მეტრეველმა პოზნანის ჩელენჯერი მოიგო!

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 13:08

ქართველმა ალექსანდრე მეტრეველმა და ტაივანელმა ჰსიე-იინ პენგმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მოგება მოახერხეს.

მეტრეველს და პენგს მე-3 განთესვა გააჩნდათ და ჯამში 4 მატჩის მოგება მოახერხეს. ქართველმა და ტაივანელმა ჩოგბურთელებმა პოლონელებს – გავრონს და მაიროვიჩს 6:4, 6:2 სძლიეს, ყაზახ ნედოვესოვს და ფრანგ სიდორენკოს – 6:2, 7:5, ფრანგებს – დუმბიას და სახაროვს – 6:1, 6:2, ხოლო ფინალში პოლონელებს (კოვალჩიკი-მაირჩაკი) აჯობეს – 6:4, 3:6, 10:8.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი პოზნანში ერთეულთა ტურნირშიც თამაშობდა, თუმცა, პირველ წრეში არგენტინელ აგუსტინ ველოტისთან 6:7 (2:7), 2:6 დამარცხდა.

მომავალ კვირას მეტრეველი ძალებს იტალიურ რეკანატიში დაგეგმილ ჩელენჯერში (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) მოსინჯავს. ალექსანდრეს მეტოქე იტალიელი ალესანდრო ბეგა იქნება. წყვილებში მეტრეველი და ბელარუსი დმიტრი ჟირმონტი ამერიკელებს (ბარნეტი-ვიტენი) ეთამაშებიან.

მეტრეველი „რუსთავი 2"-ის საქმეზე

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 31 მაისი 2016 12:12

 სახელმწიფო ხალხისთვის წევრი მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის პროცესს აფასებს. მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოს ეზოში ესწრება, და აცხადებს, რომ ადგილზე დემოკრატიის დასაცავად მივიდა.მისივე თქმით, უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება.სააპელაციო სასამართლოს ეზოში იმოფება ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ტუღუში, რომელიც აღნიშნავს, რომ სამართლიანობასთან ამ პროცესს არავითარი კავშირი არ აქვს.

დაპირისპირება ჩოგბურთში - მეტრეველის ბრალდებები ფედერაციის ხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 14:01

დაპირისპირება და გაურკვევლობა ქართულ ჩოგბურთში, დღეს საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების წევრმა სანდრო მეტრეველმა ღია წერილი გაავრცელა,  სადაც ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ჩოგბურთელი უარს ამბობს მარტში გასამართ დევისის თასში მონაწილეობაზე, რადგან მას ფედერაციამ ტურნირისთვის მოსამზადებელი საჭირო თანხა არ გამოუყო.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამჟამად სანდრო მეტრეველის ბიძა ალექსანდრე მეტრევბელი გახლავთ.
სანდრო მეტრეველის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენდამი ჩემი მიმართვა მინდა დავიწყო პატიების თხოვნით იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გამორიცხავს ჩემს მონაწილეობას დევისის თასის მატჩში - საქართველოსა და დანიის ჩოგბურთის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელიც გაიმართება ა.წ. 4,5,6 მარტს ქ. თბილისში.

როგორც ცნობილია, წარუმატებელი ასპარეზობის შედეგად, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დევისის თასის გათამაშების ყველაზე დაბალი კატეგორიის ქვეჯგუფში. მხოლოდ 2015 წლის ივლისში, ჩვენი ნაკრების (ნ.ბასილაშვილი, ა.მეტრეველი, გ.ცივაძე, გ.ჯავახიშვილი) წარმატებული ასპარეზობის შედეგად, შევძელით ოთხი ქვეყნის გუნდის დამარცხება, რის შედეგადაც მოვიპოვეთ ზემდგომი კატეგორიის ჯგუფში მონაწილეობის უფლება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირის ყველა მატჩში მივაღწიე გამარჯვებას და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

2016 წლის 4,5,6 მარტს ქ. თბილისში დაგეგმილი დევისის მატჩში საასპარეზოდ, მწვრთნელთან ერთად შევიმუშავეთ მომზადების გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2016 წლის იანვარ-თებერვალში: ტაილანდის, ფილიპინების, იტალიისა და პოლონეთის საჩოგბურთო ტურნირებში ჩემს მონაწილეობას. 
აღნიშნული გეგმის განხორციელება დამოკიდებული იყო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ დაპირებულ პრემიალურ ფონდზე, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა, თავისი პირობა პირნათლად შეასრულა, ხოლო საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ნაკრებს შეპირებული თანხის მხოლოდ ნახევარი გამოუყო, საიდანაც ჩემს წილად მიღებული ჰონორარი იმდენად მცირე იყო, რომ მხოლოდ ტაილანდის ტურნირის დაფინანსებისთვის ვიმყოფინე.

მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, დარჩენილი თანხა არ იქნა გადმორიცხული და მისი მიუღებლობის გამო იძულებული გავხდი იანვრის შუა რიცხვებში დავბრუნებულიყავი თბილისში და შესაბამისად შემეწყვიტა სპორტული მომზადების პროგრამა დევისის თასისთვის. 
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ ჩემი სპორტული საქმიანობის დაფინანსების საკითხზე, ბოლო 3 წლის განმავლობაში მუდმივ დაპირისპირებაში ვარ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ჩემმა დასაბუთებულმა მოთხოვნებმა არავითარი შედეგი არ გამოიღო.

მეტი გამჭვირვალობისთვის, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ბიუჯეტმა მიახლოებით 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი შეადგინა. ხოლო ამავე სამი წლის მანძილზე, ჩემი დაფინანსების მიზნით გამოყოფილი ჯამური თანხა, 19 000 (ცხრამეტი ათასი) ლარს არ აღემატება. ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ფედერაციის ბიუჯეტი საგრძნობლად გაზრდილია და დაახლოებით 1 000 000 (მილიონი) ლარს აღწევს, თუმცა პირადად მე დღეის მდგომარეობით არ მიმიღია ფედერაციისგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი მიმდინარე წლის დაფინანსების შესახებ, რაც ბუნებრივია არ მაძლევს საშუალებას ეფექტურად დავგეგმო ჩემი მონაწილეობის გრაფიკი საერთაშორისო ტურნირებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გულგრილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. იგი არ თვლის საჭიროდ ხელი შემიწყოს წარმატებული სპორტული კარიერის ფორმირებაში, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა, შესაბამისად აღარც მე გამაჩნია ფედერაციის ამ შემადგენლობასთან ურთიერთობის არანაირი სურვილი.

ამრიგად, ჩემი ამჟამინდელი მომზადების ხარისხი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა სარგებელს ვერ მოუტანს ვერც საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებს და ვერც თქვენს ნდობას გაამართლებს 2016 წლის დევისის თასისის გათამაშებაში. შესაბამისად უარს ვამბობ დაგეგმილ მატჩში მონაწილეობის მიღებაზე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.

პატივისცემით თქვენი ალექსანდრე (სანდრო) მეტრეველი
22.02.2016

P.S. საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების დანარჩენ წევრებს ვუსურვებ გამარჯვებას დანიის ნაკრების წინააღმდეგ,"- აღნიშნულია მეტრეველის წერილში.

 

ალექსანდრე მეტრეველმა მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 09 აგვისტო 2015 16:08

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს, მორიგი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

ტურნირის საპრიზო ფონდი 10 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. მეტრეველი სტამბოლის ტურნირზე 5 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 1 სეტი წააგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა თანმიმდევრობით დაამარცხა: 6:2, 6:4 – თურქი ალპ სენტაი, 6:1, 6:1 – იტალიელი ნიკოლო აპოსტოლიკოსი, 6:1, 6:0 – მე-7 ნომრად განთესილი ირლანდიელი დენიელ გლენსი, 3:6, 7:6 (7:2), 6:1 ავსტრალიელი ბრედლი მუსლი და 6:2, 5:2 – ესპანელი ხორდი ვივესი.

რაც შეეხება ფინალს, აქ მეტრეველის მეტოქემ პირენეელმა ჩოგბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი მაშინ განაცხადა, როდესაც ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვებამდე ერთი გეიმიღა აშორებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ჩოგბურთელს ალექსანდრე მეტრეველს რეიტინგში 449-ე ადგილი უკავია, თურქეთში მოპოვებული წარმატება კი მორიგი წინსვლის გარანტიაა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური