საქართველოში კორონავირუსისგან 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 03 აპრილი 2020 11:32

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან /COVID-19/ უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

რაც შეეხებათ მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ქვეყანაში ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 663-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 16 მარტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებულების რიცხვი 87-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აქტიური მკურნალობის კურსი 76 ადამიანს უტარდება.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბაქოში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 27 მარტი 2020 13:13

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4505 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.

ამოქმედდა კანონი, რომელიც გერმანიაში ლეგალურად დასაქმების უფლებას იძლევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 01 მარტი 2020 15:15

გერმანიაში დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალური დასაქმების უფლებას აძლევს.

ახალი კანონის თანახმად, კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება, გერმანიაში შრომითი ხელშეკრულების გარეშე ექვსი თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური.

საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.

მნიშვნელოვანი პირობაა, რომ პირის კვალიფიკაცია აღიარებული იყოს გერმანიაში, ასევე სამსახურის მაძიებელს ჰქონდეს დაზღვევის პოლისი და დროებითი საცხოვრებელი.

არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში, მესამე ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება 24-თვიანი ვიზის აღება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ახალი კანონი მსურველებს გერმანიაში პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობასაც სთავაზობს, ამისათვის პრეტენდენტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონე).

იმ პირებს, ვისაც გერმანიაში კონკრეტული სამუშაოს შეთავაზება აქვთ, შეუძლიათ მიიღონ ოთხწლიანი ვიზა ან იმ ხანგრძლივობის, რაც მითითებულია შრომით ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, დასაქმებულს ბინადრობის მიღების უფლება ექნება.

ბოლო კვლევების მიხედვით, გერმანიაში ამჟამად 1.2 მილიონი თავისუფალი სამუშაო ადგილია. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობაზე კანცლერმა ანგელა მერკელმა 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას ისაუბრა.

როგორც ანგელა მერკელმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

გერმანიაში ლეგალური დასაქმებისთვის გერმანიის შრომის სამინისტრომ სპეციალური საინფორმაციო პორტალი შექმნა, სადაც დაინტერესებულ პირს საკუთარი კვალიფიკაციის შემოწმება და სხვა ამატებითი ინფორმაციის მოძიება შეუძლია.

წყარო: https://1tv.ge/news/amoqmedda-kanoni-romelic-evrokavshiris-arawevri-qveynebis-moqalaqeebs-germaniashi-legaluri-dasaqmebis-uflebas-adzlevs/

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 თებერვალი 2020 16:11

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა.

გამყრელიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეჭვი არსებობს კიდევ ერთ მოქალაქეზე, რომლის შესახებ პასუხი საღამოსთვის გახდება ცნობილი.

„29 პაციენტია ინფექციურ საავადმყოფოში. დღეს აღებულია 24 სინჯი. მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში. დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს დადებითი შემთხვევა. ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის კარანტინში 87 ადამიანი იმყოფება.

„დღევანდელი რიცხვით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 პირი. აქედან საჩხერეში – 31, აბასთუმანში – 21. ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობიდან, სადაც დღეს იმყოფება 35 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ აზერბაიჯანში ასევე გამოვლინდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსი ირანიდან ჩასულ რუსეთის მოქალაქეს დაუდგინდა. ის ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ ბლოკში განათავსეს. ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, აზერბაიჯანის მთავრობა შესაბამის ზომებს იღებს. მათ შორისაა, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც რუსეთის მოქალაქეს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულების რიცხვი საერთაშორისო მასშტაბით 79 ათასს აღწევს. დაღუპულია 2 778 ადამიანი. ვირუსისგან 36 ათასზე მეტი პირი განიკურნა.

"მოქალაქე ცდილობს წვიმით გალუმპული პოლიციელი ქოლგას შეაფაროს"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 21:03

ფოტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი თეა პერტაია ავრცელებს

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 24 სექტემბერი 2017 19:04

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით  სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება  შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული სერვისებით უკვე 265 472-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.

 

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017 12:57

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. 

"29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება.

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული 5 ავტომანქანა და 80 000 ლარი დაუბრუნდებათ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 17:04

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2010 წლის 11 სექტემბერს მთავარ პროკურატურას  დაკავებული ჰყავდა შპს „მშენებელი XXI საუკუნე“-ს დამფუძნებელი სამსონ ცეცხლაძე, რომელსაც ედავებოდნენ  საცხოვრებელი ბინების უკანონოდ რეალიზაციას და მიღებული თანხების დაუფლებას. 
 გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ სამსონ ცეცხლაძეს შეუთვალეს, რომ თუ მას სურდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება და საპატიმროს დატოვება, მთლიანობაში უნდა გადაეხადა 300 000 ლარი, საიდანაც 100 000 ლარი იქნებოდა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, ხოლო დარჩენილი 200 000 ლარით მას პროკურატურისთვის უნდა შეეძინა 5 ა/მანქანა, რაც არ უნდა გახმაურებულიყო და ეს პირობა დარჩენილიყო საპროცესო შეთანხმების ,,ჩრდილოვან მხარედ“. წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურის წარმომადგენლის გადმოცემით, სამსონ ცეცხლაძეს  დიდი ხნით მოუწევდა ციხეში ყოფნა. 
აღნიშნული ზეწოლის შედეგად, დაკავებული მშენებელი იძულებული გახდა დათანხმებოდა პროკურატურის უკანონო მოთხოვნას, რის შემდეგაც მან საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გადახდასთან ერთად,  ოჯახის წევრების მეშვეობით, 200 000 ლარად,  ,ჰიუნდაი“ ცენტრში შეიძინა 4 ერთეული „ჰიუნდაი სონატა“-ს და 1 ერთეული „ჰიუნდაი IX 35“-ის მარკის ავტომანქანა, რომლებიც მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა აჩუქა პროკურატურას. მხოლოდ ამის შემდეგ პროკურატურამ ბრალდებულებთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, სადაც არ იქნა ასახული შეთანხმების ე.წ. ,,ჩრდილოვანი პირობა“ - ა/მანქანების დათმობა. საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და მან საპატიმრო დაწესებულება მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ა/მანქანები პროკურატურას აჩუქა. 
აღნიშნული 5 ა/მანქანა, რომელიც დღეს იმყოფება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე და სარგებლობაში, ჩვენი გადაწყვეტილებით საკუთრებაში დაუბრუნდება დაზარალებულ მოქალაქეს -სამსონ ცეცხლაძეს.
ასევე, პროკურატურისგან დაზარალებულ კიდევ ერთ მოქალაქეს - ამირან ბეგიაშვილს დაუბრუნდება იძულებით ჩამორთმეული 80 000 ლარი. კერძოდ, 2010 წლის მარტის თვეში, მთავარი პროკურატურა სწავლობდა შ.პ.ს. „ბა & ბი“-ს საქმიანობას, რა დროსაც ხსენებული კომპანიის დირექტორს ამირან ბეგიაშვილს უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, იძულებით ჩამოართვეს 80 000 ლარი, რაც იმჟამინდელი პროკურატურის თანამშრომლების განმარტებით უნდა ყოფილიყო საწარმოს საქმიანობაში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაკისრებელი ჯარიმის თანხა.  მაგრამ მიუხედავად ამისა, ამირან ბეგიაშვილის და მისი კომპანიის მიმართ გამოძიების მიერ არ დადგინდა რაიმე დარღვევის ფაქტი და შესაბამისად არ ყოფილა რაიმე სახის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, ამირან ბეგიაშვილი საქმეში დარჩა მოწმის სტატუსით და მისთვის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული თანხის განკარგვა არ მომხდარა.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ჩვენს მიერ მხილებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოყენებულ იქნება დისკრეცია და არ მოხდება მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად კი გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ. 
 ამრიგად, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მოქალაქე სამსონ ცეცხლაძეს დაუბრუნდება უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე არსებული 5 ა/მანქანა, ხოლო მოქალაქე ამირან ბეგიაშვილს გამოძიების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული 80 000 ლარი.
ამ დროისათვის, მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 დანაშაულებრივი ეპიზოდი; მხილებულია 29 საჯარო მოხელე, 5 საჯარო მოხელის მიმართ მიმდინარეობს სისხლსამართლებრივი დევნა (კონსტანტინე არჩაია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიორგი ლაცაბიძე).
 ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ზემოაღნიშნული ქონების იძულებით ჩამორთმევის დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დაზარალებულად ცნობილ იქნა 57 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ: 46 ა/მანქანა, 9 მიწის ნაკვეთი; 3  საცხოვრებელი ბინა, 1 საოფისე ფართი, 48 დასახელების  ოქროს ნაკეთობები; აკურას ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო კომპლექსი, დამაგრებული  მიწის ნაკვეთით; გორის საცურაო კომპლექსი - შპს  ,,აკვაპარკი„ და თანხა 80 000 ლარი.
ჯამში დაბრუნებულია 16 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება.      
სამართლებრივი პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება დაზარალებული მოქალაქეებისთვის 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი.
     
       

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 მარტი 2016 13:09

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) და N3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთებზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით საქართველოს, ბანგლადეშის, პაკისტანის და თურქეთის 10 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:22

სირიაში 30 წლის ქართველი გარდაიცვალა. ბესლან მუხტაროვი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით მუხტაროვი წლების განმავლობაში თურქეთში მუშაობდა და უცნობია როდის გადავიდა ახალგაზრდა მამაკაცი სირიაში. 

როგორც ცნობილია ბესლან მუხტაროვი განათლებით ექიმი იყო და სირიაში დაჭრილებს უვლიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბესლან მუხტაროვი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა, დეკემბერში კი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური