მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 13:03

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იუწყება.

მათი მონაცემებით, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო. მშვიდობისმყოფელების პირველ ასეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ზაზა შალამბერიძე დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს, სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ქვედანაყოფის ძირითად ამოცანას ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

ქვედანაყოფის მისიიდან დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. მე-13 ქვეითი ბატალიონი როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 12:16

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. ქვედანაყოფის ასეული, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა. 

ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. 
ნაკრები ასეული ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (RSM) ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ასეული ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა მომზადება დაასრულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 13:59

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 16:19

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. ამის   შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური