ელჩი დეგნანის კომენტარი ეკონომიკის მინისტრ თურნავასთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021 11:18

ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა განგვეხილა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობა. საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე. ვფიქრობ, რომ საჭიროა კარგი დიალოგი თემებთან, რომლებზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები და ეს არის USAID– ის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ახალი პროგრამის – „საქართველოს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა “ – რომელიც დაიწყება უახლოეს თვეებში. პროგრამის იდეაა დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას ესმის, თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია, მაგრამ ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული და გათავისებული საკითხი, და ჩართულია ამ პროცესში. შეხვედრა ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ მე და მინისტრს გვესაუბრა რამდენიმე პროექტის და ინიციატივის შესახებ, რომელთა განხორციელებას საქართველო განიხილავს, ასევე გესაუბრა იმ გზებზე თუ როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვანი სექტორის განვითარებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ასევე ხაზი გაესვა საკუთარი ენერგორესურსების განვითარების აუცილებლობას, რათა ქვეყანა მზარდი დეფიციტის შემცირებას გაუმკლავდეს. 

საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესის განყოფილება

საქართველოსა და კომპანია OMV Petrom S.A-ს შორის შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვებაზე ხელშკრულება გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 მარტი 2021 12:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. 

პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენასა და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილ კომპანიასთან - OMV PETROM-თან და მზად არის, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოში OMV Petrom S.A-ის დონის მაღალი რეპუტაციის  მქონე, ძლიერი კომპანიის საქართველოში შემოსვლა, სწორედ ახლა, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კოვიდ-ის გამო სირთულეებს განიცდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი უცხოელი ინვესტორების მიმართ. მისი თქმით, მთავარი რამაც ამ კომპანიის შემოსვლა განაპირობა, არის გახსნილობა, საუკეთესო ბიზნესგარემო, პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მათ შორის, ის, რომ ჩვენი მთავრობა ერთგულია ევროპული რეფორმების კურსის. 

შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან - ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი, დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე.  

ანალოგიური პროექტი - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულებისაა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში. კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს.

ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზი

ეკონომიკის მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამუშაო გეგმას გაეცნო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021 12:16

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტების შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-ცენტრში განუცხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მარიკა ოლსონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, აგრეთვე სამინისტროს შემავალი სსიპ-ების - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და კონკრეტულად კი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და განსაკუთრებით პანდემიის შედეგად არსებული  გამოწვევების დაძლევას. 

შეხვედრაზე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა მინისტრს გააცნო პროგრამის მიერ გაწეული საქმიანობა. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე.

ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2021 12:41
დღეს ხელი მოეწერა იაპონიასა და საქართველოს შორის ორ სტრატეგიულ საერთაშორისო ხელშეკრულებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას: ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმება“ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს ინვესტიციების ლიბერალიზაციით, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმება“ ხელს შეუწყობს ეკონომიკურ თანამშრომლობას ორმაგი დაბეგვრისგან გათავისუფლებით - საქართველოს დამოუკიდებლობიდან მსგავსი შეთანხმებები იაპონიასთან პირველად ფორმდება.
ელჩი იმამურა: „საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემო საერთაშორისო დონეზეა ცნობილი და იაპონური კომპანიები უფრო და უფრო ინტერესდებიან საქართველოთი. ამ ორი ხელშეკრულების ხელმოწერით, იაპონური ბიზნეს კომპანიები შეძლებენ მეტი სტაბილურობის გარანტიით მოახდინონ ინვესტირება საქართველოში და მოსალოდნელია, რომ ეს გააღრმავებს იაპონიასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.“
ე.წ. „საინვესტიციო შეთანხმებას“ (შეთანხმება იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, განვითარებისა და დაცვისთვის) ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა - ქალბატონმა ნათია თურნავამ, ხოლო ე.წ. „საგადასახადო შეთანხმებას“ (იაპონიასა და საქართველოს შორის კონვენცია ორმაგი გადასახადების თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის თავიდან არიდებისათვის) ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - ბატონმა ივანე მაჭავარიანმა, 29 იანვარს, 2021 წელს. იაპონიის მთავრობის სახელით, ხელშეკრულებებს ხელი მოაწერა ელჩმა - ბატონმა იმამურა აკირამ.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 11:53

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმზე ხელმოწერა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქი, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გიორგი ციკოლია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად, რაც სარგებელს მოუტანს ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და ეკონომიკებს. 

ამავე დროს, 5G-ის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებებისა ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. მემორანდუმში ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან. დოკუმენტის თანახმად, ბაზარზე მომწოდებლების შეფასებისას მნიშვნელოვანია ისეთი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა, როგორიცაა კანონის უზენაესობა; უსაფრთხოების გარემო; მიმწოდებლის ეთიკური  პრაქტიკა; მიმწოდებლის შესაბამისობა უსაფრთხოების სტანდარტებსა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკასთან.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ 5G მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ინოვაციების განვითარებას და ხელს შეუწყობს ეფექტურობას. ამ პროდუქტებმა და მომსახურებებმა უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და ხელი შეუწყონ შემდგომ განვითარებას ბაზარზე მაქსიმალური მონაწილეების ჩართულობით. 

მემორანდუმის შესაბამისად, მომავალი თაობის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვის შექმნის ხელშესაწყობად, აშშ და საქართველო როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში ითანამშრომლებენ ინოვაციებზე, რათა უზრუნველყონ მრავალფეროვანი და ძლიერი მიწოდების ჯაჭვი უსაფრთხო და სანდო მომავალი თაობის უსადენო ტექნოლოგიების ქსელისთვის.

მემორანდუმის საფუძველზე აშშ-ის მთავრობასთან საქართველოს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს 5G ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას, მონაცემთა დაცვას და ადამიანის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მომავალი თაობის ინტერნეტ სანდო ეკოსისტემის, ციფრული სერვისების და მთლიანად ციფრული ეკონომიკის განვითარებაში.

5G ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება ახალი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არის ახალი თაობის ტექნოლოგია, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარის კომუნიკაციას და კავშირს უზრუნველყოფს. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე გარდაქმნის და სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს სექტორებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და სხვ.

5G ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიმარტივონ ცხოვრება და მიიღონ ისეთი მომსახურებები, რომლის რესურსი და შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონდათ.  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ახალი თაობის ინტერნეტი განავითარებს, ჯანდაცვას ეხება. 5G ინტერნეტის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, დაინერგოს ახალი ტიპის სამედიცინო პროცედურები. 5G მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის, რომელიც პანდემიის შედეგად დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ინოვაციური ტექნოლოგია განათლების სისტემას აძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად შეძლონ დისტანციური სწავლება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის.

საქართველოსა და აშშ-ს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, საქართველო მიუერთდა „Clean Network“ ინიციატივას, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს სანდო მომწოდებლებისგან 5G ქსელის უსაფრთხოებისათვის საჭირო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების გამოყენებას, მოქალაქეთა კონფიდენციალურობისა და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვას და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 06 ნოემბერი 2020 13:29

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის მესამე საერთაშორისო იმპორტის ექსპოს (CIIE) გახსნის ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ნათია თურნავა ამჟამად კოვიდ-ინფიცირების გამო, თვითიზოლაციაშია და დისტანციურად ასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას.

შანხაის იმპორტის ექსპო წელს მესამედ ტარდება. 2018 – 2019 წლებში საქართველო სპეციალური პავილიონითა და რამდენიმე ათეული ქართული კომპანიის სტენდით იყო წარმოდგენილი. 2020 წელს ონლაინ-ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„მიმდინარე პანდემიის, კოვიდ-19-ით გამოწვეული გლობალური გამოწვევების ფონზე, შანხაიში იმპორტის ექსპოს ჩატარებას განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. შარშან, 2019 წელს 33-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა შანხაის იმპორტის ექსპოზე, რაც უპრეცედენტოდ მაღალია სხვა ანალოგიურ საერთაშორისო გამოფენებთან შედარებით, სადაც საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ქართული კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთის იმპორტის ექსპოზე ქართული კომპანიების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და რაც მთავარია, ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მე-3 საერთაშორისო იმპორტის ექსპოს ოფიციალურ გახსნაში 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობდა, როგორც სახელმწიფო მეთაურების, ასევე ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების დონეზე.

წლევანდელი ექსპოს მთავარი თემაა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პრინციპების დაცვა და ეკონომიკების უფრო მეტი გახსნილობა. ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ექსპო წარმოადგენს უმთავრეს პლატფორმას საერთაშორისო შესყიდვების, ინვესტიციების ხელშეწყობის, კულტურული გაცვლისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ბოლო წლების მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2019 წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდა 12%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 223.13 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ უკვე 2020 წლის მიმდინარე მონაცემებით (9 თვე),ექსპორტი შეადგენს 355.34 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა 184% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან) და ჩინეთი იკავებს პირველ ადგილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის საქართველოს მთლიან ექსპორტში 14.8%-იანი წილით.

ნათია თურნავა: „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის მაღალი შეფასება“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 10:52

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განუცხადა. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას. „ჯამში ეს არის 24 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო არის ის უსაფრთხო, მწვანე და ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც შეუძლიათ სხვათაშორის, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად  ფიზიკურად მიიღონ სხდომაში მონაწილეობა“ - აღნიშნა მინისტრმა. 

ნათია თურნავას შეფასებით, ღონისძიება საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის ტარიფი შეუმცირა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 18 აპრილი 2020 12:31

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“, რომელიც საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა.

აღნიშნული უწყების ცნობით, მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში ყველა ეს ობიექტები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ეკონომიკის მინისტრმა გულითადი მადლობა გადაუხადა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 12:20

„პროგრამა „აწარმოე საქარველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და  უკვე იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

პრეზენტაცია ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „მეამას“ საწარმოში გაიმართა. პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისები, მეთევზეობა, კერამიკის წარმოების დარგის განვითარება.  

„2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური  იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა,  ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი  ტემპით გაიზარდა და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის ქვეყანებს. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა, ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა - იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება,  პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2019 19:22

შეხვედრაზე ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ლიდერს თბილი მიღებისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხით. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეზობელია, ამდენად, საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს ორმხრივი ურთიერთობების შემდეგომ განვითარებას. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რომელიც აუცილებელია ქვეყნების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის პოპულარიზებას საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელებას. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი ლიდერია. 

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებაზე. 

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური