„ომი და მშვიდობა“ ანუ ახალი ერა ომის გარეშე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 25 მარტი 2018 17:53

რამოდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე თემა „ომი და მშვიდობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. კორეელ ხალხს კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ცდილობენ ყველანაირი ძალისხმევით შეინარჩუნონ სტაბილური გარემო. ამისათვის ისინი მზად არიან გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი ჩრდილოეთ კორეასთან და ამით ხელი შეუწყონ კორეის ნახევარკუნძულზე მათ მშვიდობიან თანაარსებობას.

იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად ყოველი წლის სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, იმართება მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობს 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერი. დღეისათვის ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან. 

2016 წლის 14 მარტს, HWPL-მა სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად 2018 წლის 14 მარტს სეულში ჩატარდა დეკლარაციის მიღებისადმი მიძღვნილი მეორე სამშვიდობო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა. მათ შორის იყვნენ ნეანმარის, ბანგლადეშის, კამბოჯის და პარაგვაის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას. კონფერენციის მუშაობას 70 ჟურნალისტი აშუქებდა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა HWPL-ის ლიდერმა ბატონმა ლი მან ჰიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია მშვიდობის შენარჩუნებაზე. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს ომები მსოფლიოში, რათა მომავალ თაობებს დავუტოვოთ მშვიდობიანი პლანეტა ომის გარეშე“, - განაცხადა ლი მან ჰიმ.

კონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იქნა ვიდეო-მიმართვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ წერილი გამოუგზავნა კონფერენციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს  HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივას. 

ლი მან ჰიმ ასევე დაამატა, რომ ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა მონაწილეობა აღარ მიიღონ ამ ტრაგედიაში. „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ. ჩვენ გვსურს გაერთიანება. რა თქმა უნდა ეს ძნელია, თუმცა შეუძლებელი არაფერია. ამის მაგალითია ერთიანი გერმანია. ხალხმა უნდა იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისა, რომ კორეელი ხალხის ნება არ გავითვალისწინოთ. ყველას უნდა მშვიდობა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“, - დასძინა HWPL-ის ლიდერმა.

კონფერენციის დასასრულს HWPL-ის გენერალურმა მდივანმა წაიკითხა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ღმერთის ნებაა მსოფლიოში იყოს მშვიდობა. „ჩვენ მივმართავთ ყველას გაავრცელონ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რათა ერთიანი ძალისხმებით ხელი შევუწყოთ მშვიდობის განმტკიცებას მთელს მსოფლიოში“, - დასძინა მან.

ამავე დღეს, HWPL-ის მიერ გამოცემული დეკლარაცის „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW), აღმნიშვნელი ღონისძიებები გაიმართა მსოფლიოს 166 ქალაქში. მათ შორის ჩინეთში, შშ-ში, გერმანიაში, უკრაინასა, და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნულ გლობალურ ღონისძიებაში, საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 150 ათასმა სხვადასხვა მოქალაქემ, მსოფლიოს 71 ქვეყნიდან და თითოეული მათგანი  სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო ერთიანდება - „ჩვენ ვართ ერთიანი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნების პარალელურად სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან კულტურის, განათლების და ჟურნალისტიკის დარგებში. 2016 წლის 21 მაისს თბილისში, კინოთეატრ "ამირანში" მშვიდობის თემაზე მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართა. ფესტივლის ფარგლებში, კინოხელოვნებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალი სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის ეგიდით ჩატარდა.

მიმდინარე წელს კი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებთან მოსწავლეების გაცვლითი კურსი მოეწყო სეულში. ასევე ხორციელდება ერთობლივი პროექტები ჟურნალისტიკის დარგში, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციების გაცვლას, გავრცელებას და კორეელი და ქართველი ჟურნალისტების პროფესიული დონის ამაღლებას.

ავთანდილ ოთინაშვილი

სეული-თბილისი

პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში"

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018 17:06

პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მოწვეული სტუმრის სტატუსით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში, დოქტორი ჯეიმი შეა დაესწრო. მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის პროექტის“ დაფინანსებით ხორციელდება. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევების წარმოების კუთხით.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ჩატარდება და სამი დღე გაგრძელდება.

გაერო-ს გენერალური მდივნის სამშვიდობო მიმართვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 იანვარი 2017 15:06

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი, რიგით მეცხრე გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მიმართვას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნიუ იორკი 2017 წლის 1 იანვარი - "ჩემს პირველ სამუშაო დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის რანგში ერთი საკითხი განსაკუთრებულად მიმძიმებს გულს.
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტის ქარცეცხლში მყოფ მილიონობით ადამიანს, რომელთაც ომებმა, რასაც ბოლო არ უჩანს, უდიდესი ტანჯვა მიაყენეს?
სამოქალაქო პირები სასიკვდილო ძალას ეწირებიან. ქალებს, ბავშვებსა და კაცებს ხოცავენ და ასახიჩრებენ, დევნიან საკუთარი სახლებიდან სარჩო-საბადებლის გარეშე. საავადმყოფოები და ჰუმანიტარული ავტოკოლონებიც თავდასხმის სამიზნეებია.
ამ ომებში არავინ იგებს; ყველა წაგებულია. ტრილიონობით დოლარი იხარჯება საზოგადოებებისა და ეკონომიკის გასანადგურებლად, უნდობლობისა და შიში დასათესად, რომელიც შეიძლება რამდენიმე თაობა გაგრძელდეს. მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციაა და გლობალური ტერორიზმის ახალი საფრთხე ყველა ჩვენგანს ემუქრება.
ამ ახალი წლის დღეს, მე გთხოვთ ყველას, შემომიერთდეთ ერთი საერთო საახალწლო გადაწყვეტილების მიღებაში:
მოდით გადავწყვიტოთ, რომ მშვიდობა უპირველესია.
მოდით, 2017 წელს ყველამ - მოქალაქეებმა, მთავრობებმა, ლიდერებმა - ვეცადოთ დავძლიოთ ჩვენი განსხვავებები.
მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ჩვენი მეგზური ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სოლიდარობისა და თანაგრძნობიდან - დიალოგისა და პოლიტიკური განსხვავებულობის პატივისცემამდე... ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტიდან - მოლაპარაკების მაგიდასთან პოლიტიკური კომპრომისების მიღწევამდე.
ყველაფერი, რასაც ჩვენ ვესწრაფვით კაცობრიობისთვის - ღირსება და იმედი, პროგრესი და კეთილდღეობა - დამოკიდებულია მშვიდობაზე.
მაგრამ მშვიდობა ჩვენზეა დამოკიდებული.
მოგიწოდებთ ყველას, შემომიერთდეთ მშვიდობის მისაღწევად დღეს და ამიერიდან ყოველ დღე.
მოდით, 2017 წელი იყოს მშვიდობის წელი.
გმადლობთ".

„მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენცია“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 14:33

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მაჰათმა განდის დღეების“ ოფიციალური ცერემონიალი გაიხსნა. „განდის ფონდი-საქართველოს“, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა საბჭოს ორგანიზებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში „მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ინდოეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად კვაჭანტირაძე მიესალმა. 

„ჩემთვის დიდი პატივია, მივმართო მშვიდობისა და არაძალადობის საერთაშორისო კონფერენციას. მაჰათმა განდის გზავნილი მშვიდობისა და შემწყნარებლობის შესახებ დღეს 21-ე საუკუნეში უფრო რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. მისი მშვიდობიანი წინააღმდეგობის ფილოსოფია იყო მოდელი არა მარტო მარტინ ლუთერ კინგისა და ნელსონ მადელასთვის. მისი ორი პრინციპი - უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულობა და არაძალადობრივი და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა, რომელსაც აქვს უნივერსალური გამოხმაურება, შთააგონა სამოქალაქო უფლებებისთვის, სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის მოძრაობები მთელს მსოფლიოში. ჩვენ ყველანი ბედნიერნი და მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ბედისწერამ მოგვცა ასეთი განათლებული თანამედროვე პერსონა, მაგალითი მომავალი თაობებისათვის“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს „განდის ფონდი-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ირაკლი კაკაბაძემ და ღონისძიებაზე დასასწრებლად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუჯატა მეტამ მიმართეს. „მაჰათმა განდის დღეების“ ფარგლებში თბილისში სხვადასხვა სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება გაიმართება.

თბილისი მშვიდობის თემაზე შექმნილ ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:03

21 მაისს კინოთეატრი ,,ამირანი’’ მშვიდობის თემაზე მიძღვნილ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივლის ფარგლებში, კინოხელოვნებს საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან მიეცემათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალი სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის ეგიდით ტარდება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივლის საორგანიაციო ჯგუფის ხელმძღვანელის მარიამ ბოლქვაძის განცხადებით, ,,მთავარია საზოგადოებამ დაინახოს თუ რას ნიშნავს და როგორ ესმით სიტყვა – მშვიდობა.  ხელოვნებას შესწევს ძალა ჩაუყაროს საფუძველი მშვიდობიან დიალოგს და დაანახოს ხალხს თუ რაოდენ მარტივია, სურვილის შემთხვევაში, მწვავე საკითხების გადაჭრაც კი. ჩვენ კი გვჯერავს რომ საქართველოში და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, აუცილებელია მსგავსი კულტურული ღონისძიების რეგულარულად გამართვა“, - დასძინა მარიამ ბოლქვაძემ.
ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტებმა მშვიდობის თემაზე 3-დან 5 წუთამდე ხანგრძლივობის საავტორო ნამუშევარი აპრილის ბოლომდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებული კი სამ ნომინაციაში გამოვლინდება – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო რეჟისორი. საპრიზო ადგილზე გასულ გამარჯვებულებს  ფულადი პრემია, ფესტივლის სიმბოლოები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცემათ.
ფესტივალისთვის შესარჩევ გამარჯვებულ ფილმებს ცნობილი ხელოვანებით დაკომპლექტებული ჟიური შეარჩევს.
არასამთავრობო ორგანიზაცია HWPL მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისათვის, ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებს. ორგანიზაციის მიზანია - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად წელს სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, გაიმართა მსოფლიო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერმა მიიღო. დღეისათვის ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა საქართველოს მოსახლეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 00:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი 2016 წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. აღნიშნულ მიმართვას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს.
ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და, შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ახალ წელს ვულოცავ  ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს.
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი.
2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს  შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ!
დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალგაზრდებს!
2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი! თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ, ყველა თქვენს წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით! მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენთაგანის წარმატებაზეა დამოკიდებული.
მეგობრებო!
მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი.
საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე.
ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმსენებლობისკენ.
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს, და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.
მე მჯერა,  რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!
გილოცავთ 2016 წელს! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და მთელი საქართველოს მფარველი!

გვახსოვდეს ისტორია, დავიცვათ მშვიდობა, ხელი შევუწყოთ ერთობლივ განვითარებას - იუე ბინი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2015 09:03

ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის იუბილესთან და 3 სექტემბერს ჩინეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმისა და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებით, გთავაზობთ საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი იუე ბინის საგანგებო მიმართვას.  
"წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს ზეიმობს მსოფლიო. 9 მაისს, საქართველოში უკვე ჩატარდა საიუბილეო ღონისძიებები. 3 სექტემბერს ჩინეთში იგეგმება სამხედრო აღლუმისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. ჩვენ ამით გვსურს გავიხსენოთ ისტორია, პატივი მივაგოთ ომში დაღუპული გმირების ხსოვნას, დავაფასოთ მშვიდობა და გავფრთხილდეთ მომავალში.
ფაშიზმზე გამარჯვება - სამართლიანი გამარჯვებაა, რომელიც მსოფლიოს ყველა მშვიდობისმოყვარე ერს ეკუთვნის. ამ საზარელ ომში, ჩინელმა და ქართველმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა მოეგერიებინა ფაშისტური აგრესია და აღედგინა მშვიდობა და სამართლიანობა. ამას შეეწირა ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის თითქმის მეათედი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ რამოდენიმე ასეული ქართველი ჯარისკაცი იბრძოდა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონის იაპონური რკინის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. ჩინელ ხალხს - ეს არასოდეს დაავიწყდება.
ჩინეთი - მსოფლიო ანტიფაშისტური ლიგის მნიშვნელოვანი წევრი იყო. იგი პირველი ჩაერთო ომში, ყველაზე დიდ ხანს იბრძოდა და ყველაზე დიდი ზარალი განიცადა. ჩინელმა ხალხმა, 1931 წლიდან დაიწყო იაპონური აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა. 1937 წელს, საყოველთაო სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყო იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, 1939 წელს კი - მეორე მსოფლიო ომი. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლა იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ, მსოფლიო ანტიფაშისტური ომის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ჩინეთის ტერიტორიაზე კონცენტრირებული იყო იაპონიის სახმელეთო ჯარების 94%, საზღვაო ძალების 2/3 და საჰაერო ძალების 60%. ჩინელმა ხალხმა დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა მოეგერიებინა აგრესია და დაემარცხებინა იაპონელი ფაშისტები. სულ დაიღუპა და დაიჭრა 35 მილიონი ჩინელი, ქვეყნის პირდაპირმა ეკონომიკურმა ზარალმა შეადგინა 100 მილიარდი, ხოლო არაპირდაპირმა - 500 მილიარდი აშშ დოლარი. ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთის როლი გადამწყვეტი იყო იაპონელი ფაშისტების დამარცხებაში. მან ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული მსხვერპლი გაიღო მსოფლიო ანტიფაშისტურ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
წარსულის გამოცდილება - მომავლის საუკეთესო მრჩეველია. მსოფლიოს ყველა ერი, მათ შორის აგრესორი ქვეყნების ხალხებიც, ომის მსხვერპლია. ისტორიის უარყოფის, გადაკეთების ან შელამაზების ნებისმიერი მცდელობა, შეურაცხყოფას აყენებს მშვიდობისმოყვარე ხალხს, კაცობრიობის კეთილგონიერებასა და საერთაშორისო სამართლიანობას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს წესდების, ქაიროსა და პოსტდამის დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საერთაშორისო საზოგადოებამ ახალი საერთაშორისო წესრიგი დაამყარა, რითაც ომის დამთავრებიდან 70 წლის მანძილზე შეინარჩუნა მშვიდობა და განვითარება და უზრუნველყო კაცობრიობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ჩინეთი ერთსულოვნად ემხრობა ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგს.
მშვიდობა და განვითარება - თანამედროვე ეპოქის მთავარი თემებია. ჩინეთი მშვიდობიანი განვითარების გზას მისდევს. საერთაშორისო ურთიერთობებში, იგი მშვიდობიანი განვითარების ხუთ პრინციპს ეყრდნობა. ესენია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, თავდასხმისა და საშინაო საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავება, თანასწორუფლებიანობა და საერთო სარგებელი. ჩინეთი ერთმანეთისგან არ ანსხვავებს ქვეყნებს ზომისა და სიძლიერის მიხედვით. ჩინელი ხალხი საკუთარი ნებით არჩეულ საზოგადოებრივ მოწყობასა და განვითარების გზას ინარჩუნებს, თუმცა ამავდროულად, სხვა ქვეყნების არჩევანსაც პატივს ცემს. იგი არ ემხრობა ჰეგემონიზმსა და პოლიტიკური ძალებით თამაშს, ყველა ქვეყანასთან ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობებს, არ შედის სხვა ქვეყნებთან ალიანსში. ჩინეთი მიიჩნევს, რომ დავებისა და კონფლიქტების მოგვარებისთვის საჭიროა საერთო ენის პოვნა, დიალოგი და კონსულტაციები. ჩინეთი, საკუთარი ხალხის ძირითადი ინტერესებიდან და მსოფლიო ერების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული საკითხის მდგომარეობის მიხედვით, განსაზღვრავს ქვეყნის პოზიციასა და პოლიტიკას, ინარჩუნებს სამართლიანობას, აქტიურ და კონსტრუქციულ როლს თამაშობს საერთაშორისო საკითხებში.
მშვიდობის შენარჩუნება, მხოლოდ განვითარებით არის შესაძლებელი. ჩინეთი პრიორიტეტს აკეთებს ეკონომიკის მშენებლობასა და რეფორმების ყოველმხრივ გაღრმავებაზე. ამჟამად, ჩინეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო პირველი ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით. ქვეყნის მშპ 10 ტრილიონ, ხოლო შიდა სავაჭრო ბრუნვა - 4.3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ჩინეთის განვითარების სწრაფი ტემპები დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის.
ჩინეთი აქტიურად ეძებს საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალ გზებს. 2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინმა, გამოთქვა ინიციატივა აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის შექმნის შესახებ, რაც ხუთ ძირითად პუნქტს მოიცავს; ესენია: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ერების ერთმანეთთან დაახლოვება. გარდა ამისა, ჩინეთმა წამოაყენა კონცეფცია „კაცობრიობის ერთი ბედისა“ და ჰარმონიული მსოფლიოს შექმნის შესახებ. იგი იმედს იტოვებს, რომ ყველა ქვეყანა შედგება მშვიდობიანი განვითარების გზაზე და დედამიწაზე სამუდამოდ იბრწყინებს მშვიდობის მზე. ჩინეთი მზადაა, საქართველოსა და ნებისმიერ სხვა მშვიდობისმოყვარე სახემწიფოსთან ერთად, ძალისხმევა არ დაიშუროს ამისთვის", - აცხადებს ჩინეთის ელჩი.

"ნატოს მოაქვს მშვიდობა" - თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 10:59

"ნატოს მოაქვს მშვიდობა," - ეს სიტყვები თინათინ ხიდაშელმა გუშინ, ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლის დროს წარმოთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სიტყვით პირველი გამოვიდა.

გთავაზობთ ფრაგმენტს მინისტრის გამოსვლიდან:

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა არსებული რესურსის მობილიზებით და პარტნიორი სახელმწიფოების აქტიური მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში.

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყევობის და პარტნიორების თანადგომისა;
საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია - ჩვენ ვიღწვით, რათა გავხდეთ დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. 
ნატო - დღევანდელი მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურაში მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.

ნატოს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო დიდ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატოს მოაქვს მშვიდობა.

საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახის წევრობა არაერთი თაობის ოცნება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, დიდსა და პატარას, ქალსა და მამაკაცს, ჩვენს ახალგაზრდებს სამხედრო ფორმაში, რომლებიც, სწორედ, ნატოს ეგიდით და ნატოს სამკლაურებით, ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში ამაყად ატარებენ ქართულ დროშას, გვაქვს ამბიცია, რომ მრავალი თაობის ქართველთა ოცნება რეალობად ვაქციოთ.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან თავად არსებითი პაკეტის, ისევე, როგორც ნატო-საქართველოს ნებისმიერი ერთობლივი ღონისძიების მთავარი ამოცანა - საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მომზადებაა. 
ჩვენ ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური