თურქეთის საელჩოს განცხადება თბილისის მერიისათვის შშმპ ლიფტების გადაცემის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 14:24

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ქ. თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში გაადგილების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს. საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ.დოლარს შეადგენს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგნეტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.

თბილისის მერი მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 12:40

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება.

„დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება.

ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს.

„მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.

თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 11:35

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. როგორც  დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. 

მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

კერძო ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის - სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის - მხოლოდ სახელმწიფო ნომერი. 

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით. 

როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. 

მეტროპოლიტენის მემანქანეები თბილისის მერს შეხვდებიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 04 ივნისი 2018 22:58

მეტროპოლიტენის მემანქანეები დედაქალაქის მერს დღეს შეხვდებიან, ამის შესახებ ,,ნიუსდეის'' მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის წევრებმა განუცხადეს. როგორც მოგეხსენებათ უკვე მეორე დღეა მეტროპილიტენის 240 მემანქანე გაფიცულია, დღეს დილის 6 საათიდან თბილისის მეტროც გათიშულია. მეტროპილიტენის თანამშრომლების განცხადებით, მსგავსი მოვლენა მეტროს ისტორიაში არ ყოფილა. 

მთავრობა თბილისის მერიას დედაქალაქში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მაისი 2018 11:30

თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც თბილისის მერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობდნენ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დამატებითი ფინანსური რესურსი დედაქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი თბილისის მერიას საშუალებას მისცემს, მიმდინარე წელსვე განახორციელოს 2019-2020 წლებისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტს მომდევნო ორი წლის ბიუჯეტში გამოუთავისუფლებს ფინანსურ რესურსს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს რეგიონებსაც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ქვეყნის ინფრასტრუქტურული მზაობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება. ამ მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. მათ შორის, ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც სამოქმედო გეგმა მომზადდება.

სწორედ სამოქმედო გეგმაში ასახული პრიორიტეტების შესაბამისად დაიგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული კაპიტალური ხარჯების გარდა, სოციალურ ასპექტებსაც გაითვალისწინებს, რათა სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში, სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018 13:38

თბილისში, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

„თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

„თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან ხაბეიშვილი - მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 14:29

”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. 

როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა. 

ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში.

”თბილისის მერიას ის ვიდეოჩანაწრები არ აქვს გამოქვეყნებული, თუ რატომ გავხდი მე იქ შეუძლოდ. მე მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ეს ცხადია. შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა. მე მოვითხოვ ამას მიეცეს სამართლებრივი კვალიფიკაცია. ასევე არ არსებობს ოქმი, რის გამო მომიტაცეს”, - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მას შეუძლია ყველა პირის ამოცნობა და იდენტიფიცირება, ვინც საპროტესტო აქციის დროს მისი გატაცება მოახდინა. 

თბილისის პროკურატურაში ლევან ხაბეიშვილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. 

გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ გამართულ აქციაზე 6 პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის დააკავეს.

თბილისის მერია საბავშვო ბაღის დირექტორისა და სასწავლო პროცესის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 13:29

თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც კონკრეტული შემთხვევისას ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, მერია მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

”მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. 

ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. 
თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.
მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. 
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც „ინგოროყვას კლინიკის“ ექიმმა განაცხადა, ბავშვს ამ ეტაპზე მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. 

ალეკო ელისაშვილი - მოვუწოდებ მერიას, წინასაარჩევნო მაიმუნობებს მოეშვას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 13:38

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, #2 ავტობუსების პარკში 50-მდე ლურჯი ავტობუსი მერიას ტყუილად ჰყავს გაჩერებული. 

ელისაშვილი ავტოპარკთან დღეს ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ავტობუსებს მერია წინასაარჩევნოდ, სექტემბრისთვის გამოსაყვანად ინახავს. 

„ამ ავტობაზაზე რამდენიმე ათეული ლურჯი, MAN-ის ავტობუსი დგას. თბილისის მერიას ამ უბედურ სიცხეში გამოჰყავს მხოლოდ ამ ავტობუსების ნაწილი და საერთოდ არ ადარდებს, რომ ადამიანები იხრუკებიან სამარშრუტო ტაქსებში, რომლებშიც, ძირითადად, კონდინციონერიც კი არ არის ჩართული. ეს ავტობუსები დაყენებეულია მხოლოდ იმიტომ, რომ სექტემბრის ბოლოს გამოიყვანონ და წინასაარჩევნოდ მოიწონონ თავი. ხალხზე მზრუნველი მერია ავტობუსებს არ შეინახავდა, ქუჩებში გამოიყვანდა და მგზავრების ნაწილიც კომფორტულად იმგზავრებდა. მოვუწოდებ მერიას, მოეშვას წინასაარჩევნო მაიმუნობებს და თავისი სამარცხვინო ვადის დასასრულს დავით ნარმანიამ ერთი ნორმალური საქმე გააკეთოს - მისცეს სატრანსპორტო კომპანიას დავალება, რომ გამოიყვანონ ავტობუსები ქუჩაში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მერიისგან ოფიციალურად აქვს ინფორმაცია, რომ ავტობუსებს ადაპტირება სჭირდება, მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, თუმცა მერობის კანდიდატი ყველა აღნიშნულ მიზეზს ტყუილს უწოდებს.

რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება თბილისის მერიის თანამშრომელს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 11:05

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს სასჯელის სახით ექსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით სწორედ ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ დააკავეს.

როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური