„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 28 მარტი 2018 12:14

მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტ ფილიპ ვუიანოვიჩთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სრჯან დანმანოვიჩთან შეხვედრებით დაასრულა. მხარეებმა იმ გამოცდილებასა და პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მონტენეგრომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განვლო.

შეხვედრებზე ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს მთავარი საგარეო სტრატეგიული მიზნის - ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მექანიზმი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) გახდა. მისივე თქმით, საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, თავდაცვის კუთხით ინტენსიური რეფორმირების პროცესშია, რაც 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება და ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის განვითარებას ისახავს მიზნად.

„მონტენეგრო, როგორც ნატოს ახალი წევრი ქვეყანა, საქართველოს ახალი მეგობარია, რომელიც ყველანაირად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი მონტენეგროში. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს მონტენეგროელმა კოლეგამ პრედრაგ ბოშკოვიჩმა ვილა გორიცაში უმასპინძლა.

"მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“ - ლევან იზორია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 27 მარტი 2018 14:34

„მონტენეგროში, როგორც ნატოს ახალ წევრ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება“, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროელ კოლეგასთან პრედრაგ ბოშკოვიჩთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დედაქალაქ პოდგორიცაში, ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ლევან იზორიამ კოლეგას მონტენეგროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტი სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესანიშნავი საშუალებაა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო. ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.

გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 16:43

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს ივან ბრაიოვიჩს შეხვდა.

საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

აღინიშნა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მონაწილეობისთვის, რომელიც თბილისში იმართება.

“ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა თბილისში. მადლობას მოგახსენებთ ჩვენი პარლამენტისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში, დიდი მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ასევე მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის გაეროს პლატფორმაზე, სადაც ყოველწლიურად გამოგვაქვს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვულოცავ თქვენს ქვეყანას ნატოში წარმატებით გაწევრიანებას. ეს არის გზა, რომელიც საქართველომაც აირჩია. ეს არის დიდი მოტივაცია ჩვენთვის, რათა თანმიმდევრულად მივყვეთ ამ გზას”,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემი დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ უაღრესად თბილი მასპინძლობისთვის და საქართველოში გატარებული ყოველი შესანიშნავი წუთისთვის. საქართველოში ჩვენ ყველგან ვგრძნობთ გულწრფელობას და მეგობრობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის. მადლობას მოგახსენებთ ნატოში ჩვენი შესვლის მოლოცვისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მონტენეგრო ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგიდგეთ მხარში. ძალიან სასიხარულოა, რომ თქვენ აირჩიეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა“, - განაცხადა ივან ბრაიოვიჩმა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებაზეც ისაუბრეს.

ფეხბურთი: საქართველო U17 1:0 ლატვია U17

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 11:29

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საწყის მატჩში ლატვიას 1:0 მოუგო. გიორგი ნემსაძის გუნდმა მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
ერთადერთი გოლი ქართველთა მე-7 ნომერმა ხვიჩა კვარაცხელიამ 21-ე წუთზე გაიტანა. ლატვიელი მცველები შეტევის მოგერიებისას შეცდნენ, კვარაცხელიამ კი ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით დალაშქრა ივანს დუბოდელოვსის კარი.
ნემსაძის გუნდს რამდენიმე წუთში უპირატესობის გაორმაგების შანსი მიეცა, თუმცა ცოტნე ჩოთალიშვილის უძლიერესი დარტყმა დუბოდელოვსმა საოცარი ნახტომით მოიგერია. ქართველთა ეს იერიში კუთხურს მოჰყვა.
მეორე ტაიმში სიტუაცია არ შეცვლილა: უპირატესობას, მეტწილად, ნემსაძის გუნდი ფლობდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბალტიისპირელები გაცილებით უხეშად თამაშობდნენ, ვიდრე შესვენებამდე.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც ასევე თბილისში, თუმცა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, იტალიამ 3:0 დაამარცხა მონტენეგრო.
მეორე ტურის მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება: იტალია პეტრიაშვილზე ლატვიას გაეჯიბრება, საქართველოს ნაკრები კი მიხეილ მესხზე ამჯერად მონტენეგროს უმასპინძლებს.

24 ოქტომბერი, 2017ევრო 2018 - საკვალიფიკაციო ჯგუფითბილისი, მიხეილ მესხი, 300
1:0 ლატვია
გოლი1:0 ხვიჩა კვარაცხელია (21)
საქართველოლუკა ხარშილაძე, ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, კვიჩა კვარაცხელია (ლუკა-სებასტიან შვარცი 71), ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი (ელგუჯა ჯანგველაძე 82), ზურაბ დავითაშვილი (კაპ), გიორგი აბზიანიძე (გიორგი შალიკაშვილი 54), ანზორ მექვაბიშვილი
მწვრთნელიგიორგი ნემსაძე
ლატვია: ი.დუბოდელოვსი, ლ.ტრუსკოვსკისი (კაპ), კ.დ.ლიბეკსი, რ.ოზოლინშსი, რ.ვარსლავანსი, კ.ვილერსი, რ.მარგრინსი, ა.კრიუკოვიჩსი (მ.კალნინშსი 55), მ.სიდოროვსი (რ.ვიუმსონსი 26), დ.ფედოროვიჩსი, გ.კირკილსი
მწვრთნელი: იგორს სტეპანოვსი
გაფრთხილებარ.მარგრინსი, ცოტნე ჩოთალიშვილი, გიორგი გულიაშვილი, ირაკლი აზაროვი, რ.ვიუმსონსი, ცოტნე ჩოთალიშვილი
გაძევება: ცოტნე ჩოთალიშვილი (71)
მსაჯები: რ.ჰასანოვი (აზერბაიჯანი); ი.აბასოვი (აზერბაიჯანი), კ.დე როკერი (ბელგია)

ფრიდონ საყვარელიძე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ივლისი 2016 10:38

საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ფრიდონ საყვარელიძემ დღეს საქმიანი სადილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან დარკო პაიოვიჩთან და მის მრჩეველებთან გამართა. 

მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფრიდონ საყვარელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დარკო პაიოვიჩის, როგორც მონტენეგროს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარის, აქტიური ჩართულობა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში.

დარკო პაიოვიჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტის მონტენეგროს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. მისი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მონტენეგროს არ დაავიწყდება, რაც საქართველომ მისი ნატო-ში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის გააკეთა.

საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

19-წლამდელთა გამარჯვება მონტენეგროში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 მარტი 2016 12:31

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა ორმატჩიანი ტურნე მონტენეგროში. გიორგი ყიფიანის გუნდმა მასპინძლებს 2:0 აჯობა. პირველი შეხვედრა მონტენეგროელებმა ამავე ანგარიშით მოიგეს.

ქართველი 19-წლამდელები ევრო 2016-ის ელიტ-რაუნდისთვის ემზადებიან. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მატჩები 24, 26 და 29 მარტს ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა ინგლისელი და ბერძენი ფეხბურთელები იქნებიან.

3 მარტი, 2016ამხანაგურიმონტენეგრო, პოდგორიცა, „ბუდუჩნოსტი". 100
2:0 მონტენეგრო
გოლებ: 1:0 რატი არდაზიშვილი (82), 2:0 შერმადინ ართმელაძე (90)
საქართველო: ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, ლუკა ლოჩოშვილი, რატი არდაზიშვილი, დავით კობოური, გიორგი პაპუაშვილი (ლადო მამუჩაშვილი 85), ნიკა ქორიძე (შერმადინ ართმელაძე 79), ბექა მიქელთაძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით სამურკასოვი (ირაკლი ბიძინაშვილი 79), ენვერ ლილუაშვილი (გიორგი კიკნაძე 62)
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ლუკა ლოჩოშვილი, დავით სამურკასოვი
მსაჯი: ვ.ვოინოვიჩი (მონტენეგრო)

თინა ხიდაშელმა მონტენეგროს წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:17

საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასებებისას განაცხადა.

მინისტრმა მონტენეგროს წარმატება მიულოცა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"პირველ რიგში, მინდა მივულოცო მონტენეგროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. მონტენეგროს მიწვევა ალიანსში ნათელი და მკაფიო გზავნილია ასპირანტი სახელმწიფოებისთვის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის საფუძველზეც საქართველოს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა. მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დააფიქსირა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაწევრიანებისთვის გვესაჭიროება და არა გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მისივე განცხადებით, ბუქარესტის შემდეგ საქართველომ ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 
"ამ ეტაპზე საქართველო ეფექტიანად ახორციელებს წლიური სამოქმედო გეგმის (ANP) მეშვიდე ციკლს, რომელიც ერთადერთ პრაქტიკულ ინსტრუმენტს წარმოადგენს MAP-ის მონაწილე ქვეყნების წევრობისთვის მოსამზადებლად. საქართველო არის ერთადერთი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ინტეგრაციის კიდევ ორი მექანიზმი - ნატო-საქართველოს კომისია (NGC) და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). შესაბამისად, საქართველოს აქვს ყველა საჭირო წინაპირობა ინტეგრაციის პროცესში პროგრესისა და წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსების მობილიზება გააგრძელოს, რომელიც მიზნად ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის შეფასებით, საგულისხმოა, რომ ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესში ალიანსი შექმნის ახალ პრაქტიკულ გზებს არსებითი პაკეტის წარმატებით იმპლემენტაციისთვის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატების ინიცირების გზით. 
"მინდა, გამოვეხმაურო სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალიან სწორ გზავნილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ეს "წახალისება" ჩვენთვის მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რადგან "ღია კარის" პოლიტიკა გრძელდება და გზავნილი, რომელსაც მონტენეგროს ალიანსის წევრები აწვდიან, საუკეთესოა ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც გაწევრიანებისკენ ნატოში ისწრაფვის. კიდევ უფრო დიდი ოპტიმიზმისა და იმედის მომცემია ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, როდესაც იგი მონტენეგროს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამბობს - "ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო იყოს შემდეგი",- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

მონტენეგრო საქართველოს დასახმარებლად მზად არის - იგორ ლუკშიჩი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:02

მონტენეგრო საქართველოს დასახმარებლად მზად არის. ამის შესახებ მონტენეგროს საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა იგორ ლუკშიჩმა, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
ქართველმა ჟურნალისტმა კითხა ლუკშიჩს - დაუჭერს თუ არა მხარს მონტენეგრო საქართველოს წევრობას, მას შემდეგ რაც ალიანსის წევრი გახდება- .
"როგორც უნდა განვაცხადო, მონტენეგროს მიწვევა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მთელი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენ ვატარებდით ადრიატიკის ქარტიის სხდომას, ჩვენ ვსაუბრობდით კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიწვევაზე. ჩვენ გვსურდა ფორუმის შექმნა ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლისთვის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენ მზად ვართ დახმარების გასაწევად", - განაცხადა იგორ ლუკშიჩმა.

მონტენეგრო ნატოს წევრი ხდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 12:52

დღეს, ბულგარეთში, ნატოს მინისტერიალის ორ დღიანი სხდომა გაიხსნება. ნატოს მინისრტთა საბჭოს სხდომაზე ალიანსში მონტენეგროს მიწვევის მიღების გადაწყეტილებას მიიღებენ. გენერალური მდივნის სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული-ისტორიული იქნება. მონტენეგროს საკითხს ნატოს საბჭო ოთხშაბათს განიხილავს. დღეს კი ნატოს შტაბბინაში ევროპაში ალიანსის და რუსეთის ურთიერთბებში უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური