საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 18:51

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

როგორც ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადადგომა რამდენიმე თვით გადადო.

ივანე მაჭავარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება, რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://1tv.ge/news/ivane-machavarianma-finansta-ministris-tanamdeboba-datova/

არჩილ თალაკვაძე - ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 11:53

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართულ გუშინდელ მოლაპარაკებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„მადლიერი ვართ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ მედიატორობის ხელმძღვანელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო ხელმოწერისთვის მზად, ჩვენ დანიელსონის შემოთავაზების მიხედვით განვახორციელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ“, – წერს არჩილ თალაკვაძე.

გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან კრისტიან დანიელსონის მედიატორობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

„დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა, მე მგონი, უკვე ყველამ გაიგეთ, თვითონ მედიატორის მხრიდან, რომ მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა და ისინი ითხოვდნენ სხვა საკითხების დამატებას, ჩვენ საკითხების დამატება არ მოგვითხოვია და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კონსტრუქციული და სამართლიანი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტში იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დანიელსონმა მათ შესთავაზა ტექსტი და ამ ტექსტზე ხელმოწერისთვის ოპოზიციამ მზადყოფნა არ გამოხატა.

„ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული პოზიციები ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეების და ჩვენიო ქვეყნის ინტერესებში შედის. სამწუხაროდ, დიალოგის ამ ეტაპზე ოპოზიცია ისევ არ აღმოჩნდა მზად, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით.

„თუ თქვენ ნახავთ იმ დოკუმენტს, რომელიც უკვე სასამართლო რეფორმაზე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგ შეკითხვაზე პასუხი და ჩვენი კომპრომისული პოზიცია არის მოცემული შავით თეთრზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პროცედურისთვის გადაგვეხედა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეგვეცვალა შერჩევის პროცედურის ყველა ის მომენტი, რომელზეც ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაციები და გვთხოვდა ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაგვეტარებინა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა პარლამენტში, ამიტომ ამაზე პასუხი ჩვენ გვქონდა უკვე გაცემული მანამდეც კი, ვიდრე დღეს მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდებოდით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა ნიკა მელიას საქმეზეც და აღნიშნა, რომ მის მიმართ სახელმწიფომ აჩვენა თავისი სამართლებრივი პოზიცია.

„შეგახსენებთ, რომ ის მოქალაქეებსა და სახელმწიფოს ეუბნებოდა, რომ კანონი მასთან მიმართებაში არ არსებობს და მას შეუძლია, რომ დაარღვიოს კანონი ისე, რომ არც გადაიხადოს გირაო და ვერც დააპატიმრებენ. აქ სახელმწიფომ მას შეახსენა, რომ კანონიც არსებობს და ინსტიტუტებიც ამ ქვეყანაში და ის დააპატიმრა მართლმსაჯულების სისტემამ. ამის გათვალისწინებით ჩვენ დღეს გამოვთქვით მზადყოფნა, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი განიხილავდა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ამნისტიას, სადაც იცით, რომ ასევე სხვა პირებიც არიან პასუხისგებაში მიცემული. არა მხოლოდ ნიკანორ მელია, ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ როგორ კომპრომისებზე მიდიოდა ხელისუფლება ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა ამ ტრიბუნასთან და ევროპულ თუ ამერიკულ ტრიბუნებთან თქვეს, რომ ყოველი დღე, როდესაც ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და მათი ადგილები ცარიელია, ეს არის არა ხალხის სამსახური, არამედ რუსეთის ინტერესების სამსახური საქართველოში, ვინაიდან ეს ხელს უშლის, საქართველომ აჩვენოს სწრაფი პროგრესი, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია, რაზეც ხელისუფლებას სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ წლების განმავლობაში. ამ პასუხისმგებლობას ინარჩუნებს დღესაც, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება და ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონსტიტუციაში ჩაწერა საქართველოს მიზნები ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით მთავარი განაცხადი ჩვენი მხრიდან გაკეთდა, როდესაც საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით იყო თუ არა გირაოს გადახდის შეთავაზება, თალაკვაძემ აღნიშნა: „იმ შენიშვნის გარდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ ისაუბრა აქ, ერთ-ერთი შენიშვნა, რომელიც ჩვენ პირდაპირ დავურთეთ ტექსტს ზუსტად იმიტომ, რომ ამაზე ყოფილიყო ძალიან მკაფიო ჩანაწერი, იყო ზუსტად, რომ დავაზუსტეთ, ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას იმის გათვალისწინებთ, რომ ის პასუხისგებაში მიეცა. ასევე, მას შეეფარდა პატიმრობა, გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას და ამ შემთხვევაში, ჩვენ რა თქმა უნდა კომპრომისული და კონსტრუქციული პოზიცია გვქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მაგალითად ერთ-ერთი შენიშვნა რაც ჩვენ გავახმოვანეთ იყო, რომ დაგვეზუსტებინა ის, რომ ეს ამნისტია ნიკანორ მელიასაც შეეხებოდა მას შემდეგ რაც გირაო იქნებოდა გადახდილი“, – აღნიშნა თალავაძემ.

ხოლო შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი, თუ ვინ გადაიხდიდა გირაოს, თალაკვაძემ აღნიშნა: „ვერ გეტყვით, ფაქტი არის ის რომ, მხარეს, ანუ ნიკანორ მელიას გირაო უნდა გადახდილიყო, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის პოზიცია, რასაც კანონის ითვალისწინებს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა გუშინ გვიან ღამამდე მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.

წყარო: https://1tv.ge/news/archil-talakvadze-dialogis-am-etapze-opozicia-isev-ar-aghmochnda-mzad-rom-kheli-moewera-shetankhmebaze/

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020 11:44

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.

საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 11:33

საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება 2016 წელს ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულში მოხვდა. 2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის „ვეისინის“ მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

ხსენებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის გაერთიანებულმა კომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა, ათეულში ასევე მოხდა „ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის“ 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლის ათი მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა 2015 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს. გადაწყვეტილება აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრისას მიიღეს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის FTA მოლაპარაკებები დასრულდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 21:46

2016 წლის 10 სექტემბერს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში (7 თვიან პერიოდში). მხარეებმა შეათანხმეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ ყველა ასპექტი. ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საელჩო იტყობინება.
საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ჩინეთის მხრიდან - კომერციის (ეკონომიკის) სამინისტრო. მოლაპარაკებებში აგრეთვე ჩართული იყვნენ ორივე ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სტრუქტურები. აღნიშნულ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
წინასწარი შეფასებებით, საქართველო-ჩინეთის FTA თავისი შინაარსით იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მსოფლიო პრაქტიკაში, რადგან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ანუ საბაჟო გადასახადებიდან თავისუფალი სავაჭრო ბრუნვა, გავრცელდება საქონლისა და მომსახურეობის უდიდეს ნაწილზე, გარდამავალი პერიოდის გარეშე.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო-ჩინეთის FTA-ს დანიშნულებაა არა უბრალოდ სავაჭრო ბრუნვის წახალისება ორ ქვეყანას შორის (რაც თავის თავად მნიშვნელოვანია), არამედ გაცილებით მეტი ინვესტიციების ნაკადის მოზიდვა ჩინეთიდან საქართველოში, რაც, უდაოდ, საგრძნობლად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების შემდგომ განვითარებას.

თბილისში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკება გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 15:26

2016 წლის 22-23 თებერვალს თბილისში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.

მხარეებმა განიხილეს როგორც უშუალოდ შეთანხმების ძირითადი მიმართულებები, ასევე კონსულტაციების გამართვის სავარაუდო განრიგი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება 2016 წლის მაისში. მომდევნო კონსულტაციები  ყოველ ორ თვეში ერთხელ გაიმართება.
გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა 2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. 2015 წლის 10 დეკემბერს კი ჩინეთში ხელი მოეწერა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

ენერგეტიკის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვენაში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 10:18

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. ენერგეტიკის მინისტრი გვიან ღამით ვენაში გაემგზავრა.

ამ დროისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა მოლაპარაკებების პროცესს გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი. უცნობია ისიც, კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება საუბარი ავსტრიის დედაქალაქში.

ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ გაზპრომის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრა 21 იანვარსაც გამართა, თუმცა გამართულ შეხვედრას გაზპრომის ხელმძღვანელი არ დასწრებია. როგორც მაშინ ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული.

"გაზპრომთან" მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა-კალაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 15:50

ვიცე-პრემიერი-ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბატონ იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობას, აგრეთვე რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერასა და სხვა მიმდინარე საკითხებს.ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, საუბარი შეეხო "გაზპრომთან" მოლაპარაკებების პროცესსაც. მინისტრის თქმით, ვენაში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. კალაძის ინფორმაციით, რუსული ენერგოკომპანია გაზის გატარების საფასურის გადახდას თანხით ითხოვს, რაზეც ქართულ მხარე უარს აცხადებს.

"ჯერ საერთო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ქართულ მხარეს გვინდა, მივიღოთ ისევ ის შედეგი, რასაც ვიღებდით მოცულობების მიღების შემთხვევაში და ვფიქრობ, ალბათ უახლოეს მომავალში დავასრულებთ მოლაპარაკებებს. ამას გინდ ულტიმატუმი დავარქვათ, გინდათ მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს გვინდა მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნილი," - განმარტა კახა კალაძემ.

დავით დარჩიაშვილი გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 16:02

გაზპრომი და საქართველო. საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. 

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანას რუსული გაზი არ ჭირდება. მეტიც ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

"გაზზე გარიგებებს ნამდვილად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. როცა გაზპრომთან სტრატეგიულ ვითარებაში შედიხარ ეროვნულ ინტერესთან საწინააღმდეგოდ
გადადგმული ნაბიჯი,"- აცხადებს დეპუტატი დავით დარჩიაშვილი. 

თავისუფალი დემოკრატები კი მთავრობას მოუწოდებენ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს მიაწოდონ

"თუ შეგვიძლია თავი დავიკმაყოფილოთ თავი აზერბაიჯანული გაზით და სულაც ეს არის ბევრად იაფი ვიდრე რუსული გაზი რათ გვინდა ჩვენ რუსული გაზი. პასუხი ამისგან არ მომისმენია მთავრობისგან,"- აცხადებს დეპუტატი გია ცაგარეიშვილი. 

გაზპრომისა და საქართველოს შესახებ და კალაძის მიერ მოლაპარაკებების წარმოების პროცესთან დაკავშირებული კითხვის გამო მმართველი გუნდის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტები გააკრიტიკა.

"ეხლა მიმდინარეობს ეს მოლაპარაკება და თქვენ იცით, რომ ეგ არ ვარგა და ის ჯობია და ამას მაინც აკეთებს კალაძე? აბსურდია სისულელეა ეგა, რა. რატომ დაქირავებულია გაზპრომის მიერ? მე ეგ არ მგონია. ესეიგი უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც საქართველოს ინტერესებში იქნება,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

ერგნეთში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დასრულდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 10:45

ერგნეთში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დასრულდა. საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული 5 ადამიანი ისევ ცხინვალის ე.წ. იზოლატორში რჩება. სწორედ მათი გათავისუფლების საკითხი დააყენა თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ დღევანდელ შეხვედრაზე. 

ქართულმა მხარემ სოფელ ხურვალეთიდან საოკუპაციო ძალების მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშიც დაბრუნებაც კიდევ ერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა. საუბარი შეეხო ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმესაც. 

დე ფაქტო რეჟიმმა ქართულ დელეგაციას ექსპერტიზის პასუხი გადასცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მომავალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დე ფაქტო რეჟიმს ახალი ე.წ. წარმომადგენელი ეყოლება - ხოხ გაგლიოთი დავით სანაკოევმა შეცვალა.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური