ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგსა და წყლის ხარისხზე პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 მარტი 2019 14:46

ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგი და წყლის ხარისხი  იყო სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მთავარი თემა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არის რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. მამუკა ბახტაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს  შესაბამისი დავალება ჰქონდათ მიცემული, იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით  წყლის ხარისხის მდგომარეობა შეესწავლათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად  გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სპეციალურ ფორმატში შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ გარემოს დაცვისა და ჩვენს მიერ დაანონსებული მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს რეგიონები, სადაც ეკოლოგიის თვალსაზრისით რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს უკვე ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. გამოიკვეთა, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება გარკვეულ ქალაქებში, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად. შესაბამისად, ეს ჩვენი მხრიდანაც მოითხოვს უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით,  აღნიშნული პრობლემა თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დაგეგმვა და მათი იმპლემენტაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიცი, რომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ჩატარდა, განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტი. ბუნებრივია, ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებზე და გამოვიყენოთ საუკეთესო გამოცდილება, რომელიც დაგროვდა დასავლეთის ქვეყნებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საკოორდინაციო საბჭო გარემოს დაცვის მიმართულებით 2018-2022 წლების გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფუნქციონირებს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ესწრებოდნენ. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019 15:06
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო ,,თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების  ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.
აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს პროკურატურას.
ეროვნულმა ბანკმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლა საკითხი და აღმოჩენილ დარღვევებზე მოახდინა  შესაბამისი რეაგირება.
ხოლო საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. 
გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა,  ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს  სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს  ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ს, ვალი.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

ლილოს თავშესაფარში მონიტორინგი განახორციელდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 18:17

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და კომისიის წევრმა ია მაკარასარაშვილმა  კომისიის აქტივობის ფარგლებში  ა(ა)იპ „ლილოს მიუსაფართა  თავშესაფარში“ მონიტორინგი განახორციელეს. 

საკრებულოს წევრები  თავშესაფარში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. მომსახურე პერსონალსა  და  ბენეფიციარებს გაესაუბრნენ და თბილისის საკრებულოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვეს. 

როგორც გულიკო ზუმბაძემ აღნიშნა, კომისიის წევრები მსგავს დაწესებულებებში  მონიტორინგს მომავალშიც განახორციელებენ.
ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი  2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს და ის 240 ბენეფიციარზეა გათვლილი, დღესდღეობით კი მისი მომსახურებით 111  ბენეფიციარი სარგებლობს.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აჯამებენ საარჩევნო მედია მონიტორინგის შედეგებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 დეკემბერი 2016 21:52

პოლიტიკური პროგრამების ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობა, პოლარიზების ტენდენციები მედიის გარკვეულ სეგმენტებში, სიძულვილის ენის შემთხვევები არჩევნების გაშუქებისას - ასეთია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით განხორციელებული 2016 წლის საპარლამნეტო არჩევნების მედიამონიტორინგის მთავარი მიგნებები და რეკომენდაციები.

მედიამონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიშების განხილვა შედგა 16 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე. ანგარიშებში ხაზგასმულია როგორც საქართველოს მედიის მიღწევები უკანასკნელი წლების მანძილზე, ასევე გამოწვევები პროფესიული, ხარისხიანი და ეთიკური მედიის განვითარების გზაზე.

„მედიის თავისუფლება და პლურალიზმი ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფუნდამენტური ღირებულებებია. მოხარული ვარ, რომ არჩევნების გაშუქებისას გამოიკვეთა პოზიტიური ტენდენციები - მეტი დაბალანსებულობა და მრავალფეროვნება. ამ დადებით დინამიკას წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საარჩევნო მედიამონიტორინგი მიმდინარეობდა 2016 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე. მედიამონიტორინგმა მოიცვა ორმოცზე მეტი მედია საშუალება - ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია. მედიამონიტორინგში ჩართული იყო სამი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელთაც პროფესიულ დახმარებას უწევდა სლოვაკური ორგანიზაცია „მემო’98“.

„მედიამონიტორინგის შედეგები ეყრდნობა ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესრულებულ უდიდეს სამუშაოს, 300 ათასამდე შემთხვევის დოკუმენტირებასა და ანალიზს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მედიამონიტორინგი საქართველოს საარჩევნო ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შედეგებითაც თანაბრად სარგებლობს როგორც მედია, ასევე მთლიანად საზოგადოება“, - თქვა ნილს სკოტმა, გაეროს ხელმძღვანელმა საქართველოში.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ყველა ანგარიში განთავსებულია ვებ-გვერდზე: www.mediamonitor.ge

ანგარიშები მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:22

18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში – „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერება“, მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის სერვისების მონიტორინგის შესახებ სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშებში წარმოდგენილია სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ, 2015 წლის 1 ივნისიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

მონიტორინგის ფარგლებში, სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა შეისწავლა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის 380 და  რეინტეგრაციის სერვისის 110 ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობა და მეურვეობა–მზრუნველობის რეგიონული საბჭოების სხდომების მუშაობა. 2005 წლიდან საქართველოში სახელმწიფო მზრუნველობის დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მინდობით აღსაზრდელ და რეინტეგრირებულ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ეფექტიანად დაცვისათვის, აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკისა და ამ სფეროში მოქმედი შიდა მექანიზმების არსებითი გაძლიერება და შემდგომი მუშაობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, აუცილებელია, რეინტეგრირებულ ოჯახთა სოციალური ფუნქციის ამაღლება, ფარდობით და უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ რეინტეგრირებულ ბავშვთა  გაძლიერება და ამ მიზნით, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა. რეინტეგრირებულ ბენეფიციართა მდგომარეობის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბავშვების უსაფრთხოების დაცვაზე, ძალადობისა და ნებისმიერი ტიპის არასათანადო მოპყრობის ფაქტების თავიდან აცილება/აღმოფხვრაზე.

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებისას, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებისა, ნორმატიულ დონეზე, მინდობით აღზრდის სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის. პრობლემას წარმოადგენს, ასევე,  სახელმწიფო დონეზე მინდობით აღმზრდელთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის არარსებობა,  სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაცია. აქტუალურია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა იდენტიფიკაცია და მათი რეაბილიტაცია, მინდობით აღმზრდელ მშობელთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი  რთული ქცევის მართვისა და პრევენციის, სხეულებრივი დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. გამოიკვეთა, ასევე, გამოწვევები მინდობით აღზრდის სერვისში ბავშვთა განათლების, ჯანდაცვის, მათი ბიოლოგიურ გარემოში რეინტეგრაციის ხელშეწყობის   კუთხით.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს მთავრობისა და პასუხისმგებელი უწყებების მიერ უნდა მომზადდეს სპეციალური სახელმწიფო ქვეპროგრამები, განხორციელდეს მინდობით აღმზრდელ ოჯახთა სისტემური და რეგულარული გადამზადება; ყურადღება უნდა გამახვილდეს ნათესაური მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული მიმღები ოჯახებისა და ბავშვების გაძლიერებაზე, უნდა ამაღლდეს რეინტეგრირებული ოჯახების ინფორმირებულობის დონე ძალადობის, ექსპლუატაციისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის პრევენციის კუთხით, ხელი შეეწყოს ქვეპროგრამაში ჩართულ, ფარდობითი სიღარიბის პირობებში მცხოვრებ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებსა და შორეულ სოფლებში  მცხოვრებ ბავშვთა ოჯახების სოციალურ გაძლიერებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შეიმუშაონ და წარმართონ კოორდინირებული პოლიტიკა მინდობით აღზრდის და რეინტეგრაციის სფეროში და  შეასრულონ სპეციალურ ანგარიშებში გაწერილი რეკომენდაციები.

თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 17:00

18 ივლისიდან თბილისის მერია მიკროავტობუსებში კონდიცირების მონიტორინგს იწყებს.

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დედაქალაქში მოძრავ მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის მონიტორინგისთვის სპეციალური ჯგუფების შექმნა დაავალა.

მერიის მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას 18 ივლისიდან შეუდგებიან და კომპანიას რეაგირებისთვის გადასცემენ იმ მიკროავტობუსების სიას, რომლებსაც მგზავრების გადაყვანისას კონდიციონერები არ ექნებათ ჩართული.

„თბილისის მიკროავტობუსი“ თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. კომპანიის განცხადებით, ურჩი მძღოლების წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 მაისი 2016 13:23

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იწყებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს. 20 მაისს გამართულ პრეს კონფერენციაზე, მონიტორინგის დაწყების შესახებ განაცხადეს იანოშ ჰერმანმა - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, და შომბი შარპმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.   
„ხაზი მინდა გავუსვა მედიის თავისუფლებისა და ხარისხიანი გაშუქების მნიშვნელობას არჩევნების პერიოდში. ჩვენთვის საამაყოა ხელი შევუწყოთ სანდო და პროფესიულ მედიამონიტორინგს, რომელიც შექმნის მედიის შესახებ ღია დიალოგის შესაძლებლობას და წვლილს შეიტანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2010 წლიდან ხელს უწყობენ მედიამონიტორინგის ჩატარებას საქართველოში. 2016 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, მედიამონიტორინგს განახორციელებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუს - საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.
არჩევნების დაბალანსებული, მიუკერძოებელი და პროფესიული გაშუქების თვალსაზრისით შეფასდება ორმოცზე მეტი ტელეკომპანია, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალება.
„მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ მედიამონიტორების ასეთ გამოცდილ გუნდთან. დარწმუნებული ვარ, რომ მედიამონიტორინგი დაეხმარება ქართველ ჟურნალისტებს, შეასრულონ თავისი პროფესიული მოვალეობა არჩვენების გაშუქებისას, და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ მსჯელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის როლის შესახებ“, - თქვა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
საპარლამენტო არჩვენების მედიამონიტორინგი ჩატარდება 2016 წლის მაისიდან ნოემბრამდე. მონიტორინგის ანგარიშები ხელმისაწვდომი იქნება ვებ გვერდზე: www.MediaMonitor.ge და სოციალურ მედიაში: www.facebook.com/MediaMonitor.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში იმყოფებიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 მაისი 2016 14:13

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლები - ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი დღეს საქართველოს ესტუმრენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ავრცელებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის მიზანს საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი წარმოადგენს.
თბილისში ვიზიტის დროს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს, სახალხო დამცველსა და ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდებიან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქართულ დელეგაციასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან, დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში 5 მაისამდე გაგრძელდება.

გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 19:19

ჟენევა / თბილისი – გაეროს სპეციალური მომხსენებელი ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში მო დე ბოერ-ბუკიკიო 2016 წლის 11-18 აპრილს საქართველოში მონიტორინგის ვიზიტით ჩამოვა.

„ჩემი ამოცანაა, შევაფასო საქართველოში ბავშვთა გაყიდვისა და ექსპლუატაციის მხრივ არსებული მდგომარეობის მასშტაბი, ასევე ქვეყნის მიერ ამ პრობლემის მოგვარების გზაზე მიღწეული წარმატება და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელსაც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიანიჭა მანდატი, გაავრცელოს ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის თავიდან აცილებისა და ბრძოლის სტრატეგიები და წარმოადგინოს რეკომენდაციები მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნვის, მათი რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.

„მე ვაპირებ შევხვდე სასტიკად მოპყრობის, ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლ ბავშვებს, ასევე  მძიმე პირობებში მყოფ ბავშვებს - ბავშვებზე ზრუნვის დაწესებულებებში მოთავსებულ და დევნილთათვის განკუთვნილ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს, და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს მთავრობისა და სხვა დაინტრესებული მხარეების მისამართით მომზადებულ რეკომენდაციებში“, - განაცხადა ქ-ნმა დე ბოერ-ბუკიკიომ, რომელიც ქვეყანაში მთავრობის მოწვევით ჩამოდის.

თავისი რვადღიანი ვიზიტის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ექსპერტი ეწვევა თბილისს, რუსთავსა და ბათუმს. იგი შეხვდება აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სახალხო დამცველის ოფისის, ბავშვთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის სექტორის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებს.

სპეციალური მომხსენებელი ასევე მოინახულებს ბავშვებზე ზრუნვის სხვადასხვა ცენტრს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.

თავისი ვიზიტის ბოლოს ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო შეხვდება მედიის წარმომადგენლებს და გაუზიარებს მათ თავის წინასწარ დაკვირვებებს პრესკონფერენციაზე, რომელიც გაიმართება ორშაბათს, 2016 წლის 18 აპრილს, 12:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზ. №13, თბილისი. პრესკონფერენციას მხოლოდ ჟურნალისტები დაესწრებიან.

სრულ ანგარიშს ვიზიტის შესახებ სპეციალური მომხსენებელი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2017 წლის მარტში წარუდგენს.

მო დე ბოერ-ბუკიკიო (ნიდერლანდები) ბავშვთა გაყიდვის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხებში სპეციალურ მომხსენებლად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2014 წლის მაისში დაინიშნა. 2002-2012 წლებში იგი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილედ მუშაობდა. ქ-ნი დე ბოერ-ბუკიკიო სათავეში ედგა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიღების პროცესს. იგი დაკარგული და ესპლუატირებული ბავშვების ევროპის ფედერაციის პრეზიდენტია. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ohchr.org/EN/Issues/Children/Pages/ChildrenIndex.aspx

სპეციალური მომხსენებლები ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურების მექანიზმის ნაწილს შეადგენენ. სპეციალური პროცედურები, დამოუკიდებელ ექსპერტთა ყველაზე დიდი უწყება გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში, ზოგადი სახელწოდებაა საბჭოს ფარგლებში არსებული სიტუაციის შემსწავლელი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმებისა, რომლებიც იხილავენ ან კონკრეტულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ან თემატურ საკითხებს მსოფლიოს ყველა ნაწილში. სპეციალური პროცედურების ექსპერტები მოხალისეებად მუშაობენ, ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და საკუთარი მუშაობისათვის ხელფასს არ ღებულობენ. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობის თუ ორგანიზაციისგან და საკუთარი სახელით ეწევიან საქმიანობას.

 

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური