"​საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის" - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 აგვისტო 2018 18:10

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელი საქართველოში 10 წლის წინ იმყოფებოდა და მის ამჟამინდელ ვიზიტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: „იმ გამწვავების ფონზე, რომელიც საქართველოს აქვს,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყნის კანცლერი, როგორიც გერმანიაა და ეს ვიზიტი  საყურადღებოა  დროის თვალსაზრისითაც“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ  „საქართველო გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილებს ელის“.  
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს შეეხება. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ზალკალიანის თქმით,  განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება თანამშრომლობის ეკონომიკურ განზომილებაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამშრომლობის ის დონე, რომელიც გვაქვს გერმანიასთან, ასევე იყოს  ეკონომიკურ განზომილებაშიც“ - განაცხადა  ზალკალიანმა. 
მინისტრის ინფორმაციით, გერმანიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი,  რომელშიც გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. „ეს ფორუმი საქართველო-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობის შემდგომი ინტენსიფიკაციის გზებზე მსჯელობის კიდევ ერთი საშუალება იქნება”- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში  23-24 აგვისტოს შედგება. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 აგვისტო 2018 18:18

2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ტომაშ პერნიცკისთან.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის ელჩს იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში. მინისტრმა გამოხატა მადლიერება ჩეხეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ასევე, ვიზიტორთა მზარდი რიცხვი, რასაც არსებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც უწყობს ხელს. დავით ზალკალიანმა კმაყოფილება გამოთქვა განათლების, სამედიცინო, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სხვა სფეროებში ჩეხეთის მხარის მიერ აღმოჩენილ დახმარებების გამო.  

ტომაშ პერნიცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისთვის პერსონალურად ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოში ელჩის თანამდებობაზე გატარებული 4 წელი და ის მომავალში საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობარი იქნება.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა წარმატებები უსურვა ელჩს მის მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში.

განათლების რეფორმის ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები ერთვებიან

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 11:00

განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების - „ჰიულეტ-პაკარდის“ (HP), “მაიკროსოფტის” (Microsoft) და “აიბიემის“ (IBM) - წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ ბატიაშვილმა კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განათლების სისტემის განვითარების ხედვასა და განათლების ყველა საფეხურზე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელა. განათლების რეფორმის სამუშაო ჯგუფში ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად ჩაერთვებიან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების მიმართულების გაძლიერება და ტექნოლოგიურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა ჩვენი მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა იქნება რეფორმის შემუშავებისა და მისი განხორციელების ეტაპზე.

ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელების მიმართულებით.

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით განათლების რეფორმის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 31 ივლისი 2018 10:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის შემოდგომაზე ევროპის საბჭოს ჩართულობით დაგეგმილ ღონისძიებებს. აღინიშნა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს საკითხის აქტუალობა და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაც ორგანიზაციში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიიღება.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას. 

საქართველო მონაწილეობას მიიღებს შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 აპრილი 2018 16:53

ჩინეთის მთავრობა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ მხარეს ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებაში დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრთან ჭონ შანთან პეკინში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის შემოთავაზება უპრეცედენტოა და ის ხელს შეუწყობს ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. 

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი უპრეცედენტო დახმარების შემოთავაზება მივიღეთ კომერციის მინისტრისგან ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიმართულებით. მინისტრმა შემოგვთავაზა არაერთი ღონისძიების წარმართვა ჩინეთის ტერიტორიაზე, რათა უფრო მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს ჩინეთში და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი გაიზარდოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ჩინეთში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ჯგუფები იმუშავებენ, რაც შეიძლება მეტი ჩინური კომპანიისთვის მოხდეს საქართველოს შესაძლებლობების გაცნობა და შეთავაზება, და იმ ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაა აუცილებელი. 

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის კომერციის მინისტრს საქართველოს ოფიციალური მიწვევისთვის შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება. 

„შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ 150,000 მყიდველთან პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინონ, რაშიც მათ ჩინეთის კომერციის სამინისტრო მხარდაჭერას აღმოუჩენს. ეს იქნება გამოფენა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრული პოტენციალით უნდა გამოიყენოს. ეს გამოფენა საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს, რათა მათ თავიანთი პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე გაიტანონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი გაყიდვები“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის შემდეგ. 

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი საქართველოში, ზაფხულში მოიწვია და ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. 

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭონ შანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. 

შეთანხმება, რომლის შესახებაც მოლაპარაკება რეკორდულად მოკლე დროში 7 თვეში დასრულდა, ძალაში 2018 წლიდან ამოქმედდა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერისა და ამოქმედების შემდეგ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტენდენცია სახეზეა, თუმცა პოტენციალი დიდია და მას აუცილებლად ესაჭიროება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი მიმართულების მხარდაჭერა, რისთვისაც ჩინეთის მხარე ქართველ მწარმოებლებს დახმარებას აღმოუჩენს.

შეხვედრა ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია - „ზეთისხილის ოპერაციის მნიშვნელობა“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018 11:44

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს სტატია „ზეთისხილის ოპერაციის მნიშვნელობა“, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „ფორეინ პოლისი“-ში, 2018 წლის 5 აპრილს.

შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპი, კი უნდა იყოს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ეს ნიშნავს, Daesh-ის (ე. წ. „ისლამური ხალიფატი“), ქურთ მუშათა პარტიის (PKK) და ხალხთა დაცვის კავშირის (YPG) ტერორისტების ჩათვლით, ყველა იმ ძალის წინააღმდეგ გალაშქრებას, რომლებიც არსებობენ გარეშე ძალების მხარდაჭერით იმისათვის, რომ სხვების ხარჯზე გაიხანგრძლივონ საკუთარი დისტოპია. უნდა აღიკვეთოს და დამარცხდეს მათი მსოფმხედველობა უსასრულო სისხლისღვრის შესახებ.

Daesh-ი, სამხედრო თვალსაზრისით, დიდწილად დამარცხებულია, მაგრამ ეს არ მომხდარა მხოლოდ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯგუფების ბოლო შეტევის შედეგად. იგი დამარცხდა, თავდადებული ერაყის არმიისა და გაერთიანებული კოალიციის წინაშე, რომელიც ოპერირებდა თურქეთის ტერიტორიიდან. Daesh-ის სუსტი მხარეები ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთი აღმოჩნდა ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომლის ჯარიც უშუალოდ დაუპირისპირდა მას და გაანადგურა იგი ჩრდ. სირიაში, ჯერაბლუსში. ამჟამად, კოალიციისა და მისი წევრი თურქეთის  ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს Daesh-ის სავარაუდო ხელახალი გადაჯგუფების პრევენცია. ამისთვის, თურქეთს გააჩნია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ყველაზე ვრცელი სია, რომლებსაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა. ასევე, იგი აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან სამოქალაქო უსაფრთხოების ოპერაციას Daesh-ის წინააღმდეგ.

Daesh-ის, ალ ქაიდასა და მათთან აფილირებული სხვა ორგანიზაციების იდეოლოგიებისადმი ინტერესის გაქრობა იოლი არაა. Daesh-ამდეც მომხდარა ჩვენს ქუჩებში ტერაქტები და ამგვარი ქმედებები კვლავაც გაგრძელდება, შუა აღმოსავლეთში Daesh-ის შეიარაღებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად. ტერიროზმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს: კონტრდაზვერვითი ინფორმაციის დროულ შეგროვებას, ფინანსურ სანქციებს, რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის საწინააღმდეგო ზომებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია, აშშ-ს მიერ PKK/YPG-ს შეიარაღებისა და ჯარისკაცებად გამოყენების პოლიტიკა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების ტერორისტული წარსულისა. ეს ობამას ადმინისტრაციის უკანასკნელი დღეების განმავლობაში შემუშავებული, ლეგალური და მორალური  თვალსაზრისით სათუო პოლიტიკაა, რომელიც რაღაცნაირად გადმოჰყვა ტრამპის მმართველობასაც. შეერთებულმა შტატებმა წყალი დაასხა კრიტიკოსებისა და ოპონენტების წისქვილზე, როდესაც გადაწყვიტა შეექმნა ალიანსი ტერორისტებთან, მიუხედავად საკუთარი ფასეულობებისა და ტერორისტების მთავარ სამიზნესთან - თურქეთთან, 66 წლიანი მოკავშირეობის გამოცდილებისა.

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გაემიჯნენ აშშ-ს ამ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ალიანსის ფასეულობებს. იგი ასევე, ეწინააღმდეგება რეგიონში და რეგიონის მიღმა ჩვენ საერთო ინტერესებს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ახლად დანიშნული კოლეგისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის პრიორიტეტული იქნება ამ კურსის შეცვლა.

ერაყი, სირია, იემენი, ლიბია და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები განიცდიან ტრანსნაციონალური ძალების დესტრუქციულ ზეწოლას, რომელიც ემუქრება მათ არსებობას. ის სირთულეები, რომლის წინაშეს ეს ქვეყნები დგანან, აძლევს ყოველგვარი ინტერვენციის საბაბსაც და საშუალებასაც,  ყველა ჯურის  ქვეყანასა და არასახელმწიფოებრივ მოთამაშეს. ამის შედეგია, არა მხოლოდ სისხლის მდინარეები, არამედ მასობრივი მიგრაცია და ტერორისტული ზეწოლა თურქეთსა და მის კარის მეზობელზე - ევროპის დანარჩენ ნაწილზე. ამავე დროს, ამ ქვეყნებში შექმნილი ქაოსი თამაშობს ინკუბატორის როლს და აღვივებს აშშ-ს წინააღმდეგ სიძულვილსა და მუქარებს. შუა აღმოსავლეთის მდგრადმა ნაციონალურმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ნებისმიერი წყობისა და სტაბილურობის საფუძველი. საბოლოოდ, ბაშარ ასადის მსოფმხედველობა დამარცხდება, მაგრამ ერთიანმა სირიამ უნდა მოიპოვოს გამარჯვება, ამ ხანგრძლივ ომში.

უპირველეს ყოვლისა, თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული „ზეთისხილის სამხედრო ოპერაცია“, თავდაცვითი აქტია ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებმაც ადრევე გამოამჟღავნეს საკუთარი აგრესია ჩვენი დასახლებული რეგიონების მიმართ. თურქეთი, რომელმაც შეიფარა 3,5 მილიონი სირიელი, ახორციელებს რა „ზეთისხილის ოპერაციას“, მიზნად ისახავს, სირიის სამშვიდობო გზის გაწმენდას იმ წინაღობებისგან, რომლებსაც ქმნიან ქვეყნის ერთიანი მომავლის მოწინააღმდეგეები. ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებული PKK/YPG-ს მასობრივი ტერორისტული ბანაკები, ორ განსხვავებულ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩრდილოეთ ერაში უკვე არსებულის გარდა, დამატებითი ფრონტის გახსნა PKK-ს ტერორისტული ოპერაციებისათვის და მათი ერთმანეთთან დაკავშირება, რათა შეიქმნას მუდმივმოქმედი ტერორისტული სარტყელი. ის შეიარაღება და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ აფრინში, ნათლად ადასტურებს ამ მოსაზრებას. ტერორისტული ბანაკების მეორე მიზანია, შექმნას უსაფრთხო ტერიტორია საკუთრი მცირე სახელმწიფოებისათვის, რომლის ჩამოყალიბებასაც ისინი აპირებენ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე იმ რეგიონებში, რომლებიც გათავისუფლდნენ Daesh-სგან. „ზეთისხილის ოპერაცია“ აჩერებს ფართომასშტაბიან ომში ჩაფლობისა და ტერორიზმის აღზევების საფრთხეს, რაც უშუალოდ დააზარალებს ევროპასა და აშშ-ს. ასევე, იგი გზას უხსნის მშვიდობას.  

მე მესმის, რომ პოსტრეალისტურ ეპოქაში გახსნილია ფართო კამპანია „ზეთისხილის ოპერაციის“ დაჩრდილვის მიზნით. ერთი დღეც არ გავა ისე, რომ  შეხება არ მოგვიხდეს უამრავ ცილისწამებასთან. სინამდვილე, კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ სამოქალაქო დანაკარგის თავიდან ასაცილებლად და ამ თვალსაზრისით, „ზეთისხილის ოპერაცია“ ყველაზე წარმატებულია მთელს მსოფლიოში.

ვინაიდან, YPG-ს ტერორისტები ფოკუსირებული არიან თურქეთის არმიის წინსვლის შეჩერებაზე, ისმის ბრალდებები, რომ ოპერაცია აფერხებს Daesh-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ YPG-ს ეს არჩვანი ადასტურებს მათთვის ნდობის გამოცხადების სტრატეგიის მცდარობას. გარწმუნებთ, რომ თურქეთი არ დაუშვებს Daesh-ის რაიმე ფორმით თავიდან გადაჯგუფებას და ამ საკითხში, იმოქმედებს აშშ-სთან ერთად.

ჩვენ ასევე, უნდა წინ აღვუდგეთ „ზეთისხილის ოპერაციის“ ისეთი სახით წარმოჩინებას, თითქოს ეს იყოს „ქურთების ბრძოლა თურქების წინააღმდეგ“. უნდა ნათლად გვესმოდეს, რომ PKK-სა და YPG-ს ტერორისტები არ წარმოადგენენ ქურთ ხალხს. აღსანიშნავია, რომ YPG-მ დაახლოებით 400 000 ქურთი გააძევა სირიის მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან. თურქეთს სურს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ქურთების საცხოვრებელი გარემო იმ ქვეყნებში, სადაც მათ უწევთ ცხოვრება.  PKK-ს მიკრონაციონალიზმი და ტერორიზმი საზიანოა ყველასთვის, მათ შორის ქურთებისთვისაც.

ასევე, ანალოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვით შუა აღმოსავლეთის განვითარების პროცესისკენ მიმავალი გზა. აქედან გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური წყობის ფარგლებში, მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული ერაყი უნდა იყოს რეგიონის მნიშვნელოვანი ღერძი. თებერვლის თვეში, კუვეიტის დონორების კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა ამ პროცესს, რადგან მიიღო ერაყისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება, ხოლო თურქეთი, თავის მხრივ,  უზრუნველყოფს ამ თანხის 1/6-ს, მაგრამ ერაყს ესაჭიროება უფრო მეტი დახმარება. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რაოდენ სასარგებლოა ჯანსაღი და მეგობრული ერაყი და მშვიდობის დასამყარებლად, მხარი დაუჭირონ  რეკონსტრუქციის ეფექტურ და არსებით ძალისხმევას, ისეთს, როგორიც იყო „მარშალის გეგმა“ ევროპისთვის.

შუა აღმოსავლეთი უნდა იყოს დაცული კონფესიური დაპირისპირების, გავლენის სფეროების, ახლად აღორძინებული იმპერიალიზმების, სამეფო ოჯახების შუღლის, რელიგიური და სხვაგარი ექსტრემიზმის საფრთხეებისგან. შექმნილი მდგომარეობიდან უკვე საკმარისი ტკივილი მიადგათ სახელმწიფოებსა და რეგიონის ხალხებს. შესაძლოა, წარმატებული მომავლის საგზაო რუკა უკვე დგება თურქეთის მტკიცე ხელმძღვანელობით. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელიდან არ გაუშვებს ამ მომენტს და  მხარს დაუჭერს სამშვიდობო კონცეფციას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 30 მარტი 2018 12:44

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ, მინისტრები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს, ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ლევან იზორია, ნურეთინ ჯანიქლი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

სამმხრივი მინისტერიალი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.

თავდაცვის მინისტრის ანგარიში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 13 თებერვალი 2018 15:39
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიშის მთავარი თემები იყო, რომელიც დღეს ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გააჟღერა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მოხსენება ძლიერი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაზე საუბრით დაიწყო, რომელსაც უნარი ექნება შეაჩეროს მოწინააღმდეგის მხრიდან აგრესია და რაც შეიძლება ჭარბი ზიანი მიაყენოს მას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ აგრესიის განსახორციელებლად უწყებაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტები შემუშავდა - „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი“, „თეთრი წიგნი“ და „მინისტრის ხედვა 2017“. ლევან იზორიამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ისეთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დოკუმენტზე, როგორიცაა ეროვნული თავდაცვის გეგმა, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი შეიარაღებული ძალებისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ქმედებები.
ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი მიღწევა, რითაც რეფორმები დაიწყო, გახლდათ ის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის სახელფასო და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული 66% შემცირდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად არსებული რიცხვი 53%-მდე შემცირდა და ის ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ლევან იზორიამ ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გაამახვილა ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობისა და შეიარაღების შეძენის აუცილებლობაზე. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს მთავარ სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება.
სამხედრო განათლება, წვრთნები და სწავლებები, საერთაშორისო პროექტები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, საერთაშორისო მისიები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობა და შეიარაღება, ადეკვატური დაფინანსება და საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე დეტალურად ისაუბრა. ანგარიშის დასასრულს ლევან იზორიამ სოციალურ მიმართულებაზე გააკეთა აქცენტი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ანგარიში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საახალწლო შეხვედრას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:55

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2018 წლის 17 იანვარს, თბილისს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ეწვევიან. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მათთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ბავშვებს სახალისო-სამეცნიერო შოუზე უმასპინძლებენ და საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ. 
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ბავშვებს  საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე და  მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდებიან.
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ბავშვები ასევე ესტუმრებიან სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს „ექსპერიმენტარიუმ“-ს, სადაც დაათვალიერებენ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის   80-მდე ექსპონატს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად მათთვის გამართულ აზოტის  შოუში.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანამანათლებლო რესურს-ცენტრებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ჩართულობით ხორცილედება.
ღონისძიების ფარგლებში  ბავშვებს ასევე გადაეცემათ  ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობების გამართვა უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 17 იანვარი 2018 10:34

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს  უმასპინძლა. ლევან იზორიამ როზარია პულისის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრაზე  ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელება და მიმდინარე წლის  თანამშრომლობის საკითხები  განიხილეს.

როზარია პულისმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების  პროცესში ნატოს მხარე აქტიურად იქნება ჩართული.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერი, საზღვაო ძალების პირველი რანგის კაპიტანი, შტეფან ანიქოფერი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, კრისტიან  კოკვიკი დაესწრნენ.

როზარია პულისმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლიდან უილიამ ლაჰიუ შეცვალა. 2017 წლის აპრილიდან როზარია პულისი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ბიზნეს ნიუსი

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

4 ივლისი ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია

მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ 4 ივლისი ამერიკელი ხალხ...

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური