მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია სასურველი 23 ფეხბურთელი.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში 24 ოქტომბერს საქართველო ლატვიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. 27 ოქტომბერს გიორგი ნემსაძის გუნდი მონტენეგროს შეხვდება, 30-ში კი - იტალიას. ელიტ-რაუნდის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ);

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), დავით სამსონია (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო) , ლუკა-სებასტიან შვარცი (კარლსრუე, გერმანია), დავით ლორთქიფანიძე (ვალგობია ძანანო, იტალია), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).


საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება ლიტვასთან - 79:77

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:09

საქართველოს ნაკრებმა თელ ავივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა! ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ლიტვის ნაკრები 79:77 დაამარცხა! საქართველოს და ლიტვის ნარკების ბოლო დაპირისპირებები უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ასე იყო ახლაც და საბედნიეროდ გამარჯვებული ამჯერად საქართველო გამოვიდა, რომელმაც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო! თამაშის საწყისი წუთები და მეორე ნახევარიც ლიტვის ნაკრების უპირატესობით წარიმართა, რომელიც პერიმეტრიდანაც კარგად თამაშობდა და სამწამიანშიც აგროვებდა ქულებს, ძირითადად იონას ვალანჩუნასის დახმარებით.

ამ ყველაფერს გიორგი ცინცაძის ტრამვა დაემატა და ისე ჩანდა, რომ ჩვენი გუნდი მატჩის გადარეჩენას ვერ შეძლებდა. მაგრამ, საოცარი, ზღაპრული მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვერც მოტეუნასმა და ვერც კუზმინსკასმა ვერ შეაჩერეს, ორივემ მატჩი 4-4 პერსონალური შენიშვნით დაასრულა. თორნიკემ 29 ქულა ჩააგდო და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

მესამე პერიოდის მიწურულს ზუროსმა მოედანზე ორი მაღალი - ფაჩულია და შერმადინი შემოუშვა, რამაც გაამართლა - ის მონაკვეთი საქართველომ მოიგო და საერთოდაც ბერძენმა სპეციალისტმა მთელი თამაში უმაღლეს დონეზე წარმართა, ლიტველთა თავკაცს დაინიუს ადომატისს ულაპარაკოდ აჯობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო მოხსნებში 32:38, უარესი ბალანსი ჰქონდა სამქულიანებში 3:8, მაგრამ თამაში მაინც მოიგო. მოიგო გამართული, დალაგებული დაცვის ხარჯზე.

ჩვენს გუნდს ასეთი მაღალი დონის თამაში დაცვაში აქამდე არ უჩვენებია, რაც ცხადია ილიას ზუროსის დამსახურებაა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.

ლიტვის დამარცხება, რომელიც ჩვენი ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა და ევროპის ჩემპიონატზე დიდი ამბიციებით არის ჩამოსული აბსოლუტურად ცვლის საერთო სურათს ბ-ჯგუფში და ჩვენს გუნდს აძლევს საუცხოო შანსს, რომ პლეი ოფში ბევრად უკეთესი ადგილით გავიდეს. ეს კი თავის მხრივ პლეი ოფში შედარებით სუსტ მეტოქესთან შეხვედრის წინაპირობაა. თუმცა, მანამდე ჯგუფური ეტაპის 4 თამაშია, რომელიც საქართველომ ასევე მაღალ დონეზე უნდა ჩაატაროს.

ხვალ, 1 სექტემბერს გუნდები ისვენებენ. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც დღეს უკრაინას იოლად 75:63 მოუგო. თელ ავივში ისტორიულ შეხვედრას 400-მდე ქართველი დაესწრო და საქართველოს ნაკრებს უქომაგა. ქართველი კალათბურთელები ტრიბუნებიდან გაამხნევეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით, ყველა ვინც მოედანზე იყო 100% დაიხარჯა. ცინცაძის დაშავების შემდეგ ისე გამოვიდა, რომ ძირითადი ხუთეულის წევრებს სათამაშო დრო კიდევ უფრო გაეზარდათ და გარკვეულწილად გავრისკეთ იმაზე გათვლით, რომ ხვალ დასვენების დღეა და იმედია ბიჭები ძალების აღდგენას მოასწრებენ. ეს გამარჯვება კარგია, მაგრამ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მივცეთ, წინ კიდევ 4 მძიმე მატჩია და ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი მიზანი გასვლაა.  მადლობა კიდევ ერთხელ გუნდს ასეთი თავგანწირული ბრძოლისთვის"

ლექსო მაისურაძე

ილიას ზუროსმა საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 ივნისი 2017 10:34

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. ბერძენმა სპეციალისტმა გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად შეკრებაზე ახალგაზრდებსაც უხმო.

ეროვნული გუნდის კანდიდატთა სიაში 17 კალათბურთელია შესული, თუმცა, შესაძლებელია, ეს რიცხვი გაიზარდოს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში „ბ" ნაკრები იკრიბება, რომლის რამდენიმე წევრიც ეროვნულ გუნდში მოიაზრება. „ბ" ნაკრები 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩინეთში, საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება მის წევრთა ეროვნულ გუნდთან შეერთების საკითხი.

გაფართოებული შემადგენლობაში ძირითადი ბირთვი ნაკრების გამოცდილი და უცვლელი წევრები არიან, ხოლო დანარჩენებს სხვადასხვა დროს უთამაშიათ ევროვნულ გუნდში, ან კანდიდატთა შორის ყოფილან. გაფართოებული სიის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც არასდროს ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული, 17 წლის გოგა ბითაძეა. ეს კალათბურთელი სერბულ "მეგა ბიმაქსში" თამაშობს, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა და წლევანდელი ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ითამაშა და შედეგიანობით ფინალური ტურნირზე საუკეთესო იყო. ბითაძე 14-24 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში დაეხმარება, რისი დასრულების შემდეგაც ახალგაზრდა ცენტრი ეროვნულ გუნდს სლოვენიაში შეუერთდება.

ქართული ფინალის მოლოდინში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 31 მარტი 2017 15:58

რამდენიმე საათია, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ძიუდოში თბილისის გრან პრი მიმდინარეობს.   საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლაშა გიუნაშვილი (66 კგ) თბილისის გრან პრის ფინალში გავიდნენ. პაპინაშვილმა ნახევარფინალში რუს ალბერტ ოგუზოვს ვაზარით მოუგო. გიუნაშვილმა ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ბრაზილიელ ჩარლს ჩიბანას ასევე ვაზარით აჯობა.

ტურნირზე ფინალური ბლოკი 17:00საათიდან დაიწყება.

დღეს საქართველო vs ხორვატია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 სექტემბერი 2016 14:38

6 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთლტა 21-წლამდე ნაკრები ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:30 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 12:50

დღეს, 18:00 საათზე, სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. ორივე ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სლოვენიაში გადის, თუმცა ნომინალურ მასპინძლად საქართველო ითვლება, რადგან მატჩი იმ დარბაზში გაიმართება, სადაც ილიას ზუროსის გუნდი 16 ივლისიდან ემზადება.

პორტუგალიის ნაკრები შეკრებას ლაშკოში გადის, რომელიც ქართველების ბანაკ პოდჩეტრტეკიდან ავტობუსით 1 საათის სავალზეა. ქართველები პოდჩეტრკეტში მიჯრით მეოთხე ზაფხულია, იკრიბებიან და შეიძლება ითქვას, „ტერმე ოლიმიას" კომპლექსი მათთვის მშობლიურივითაა.

პორტუგალიასთან მატჩი იქნება ევროშესარჩევ ტურნირამდე დაგეგმილი 10 მოსამზადებელი შეხვედრიდან პირველი. შესაბამისად, მის შედეგს ნაკლები 

მნიშვნელობა ექნება და წინა პლანზე წამოწეული მთავარი მწვრთნელის დებიუტი, გუნდთან მორგება და იმ ტაქტიკა-კომბინაციების სწორად შესრულება იქნება, რაზეც ილიას ზუროსი ჩვენს ნაკრებს 2 კვირაზე მეტია, ავარჯიშებს.

მატჩს სლოვენიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება და იწარმოებს სტატისტიკა. შეხვედრა დახურული ხასიათისაა, ორივე ნაკრებისთვის პირველია მიმდინარე ციკლში და სწორედ ამ მიზეზთა გამო მისი ვიდეო-ტრანსლაცია არ განხორციელდება. საქართველოს ნაკრები შეკრებაზე 14 კალათბურთელით იმყოფება და პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში ყველა მათგანი იქნება, ხოლო მოედანზე ვინ გავა, ამას ქართველების ბერძენი მწვრთნელი გადაწყვეტს.

ილიას ზუროსმა ნაკრები მატჩის წინა დღეს, ძირითადად კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. სრულ მზადყოფნაშია თორნიკე შენგელია, რომელსაც რამდენიმე დღე სხვადასხვა მიზეზის გამო გაუცდა. უმშნიშვნელო ტრავმები ზოგიერთ მოთამაშეს აწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმთა შტაბის წარმომადგენელ ზაქრო ჯვარიძის განცხადებით, მდგომარეობა კონტროლქვეშაა.

 

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური