მედიკამენტებზე დეფიციტი არ შეიქმნება - GM Pharma-ს მიმართვა მოსახლეობისადმი კორონავირუსულ პანდემიასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 მარტი 2020 11:14

საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma (ჯი-ემ-პი) 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. ფოკუსირება მოხდა განსაკუთრებით სიცხის დამწევ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებსა და ანტიბიოტიკებზე. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, რომ უწყვეტ რეჟიმში მომარაგდეს ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მოსახლეობა ესენციური მედიკამენტებით, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი.

გვინდა ასევე განვაცხადოთ, რომ ჩვენს არცერთ უცხოელ მომწოდებელს (ნედლეულის, სხვა სახარჯი მასალების, მზა პროდუქტების) უარი არ უთქვამს ჩვენთვის საქონლის მოწოდებაზე და, შესაბამისად, არც სამომავლოდ ველოდებით წარმოების შეფერხებას.

GM Pharma-ში დანერგილია მართვის თანამედროვე სისტემები - ERP (Enterprise resource planning), MES (Manufacturing Execution System), WMS (warehouse management system) - რაც გამორიცხავს ჩვენი კომპანიის მედიკამენტებზე დეფიციტის განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, წარმოების საგანგებო რეჟიმის დროს, რომელშიც ვიმყოფებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან.

შესაბამისად, გვინდა მოგმართოთ, რომ ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.

GM Pharma წარმოადგენს საერთაშორისო, მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, რომელიც მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვა „გაფრთხილება მსოფლიოსადმი“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 31 დეკემბერი 2017 22:17

გთავაზობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რიგით მეცხრე გენერალური მდივნის ანტონიო გუტერესის მიმართვას, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა დღეს გაავრცელა.
ნიუ იორკი 2018 წლის 1 იანვარი:

ძვირფასო მეგობრებო მთელ მსოფლიოში,

გილოცავთ ახალ წელს.

ერთი წლის წინ, როდესაც შევუდექი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას, მე მოგიწოდეთ, გამოგვეცხადებინა 2017 წელი მშვიდობის წლად.

სამწუხაროდ, მსოფლიო  კარდინალურად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა.

ამ ახალ წელს, მე აღარ მოგმართავთ მოწოდებით, არამედ გაფრთხილებთ  ჩვენი მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე.

კონფლიქტები გაღრმავდა, გაჩნდა ახალი საფრთხეები.

დღეს ბირთვული იარაღის გლობალური საფრთხე ცივი ომის პერიოდის  შემდგომ ყველაზე მაღალია.

კლიმატის ცვლილება უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედებები.

იზრდება უთანასწორობა.

ჩვენ მოწმე ვართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების.

იზრდება ნაციონალიზმი და ქსენოფობია.

2018 წლის დამდეგს, მოგიწოდებთ ერთობისაკენ.

მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამყარო უფრო საიმედო და უსაფრთხო გავხადოთ.

ჩვენ ძალგვიძს კონფლიქტების მოგვარება, სიძულვილის დაძლევა და საერთო ღირებულებების დაცვა.

მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.

ამ ახალ წელს,  მოვუწოდებ ყველა ქვეყნის ლიდერს გამოხატონ თავიანთი მზაობა, რათა  შეამცირონ უფსკრული, დაძლიონ უთანხმოება, აღადგინონ ნდობა ძირითადი მიზნების ირგვლივ ხალხის გაერთიანების გზით.

საამისო გზა კი არის ერთობა. ჩვენი მომავალი ამაზეა დამოკიდებული.

გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას ახალ - 2018 წელს. დიდი მადლობა.

'' სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო'' - პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017 20:29

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

"სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.

ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს, ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.

დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.

თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს"- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

კახა კალაძის მიმართვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 07 ოქტომბერი 2016 18:26

მინდა მოგმართოთ ყველას: - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25 წლიანი ისტორია ჩვენს თვალწინ იქმნებოდა - ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტქართრაგედიებია ჩაქსოვილი... და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში! განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. . ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს- ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ ---ახალმა სუფთა თაობამ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, -- რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე. პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული “მე” აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის , რომ ჩვენ ყველა ,მთელი გუნდი- ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც--- ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ!. მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში- აუცილებლად მიდით არჩევნებზე ! თქვენი მონაწილება საერთო პასუხისლგებლობის შემადგენელი ნაწილია!

მიმართვა ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2016 10:55

ჩვენი განცხადების მიზანია, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ნაციონალური მოძრაობის სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.
წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და ინსტიტუტი იყო პოლიტიზებული, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. რეალურად არანაირი ზღვარი არ არსებობდა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მაშინდელ მმართველ პარტიას შორის. სწორედ ამ უკანასკნელსემსახურებოდა ყველა სახელმწიფო ორგანო. თავის მხრივ,პარტია ატარებდა ერთი ადამიანის და მასთან დაახლოებული მცირე ჯგუფის ინტერესს.
დღეს ყველასთვის ნათელია, თუ როგორ იყო ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც მისი თავმჯდომარე, გ. პაპუაშვილის სახით, გვევლინებოდა„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დამცველად,რომლისთვისაც კანონზე მაღლა იდგა ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკური ინტერესები და სადაც წამყვან ძალას ამავე პარტიისთვის „განსაკუთრებით საიმედო“ პირველი კოლეგია წარმოადგენდა. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საქმის უპირობო განმხილველი, ვინაიდან იგიდაკომპლექტებულია ერთი პოლიტიკური გუნდის წევრებით, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ მეტად მჭიდრო სამსახურებრივი და პირადი ურთიერთობებით.
სასამართლოს თავმჯდომარისა და მასთან გამორჩეულად დაახლოებული რამდენიმე მოსამართლის მოქმედებების შინაარსი სრულად შეესაბამება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და აშკარად გამოიკვეთა, რომ ზემოხსენებულიპოლიტიკური ძალის უკანასკნელ საყრდენს წინასაარჩევნო ქაოსისა და „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის“შესაქმნელად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს ჯგუფი წარმოადგენდა, რომელიც, „საკონსტიტუციო რევოლუციის“ სცენარის ჩაშლით გაწბილებული, კვლავ ცდილობს შეასრულოს პარტიული დავალება.
როგორც კი საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლემ შეძლო თავის დაღწევა პარტიული გავლენისგან, ვინაიდან ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლო დესტრუქციული მოქმედებებით საერთოდ შესაძლოა ქვეყანა ამოვარდნილიყო ნორმალური განვითარების კალაპოტიდან, და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არ მისცეს საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება, მათ წინააღმდეგ მყისიერად ამუშავდა „ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანა“.
კერძოდ, ორი კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საარჩევნო პროცესში კოლაფსის შექმნას. გასაჩივრებული საარჩევნო ნორმების გაუქმების შემთხვევაში, რეალურად დარჩენილი მცირე დროის გათვალისწინებით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ღია პოლიტიკური, თუმცა,აშკარად პროვოკაციული განცხადებები მოსამართლეთა მიმართ ზეწოლის განხორციელების თაობაზე.
პერსონალური ზეწოლის ფაქტი არ დაადასტურა მთავარ საგამოძიებო ორგანოში დაკითხულმა არც ერთმა მოსამართლემ.
უფრო მეტიც, სასამართლოს 5-მა მოსამართლემ, თავის მხრივ, განცხადებით გამოააშკარავა ის მეტად სერიოზულიკანონდარღვევები, რომლებიც ხდებოდა სასამართლოში. კერძოდ, ეს იყო:
− სარჩელების ფარული შეცვლა პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე, მოსარჩელის ინტერესების სასარგებლოდ;
− ე.წ. „პოლიტიკურად აქტუალური“ სარჩელების გამიზნულად, მხოლოდ ე.წ. „სანდო“ 1-ელ კოლეგიაზე და იქაც გამორჩევით მის 3 მოსამართლეზე განაწილება;
− კონკრეტულ საქმეთა გამორჩევა პოლიტიკური ნიშნით და მათი უპრეცედენტოდ მოკლე დროში განხილვა რიგითობის პრინციპის დარღვევით.
ამ ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, უკვე თავად ეს მოსამართლეები გახდნენ თავდასხმისა და შეტევის ობიექტები ნაციონალური მოძრაობის, მისი პარტნიორი პარტიებისა თუ მათი სატელიტი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოშლილ ორგანოდ, ხოლო სასამართლოს უმრავლესობას - წერილის ავტორ 5 მოსამართლეს (სასამართლო სულ 9 წევრისგან შედგება)უღირსებად და დისკრედიტებულად აცხადებენ.
რეალურად კი, მათი აგრესიის მიზეზი გახდა, ერთი მხრივ,საკონსტიტუციო საბოტაჟის გეგმის ჩაშლა, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის ზოგიერთ მოსამართლესა და ყოფილ სახელისუფლებო პარტიას შორის ფარული გარიგებების გამოაშკარავება.

უფრო კონკრეტულად კი, გამოაშკარავდა შემდეგი დარღვევები:

1. გამჟღავნდა მეტად სკანდალური ინფორმაცია, რომ ფარულად იცვლებოდა სასამართლოში უკვე ოფიციალურად შესული სარჩელები, ანუ პრაქტიკულად გამოიკვეთა მოსამართლეთა ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები. კერძოდ, სასამართლოში შესულ სარჩელს, სავარაუდოდ, გადამოწმების შემდეგ შენიშვნებით უბრუნებდნენ მხარეს და მას უკვე შესწორებული, შინაარსობრივად და ასევე მოთხოვნების კუთხით გაზრდილი სარჩელი შეჰქონდა, რომლითაც ხდებოდა იგივე სარეგისტრაციო ნომრით ძველი სარჩელის ჩანაცვლება. ეს, ცხადია, კეთდებოდა იმ მიზნით, რომ ხელი არ შეშლოდა მის დაკმაყოფილებას,ანუ იკვეთება, რომ პრაქტიკულად წინასწარვე გადაწყვეტილი იყო საქმის შედეგი და სასამართლო განხილვები მხოლოდ ფარსი იქნებოდა. ჯერჯერობით ცნობილი გახდა 2 ასეთი სავარაუდო შემთხვევა და ორივე მათგანი პოლიტიკური ნიშნით გამორჩეულ საქმეებს ეხება: 1-ლი ეს არის ე.წ. ,,კაბელების საქმის“ სარჩელი, ხოლო მე-2 შემთხვევაში რუსთავი-2-ის ერთ-ერთი, ამჟამად უკვე მის სასარგებლოდ გადაწყვეტილი საქმე.

2. აღმოჩნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახდენდა შემოსული, პოლიტიკური ნიშნის შემცველი, ზოგიერთი სარჩელის გამიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისთვის განაწილებას. ეს ხდებოდა ძირითადად “სანდო“ 1-ლი კოლეგიის ფარგლებში, თუმცა აქაც ხდებოდა გარკვეული „გამორჩევა“, კერძოდ, ასეთი საქმეები სისტემატურად „რატომღაც“ ამ კოლეგიის მხოლოდ 3 მოსამართლესთან(კ. ვარძელაშვილი, მ. კოპალეიშვილი, მ. ერემაძე) ხვდებოდა, ხოლო მე-4 მოსამართლეს მ. ტურავასშეგნებულად არ ეწერებოდა მისი „არასანდოობის“ გამო. აქაც იკვეთება ის ვითარება, რომ წინასწარ პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული საქმეები ხელოვნურად ხვდებოდა ზემოაღნიშნულ მოსამართლეებთან, რათა მათ „საჭირო“ შედეგი დაეყენებინათ, ანუ კონკრეტული მოსარჩელეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებობდა „პერსონალური“ კოლეგია, რომელიც ასეთ საქმეებს „განსაკუთრებულ“ რეჟიმში იხილავდა. აღარაფერს ვამბობთ მე-2 კოლეგიაზე (იქაც აგრეთვე 4 მოსამართლეა), სადაც ასეთი საქმეები, ცხადია, არ ნაწილდებოდა. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან მ. კოპალეიშვილი და კ. ვარძელაშვილი მოსამართლეობამდე წინა ხელისუფლების მთავრობის მაღალჩინოსნებიც იყვნენ, მეტად ახლო სამსახურებრივი და პირადი კავშირები აქვთ ნაციონალური მოძრაობის ბევრ მაღალჩინოსანთან, მათ შორის, ნ. გვარამიასთან(რომელიც ამჟამად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორია), რისი კონკრეტული ფაქტებიც გაჟღერდა კიდეც და რის გამოც მათი აცილების საკითხი დადგა რუსთავი-2-ის საქმეზე. თუმცა,ცხადია, მათ მიკერძოებულად არ აიცილეს ეს საქმე,გააგრძელეს მისი განხილვა და დააკმაყოფილეს კიდეც ეს სარჩელი. ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანია რუსთავი-2-თან დაკავშირებული რვავე (!!!) სარჩელი(საიდანაც ერთ-ერთზე გამოიცვალა სარჩელი) დაეწერა სწორედ 1-ლი კოლეგიის ამ 3 მოსამართლეს. ასევე მათდაეწერათ თბილისის ყოფილი მერის გ. უგულავას სამივე სარჩელი, ე.წ. „კაბელების საქმის“ სარჩელი (სადაც ასევე სარჩელის შეცვლის ფაქტი ფიქსირდება). აგრეთვეამ მოსამართლეთა ჯგუფზე განაწილდა შემდეგი საქმეები: საარჩევნო სარჩელი (რომლის არდაკმაყოფილების მეორე დღესვე გ. პაპუაშვილმა დაიწყო პროვოკაციული განცხადებების გაკეთება), საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე (სადაც ძველი სამეურვეო საბჭო აღდგა), საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საქმე (სადაც იგი გაუქმდა), ე.წ. „ორგასაღებიანი მოსმენების სისტემის“ საქმე (სადაც ეს უკანასკნელიც გაუქმდა) და სხვ.

3. დადასტურდა, რომ ხდებოდა პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების გამორჩევა და მათი უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში განხილვა, მაშინ,როდესაც სხვა „რიგითი“ საქმეები გაცილებით უფრო ადრეა (წლების წინ) სასამართლოში შესული დათავიანთი განხილვის რიგს ელოდებიან. გასული 10 წლის განმავლობაში პლენუმს არც ერთი საქმე არ განუხილავს 4 თვეზე ნაკლებ პერიოდში (გარდა 2 გამონაკლისისა - გ. უგულავას 2 სარჩელი) და სხვა შემთხვევებში საქმეთა დიდი უმრავლესობა პლენუმის მიერ განხილულია 7-დან 20-თვემდე პერიოდში. ამ მაჩვენებლის ფონზე აშარად თვალშისაცემია, რომტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული ერთი სარჩელი სასამართლო პლენუმმა არსებითად განიხილა მისთვის გადაცემიდან მე-2(!), ხოლო ამავე ტელეკომპანიასთან დაკავშირებული მეორე სარჩელი - გადაცემიდან მე-3 დღეს. ასევე ტელეკომპანია რუსთავი2-თან დაკავშირებულ სხვა სარჩელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ, სარჩელის შესვლიდან რამდენიმე დღეში, კანონის ნორმის მოქმედება შეაჩერა ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ ისე, რომ მხარეებს ფორმალურადაც კი არ მოუსმინა და, შესაბამისად, არც საშუალება მისცა თავიანთი პოზიციები დაეფიქსირებინათ აღნიშნულ საკითხზე. ასეთი პრეცედენტი (რომ მხარეთა დასწრების გარეშე შეეჩერებინოს კანონის ნორმა) ამ სასამართლოს არსებობის განმავლობაში მანამდე არასოდეს დაფიქსირებულა. ეს უპრეცედენტო შემთხვევებია საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში და აშკარად ტოვებს დაინტერესების განცდას. ასევე პლენუმმა გ. უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის გაერთიანებული სარჩელების განხილვა გადაცემიდან დაახლოებით 1 თვეში დაიწყო, ხოლო გ. უგულავას ძველი 2 სარჩელი დაახლოებით 3 თვეში განიხილა. პრაქტიკულად მთელ ამ პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას წითელ ხაზად გასდევს მათ მიერ გარკვეული საქმეების გამორჩევა და უსწრაფესად განხილვა, რაც, ცხადია,ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს უკავშირდება. ამ ფონზე კი აშკარად ილახება იმ მოქალაქეების უფლებები, რომელთა სარჩელების განხილვის რიგითობა ირღვევა და ზოგიერთი მათგანი წლებია ელოდება ამ უფლების რეალიზებას.

სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობის წერილში, რომლითაც მათ მიმართეს თავმჯდომარეს, რათა აღარ ყოფილიყო ასეთი სუბიექტური მიდგომები და სასამართლოს ემუშავა მშვიდ, თანამიმდევრულ და არაფორსირებულ რეჟიმში, სადაც ყველა მხარისთვის დაცული იქნებოდა თანაბრობის პრინციპი.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა სრულიად მორგებული იყო ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღის წესრიგს. კერძოდ, როდესაც ამ ოპოზიციური პარტიის მიერ გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად,ამჟამინდელი ხელისუფლება იღებდა კონკრეტულ კანონებს პარლამენტში, რაც ითვალისწინებდა მთელი რიგი ინსტიტუციონალური რეფორმებისა და პრინციპული პოლიტიკური საკითხების დარეგულირებას, მაშინვე საქმეში ერთვებოდა საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც სწრაფად შედიოდა სარჩელი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ან მათი წარმომადგენლების მიერ და იგი ნაწილდებოდა „სანდო“ 1-ელ კოლეგიაზე. ეს უკანასკნელი კი ხშირად სასწრაფო წესით ჯერ შეაჩერებდა ამ კანონის მოქმედებას, შემდეგ კი ასეთივე ფორსირებულ რეჟიმში აუქმებდა გასაჩივრებულ კანონს. ასეთი მაგალითები მრავლადაა: საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც უფლებამოსილება აღუდგა ძველ სამეურვეო საბჭოს და ხელოვნური კრიზისი შეიქმნა ამ ორგანოში (ვინაიდან ძველი შემადგენლობა ნაციონალური მოძრაობის მხრდამჭერებით დაკომპლექტებული გუნდი იყო და შესაბამისად ამ ორგანოზე გავლენას შეინარჩუნებდნენ); საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს კანონის გაუქმება, რითაც საშუალება არ მიეცა ამახალშექმნილ ორგანოს ამოქმედებულიყო (იმ მიზნით, რომ წინა ხელისუფლების მიერ არჩეულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გ. ქადაგიძეს არ ჰყოლოდა მაკონტროლებელი ორგანო); ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონის გაუქმება, რომლითაც გაუქმდა ახალამოქმედებული, ძველთან შედარებით აშკარად უფრო მაღალი სტანდარტის და კონტროლის 2-გასაღებიანი სისტემა (იმ მიზნით, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა მაქსიმალურად შემცირებულიყო, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად არანაირი სტანდარტი ამ კუთხით არ არსებობდა და დანერგილი იყო ტოტალური და უკონტროლო მოსმენების სისტემა; ამ ახალი მოდელით კი გარე კონტროლის მექანიზმი შემოდიოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სახით) და სხვ.

ასეთივე „წარმატებით“ აპირებდა ნაციონალური მოძრაობა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი უკვე „აპრობირებული თანამშრომლობის“ გაგრძელებას, და რომ არა ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები (რომლებითაც პლენუმის უფლებამოსილება გაიზარდა და სხვ.), პრაქტიკულად ქვეყანა დგებოდა გარდაუვალი საკონსტიტუციო საბოტაჟის საფრთხის წინაშე, რასაც ხელოვნურად დაგეგმილი პოლიტიკური კრიზისი (თანამდევი შედეგებით) უნდა გამოეწვია.
იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი ობიექტური შეფასება, სწორად გაანალიზდება მიმდინარე მოვლენები, რათა მსგავსი ინსტიტუციონალური პრობლემები ჩვენი ქვეყნის წინაშე აღარ დადგეს და გარანტირებული იყოს სახელმწიფო და კონსტიტუციური ორგანოების მოქმედება - მოქალაქეთა უფლებების დაცვის პრიორიტეტით, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი მსახურებით.

ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე

გედევან ფოფხაძე
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ქრისტინე იმედაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 13:51

მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ქრისტინე იმედაძე: "ამდენი ჯღანი შენობა ამ ქალაქში რანაირად გაჩნდა როცა მე ორი თვეა ერთ ფანჯარას გადამაყოლეს?! რის მიხედვით არიგებს მერია ამ უფლებებს? ვინმე “მოცლილი” ნაცნობი არ მუშაობთ ამ დიდებულ დაწესებულებაში რომ გამარკვიოთ რა ენაზე დავწერო განცხადება რომ ყურადღება მომაქციონ?!!!"

მიმართვა "ვითომებს"!!!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 იანვარი 2016 11:18

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე საკუთარ Facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:

''მიმართვა ვითომებს!!!

"ვითომ" სპონსორ კომპანიები და "ვითომ" ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც "ვითომ" ეხმარებიან ახალგაზრდებს უფრო მეტად განვითარებაში და "ვითომ" დაინტერესებულნი არიან მათი კეთილდღეობით! საინტერესო იქნება მათზე საუბარი და ერთი დიდი გადაცემის გაკეთება და მერე უკვე აღარ იქნება ეს "ვითომ", - წერს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტი.


"რუსთავი 2" საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 09:29

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართავს.

გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, იურისტები იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო. 

თამაზ ურთმელიძის განჩინება რუსთავი 2-ის იურისტებს არ ჩაბარებია. მათ განჩინების შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან შეიტყვეს.

რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ განჩინება უკანონოა. ის იმედს გამოთქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საქმის მასშტაბურობას და საზოგადოების მაღალ ინტერესს გაითვალისწინებს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რუსთავი 2-ის იურისტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის ნაბიჯს გადადგამს.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:59

2015 წლის 24 და 29 ოქტომბერს უკრაინული გამოცემებით გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომელშიც ასახულია საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრები.
2015 წლის 2 ნოემბერს უკრაინულმა გამოცემებმა დამატებით გაავრცელეს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შორის არსებული სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერები.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერების ინტერნეტ–სივრცეში განთავსება უკრაინული ბლოგებიდან განხორციელდა, არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნას საზოგადოების მაღალი ინტერესი, საქართველოს სამართალდამცავ უწყებათა მიერ ჩანაწერების მოპოვების კანონიერების დადგენისა და მათ მიერვე, ამ ჩანაწერების შესაძლო გასაჯაროების ეჭვების გამოსარიცხად. ამ დრომდე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, შესაძლოა წარმოადგენდეს თუ არა მედიით გავრცელებული კადრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.
2015 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით, უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის 24 ოქტომბერს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკური  გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტის გამოქვეყნების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე. მეორე უკრაინული ბლოგის uareview.in.ua-ს მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, მომდევნო დღეს, მოწმის სახით დაიკითხნენ პოლიტიკური  გაერთიანება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24 ოქტომბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამსახური შეისწავლის მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობასა და ავთენტურობას.
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ სახელმწიფო საკუთარ რესურსებს იყენებდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ადამიანის პირად სივრცეში სახელმწიფოს შეჭრის პროცესი მთლიანად უნდა ექცეოდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებში, რომლის ერთ–ერთ ფორმას მსგავს ჩარევაზე სასამართლო ხელისუფლების კონტროლის მექანიზმი წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 და 1433 მუხლები ადგენს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, მათ შორის სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება/ჩაწერის წესს, რომლის თანახმადაც, იგი ტარდება მხოლოდ და მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას:
დაწყებულია გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ფაქტზე, ან სხვა იმ დანაშაულებზე, რომლებსაც კონკრეტულად და ამომწურავად განსაზღვრავს სსსკ-ის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
არსებობს  პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოტანილი მოსამართლის განჩინება, რომელშიც მითითებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ფორმალურ–მატერიალური საფუძვლები.
გადაუდებელი აუცილებლობისას შესაძლებელია მოსამართლის განჩინების გარეშე დაიწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, თუმცა აუცილებელია პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა, რომელიც გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს. ასეთ შემთხვევაშიც, კანონიერების შემოწმების მიზნით პროკურორმა მისი დაწყებიდან 24 საათში უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას ამოწმებს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათში. კანონიერი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალის გასაჯაროება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შესაბამისად, ფარული ჩანაწერების წარმომავლობის და გავრცელების გამოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დრომდე უცნობია ახორციელებდა თუ არა რაიმე სახის ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 24 ოქტომბერს, თუ მას შემდეგ გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება გავრცელებული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და ამ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის გამოსაკვლევად. სხვა მხრივ ვერ იქნება უზრუნველყოფილი გარეშე დამკვირვებლის ნდობა ჩატარებული გამოძიების მიმართ.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებში მოხდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების მოპოვების კანონიერებისა და გავრცელების შესწავლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების აღსრულება.
საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს მოცემულ საქმეებზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს.

ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:15

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში“, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რუსეთთან ურთიერთობები ვერ დალაგდება.
“მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო რუსეთის საკითხს, რადგანაც დარწმუნებული ვარ, მის მიერ ბოლო დროს უკრაინასა და არა მხოლოდ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯები ამ კონფერენციაზე მსჯელობის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდება. რაც შეეხება საქართველოს, რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ. ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას.
მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას. ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩემი მთავრობა მაინც არაორაზროვნად აცხადებს, რომ აუცილებელია პასუხისმგებელი და პრაგმატული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის ხელშესაწყობად იქ და მაშინ, როცა ეს შესაძლებელია. ამ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ კეთილგონივრულ მიდგომას. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებ, რომ ურთიერთობები რუსეთთან ვერ დალაგდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური