32-ე ბატალიონმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის გადასროლისწინა მომზადება დაასრულა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020 13:59

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადება დაასრულა. ქვედანაყოფმა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დასკვნითი სწავლება ჩაატარა, სადაც აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ასეულის დონის კორდონისა და ჩხრეკის ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო მისიისთვის მზადების ბოლო ეტაპს გერმანიაში, ჰოჰენფელსის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გადიოდნენ, სადაც მათი საბოლოო შეფასება ხდებოდა. აღნიშნული წვრთნები კი, საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. თავდაცვის ძალებმა საკუთარი შესაძლებლობებისა და საშუალებების ინტეგრირებით, მაქსიმალურად რეალური გარემოს შესაქმნელად მოაწყო ავღანური სოფლები და ქალაქები, ასევე სხვადასხვა როლის გასათამაშებლად მიზიდული იქნა სამოქალაქო რესურსებიც.
დასკვნით წვრთნებში, რომელიც 4 თვიანი ინტენსიური მომზადების ბოლო კომპონენტია, მონაწილეობა 600-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. დღემდე გადასროლისწინა პროგრამის ფარგლებში შესაბამისი წვრთნა, დაახლოებით 18 000 ქართველმა სამხედრომ გაიარა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეკავშირე ჯგუფთან ერთად, ISAF-ის და RSM-ის ოპერაციებში მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

მე-12 ბატალიონი ავღანეთიდან სამშობლოში სრულად დაბრუნდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 ივლისი 2020 11:45

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ბოლო ნაკადი ავღანეთიდან საქართველოში გვიან ღამით ჩამოვიდა. ამით ქვედანაყოფის როტაცია სრულად დასრულდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება.

მათივე ინფორმაციით, ბატალიონის სრული შემადგენლობის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად განხორციელდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ქართველი ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით ქართველი მშვიდობისმყოფელები ორკვირიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ დაუბრუნდებიან ქვედანაყოფს. 

მე-12 ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯინჭარაძის მეთაურობით, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ბატალიონის ამოცანას საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენდა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მე-12 ბატალიონი როტაციის წესით მე-13 ბატალიონმა ჩაანაცვლა. ქვედანაყოფმა უფლებამოსილება უკვე გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულებას შეუდგა.

დავით ზალკალიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 12:15

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.

მათი მონაცემებით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, ამ გზაზე ალიანსის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს მხრიდან გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა  საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონალური, ისე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ, ხაზი გაესვა საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართულ  პროექტებში და ავღანეთში მიმდინარე ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში".

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანს არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად. 

მხარეები მიესალმნენ ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორც მნიშვნელოვან წინსვლას ამ მიმართულებით და საარჩევნო სისტემის რეფორმას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს, რაც კიდევ უფრო გამწვავდა ბოლო პერიოდში, როდესაც პანდემიის პირობებში საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს უკანონო მოქმედებები და პროვოკაციული ნაბიჯები. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს 11 ივლისს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის დაჭრის და მისი უკანონო დაკავების ფაქტს. ნატოს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს დელეგაციამ მზაობა გამოთქვეს  განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა  საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის განმტკიცების პროცესში. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანმა მირჩა ჯოანას წარუდგინა საქართველოს ახალი ელჩი ნატოში - ვიქტორ დოლიძე, რომელმაც გენერალური მდივნის მოადგილეს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 10 ივლისი 2020 10:55

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, ავღანეთში როტაციით მყოფი კონტიგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც შესაბამისი ტესტირებისას კოვიდ ვირუსი დაუდასტურდათ, სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება.

მათივე მონაცემებით, სამხედროების სამედიცინო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ის გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს. ხოლო ინფიცირების წყარო, უკავშირდება ადგილობრივ ავღანელ პერსონალს. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ. 

სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით საქართველოში კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მზაობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და გამართული სამედიცინო დაწესებულებაა. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ, პრევენციის მიზნით, დადგენილი წესის შესაბამის 2 კვირიან კარანტინს გაივლიან. 
საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ მოცემულ და სხვა მსგავს საკითხებზე ინფორმაციის გავრცელება და გავრცელების დრო, დამოკიდებულია თავდაცვისუნარიანობის კონკრეტულ მიზნებსა და ოპერატიული მზადყოფნის ამოცანებზე. აღნიშნული მიდგომა წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას და შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების საინფორმაციო პოლიტიკას. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ყველა იმ საპრევენციო და სარეკომენდაციო ზომების ეფექტურ გატარებას და ზედამხედველობას, რაც თავდაცვის ძალებსა და ზოგადად ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას უზრუნველყოფს? - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 07 სექტემბერი 2017 10:07

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

 

ბავშვების წერილები ქართველ მშვიდობისმყოფელებს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 20 ივნისი 2017 11:06

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდლობის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა საქართველოდან მოსწავლეების წერილები მიიღო.

თბილისის, ფოთის, გურჯაანის და თელავის საჯარო სკოლებში შეგროვებული წერილები ბავშვებმა ჯარისკაცებს ავღანეთში გაუგზავნეს და  სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.

საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა თბილი წერილებისთვის პატარა მეგობრებს მადლობა გადაუხადეს და საპასუხო წერილების გამოგზავნას დაპირდნენ.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. ამჯერად, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, წერილები მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებში შეგროვდა, ხოლო ავღანეთში მათი გაგზავნა თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

გეგმიური პატრულირება მაზარ-ი-შარიფში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 14 ივნისი 2017 10:27

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა  ასეულმა მაზარ-ი-შარიფში გეგმიური პატრულირება განახორციელა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სამოქმედო არეალში  უსაფრთხოების კონტროლის მიზნით სათვალთვალო პუნქტები დაიკავეს.  პატრულირება ქალაქ მაზარ-ი-შარიფსა და მის შემოგარენში გერმანიის შეიარაღებული ძალების დაჯავშნული სამხედრო მანქანებით ტერიტორიის რეკოგნოსცირებას მოიცავდა.

მოტორიზებული პატრულის ამოცანაა საჭიროების შემთხვევაში კოალიციურ ძალებს მხარდაჭერა და დახმარება გაუწიოს, ოპერაციის რაიონში  ძალთა დემონსტრირება მოახდინოს და მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილება აღკვეთოს, ასევე  თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების და ბაზის მიმართულებით არაპირდაპირი ცეცხლის გახსნის საფრთხე შეამციროს.

I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს.

“მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში 22-ე ბატალიონი ოფიციალურად ჩაერთო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 10:00

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ისინი ავღანეთში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.

ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.

ქართველი სამხედროები ავღანეთში მიემგზავრებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 10:32

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ავღანეთში ქართველი სამხედრეობის გაცილების ცერემონია გაიმართა. ისინი “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” მიიღებენ მონაწლეობას.

ამჯერად ავღანეთში 700-მდე ქართველი სამხედრო მიემგზავრება.

ღონისძიებას ესწრებიან თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. ვაზიანში ასევე იმყოფება აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი.   

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური