საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადება გადადგომის შესახებ

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 18:53
პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.
ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება. 
დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.
მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.
რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.
აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან. 
ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე. 

დღეს მთავარი პროკურორის საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 12:15

დღეს, 14:00 საათზე მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამ დროისთვის ბრიფინგის თემა უცნობია. სავარაუდოდ, საუბარი  საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე იქნება.

მთავარი პროკურორი მზადყოფნას გამოთქვამს გიორგი მარგველაშვილს ნებისმიერ დროს შეხვდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 17:18

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
საქართველოს მთავარი პროკურორი  ასევე მზადყოფნას გამოთქვამს  დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 
შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და  საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს.
 

საჭირო ღონისძიებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ, - გიორგი გაბიტაშვილი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 24 მაისი 2016 12:47

”გამოძიება მიმდინარეობს. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ გავატარებთ საჭირო ღონისძიებას. დაიკითხა კონფლიქტში მონაწილეთა გარკვეული ნაწილი. გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ," -  ეს განცხადება  მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.  
 - განუცხადა ჟურნალისტებს გაბიტაშვილმა. 

მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 14:21
2016 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი 2014 წლის 12 დეკემბერს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით სააკავეს. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის 72 საათს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა. 2015 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შსს-სა და მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისრათ 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ. ასევე სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის მატერილური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1180 ლარის ოდენობით იყო სამართლიანი. აღნიშნული ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მისი დამცველის მიერ მიღებული საადვოკატო მომსახურების ჰონორარი შეადგენდა 1180 ლარს.

პრეზიდენტსა და მთავარ პროკურორს შორის არსებულ ურთიერთობაზე თამაზ მეჭიაური კომენტარს აკეთებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 11:27

პრეზიდენტსა და მთავარ პროკურორს შორის არსებულ უთანხმოებაზე პოლიტიკური პარტიები საუბრობენ. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს მთავრობასა და პარლამენტთან მუდმივად ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა.

"პრეზიდენტს კომუნიკაციის პრობლემა აქამდეც რომ ჰქონდა მთავრობასთანაც, პარლამენტთანაც, ახალი არ არის, სამაგიეროდ მას არ ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემა ნაციონალურ მოძრაობასთან, გარკვეულ არასამთვრობოებთან. ცხადია, შეკვეცილი უფლებები ვერ მისცემს იმდენი ამბიციის დაკმაყოფილების საშუალებას. აბსოლუტურად სხვის კისერზე მოვიდა", - თამაზ მეჭიაურმა.

ოპოზიცია კი პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამტკიცებს, რომ პროკურატურა და სასამართლო ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ არის მოქცეული.

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობა პრეზიდენტს ხაზგასმული უპატივცემულობით ექცევა. პროკურატურა და სასამართლო მხოლოს ბიძინა ივანიშვილის ნებას ასრულებს," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

გიორგი მარგველაშვილმა კონკრეტულ გახმაურებულ საქმეებზე განმარტებების მისაღებად პროკურატურას რამდენიმე დღის წინ ტელეეთერის საშუალებით მიმართა. თუმცა ირაკლი შოთაძემ სახელმწიფოს მეთაურისგან წერილობითი მიმართვა მოითხოვა.

თავისუფალი დემოკრატები მთავარ პროკურორს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 18:09

ირაკლი შოთაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა პროკურატურას ინფორმაციის მისაღებად წერილობით უნდა მიმართოს, დეპუტატი ნინო გოგუაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ვალდებულია პრეზიდენტის საჯარო განცხადების შემდეგ მას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით.   

"შოთაძე აგრძელებს იმ უპატივცემულობის პოლიტიკას, რომელიც ქართულმა ოცნებამ  დანერგა სახელმწიფო ინსტიტუტების და მათ შორის პრეზიდენტის მიმართ.  მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და თუ მან საჯარო შენიშვნა დასვა პროკურატურა ვალდებულია მიაწოდოს მას ეს ინფორმაცია. შოთაძის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ. 

მთავარი პროკურორი მზად არის პრეზიდენტთან ითანამშრომლოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 13:47

მთავარი პროკურორი ამბობს, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არის. ამასთან ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს პრეზიდენტთან მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა მასთან ანგარიშვალდებული არ არის.

"ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან ვითანამშრომლოთ. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. მოგვმართავს ოფიციალურად შესაბამისი კითხვებით და ჩვენ მზად ვართ პასუხები გავცეთ. რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს მე მინდა გითხრათ რომ აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენს საქმეს გრიფი არ ადევს გრიფი ედო ძველ საქმეს. ამ საქმეზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.  

მთავარი პროკურორი,ელისაშვილისგან იმ პირის ვინაობის დასახელებას მოითხოვს ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 12:56

"იმედია ბოლოსდაბოლოს დაასახელებს ელისაშვილი იმ პირის ვინაობას, ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდა," - ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მთავარი პროკურორი ელისაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის წინ გამართული შეხვედრის კადრები შენახული არ არის რადგან ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა ასეულობით კამერის ჩანაწერს ტექნიკურად ვერ ინახავს.

"არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ელისაშვილთან შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება ჩემთვის გაუგებარია.მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, იყო შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ შეწყალების საქმიანობას თან ახლავს და შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია და სამწუხაროდ პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევარში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს. მე მინდა სურვილი გამოვთქვა და იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ" განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

 

პროკურატურის 2015 წლის მუშაობას,შოთაძე ჟურნალისტებს თებერვალში წარუდგენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2016 12:39

როგორ იმუშავა გასულ წელს პროკურატურამ და როგორ მიმდინარეობს გახმაურებული საქმეების გამოძიება ამ თემების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორი თებერვალში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრებს.

შოთაძე ამბობს, რომ წლის შეჯამება დეტალური და ამომწურავი იქნება.

"თითოეულ საქმეზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი. თებერვლის დასაწყისში ჟურნალისტებთან ერთად მიღებას გავმართავთ  და 2015 წელს შევაჯამებთ,"- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური