საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 12:06

30 მაისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. 
საქართველოს მხრიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრს ვიცე-პრემიერი,  საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. მისი შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი განავითარებს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს ყველა მიმართულებით. „მივესალმებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი ფაშინიანის  ვიზიტს საქართველოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის პირველი ორმხრივი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ეს ხაზს უსვამს სურვილს, რომ განვითარდეს ყველა მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის. რა თქმა უნდა პოტენციალი დიდია ბევრი მიმართულებით და ჩვენ განვიხილავთ ამ ვიზიტისას საკითხებს, რომლებიც ეხება ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეხება კულტურულ კავშირებს, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას სხვადასხვა ფორმატებში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი იქნება ახალი შედეგების მომტანი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის,“-განაცხადა მინისტრმა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის  პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. ასევე საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან.  სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა.

მ. ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 თებერვალი 2018 16:22

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიება, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.
ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა.
„საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე, რაზეც კონცენტრირდება საინფორმაციო ცენტრის სამომავლო საქმიანობა და ასევე სახელმწიფოს მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე  საზოგადოებასთან კომუნიკაცია. უმთავრეს პრიორიტეტად დასახელდა ანტი-დასავლური პროპაგანდის მიმართულებით აქტიური ქმედებების გატარება.
„ჩვენი მიზანია მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას იმ სიკეთეების შესახებ, რასაც ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაცია გვთავაზობს. საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო რთული ხდება ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებული ანტი-დასავლური პროპაგანდის გამო. როგორც ვხედავთ ანტი-დასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენი მიზანია, რომ უნდობლობა, რომელსაც ანტი-დასავლური პროპაგანდა თესავს საქართველოს მოსახლეობაში გავაქარწყლოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ამ პროცესისადმი“ -  განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 
მისივე ინფორმაციით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ვიზალიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზას, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოპოვების პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციას. მინისტრის განცხადებით განსაკუთრებით გააქტიურდება მუშაობა საქართველოს რეგიონებში.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ვრცლად ისაუბრა ჩატარებულ პროექტებზე, მიღწეულ შედეგებსა და 2018 წლის პრიორიტეტებზე. 
ღონისძიების დასასრულს ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადაეცათ ექსპერტებს: ირაკლი მენაღარიშვილს, მიხეილ მირზიაშვილს, გიორგი გოგუაძეს, გოგიტა ღვედაშვილს, ლევან მახაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს და ლევან დოლიძეს.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 22 იანვარი 2018 11:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საახალწლო შეხვედრას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:55

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეწვევიან. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მათთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ბავშვებს სახალისო-სამეცნიერო შოუზე უმასპინძლებენ და საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. 
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს  საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე და  მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდებიან.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრებიან სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტარიუმ“-ს, სადაც დაათვალიერებენ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის   80-მდე ექსპონატს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის გამართულ აზოტის  შოუში.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით ხორცილედება.
ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებს ასევე გადაეცემათ  ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

მიხეილ ჯანელიძე ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ვან დერ კლაუსს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 11:08

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, იოჰანეს ვან დერ კლაუსთან.
  
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. შეშფოთება გამოითქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
 
შეხვედრაზე ყურადღება ასევე  გამახვილდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა თავიანთ საცხოვრებლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე. UNHCR-ის წარმომადგენლის მხრიდან, აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, თავიანთ სახლებში დაბრუნებამდე, დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
 
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ UNHCR-ის ოფისს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და საქართველოში მიმდინარე ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის დახმარებას.

„რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით“ - მიხეილ ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ოქტომბერი 2017 14:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ჯანელიძემ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას.

„ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. ევროკავშირის ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და მისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ის განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია"- ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:30

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე პირველი სტრატეგიული დიალოგი გაიმართა. დიალოგის პირველი სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა: „საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე და უსაფრთხოების პარტნიორია, როგორც ეს ასახულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დოკუმენტში. ჩვენ ჩართულნი ვართ ევროკავშირის კრიზისი მართვის ოპერაციებში და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ევროპასა და მთელ მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. იმედი გვაქვს, რომ უფრო მჭიდრო თანაქმედების გზით, ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ საკუთარი ადგილი ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში და უფრო ეფექტიანად შევიტანოთ წვლილი ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაში. აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია შემდგომშიც ითანამშრომლოს საქართველოსთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე. სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს რეგულარული დიალოგი როგორც ამ ფორმატში, ისე ასოცირების საბჭოს ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების განზომილებაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას.“- განაცხადა მინისტრმა სხდომის გახსნისას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და ერთობლივი ინტერესის საკითხებზე მიზნობრივი დიალოგის დაწყებას „ამ ურთიერთდაკავშირებულ, კონკურენტულ და რთულ სამყაროში, ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კონვენციური და ჰიბრიდული ომი, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი, კიბერ-დანაშაული, ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული, რომლებიც დღითიდღე სულ უფრო რთული და მაღალტექნოლოგიური ხდება, შეუძლებელია გადაწყდეს თანამშრომლობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის გარეშე-“დასძინა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საქმეში ევროკავშირის აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების ინსტიტუტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თავმჯდომარეობა, ჩართულობის პოლიტიკა აღიარებისა და ფინასური დახმარების გარეშე, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აღნიშნული დიალოგის დაწყების ინიციატივით დეკემბერში, ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომაზე გამოვიდა, რის შემდეგაც საკუთარი ხედვა და ზოგადი მიზნები წარადგინა.

"საქართველომ შეძლო ჩვენი წარმატებული ნაბიჯებით მიგვეღწია კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის" -მიხეილ ჯანელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 სექტემბერი 2017 13:05

საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაში საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო ფორმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე და ღირებული პარტნიორი, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებას უკვე სხვა ქვეყნებს უზიარებს.

მისი განცხადებით პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ნათლად დაანახა საერთაშორისო თანამეგობრობას თუ რამდენს მიაღწია ქვეყანამ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად, მათ შორის ყურადღება გამახვილდა გაერო-ს ფარგლებში საქართველოს წარმატებულ როლზე.

„ორგანიზაციის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე ინიციატივას ვუწევთ პრომოციას, მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების 16-ე მიზნის განხორცილების პროცესი. საქართველო გახდა ღია მმართველობის ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც შესაძლებელი გახდა იმ წარმატებული რეფორმების შედეგად, რომელიც საქართველომ განახორციელა ბოლო წლების განმალობაში. შესაბამისად საქართველო უკვე არის ღირებული პარტნიორი, რომელიც უზიარებს საკუთარ წარმატებას და გამოცდილებას ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე შეფასებით პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში კარგად გამოიკვეთა თუ რა როლის აქვს საქართველოს რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაში, რასაც პირდაპირ უკავშირდება ყველა ის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს და შესაბამისად რეგიონის წარმოჩენას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის კონტექსტში.

„საქართველომ შეძლო ჩვენი წარმატებული ნაბიჯებით მიგვეღწია კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის რეგიონის განვითარების კუთხით. ეს ცალსახად აღინიშნა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში. ჩვენი ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდის და ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოში ამ კუთხით ვითარდება არის უმნიშვნელოვანესი რეგიონის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა, მათ შორის, როგორც ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მნიშვნელობას, ასევე საქართველოს მაქსიმალურ ინტეგრაციას ევროპულ და აზიურ ბაზრებთან. შესაბამისად ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. რაც მთავარია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - რომ ყველა ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ემსახურება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“- განაცხადა ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ასევე მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა საერთაშორისო გამოწვევების, უსაფრთხოების და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში. მიხეილ ჯანელიძის შეფასებით პრემიერის გამოსვლაში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

მისივე განცხადებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაერო-ს ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები შერიგების პოლიტიკასთან და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები უკავშირდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას და განვითარებას.

„საკუთარ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემატიკას და ასევე იმ რეზოლუციას, რომელიც ყოველწლიურად ექცევა გაერო-ს გენერალური ასამბლეის დებატების ყურადღების ცენტრში. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების მზარდი მხარდაჭერა აქვს ამ მიმართულებით.

საქართველოს მთავრობის და მის მიერ წარმოებული შერიგების პოლიტიკის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით გადაჭრა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს წლევანდელი დებატების ფარგლებში მრავალი ლიდერი გამოეხმაურა. ინიციატივები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს შერიგების პოლიტიკის ფარგლებში მიმართულია თითოეული ადმიანის უფლებების დასაცავად, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენისკენ, რაც თავის მხრივ მოიტანს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მეტ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესი და პრემიერის გამოსვლაში ცალსახად გაესვა ხაზი, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და შერიგების პოლიტიკით ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება“- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოსა და ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017 11:04

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დონ პრამუდვინაიმ ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. 
ასამბლეის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოთქვეს მზადყოფნა განავითარონ ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის საერთო დაინტერესების სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ხალხთაშორისი ურთიერთობები, ინოვაცია და ა.შ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების - მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერა ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 10:48

საქართველოს ვიცე-პრემიერისაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთისტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლიძინ ჭაოს შეხვდა

ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - ჩინეთში და მის ულამაზეს  ქალაქ ჩენგდუში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ორმხრივად, ასევე UNWTO-ს ფარგლებში შემდგომ თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძე  მიესალმა UNWTO-ს  გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით  ტურიზმის მსოფლიო ალიანსის დაფუძნებას და აღნიშნა რომ საქართველო, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ითანამშრომლებს ალიანსთან და ჩაერთვება მის საქმიანობაში.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა  ჩინეთის ინიციატივაში  "გზა და სარტყელი" საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს რაც საქართველოს აქვს აბრეშუმის გზის პროექტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს - გააღრმავონ და განავითარონ თანამშრომლობა .

პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება. აღინიშნა რომ საქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით ასევე ზამთრის და საზაფხულო კურორტებით საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩინეთისთვის. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების  მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია. ლი ძინ ჭაომ გამოხატა დაინტერესება ეწვიოს საქართველოს და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური.   

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური