გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 19:19

ჟენევა / თბილისი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიო 2016 წლის 11-18 აპრილს საქართველოში მონიტორინგის ვიზიტით ჩამოვა.

„ჩემი ამოცანაა, შევაფასო საქართველოში ბავშვთა გაყიდვისა და ექსპლუატაციის მხრივ არსებული მდგომარეობის მასშტაბი, ასევე ქვეყნის მიერ ამ პრობლემის მოგვარების გზაზე მიღწეული წარმატება და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიანიჭა მანდატი, გაავრცელოს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თავიდან აცილებისა და ბრძოლის სტრატეგიები და წარმოადგინოს რეკომენდაციები მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვის, მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

„მე ვაპირებ შევხვდე სასტიკად მოპყრობის, ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს, ასევე  მძიმე პირობებში მყოფ ბავშვებს - ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებულ და დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს, და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს მთავრობისა და სხვა დაინტრესებული მხარეების მისამართით მომზადებულ რეკომენდაციებში“, - განაცხადა ქ-ნმა დე ბოერ-ბუკიკიომ, რომელიც ქვეყანაში მთავრობის მოწვევით ჩამოდის.

თავისი რვადღიანი ვიზიტის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, რუსთავსა და ბათუმს. იგი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახალხო დამცველის ოფისის, ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის სექტორის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებს.

სპეციალური მომხსენებელი ასევე მოინახულებს ბავშვებზე ზრუნვის სხვადასხვა ცენტრს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

თავისი ვიზიტის ბოლოს ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო შეხვდება მედიის წარმომადგენლებს და გაუზიარებს მათ თავის წინასწარ დაკვირვებებს პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ორშაბათს, 2016 წლის 18 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ. №13, თბილისი. პრესკონფერენციას მხოლოდ ჟურნალისტები დაესწრებიან.

სრულ ანგარიშს ვიზიტის შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.

მო დე ბოერ-ბუკიკიო (ნიდერლანდები) ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2014 წლის მაისში დაინიშნა. 2002-2012 წლებში იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა. ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო სათავეში ედგა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიღების პროცესს. იგი დაკარგული და ესპლუატირებული ბავშვების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტია. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ohchr.org/EN/Issues/Children/Pages/ChildrenIndex.aspx

სპეციალური მომხსენებლები ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მექანიზმის ნაწილს შეადგენენ. სპეციალური პროცედურები, დამოუკიდებელ ექსპერტთა ყველაზე დიდი უწყება გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში, ზოგადი სახელწოდებაა საბჭოს ფარგლებში არსებული სიტუაციის შემსწავლელი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმებისა, რომლებიც იხილავენ ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ან თემატურ საკითხებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეებად მუშაობენ, ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და საკუთარი მუშაობისათვის ხელფასს არ ღებულობენ. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობის თუ ორგანიზაციისგან და საკუთარი სახელით ეწევიან საქმიანობას.

 

 

საქართველო: მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულები არიან, ხოლო რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება - ნათქვამია ევროპის საბჭოს ახალ ანგარიშში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 იანვარი 2016 13:18

სტრასბურგი, 2016 წლის 15 იანვარი - ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნული უმცირესობების დაცვის საქმეში: დამტკიცდა ახალი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რამაც უნდა უზრუნველყოს თანასწორობა და ინტეგრაცია, ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლა; გრძელდება მედიისა და კულტურული აქტივობების მხარდაჭერა უმცირესობათა ენებზე; ხორციელდება უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა. მიუხედავად ამისა, ეროვნული უმცირესობები კვლავაც მარგინალიზებულნი რჩებიან. ისევ არსებობს ენობრივი ბარიერები, ხოლო უმცირესობათა ენებზე სკოლებში მიმდინარე სწავლების ხარისხი დაბალია. სიძულვილის ენა და რელიგიათაშორისი დაძაბულობა იზრდება.
ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც დღეს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის საკითხებზე მომუშავე ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტმა საკუთარ ახალ ანგარიშში  გამოაქვეყნა, რასაც თან ერთვის საქართველოს მთავრობის კომენტარები.
2009 წლის მონიტორინგის პირველი ციკლიდან მოყოლებული, ევროპის საბჭოს კომიტეტისათვის აღსანიშნავია ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ მიმართული დეტალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და 2014 წელს დამტკიცებული ნათლად ჩამოყალიბებული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა; კანონში სახელმწიფო ენის შესახებ მოცემულია გარანტიები ეროვნული უმცირესობების ენების გამოყენებისათვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, რასობრივი ნიშნით შეუწყნარებლობა, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში, არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.
კომიტეტის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობათა ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული და რუსული) განათლების მიღება შესაძლებელია დაახლოებით 300 სკოლაში, ამ სკოლებში სწავლების საერთო ხარისხი საშუალოზე დაბალია, რადგან ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული შესაბამისი სტანდარტები, ხოლო  მაღალხარისხოვანი საგანმანათლებლო მასალები, განსაკუთრებით, ბილინგვური სწავლების მიმართულებით, კვლავაც მწირია.
მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა ქართული ენის ცოდნის დონე ეროვნული უმცირესობების თემებში, ენობრივი ბარიერები კვლავაც რჩება, რაც ხელს უშლის მნიშვნელოვანი უფლებების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით, ხანდაზმულ წარმომადგენლებში. ეს თავის მხრივ ზრდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების იდენტობისა და კულტურის მარგინალიზაციის ზოგად შეგრძნებას. სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიუთითეს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესახებ ცნობიერების დაბალ დონეზე; მათი ეფექტიანი გამოყენებისთვის საჭირო თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ნაკლებობასა და უმცირესობათა ენებზე მაუწყებლობის დაბალ ხარისხზე. მიუხედავად სხვადასხვა დონეებზე გაწეული ერთობლივი ძალისხმევისა, ეროვნულ უმცირესობათა ჩართულობა საჯარო სფეროში, განსაკუთრებით ცენტრალურ დონეზე, არაპროპორციულად დაბალი რჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის კარგი თანამშრომლობა და დიალოგია, განსხვავებული რწმენის საფუძველზე წარმოშობილი დაძაბულობა და კონფლიქტები რიგ რეგიონებში გაცილებით გახშირდა“, ნათქვამია ანგარიში. „აღინიშნება სიძულვილის ენის ზრდა რელიგიური და ეროვნული უმცირესობების მიმართ, რაზეც ხშირად ადეკვატური რეაგირება არ ხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.“ დასრულებული გამოძიებების ძალიან მცირე რაოდენობა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებებზე  სისხლის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც არსებული ინფორმაცია დომინანტი რელიგიის სასარგებლოდ გამოჩენილი მიკერძოებულობის შესახებ, ძირს უთხრის პოლიციის მიმართ ნდობას და სულ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებში.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სკოლებში მართმადიდებლური რელიგიის ღვთისმსახურების დანერგვამ, რომელსაც ხშირად თან ახლავს შეუწყნარებელი დამოკიდებულება მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, შეიძლება გამოიწვიოს იმ მოსწავლეების გაუცხოება და დამცირება, რომლებიც სხვადასხვა აღმსარებლობის ეროვნულ უმცირესობათა  ჯგუფებს მიეკუთვნებიან. გარდა ამისა, ეს ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რომელიც სკოლას განსაზღვრავს ნეიტრალურ სივრცედ, სადაც აკრძალულია რელიგიური ინდოქტრინაცია და იძულებითი ასიმილაცია.
რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მრჩეველთა კომიტეტი კვლავ მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, კონსტრუქციული მიდგომით უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების უფლებების, როგორც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების  განუყოფელი ნაწილის დაცვა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.  
ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა  2005 წლის დეკემბერში. კონვენცია საქართველოში  ძალაში შევიდა  2006 წლის აპრილში.

სატელივიზიო აუდიტორიის მზომავი კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსი" დამატებით კიდევ 24-მდე არხის რეიტინგს გაზომავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 17:47

2016 წლის დასაწყისიდან სატელივიზიო აუდიტორიის მზომავი კომპანია "ტრი მედია ინტელიჯენსი" (TMI – Tri Media Intelligence) დამატებით კიდევ 24-მდე არხის რეიტინგს გაზომავს, შესაბამისად, მომდევნო წელს მედია ინდუსტრიას 40-მდე ქართული არხის რეიტინგები და 20-მდე არხის მონიტორინგი მიეწოდება. ამის შესახებ TMI-სა და KANTAR MEDIA-ს წარმომადგენლებმა „ქარვასლას“ საგამოფენო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას განუცხადეს.
"სიახლე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს, თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და საქართველოს ბაზარზე ამ ინდუსტრიისთვის სიახლეს წარმოადგენს. თუ ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბრებთ, გამოვყოფდი გაზომვის სიზუსტეს. ჩვენ ვზომავთ იმ პარამეტრებს, რაც აქამდე არ იზომებოდა, ეს ეხება სტუმრების ყურებადობას და გადახვევებს. ესეც ძალიან სასარგებლო იქნება სატელევიზიო ინდუსტრიისთვის", - აღნიშნა "ტრი მედია ინტელიჯენსის" თანადამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ.
მისივე ინფორმაციით, TMI მოიცავს დიდ და დაბალანსებულ პანელს – 600-მდე შინამეურნეობას, აქედან 300-ს - თბილისში, დანარჩენს კი – რეგიონებში.
ტელევიზიების წარმომადგენლების ერთი ნაწილის აზრიით, რეიტინგების მზომავი მეორე კომპანიის გამოჩენა კონკურენციას გაზრდის, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ ჯამში ბაზარზე მხოლოდ ერთი მათგანი დარჩება ("თი-ვი ემ-არ საქართველო" ან "ტრი მედია ინტელიჯენსი").
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ტრი მედია ინტელიჯენსი" (TMI – Tri Media Intelligence პირველ იანვარს თავის კლიენტებს და ფართო საზოგადოებას 20-მდე ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგებს წარუდგენს.
შეხვედრას ქართული სატელევიზიო, სარეკლამო და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ TMI მულტინაციონალური, მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია KANTAR MEDIA-ს ექსკლუზიური ლიცენზიანტია საქართველოში. KANTAR MEDIA-ს 50-ზე მეტი ქვეყნის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის გამოცდილება აქვს და Tri Media Intelligence-სთან თანამშრომლობით საქართველოში სატელევიზიო აუდიტორიის უახლეს სერვისს ქმნის.

"რუსთავი 2-ის" შენობასთან კამერების მონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 13:25

რუსთავი 2-ის შენობასთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. რამდენიმე საათის წინ ტელევიზიასთან თეთრი ავტომობილი გაჩერდა და როგორც მათ  აღნიშნეს, ისინი შს სამინისტროდან იყვნენ. ამის შემდეგ კი მათ ტერიტორია დატოვეს. 

რამდენიმე წუთის წინ კი სამაუწყებლო კომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე შს სამინისტროს წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით მოვიდნენ და ვიდეოკამერების მონტაჟი დაიწყეს. 

როგორც ცნობილია შს სამინისტრო რუსთავი 2-ის პერიმეტრის 24 საათიან მონიტორინგს იწყებს. 

"რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმში მონიტორინგი წესდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:04

შსს "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომეთვალყურეობის კამერების დამონტაჟებას და საპატრულო პოლიციის მუდმივ მორიგეობას გეგმავს , - ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ განაცხადა.
"ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა ვუზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაცები", - განაცხადა პერტაიამ. 

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის აპარატურა უკვე შესყიდულია

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 10:52

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი არსოშვილმა და კომპანია „3M electronic monitoring“-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეიალ დალითმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია - „3M electronic monitoring“-ისგან სპეციალიზირებული აპარატურა შეისყიდა.

ხელშეკრულების მიხედვით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, დაინსტალირდება სპეციალური სერვერი, სადაც განთავსდება მონაცემთა ბაზა. ამავდროულად, სააგენტოს გადაეცემა ელექტრონული მონიტორიგისთვის საჭირო აპარატურა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის განცხადებით, კომპანია „3M electronic monitoring“-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ელექტრონული მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგია ინერგება და შინაპატიმრობის აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით მოხდება.

„კომპანია „3 M“ მაღალი ხარისხის ტექნოლოგიას გვთავაზობს, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება მსჯავრდებულებისთვის და რაც მთავარია, უშეცდომო იქნება იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელიც შინაპატიმრობამისჯილი მსჯავრდებულების კონტროლს უკავშირდება. ეს პროეტი ხელს შეუწყობს საქართველოში არასაპატიმრო სანქციების ეფექტურად და ინტენსიურად გამოყენებას,“ _ აღნიშნა გიორგი არსოშვილმა.

„3M electronic monitoring“-ის ვიცე-პრეზიდენტის ეიალ დალითის განცხადებით, შინაპატიმრობის კონტროლის მოწყობილობები გარდა იმისა, რომ შინაპატიმრობაში მყოფი პიროვნების კონტროლის საშუალებაა, ასევე, დარღვევების პრევენციის საშუალებასაც იძლევა და შეტყობინებას აგზავნის სათანადო უწყებაში.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, „3M electronic monitoring“-ის ექსპერტები ელექტრონული მონიტორინგის სისტემის ექსპლუატაციის საკითხებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელებს გაადამზადებენ. ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ელექტრონული მონიტორინგის სისტემისა და აპარატურის 3 წლის განმავლობაში მომსახურება.

„3M electronic monitoring“ ელექტრონული მონიტორინგის სფეროში, ერთ-ერთი ლიდერი კორპორაციაა. მათ მიერ წარმოებულ ელექტრონული მონიტორინგის ტექნოლოგიებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, წარმატებით იყენებს.

იუნისეფის განცხადება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 16:09

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მიესალმება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიკაციას და სახალხო დამცველის დანიშვნას იმ სტრუქტურად, რომელიც გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას  გაუწევს პოპულარიზაციას, დაიცავს და  მოახდენს მისი განხორციელების მონიტორინგს.  
სახალხო დამცველის აპარატში საკონსულტაციო საბჭოს დაარსება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებას, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.   
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, საქართველოში 10000-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია დარეგისტრირებული, რაც ბავშვების მთელი რაოდენობის ერთი პროცენტია. საერთაშორისო მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვთა მინიმუმ 2.5 % ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობით. ამდენად, ბავშვზე ზრუნვის სისტემა ჯერ კიდევ ვერ ხედავს დაახლოებით 15 000 ბავშვს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსულტაციო საბჭოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ძლიერი სტიგმა, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების ნაკლებობა, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში და სოფლად, და შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების არსებული სამედიცინო მოდელი, რომელიც ფოკუსირებულია სამედიცინო დიაგნოზზე და ამ დარღვევით გამოწვეულ შეზღუდვებზე, რაც უგულვებელყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე ბევრ ბავშვს.
ვფიქრობთ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია შემდეგი ზომების განხორციელება ამ სფეროში სისტემური ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად:
o  საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
o  შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების არსებული სამედიცინო მოდელი შეიცვალოს სოციალური მოდელით, რომელიც აღმოფხვრის ხარვეზებს, რაც ხელს უშლის ბავშვებს ისარგებლონ საბაზისო სოციალური მომსახურებებით და განავითარონ სრული პოტენციალი;
o  ექთნების ვიზიტები ოჯახებში, რათა მოხდეს ბავშვის განვითარების შეფერხების და შეზღუდული შესაძლებლობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მათი  გადამისამართება სათანადო სამსახურებში;
o  შემუშავდეს ოჯახის მხარდამჭერი და ოჯახის ჩანაცვლების ალტერნატიული მომსახურებები, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები იზრდებოდნენ მზრუნველ, ოჯახურ გარემოში და დასრულდეს ინსტიტუციური ზრუნვა ამ ყველაზე დაუცველი ბავშვებისთვის;
o  შეიცვალოს საზოგადეობის დამოკიდებულება და არსებული სტიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (და ზოგადად, პირების) მიმართ, რათა ისინი დისკრიმინაციისგან თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ.
მტკიცედ გვჯერა, რომ  ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე არსებული ყველა დაინტერსებული მხარეს - საქართველოს პარლამენტის, სხვადასხვა სამინისტროების, სახალხო დამცველის აპარატის, სხვა საჯარო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების კარგად კოორდინირებულ ქმედებებს შეუძლია  მხოლოდ პოზიტიური სისტემური ცვლილებების მიღწევა. ასევე, მედიასაც გადამწყვეტი როლი აქვს სტიგმის შემცირებისა და სტერეოტიპების დანგრევის საკითხში.  

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:29

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლებმა მდინარე არაგვიდან, წყლის სინჯები აიღეს. წყლის სინჯების აღების პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე ესწრებოდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აღებულ სინჯებში წყლის ფიზიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებს განსაზღვრავენ, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა, ხოლო "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიის თანამშრომლები კი წყლის ხარისხს შეისწავლიან.
 18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა

საქართველოში შავი ზღვის იქთიოფაუნის მონიტორინგი განხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 22 აგვისტო 2015 13:17

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ წარმოებულა. ასევე, 12 წეილია სახელმწიფოს არ განუხორციელებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგების შეფასებაც. მონიტორინგი მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა.

იქთიოფაუნა წარმოადგენს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთ კომპონენტს, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგი ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებების დაკვირვების საშუალებას იძლევა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური