"მთავრობის ადმინისტრაცია გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 დეკემბერი 2019 14:08

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო.

ნათია მეზვრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვას და მათთვის ღირსეული გარემოს შექმნას უკავშირდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე და საკითხზე მუშაობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

„ჩვენ კარგად ვიაზრებთ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს და იმას, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში თემის წევრები აწყდებიან. მე არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე, რომლის მისაღწევადაც უწყებები და საქართველოს მთავრობა, ცალკეული სამინისტროების სახით მათ შორის და პარლამენტი ყოველდღიურად მუშაობდნენ. პროგრესის პარალელურად გვაქვს გამოწვევები, რომელიც დასაძლევია. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საკითხი იმდენად კომპლექსურია, ბუნებრივია, ამ ყველაფერს სჭირდება დრო, თუმცა, იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს დრო უნდა იყოს გონივრული და ძალიან დიდხანს ამ მიმართულებით ვერ დავიცდით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს, ახლა, ამ ეტაპზე გაეროს კონვენციით განსაზღვრული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის საკითხზე. ჩვენ, ალბათ უკვე წლის ბოლომდე, დეკემბრის ბოლომდე დავასრულებთ ამ საკითხზე მუშაობას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, სად უნდა იყოს მექანიზმი სტრუქტურულად, როგორი უნდა იყოს მისი ფუნქცია, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი მოწყობილი იმისთვის, რომ კოორდინაცია იყოს ეფექტური, თუმცა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბუნებრივია კონსესუსის შედეგად და ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარისთვის და ამ პროცესში ჩართული პირებისთვის იქნება მისაღები და რაც მთავარია, ეს მექანიზმი იქნება შედეგზე ორიენტირებული. ეს იქნება მთავრობის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 

ასევე აქტიურად ვმუშაობთ დამატებითი ოქმის რატიფიცირების საკითხზე და მთავრობის პრიორიტეტი გახლავთ ესეც, რომ ამ საკითხზე მუშაობა დროულად დავასრულოთ. გვესმის, რომ ეს ვალდებულებაა, თუმცა, გარკვეულ ლოგიკურ დასასრულამდე ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ, რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობით", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მთავრობისთვის წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და ძალისხმევისთვის. 

კონფერენცია სახელწოდებით „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი" გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა. კონფერენციაზე იმსჯელეს შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე, ასევე შშმ პირების უფლებების დაცვისთვის კონკრეტული მექანიზმების შექმნაზე.

სასტუმრო „რედისონში" გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ლელა აქიაშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 19:07

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.

გადამოწმების შედეგად, 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. 7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და "ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

29 ფაქტიდან, დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.

გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.

რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

შსს-ში ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ივლისი 2018 12:28

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახური დანაშაულის შესახებ მომართვიანობა ბოლო 6 თვეში საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულ საკითხზე შინაგანს აქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა:

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების თანმიმდევრული მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში:

გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც.

2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

დასრულდა მუშაობა რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 2018 წლის 01 სექტემბრიდან დაინერგება. რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მონიტორინგის მექანიზმი ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის განმეორების საფრთხეების წინასწარ განჭვრეტის და განმეორებითი ძალადობის მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობას მოგვცემს.

მიმდინარე წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები, რომლითაც მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის კონტროლი განხორციელდება.

რაც შეეხება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს, 2018 წლის 6 თვეში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებული იქნა 50-ზე მეტი პირი, რაც მთელი 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში განიხილება. კანონპროექტის მიხედვით:

� მკაცრდება სასჯელი ოჯახში ძალადობაზე;

� გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება ხდება ცალკეული დანაშაულებისთვის;

� მკაცრდება სასჯელი ოჯახური დანაშაულის განმეორებით ჩადენისათვის;

� შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების დარღვევისთვის გათვალისწინებულია პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

გატარებული ღონისძიებების შედეგად:

გაიზარდა შემაკავებელი ორდერების გამოცემის, გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი;

დასრულდა მუშაობა ძალადობის განმეორების რისკის შეფასების ინსტრუმენტსა და მონიტორინგის მექანიზმზე, რაც ძალადობის ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას იძლევა;

გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის შემთხვევათა რაოდენობა;

შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ამჟამად პარლამენტში განიხილება;

გადაიდგა ნაბიჯები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტების აღმოსაფხვრელად;

დაიწყო ოჯახში ძალადობაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის თითოეულ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით.

 

გვსურს ასევე საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენაბათ, გამოძიება ადევნების ფაქტზე 2018 წლის 23 მარტს დაიწყო. დღეის მდგომარეობით ჩატარებულია 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული და დაკითხულია 21 პირი. გამოკითხვაზე უარის თქმის გამო, რამდენიმე მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე პირებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, შევძელით დაგვედგინა მსხვერპლები. 10-მდე პირმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ადევნების, სექსუალური შევიწროვების და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის შესახებ. გრძელდება გამოძიება, გამოსაკითხია რამდენიმე პირი, რომლებსაც თავად ზვიად დევდარიანი ასახელებს, რის შემდეგაც მიღებული იქნება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“

ნათია მეზვრიშვილი - არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მაისი 2018 13:50

რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს ხელვაჩაურში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ და ასეთ შემთხვევაში კანონი საგამოძიებო მოქმედებების იძულებით ჩატარებას ითვალისწინებს. 

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი, არ შეიძლება პოლიციელების და სამართლდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მესმის, რომ ვიდეოში არის ბრალდებულის განწირული ხმით კვილი და წივილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, ვინც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა. ნიმუშის აღება აუცილებელი იყო, რათა დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, ზედმეტია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

„ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გატარებული ოპერაცია - შსს-მ 6 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 29 იანვარი 2018 14:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიების შედეგად , მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა, ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად „ჩიკი“, „ბუბა“, „ამბერგუმა“ და კიდევ სამი წევრია დაკავებული თბილისში, დედოფლისწყაროსა და წრომში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური