ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს,- მიხეილ ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 10:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განხადებით, საქართველო  ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მიიღებს.

"ყველა სახელმწიფო აღნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს მალე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოქვეყნდა მოხსენება, სადაც მითითებულია პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, ევროკავშირის პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ერთი მოსმენით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 ივნისი 2016 15:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში 2016 წლის 8 ივნისს შეხვედრები გამართა აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში. გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სამხედრო კომიტეტის წევრსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან (რესპუბლიკელი-ოჰაიო). შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი და ამ კუთხით აშშ-ის კონგრესის აქტივობის მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენ ტერნერს მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს რედაქციის გათვალისწინებისათვის და საბოლოო დოკუმენტში აღნიშნული მხარდაჭერის შენარჩუნების იმედი გამოთქვა. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში. 

2016 წლის 9 ივნისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის  შეხვედრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებთან, სენატორ ბობ კორკერთან (რესპუბლიკელი-ტენესი) და ბენჯამინ კარდინთან (დემოკრატი-მერილენდი), სენატორ ჯინ შაფინთან (დემოკრატი-ნიუ-ჰემპშირი), სენატორ რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი-ვისკონსინი), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ დანა რორაბახერთან (რესპუბლიკელი-კალიფორნია).

შეხვედრებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ  უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათ დასაძლევად აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ სავალალო მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. მხარეებმა ისაუბრეს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისადმი არსებულ მოლოდინებზე, მზადების პროცესსა და ამ მხრივ კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის მზადების პროცესს. გამოიხატა მადლიერება აშშ-ისადმი და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს. ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
 

„ვარშავის სამიტის შემდეგ ველით მკაფიო სიგნალს"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივნისი 2016 09:50

NATO-ს გაფართოების საკითხს ეხებოდა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამართული კონფერენცია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ.შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე.საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით.„ვარშავის სამიტის შემდეგ ველით მკაფიო სიგნალს საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე და ასევე პრაქტიკულ გზებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცება ალიანსთან. ეს გადაწყვეტილებები კი ნატოს გახდის უფრო ძლიერს,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე.

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 ივნისი 2016 14:29

 საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის მ.წ. 7-10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტი ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებები და სხვა საკითხები. 

თავის მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე.  

მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 მაისი 2016 16:49

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებთან განიხილა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, ასევე გააცნო საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიზნები და პრიორიტეტების პერსპექტივები.
 
საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მინისტრი გამოეხმაურა 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას.

მიხეილ ჯანელიძემ 26 მაისს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016 15:06

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ბავშვებს უმასპინძლა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის და აუცილებელია, რომ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებმა ოჯახებმა და ბავშვებმა სრულად იგრძნონ საქართველოს დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ყოფით ცხოვრებაში.

მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ოჯახების ბავშვებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად უმასპინძლა.

„მთელ საქართველოს მინდა მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ცხოვრებაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრ ღონისძიებაში გვყავს ჩართული ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპაციის ხაზთან ცხოვრობენ. ძალიან ბევრს მიაღწია საქართველომ 25 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი ტკივილია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ეს ბავშვები იმ სოფლებიდან არიან, რომელიც გაყო საოკუპაციო ხაზმა და მნიშვნელოვანია, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მე ვუსურვებ მათ რომ ერთიან, სუვერენულ საქართველოში ეცხოვროთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 25 მაისი 2016 15:18

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ჰანნეს ჰანსოს შეხვდა. 

ესტონელი მინისტრი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ნაყოფიერია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიურია ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროებს შორის. 

ჰანნეს ჰანსომ ასევე დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დახმარებას უწევს ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების განვითარების კუთხით, სადაც ესტონეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს. 

სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსა და ესტონეთის მოლოდინებს. 

ჰანნეს ჰანსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი კვლავაც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად რჩება და შემდგომი დახმარება აღუთქვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. 

მიხეილ ჯანელიძემ ჰანნეს ჰანსოს ასევე გააცნო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. 

”შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს”, - განმარტავენ სამინისტროში.

მიხეილ ჯანელიძე იოჰანეს ჰანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 24 მაისი 2016 11:14

ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და მიესალმნენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეთანხმების რატიფიკაციის დასრულების თაობაზე.

 

მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 20 მაისი 2016 18:35

ნატო–ს შტაბ–ბინაში ქ. ბრიუსელში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
 
მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა.
 
ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც გამოიხატება არასაბრძოლო მისიის განხორციელებით, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადება.
 
ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას. თავის გამოსვლაში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ იგი აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებასა და ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების აღმოჩენაში. 
 
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ გაგრძელებას 2016 წლის შემდგომ.
 
მინისტერიალის მსვლელობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის,  სლოვაკეთის, სლოვენიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.  შეხვედრებზე მთავარ განსახილველ თემებს შორის იყო  საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები.
 
ნატო–ს წევრ ქვეყნებთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო–ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას. ამ თვალსაზრისით, მხარეებმა განიხილეს ინტეგრაციის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რომლის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას ალიანსის წევრობასთან. ამას გარდა, განხილულ იქნა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის, მათ შორის მისი ცალკეული ელემენტების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ქართული მხარისა და მოკავშირეების აქტიური ჩართულობით.

საგარეო საქმეთა მინისტრი იან ჰამაჩეკს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 10:57

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს იან ჰამაჩეკს შეხვდა, რომელიც 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით  საქართველოს სტუმრობს. იან ჰამაჩეკის ვიზიტი საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება. დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, მ/წლის იანვარში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდა. 

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ იან ჰამაჩეკს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა  საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური