საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კალენდარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 05 იანვარი 2021 13:16

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მონაწილეა. ყატარის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ციურხიში 8 დეკემბერს გაიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა მატჩების კალენდარი. საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები სულ რვა შეხვედრას ჩაატარებს.

ჩვენი გუნდი შესარჩევ რაუნდს 2021 წლის, 25 მარტს შვედეთთან მატჩით იწყებს და 2021 წლის, 11 ნოემბერს შვედეთთან საშინაო შეხვედრით დაასრულებს.

B ჯგუფის კალენდარი
  • 25 მარტი
    შვედეთი - საქართველო
  • 28 მარტი
    საქართველო - ესპანეთი
  • 31 მარტი
    საბერძნეთი - საქართველო
  • 2 სექტემბერი
    საქართველო - კოსოვო
  • 5 სექტემბერი
    ესპანეთი - საქართველო
  • 9 ოქტომბერი
    საქართველო - საბერძნეთი
  • 12 ოქტომბერი
    კოსოვო - საქართველო
  • 11 ნოემბერი
    საქართველო - შვედეთი

ძიუდო: ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა!

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017 11:39

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი მესამე ადგილზე გავიდა!

ბილალ ეიელსალმანი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სიუაბულელა მაბულუ (სამხრეთი აფრიკა), რაიან ვარგასი (აშშ) და ბაულ ანი (სამხრეთი კორეა) - ნახევარფინალამდე ვაჟამ ესენი დაამარცხა, იქ კი მომავალ გამარჯვებულთან, იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა კიდევ ერთ სამხრეთკორეელს ლი-ჰვან კიმს სძლია.

აბე, როგორც ვთქვით, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინალში იაპონელმა რუს მიხაილ პულიაევს აჯობა. მეორე ბრინჯაოს მედალს ისრაელის ნაკრების წევრი ტალ ფლიკერი დაეუფლა, რომელმაც უკრაინის სახელით მოასპარეზე გიორგი ზანთარაიას მოუგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო ვაჟასთვის 2017 წელს მესამე მედალია: თებერვალში მან ჯერ პარიზის გრანდ სლემზე დაიკავა მესამე ადგილი, ორ კვირაში კი დიუსელდორფის გრან პრი მოიგო.

„ეს მედალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ პირველობას, ოქროს მედალს ვგეგმავდი, მესამე ადგილი მაინც მისაღებად მიმაჩნია. ვეცდები მომავალში უკეთესი შედეგი ვაჩვენო", - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მარგველაშვილის მესამე ადგილით კმაყოფილი იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე: „ვაჟას გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მთელი ტურნირის მანძილზე მან ერთადერთი შეცდომა დაუშვა და დასანანია, რომ მოდუნება წაგებად დაუჯდა... ვთვლი, რომ მან ჭკვიანურად იჭიდავა და კარგი იქნება თუ მომავალში ასე გააგრძელებს ასპარეზობას".

შეგახსენებთ: მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ბუდაპეშტის ტატამზე ამირან პაპინაშვილმა იასპარეზა, თუმცა ის ნაადრევად გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.

დღეს, 30 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების ორი წევრი იბრძოლებს: ვაჟებში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), გოგონებში კი მარიამ ჯანაშვილი (57კგ).

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 28:24 ალჟირი

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 11:01

8 აგვისტოს ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი დაიწყო. ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიას თბილისის ოლიმპიური სასახლის მთავარმა დარბაზმა უმასპინძლა. სანახაობა ანსამბლ სუხიშვილების მიერ შესრულებულმა ხორუმმა დაამშვენა.

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დოქტორი ჰასან მუსტაფა, საერთაშორისო ფედერაციის მაღალჩინოსნები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ნაკრები, რომელიც ამ ტურნირის დებიუტანტია, ალჟირს დაუპირისპირდა. ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელიც B ჯგუფშია გერმანიასთან, ჩილესთან, ისლანდიასთან და იაპონიასთან ერთად, პირველი შეხვედრა 28:24 მოიგო.

„ეს არის პირველი დიდი ტურნირი, რომელშიც ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები მონაწილეობს. ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. ალჟირის ნაკრები სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის და მათთან გამარჯვება ჩვენს ბიჭებს მომდევნო მატჩებისთვის უსათუოდ დადებითად დამუხტავს. ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას და გპირდებით არც მომავალში დავიშურებთ ძალ-ღონეს ქომაგების გასახარებლად", - ეს კომენტარი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ ალჟირთან გამარჯვების შემდეგ გააკეთა.

როდესაც 10 მაისს, ბაზელში გამართულ წილისწყრაზე გაირკვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ალჟირის გუნდი იქნებოდა და თან მათთან სასტარტო შეხვედრაში მოგვიწევდა დაპირისპირება ყველანი სამწვრთნელო შტაბი ოპტიმისტურად იყო განწყობილი. აფრიკელებთან იოლი მატჩი რომ არ გველოდა ეს ისედაც ცხადი იყო. შეხვედრა ორივე გუნდმა თავიდანვე ფრთხილად დაიწყო და ალბათ, ამიტომაც იყო ვერცერთმა გუნდმა გოლის გატანა სამი წუთის მანძილზე რომ ვერ მოახერხა, ბოლოს კი ნავსი ლუკა ბულბულაშვილმა გატეხა და აქედან მოყოლებული ალჟირის ნაკრები მუდამ მდევრის როლში იმყოფებოდა.

საქართველოს ნაკრების ხელბურთელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაკვირვებული თვალი შეატყობდა, რომ ბიჭები მაინც ღელავდნენ. ნელ-ნელა ნერვიულობამაც იკლო და ჩვენმა გუნდმაც მარწუხებს მოუჭირა. მე-18 წუთისთვის უკვე 8 ბურთიანი უპირატესობით ვიგებდით, ხოლო პირველი ტაიმი 7 ბურთიანი ჰანდიკაპით დავასრულეთ.

მეორე ნახევარიც ქართველთა შეტევებით დაიწყო და უპირატესობასაც მეთოდურად ვიმტკიცებდით. გუნდის ლიდერობა ერეკლე არსენიშვილმა და ირაკლი კბილაშვილმა იტვირთეს. მეტოქეს პირველმა 9, ხოლო მეორემ 7 ბურთი გაუტანეს. ერეკლე არსენიშვილი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულადაც დასახელდა.

საქართველოს ნაკრებს მცირე ჩავარდნა მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე მოუვიდა, როდესაც ალჟირს 9 ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ. ბექა ორჯონიკიძის შეგირდები მოდუნდნენ, უხეშობასაც უმატეს და ერთდროულად ორი მოთამაშეც ორი წუთით გაგვიძევეს. აფრიკელებმა ამით ისარგებლეს და სხვაობა ოთხ ბურთამდე შეამცირეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს 19 წლამდე ნაკრები დღეს, 9 აგვისტოს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია დაამარცხეს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:24

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიას 18:17 მოუგეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

პირველი ტაიმი ქართველებმა 5:7 დათმეს, შესვენების შემდეგ კი 2 ლელოს გატანა შეძლეს, მეტოქეს აჯობეს და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგეს. 

ქართველთა შემადგენლობაში ლელოები ბექა გორგაძემ, ლადო მიმინოშვილმა და თორნიკე მატარაძემ გაიტანეს, 1 ზუსტი საჯარიმო კი გელა აფრასიძის ანგარიშზეა.

ამ გამარჯვებით უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მე-9 ადგილისთვის ბრძლის უფლება მოიპოვეს, რომელშიც მათი მეტოქე სარანგეთის  20 წლამდელთა ნაკრები იქნება. საქართველოსა და საფრანგეთის 20-წლამდელ მორაგბეთა მატჩი 25 ივნისს გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ირლანდიისა და ინგლისის 20-წლამდელები ითამაშებენ. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

ხეჩიკაშვილის შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძალოსნებთან

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 17:38

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ძალოსანთა ნაკრებს შეხვდა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსანთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა, ვერცხლის მედალი და რიოს ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია მოიპოვა. 

სალიცენზიო ქულების მოპოვების კუთხით მნიშვნელოვანი იყო ლაშა ტალახაძის ვერცხლის მედალი. 

ჰიუსტონში გამართულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს წინ უძღოდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც გადაწყდა, რომ 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

ახალგაზრდა ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებენ

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 ოქტომბერი 2015 10:21

23-27 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ  აბუ დაბიში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში, სადაც მედლებისათვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 11 წევრი იბრძოლებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 82 ქვეყნის 560 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას ვაჟთა და გოგონათა შორის.

23-26 ოქტომბერს მედლები ინდივიდუალურ ჩათვლაში გათამაშდება, 27 ოქტომბერს კი გუნდური შეჯიბრი ჩატარდება. 


23-27 ოქტომბერი 2015, მსოფლიოს ჩემპიონატი ახალგაზრდებში, აბუ დაბი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

-55კგ - ირაკლი კუპატაძე
-60კგ - თორნიკე ნაგლიაშვილი
-66კგ - გიორგი გუგულაშვილი
-73კგ - გიორგი კაციაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი
-81კგ - ლევან გუგავა, კობა მჭედლიშვილი
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი
-100კგ - ჯაბა მუმლაძე
+100კგ - გურამ თუშიშვილი

-52კგ - მარიამ ჯანაშვილი

ქართველ პარამკლავჭიდელთა 7 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 10:21

მალაიზიაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მკლავჭიდელთა შორის, ქართველმა პარამკლავჭიდელებმა ზურა ბუცხრიკიძის, ბესიკ ლეკიაშვილის, ვახო ახობაძისა და ზურა სოხაძის შემადგენლობით 7 მედალი მოიპოვეს. 

საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ორივე ხელში მსოფლიო ჩემპიონი გახდა 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა ბუცხრიკიძე. მარჯვენაში ოქრო, ხოლო მარცხენაში ბრინჯაოს მედალი აიღო ვახო ახობაძემ, რომელიც 60 კილოში მონაწილეობს. 

ორივე ხელში მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები ხვდა წილად 65 კილორამ წონით კატეოგიაში მოასპარეზე ზურა სოხაძეს, ხოლო ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა პარამკლავჭიდელმა ბესიკ ლეკიაშვილმა გამოსვლა 90 კილოგრამში, ამჯერად მემარჯვენეებში მეორე ადგილითა და ვერცხლის მედლით დაასრულა.

ბორჯღალოსნებმა 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვეს

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 10:53

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება უკვე მოიპოვა. “ბორჯღალოსნებმა” ინგლისში მიმდინარე “მუნდიალზე” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც 4 წლის შემდეგ გასამართ მსოფლიოზე უკონკურენციოდ გამოსვლის უფლებას იძლევა. ქართველთა მესამე ადგილი, ჯგუფში ახალი ზელანდიისა და ტონგას მატჩზე იყო დამოკიდებული. ტონგას გამარჯვების შემთხვევაში ჩვენები მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლებდნენ.
“ზღვის არწივების” დიდი მონდომების მიუხედავად სენსაცია მაინც არ შედგა და “ოლლ ბლექსმა” ტონგა დამაჯერებელი ანგარიშით 47-9 დაამარცხა. ზელანდიელები C ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და მეოთხედფინალში D ჯგუფის მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს, საფრანგეთს ან ირლანდიას შეხვდებიან. C ჯგუფში, სადაც საქართველო გამოდიოდა, ერთი თამაშია დარჩენილი არგენტინასა და ნამიბიას შორის, რომელიც უკვე ცხრილზე ვეღარანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

შსს-ს თანამშრომელმა მსოფლიო ჩემპიონატში 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 21 სექტემბერი 2015 14:01

მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, დასრულდა. საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა. წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი - 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შემატა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდისა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური