გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში, „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ სიტყვით გამოვიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2017 10:06

ბელგიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში, ანალიტიკურ ინსტიტუტს „ევროპის პოლიტიკის ცენტრს“ (EPC) ეწვია და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.   შეხვედრას საქართველოს შსს-ს დელეგაციის წევრები, ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამა. 

შს მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს შსს-ს მიერ აღებული ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მღებრიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თავისუფალი სავიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ პერიოდშიც. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების, ასევე, საქართველოს შსს-ს ეფექტიან და საზოგადოებაზე ორიენტირებულ უწყებად ჩამოყალიბების მიზნით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური რეფორმები გატარდა.

გიორგი მღებრიშვილმა სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის და პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ევროპელი ექსპერტების მიერ პოზიტიურად შეფასდა. შს მინისტრმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ წარმატებით განხორციელებული ბრძოლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“ მოხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო შსს-ს პრევენციულ, დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები: კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია. როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს. მისი თქმით, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა ევროკავშირის 16 ქვეყანასთან, ხოლო 13 ქვეყანაში პოლიციის ატაშეები წარგზავნა.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპის პოლიტიკის ცენტრთან“ თანამშრომლობა საქართველოს შსს-ს ევროპულ თანამეგობრობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოების შესაძლებლობას მისცემს. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების გაცვლის მრავალმხრივი პანელის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ფორმატში განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების საშუალებით პარტნიორი სახელმწიფოები ერთმანეთს საკუთარ მიღწევებს და საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ.

სტეფანე - „18 წელი გავიდა რაც აღარ ხარ"

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 23:47

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც დედას, რომელიც 18 წლის წინ გარდაეცვალა, ულოცავს დაბადების დღეს. „დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში. ერთი ნაოჭიც არ ქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც აღარ არის აქ და პირველად ვულოცავ ესე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან როცა ვაბრაზებდი : „სანამ დედა გყავს არ დაბერდები"... ხო და ნაადრევად კი დავბერდი (უცნაურია, როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ), - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

მღებრიშვილი გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებს „ოდესელების პროვოკაციად“ აფასებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2016 13:10

გიორგი მღებრიშვილი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესებს „ოდესელების პროვოკაციად“ აფასებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, დეპორტაცია იყო თუ გამოძევება, უკრაინული მხარე ვალდებული იყო, ეს ფაქტი საქართველოსთვის ეცნობებინა. მისივე თქმით, ორ დღეში უწყების თანამშრომლებმა იმოქმედეს ოპერატიულად, დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ის მიმალვას ცდილობდა.

მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩ გეორგე ლეუკას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 11:10

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოლდოვის რესპუბლიკის ელჩ გეორგე ლეუკას შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა გეორგე ლეუკას შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს აკადემიის, როგორც რეგიონული სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებაზე, სადაც მომზადებას სხვა ქვეყნების სამართალდამცველებიც გაივლიან.

უახლოეს მომავალში თბილისს, ოფიციალური ვიზიტით, მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვევა.

გიორგი მღებრიშვილი სტოკჰოლმში შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 13:26

 შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სტოკჰოლმში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ურბან აჰლინს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა და ურბან აჰლინმა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს, მათ შორის, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.
შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. 
„შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. ჩვენი დიდი სურვილია, საქართველოსა და შვედეთის შს სამინისტროებს შორის ურთიერთობები ყველა დონეზე კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის, ინფორმაციის სისტემატური გაცვლის, პოლიციის ატაშეების, ევროპოლისა და ინტერპოლის მეშვეობით“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
შვედეთის სამეფოს პარლამენტში საქართველოს შს მინისტრი იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელს, ბეატრის ასკსაც შეხვდა.
შეხვედრაზე ბეატრის ასკმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გიორგი მღებრიშვილი საქართველოს პირველი შს მინისტრია, რომელიც სამუშაო ვიზიტით შვედეთს ეწვია. 
„ამ ფაქტის გამო უაღრესად მოხარულები ვართ. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმ წარმატებული რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოს შს სამინისტროში ხორციელდება. ვხედავთ და ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებსაც, რასაც ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით დგამთ“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს პარლამენტის იუსტიციის კომიტეტის ხელმძღვანელმა.

გიორგი მღებრიშვილმა ბეატრის ასკთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მისი გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შს მინისტრის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნის საკითხი აქტიურად განიხილება. 
„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩემს კოლეგასთან, ანდერს იგემანთან, სადაც კონკრეტულ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ, აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა, პოლიციის ატაშეს წარგზავნა, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ჩვენს სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, მუდმივად გავცვალოთ საჭირო ინფორმაცია, ერთობლივად დავუპირისპირდეთ არსებულ გამოწვევებს და უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია. ამ მხრივ, საპოლიციო თანამშრომლობას ალტერანტივა არ აქვს”, - განაცხადა მინისტრმა.

შვედეთის სამეფოს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრი ნაციონალური პოლიციის ოპერატიული მართვის ცენტრს ეწვია. 

ცენტრის ხელმძღვანელებმა გიორგი მღებრიშვილს ოპარატიული მართვის ოთახი დაათვალიერებინეს, სტრუქტურის მუშაობისა და სპეციფიკის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს.

შვედეთში საქართველოს შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

საქართველოს შს მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 13:24

შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა.შეხვედრა ბერლინში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. 

გიორგი მღებრიშვილმა გერმანელ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

გერმანიის შს ფედერალური მინისტრის თქმით, რამდენიმე ათასმა არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა, რომლებიც გერმანიაში „თავშესაფრის მაძიებელთა“ სტატუსის მიღების გახანგრძლივებულ პროცედურას ბოროტად იყენებენ, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ საუკეთესო ურთიერთობებს ჩრდილი არ უნდა მიაყენონ.

გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 10:43

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრს, იოაჰიმ ჰერმანს შეხვდა.ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური ასპექტები, მათ შორის, ორგანიზებული დანაშულის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

როგორც ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. თუმცა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

შეხვედრას ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტი რობერტ ჰაიმბერგერი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შსს-ის მინისტრი გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 24 მარტი 2016 12:43

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს ჰოლგერ მიუნხს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეებზე გაღრმავდა. 2015 წლიდან საქართველოს შს სამინისტრომ ბერლინში საკუთარი პოლიციის ატაშე წარგზავნა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან. მჭიდროა თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის.

შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 09:58

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს საქართველოში - პასკალ მენიეს შეხვდა.

მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის საელჩოს და უსაფრთხოების ატაშეს სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერისთვის.

გიორგი მღებრიშვილი ლიტვის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:16

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლიტვის ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შს მინისტრმა ელჩს სამინისტროში ევროინტეგრაციის კუთხით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიტვის გამოცდილების გაზიარებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური