საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია მთელ რიგ ღონისძიებებს-მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 მაისი 2020 13:00

მინდა, მივულოცო საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. ეს თავმჯდომარეობა დაემთხვა ჩვენს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების მე-20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა.

როგორც მარია ბურიჩმა აღნიშნა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობამ ორგანიზება გაუწია ღონისძიებათა ფართო სპექტრს მთელ რიგ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, განათლება და ახალგაზრდობა.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის საკითხებზე ჩატარებულ კონფერენციას, რადგან მან საფუძველი მოუმზადა ამ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში გადაწყვეტილებების მისაღებად დებატების დაწყებას. „კოვიდ-19“-ის პანდემია ყველა ჩვენგანისათვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს თავმჯდომარეობამ ამ გამოწვევას ძალიან ეფექტიანად გაართვა თავი და ორგანიზაციისთვის ახალი სამუშაო მეთოდები დანერგა. მინისტრთა კომიტეტის სხდომები იმართებოდა ვიდეოკონფერენციების ფორმატში, რაც უზრუნველყოფდა ჩვენი საქმიანობის უწყვეტობას“, – განაცხადა მარია ბურიჩმა.

მარია ბურიჩის განცხადების თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 12 მაისი 2020 09:42

ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
ზაზა ხალვაშის „ნამე
ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
ნინო ჟვანიას „აღლუმი“
ლევან თუთბერიძის „მოირა
ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
რატი ონელის „მზის ქალაქი“

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის განცხადება ევროპის საბჭოს დაფუძნების 71–ე წლისთავთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 მაისი 2020 10:38

5 მაისს, აღინიშნა ევროპის საბჭოს ათი წევრი ქვეყნის მიერ, ქ. ლონდონში ევროპის საბჭოს დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის 71–ე წლისთავი.
 
ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს პირველ საერთო ევროპულ მცდელობას, მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობის, კონფლიქტების თავიდან აცილების და ევროპის მკვიდრი უკლებლივ ყველა ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. 
 
ევროპის საბჭო, 47 წევრ ქვეყანასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საერთო სტანდარტების დამკვიდრებაში შვიდი ათწლეულის მანძილზე. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ როლს, რომელიც 70 წლის წინ, 1950 წელს, ახლად შექმნილი ევროპის საბჭოს მიერ შემუშავდა და რამაც საშუალება მისცა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნას, რაც, თავის მხრივ, ევროპული თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ადამიანის უფლებების დასაცავად ისეთივე სიმტკიცეს, როგორიც 70 წლის წინ კონვენციის ავტორებს გააჩნდათ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს საერთო ევროპულ სივრცეში 800 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.    
 
ეს მნიშვნელოვანი წლისთავი დაემთხვა COVID-19-ის პანდემიის მიერ გამოწვეულ უპრეცედენტო გლობალურ კრიზისს. გულწრფელ მწუხარებას ვუცხადებთ მათ, ვინც დაკარგა ახლობლები, ოჯახის წევრები და მეგობრები. ამ კრიტიკულ გზაჯვარედინზე, ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ მალე დავძლიოთ ეს კრიზისი.

70 წელზე მეტია ევროპის საბჭო ემსახურება მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვას, ამ ხნის მანძილზე მან არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის განსახორციელებელი. ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წლებში, გაორმაგდეს ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის გასაძლიერებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 იანვარი 2020 12:53

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გამოსვლა დღეს 15 საათზე დაიწყება საფრანგეთის დროით.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

ამასთან, 30 იანვარს ვენაში, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე წარსდგება. დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს წარადგენს.

ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ეროვნულ დონეზე შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

ასევე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter). გარდა ამისა, გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

ამასთან, სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტიც ჩადის. 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტითავის გამოსვლაში ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური