შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 14 სექტემბერი 2016 16:16

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა შეხვედრა ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის უფროსის, მარტინ კრიევენსის, ლატვიის სამთავრობო უწყებათა წარმომადგენლებისა და ლატვიელი ექსპერტებს მონაწილეობით.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ხორციელდება პროექტი „ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების განვითარება საჯარო ადმინისტრირების და ეფექტური მმართველობისთვის საქართველოსა და უკრაინაში". აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ექსპერტები გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას საჯარო ადმინისტრირების რეფორმისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე, კომპეტენციების სისტემის განვითარებაზე, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურების, პროფესიული განვითარების, სწავლების და საქმიანობის შეფასების შესახებ. პროექტის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება საჯარო სექტორში პოლიტიკის შემუშავების, კოორდინაციის და იმპლემენტაციის საკითხებზე.

ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის ექსპერტების ჩართულობით, გაიმართება დამატებითი კონსულტაციები საჯარო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა და საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები.

ბიზნესსახლის პროექტს საფუძველი ჩაეყარა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:51

600-ზე მეტ სახელმწიფო სერვისს ბიზნესი ერთ ჭერქვეშ, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს, - ბიზნესსახლის პროექტს, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა.

ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.

მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში", რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.

ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს, - ასე შეაფასა ბიზნესსახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესსახლი თვისობრივად გააუმჯობესებს სერვისების მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს.

„ეს არის მმართველობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების გამარტივების კუთხით. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული მთავრობის კონცეფციის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ჩვენ ვიწყებთ მმართველობითი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. სივრცეში, რომელსაც ჩვენ შევქმნით, იქნება ჩვეულებრივი მომსახურების ზონა, VIP-მომსახურების ზონა და პრინციპი - „ყველგან ყველაფერი", ანუ საუბარია იმაზე, რომ უშუალოდ ბიზნესსახლში, სადაც ბიზნესის წარმომადგენელი მივა, ყველა სერვისი ერთ ადგილას იქნება ხელმისაწვდომი. მას შესაძლებლობა ექნება, დაჯავშნოს სერვისი წინასწარ და ის ადგილზე მიაწოდონ. ასევე, განხორციელდება პრინციპი - „მხოლოდ ერთხელ", ანუ, როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი პირველად გამოიყენებს ამ სერვისს და საკუთარ თავზე სახელმწიფოს მიაწვდის ინფორმაციას, მას ამის მეტჯერ გაკეთება აღარ მოუწევს. ინფორმაცია შეინახება და ნებისმიერ სხვა სახელმწიფო სააგენტოში მომსახურების მისაღებად მისვლის დროს, ბიზნესს აღარ მოუწევს ამ მომსახურების ყიდვა და მეორედ მიწოდება. ეს იქნება დროის და რესურსის, მათ შორის ფინანსურის დაზოგვა და ამასთანავე, ერთ, გამჭვირვალე სივრცეში მიწოდებული სერვისები, თავისთავად ამცირებს კორუფციის რისკებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, რეფორმაზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს, მინისტრს, პროექტის შემუშავებაში ჩართულ უცხოელ კონსულტანტებს და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი, უახლოეს მომავალში, საქართველოში ბიზნესკლიმატს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველობითი რეფორმა მმართველობაში ჩართულობასაც მოიცავს და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია ნაბიჯი - შექმნილია ინვესტორთა საბჭო, სადაც მსხვილი ბიზნესასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური რეფორმების კუთხით დაგეგმილ ყველა ცვლილებას იხილავენ, რათა ბიზნესისა და ინიციატივიანი ადამიანებისთვის ნეგატიური სიურპრიზები თავიდან იყოს აცილებული.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის დანარჩენი სამი მიმართულებითაც.

„ეკონომიკური რეფორმების დაჩქარების კუთხით უკვე მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, მოგების გადასახადი აღარ იარსებებს, იმ პირობით, თუ მოგება არ განაწილდება და რეინვესტირებული იქნება, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას. სივრცითი განვითარების კუთხით, ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა, გარდა იმისა, რაც ყოველწლიურად იხარჯება, დამატებით 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის მიმართულებით და, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებით, ოთხ წელიწადში შევქმნათ თვისობრივად სხვა, ფიზიკურად და ვიზუალურად სხვა საქართველო, რომელიც გამართული იქნება აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ეს, თავისთავად მისცემს საშუალებას საქართველოს, სრულად გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და სატრანზიტო პოტენციალი. განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით, უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ეს სფერო ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიტანს, მთლიანად, საქართველოს განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ოპტიმიზმი. სიტყვა რევოლუცია რაღაც ნეგატივთან ასოცირდება, მაგრამ ეს პროექტი მართლაც რევოლუციურად შეცვლის საქართველოში ბიზნესგარემოს, ვინაიდან, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის თვისობრივად ახალ სივრცეს შექმნის. ვფიქრობთ, ამ პროექტით საქართველოში ახალი ეპოქა იწყება", - განაცხადა პრემიერმა.

ბიზნესსახლის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და პროექტის ხელმძღვანელმა არჩილ ბუკიამ ერთობლივად სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ჩამოდის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 09:57

7-8 სექტემბერს საქართველოში ჩამოდის ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რაც არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული შედეგების აღიარების გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტი იქნება რიგით მეოთხე, რაც წარმოადგენს საქართველოსადმი ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალ ინტერესს.

„ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა განხილულ იქნას ვარშავის სამიტის შედეგების დანერგვის განხორციელების საკითხები. ვფიქრობთ, ასევე განხილული იქნება ქვეყნის მიერ დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო არის უმაღლესი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ალიანსში, ამიტომ ჩვენთვის ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს," - აღნიშნა პრემიერმა.

კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 23 აგვისტო 2016 12:28
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „მთავრობის როლი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში“ გახსნა, რომელიც „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებთან თანამშრომლობითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მონაწილეობდა ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ნორვეგიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი ერიკ რეინერტი. თავის მისასალმებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი ყურადღება დაუთმო სახელმწიფოს როლის განსაზღვრას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. მან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით. „მოთხოვნის შექმნის ნაწილში ჩვენი სახელმწიფო ძალიან აქტიურია ბაზრების გახსნის მიმართულებით. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიწოდების სტიმულირება. ჩვენ დავიწყეთ არაერთი წარმატებული პროგრამა, რომელთა ამოცანასაც წარმოების წახალისება წარმოადგენს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც უკვე შექმნა 450 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო პოტენციალი და 7,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. „ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო დროში, ძალიან სწრაფად მოხდეს განვითარება, ეკონომიკური ზრდა ისე, რომ მივიღოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდნენ  ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში ვეგარდ სტენსრუდი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე  გია ჟორჟოლიანი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი  დავით ჯიქია,  საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის ჯგუფის ექსპერტები და სხვა ქართველი მომხსენებლები საქართველოს პარლამენტიდან,მთავრობიდან და აკადემიური წრეებიდან.

2 ახალი საწარმო საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 12:31
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორცპროდუქტების საწარმო, რომელიც თბილისში შეიქმნება, 190 ადამიანს დაასაქმებს; გათვალისწინებულია 3 755 202 ლარის ინვესტიცია. ხოლო მეორე - მაკარონის, პურ-ცომეულისა და საკონდიტრო ნაწარმის გამომშვები საწარმო შეიქმნება ქობულეთში, დაბა ოჩხამურში, სადაც გათვალისწინებულია 160 ადამიანის დასაქმება და 320 000 ლარის ინვესტიცია. მთავრობა დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, კომპანიებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთის გზატკეცილზე ორი წლის ვადაში უნდა შეიქმნას ყავის გადამამუშავებელი საწარმო, რისთვისაც კომპანია 11 277 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 30 ადამიანს დაასაქმებს; ხოლო ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც, მეწარმეს 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25-წლიანი იჯარით გადაეცემა. „ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, საქართველოში ჩაის მრეწველობის აღორძინების მიმართულებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარად

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 12:16
პრემიერ-მინისტრმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის რაიონში ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ნაძალადევში, მე-18 ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ იქნება მიხეილ ყაველაშვილი - ყველასთვის საამაყო კაცი, ფეხბურთელი. ბატონი მიხეილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მყარი სამოქალაქო პოზიციებით. ეს არის ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც მზად არის ემსახუროს თავის ხალხს და ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილის სახით საქართველოს პარლამენტს შეემატება ძალიან პრინციპული და საქმის ერთგული ადამიანი,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაღალმთიან დასახლებაში მაღალმთიან დასახლებას დანიშვნის პროცედურა მარტივდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 10:07
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, - ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შეღავათები მარტივად მიიღონ. „ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 10:05
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, C ჰეპატიტი, ფაქტობრივად აღმოიფხვრება, - C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საამაყოა, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ათასობით ოჯახის სიღატაკისგან ხსნა მოხერხდა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მიზანია, 4 წლის თავზე, C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90% - გამოკვლეული, ხოლო დაავადებულთა 95% განკურნებული იყოს. ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმის მთლიანი ბიუჯეტი 116 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 57 მილიონი ლარი დაიხარჯება; პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. მთავრობის მეთაურმა სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, მათ შორის - კომპანია „გილიარდს" და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, სამთავრობო გუნდს, დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

დიდგორობა 2016

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 12:21

დღეს  დიდგორის ბრძოლის 895-ე წლისთავი აღინიშნება. სახალხო დღესასწაულზე პრემიერი და  მთავრობის წარმომადგენლები  იმყოფებიან. დიდგორის სახელობის მედლებით 2 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს. 

ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო ასეთი, - დავით უსუფაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 ივლისი 2016 12:52

"პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, პრემიერი  შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს,” - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.



ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური