დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მ.კ

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 04 ივნისი 2019 14:45

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში, დღემდე, სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ.კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ.კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ივლისი 2018 14:15

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეებისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა:

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 ივნისი 2018 14:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ლ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ივნისს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, 1956 წელს დაბადებულ ვ.თ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 13:55

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ გამოცხადებულ განაჩენზე განცხადებას ავრცელებს. 
 
„2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. 

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. 

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება“ , - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკვლელობა ხობში – უმძიმესი კადრები ადგილიდან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 17:20

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების სახლში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია სამი მამაკაცი მათ, ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული. სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურორი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე - უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს ჭრილობა დანით მიაყენა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 მაისი 2018 12:03

უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ბ-მ ორივე მოკლულს დანით ჭრილობა მიაყენა, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალებზე ისაუბრა.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულმა აღნიშნული დანის გადამალვა ერთ-ერთ პირს დაავალა, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა გამოძიების მიერ. 

„შემთხვევის ადგილზე ამოღებულ იქნა ორივე გარდაცვლილის სისხლის ნიმუშები და მათმა ადგილმდებარეობამ და ლოკაციამ გამოძიებას მისცა შესაძლებლობა დაედგინა ჩადენილი მკვლელობის კონკრეტული ადგილები. 

ასევე გვსურს ყურადღება გავამახვილოთ გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მკვლელობის მეორე იარაღზე, ბრალდებულ გ.ბ.-ს დანაზე. საქმის ერთ-ერთ მოწმესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში სამალავიდან ამოღებული იქნა მოწმისათვის ბრალდებული გ.ბ.-ს მიერ დასამალად გადაცემული ხელსახოცში გახვეული ვერცხლისფერი ფიქსატორიანი დანა. ხსენებულ დანაზე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა მოკლული ლ.დ-ს და ბრალდებული გ.ბ-ს ბიოლოგიური მასალა. ხოლო ერთჯერად ხელსახოცზე რომელშიც გადახვეული იყო აღიშნული დანა, აღმოჩნდა გარდაცვლილ დ.ს.-ს ბიოლოგიური მასალა, რითაც უტყუარად დადგინდა, რომ ამ ბრალდებულმა გ.ბ-მ დანით ორივე მოკლულს მიაყენა ჭრილობა.

საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო პროცედურა. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებზე დაინიშნა არაერთი ექსპერტიზა. მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავი მჭრელი საგნით რომელსაც გააჩნია ერთ მხარეს ბლაგვი ყუა, ხოლო მეორე მხარეს ლესილი პირი. აღნიშნული დასკვნა გამორიცხავს როგორც მაკრატლის, ასევე მსგავსი ბლაგვი ბოლოების მქონე საგნის გამოყენებას მკვლელობის იარაღად“, -განაცხადეს პროკურატურაში. 

"დღემდე არა მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ლევანი?" ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 აპრილი 2018 16:28

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედა, ნათია საყვარელიძე ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.


„ლევანს იმ დღეს ბოლო ფიზკულტურის გაკვეთილი ჰქონდა. გაკვეთილის დამთავრებისთანავე, 2-ს რომ 5 წუთი აკლია, ლევანი ამოჩეჩილი მაისურის სწორებით ტოვებს სკოლის ტერიტორიას და ვიღაც გოგონასთან ერთად გზას ადგება. ის მელიქიშვილით არასოდეს ბრუნდებოდა შინ, კეკელიძემდე მოკლე გზას ირჩევდა ხოლმე. რომელ სამშობიაროშიც (თარხნიშვილზე) დაიბადა, იმავე ადგილას დაიღუპა და ასევე პარასკევ (დაბადების) დღეს. სკოლიდან მომავალი ხორავას ქუჩის ეზოში იმიტომ შედის, რომ იქიდან ყვირილის ხმა გამოდის. დათოს დაჩეხის შემდეგ ეზოდან ყველა გამორბის. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლევანმა ინტერესის გამო შეუხვია. კონფლიქტში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. პირველი სკოლიდან 6 ბიჭი იყო მოსული, დანარჩენები 51-ე სკოლელები იყვნენ“, -ამბობს ნათია საყვარელიძე.
ამასთან, ნათია საყვარელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახსა და მათ ოჯახს შორის, განსხვავებული პოზიციების გამო, თითქოს უთანხმოება ჩამოვარდა.

„არანაირი უთანხმოება, ჩვენ შორის, არ ყოფილა. ერთადერთი კომენტარი გავაკეთე, აზრი დამთავრებული არ მქონდა, რომ უკვე შემაფასეს ჟურნალისტებმა. მათი ლოგიკით გამოდის, ჩემი აზრი თუ გამოვხატე და ის პროკურატურისას დაემთხვა, ესე იგი, პროკურატურა ჩემზე ზეწოლას ახდენს. ჩემს მდგომარეობაში ვინ უნდა მოახდინოს ზეწოლა? ან რატომ ცდილობენ, ორი ერთნაირად გაუბედურებული ოჯახი ერთმანეთს დაგვაპირისპირონ? პირველი, ვინც ზაზას ტკივილი გაიზიარა, როდესაც­ ის სამედიცინო ექსპერტის დაკითხვიდან გამოვიდა, რადგან ვეღარ შეძლო ბოლომდე მისი მოსმენა, მე ვიყავი“, -ამბობს ლევან დადუნაშვილის დედა.

მისივე თქმით, ახალგაზრდას გულში ერთადერთი სასიკვდილო ჭრილ­ობა ჰქონდა.
“მთელი ჩემი მოდგმა მედიკოსები ვართ. საავადმყოფოში, სადაც ლევანი მიიყვანეს,­ ყველა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდა. მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც­ რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილ­ობა, ხელები კი დასერილი – როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული. ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით), რატომღაც, საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია.

ბოლო დროს მუდმივად ვაკონტროლებდით (ალბათ ეს იყო წინათგრძნობის გამოხატულება), სწორედ ის 15 წუთი არ დაგვირეკავს. ბავშვი სკოლიდან 13:55-ზე გამოდის და 3-ის 10-12 წუთზე მას კლავენ. სასწრაფოს გამოძახების დროდ 14:14 საათია დაფიქსირებული და ამ შუალედში ბავშვი აღარ იყო“- აცხადებს ნათია საყვარელიძე.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018 13:57

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკს დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით დოდო გუგეშაშვილი მძიმედაა დაჭრილი, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 09 იანვარი 2018 16:43

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა უმოკლეს ვადაში გახსნა. დანაშაულის გახსნა მოხერხდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციის მქონე პირებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1991 წელს დაბადებული ნ.ქ., ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით - 5 პირი: 1983 წელს დაბადებული ი.შ., 1987 წელს დაბადებული ნ.მ., 1991 წელს დაბადებული ზ.ლ., 1983 წელს დაბადებული რ.ხ. და 1990 წელს დაბადებული გ.ი.

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულია 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2017 წლის 29 დეკემბერს 1998 წელს დაბადებული დ.ტ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

პარალელურად, პოლიცია გაუჩინარებული პირის ძებნის ინტენსიურ ღონისძიებებს ახორციელებდა. სამართალდამცველებმა დ.ტ.-ს ცხედარი მიმდინარე წლის 8 იანვარს თბილისში, მდინარე მტკვარში აღმოაჩინეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით წყლიდან ამოიტანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს 1991 წელს დაბადებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გადაჭრილი თოფისა და ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ნაცნობს - 1998 წელს დაბადებულ პირს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდო.

ფაქტის შემსწრე 5 პირი, რომლებმაც არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უკვე დაკავებულია, თუმცა, ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლით).

პროკურორი - მოზარდების მკვლელობის საქმეში არსებობს ბევრი ახალი მტკიცებულება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 20:14

შესაძლოა, გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განუცხადა. მისი თქმით, საქმეში არსებობს ბევრი ახალი მტკიცებულება და სხვადასხვა ახალი ინფორმაცია, რის გამოც ის საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. 

მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმეში ფიგურანტი პირებიდან აღარავინ იძებნება. „დინამიური პროცესია. ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულზე და არა რამდენიმე ათეული წლის წინანდელ დანაშაულზე. ბევრი ახალი ინფორმაცია და მტკციებულებები მოიპოვება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე არავინ იძებნება. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გამოიკვეთოს უამრავი პირი, რომელიც გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ. 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური