აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა-აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს.
აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნა აღკვეთილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები (რისგანაც რაკეტა შედგება) ნავთობსადენისგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა“. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები.