გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.
შს მინისტრის მოადგილე ტრენინგის გახსნას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის – „ქალთა ლიდერობის განვითარება“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც “ნიუსდეის” შს სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში, რომელიც 26-30 ოქტომბერს ჩატარდება, სხვადასხვა რეგიონიდან შს სამინისტროს რამდენიმე დანაყოფის 15 ქალი პოლიციელი მონაწილეობს. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, სწავლებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.
სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა შესაძლოა დახმარების გარეშე დარჩეს
გორის რაიონში განმეორებითი სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
როგორც „ნიუსდეისთან“ საუბრისას შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, გურამ მაჭარაშილმა განაცხადა, შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულ სოფლებში გავლენ დაითვლიან, რამდენ ოჯახშია მოსავალი დაზიანებული და როგორი პროცენტულობით. შეგროვებული მონაცემები შემდგომ შესაბამის ორგანოებს წარედგინება.
„აგროდაზღვევა აუცილებლად იმუშავებს და მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს. სამწუხაროა, რომ დაზღვევა ყველას არ აქვს გაკეთებული. ჩვენი მხრიდან დახმარების სურვილი, რა თქმა უნდა არის, თუმცა, ჯერ ვერაფერს გეტყვით, უნდა დაველოდოთ კომისიის მონაცამებს და შემდგომ მთავრობის პასუხს,“ - აღნიშნა მაჭარაშვილმა.