დამკვირვებლების კომენტარი არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 15:07

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს აკეთებენ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ არჩევნების დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ზოგადად, პროცესზე დაკვირვება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი2" წერს.

„პოლიტიკური პარტიებისთვის უნდა იყოს თავისუფალი კამპანიის ჩატარების საშუალება, არჩევანის და მედიაგარემოს თავისუფლება. საარჩევნო პროცესი ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს, რაც მთავარია, როგორც პირველი ტურის დროს, ისე გადატვირთული არ არის საარჩევნო უბანი, რის გამოც დათვლის პროცესი მაშინ შეფერხებებით მიმდინარეობდა,“- განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტის და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კელთჩევსკიმ.

NDI-ის ანგარიშში მეორე ტურის საბოლოო შეფასება მოხვდება, რომელსაც ორგანიზაცია მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

„ჩვენ 10 დღის წინ პირველი ტურის შეფასება მოვახდინეთ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოვუწოდეთ, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან, რათა ამომრჩეველს მშვიდ ვითარებაში ხმის მიცემის საშუალება მიეცეს. ასევე ცესკოს მუშაობაში ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა,“- განაცხადა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა.

"ამომრჩევლებს მოვუწოდებ, იყვნენ აქტიურები" - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 12:18

ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილმა ხმა მთაწმინდის მე-6 უბანზე უკვე მისცა. საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამომრჩევლებს მოვუწოდებ, აქტიურები იყვნენ დღესაც, ისევე როგორც იყვნენ აქტიურები 8 ოქტომბერს. მივიდნენ უბნებზე, დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მე შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა, მოვედი და გამოვიყენე ჩემი ხმის უფლება”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამომრჩეველთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:42

ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115302-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 4.65%-ია.

ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა 37-ე მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა ამომრჩეველთა 9%. ამომრჩეველთა ყველაზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა ამ დროისთვის მთაწმინდის, ვაკისა და გორის საოლქო საარჩევნო კომისიებში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 3% შეადგინა. 

ახალციხე-ადიგენის 44-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, 65% დაფიქსირდა.

ბაღდათის და ხარაგაულის 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 6.7% დაფიქსირდა ამომრჩეველთა აქტივობის. ასევე მაღალი აქტივობაა დაფიქსირებული ლანჩხუთსა და ჩოხატაურის 60-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მისული ამომრჩევლების რაოდენობამ 6.6% შეადგინა.

ასევე სენაკში ამ ეტაპზე ამომრჩეველთა 6.3%-იანი აქტივობა ფიქსირდება.

ამომრჩევლის ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში ფიქსირდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:31

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა ამომრჩეველთა 4,65%-მა, რაც 115 302 ამომრჩეველია. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში ფიქსირდება, სადაც საკუთარი არჩევანი 3999 ამომრჩეველმა დააფიქსირა. ყველაზე დაბალი ქტივობა კი ამ დროისთვის ვაკე-საბურთალოზეა.

საქართველოს მასშტაბით, 50 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 8 ოქტომბრის არჩევნებზე ვერ გადალახეს.

არჩევნების მეორე ტურში მთავარი კონკურენტები „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არიან. ამასთან, დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. ასევე,  საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხსა და სენაკში მიმდინარეობს.

არჩევნები საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია. 

"იმედი მაქვს, ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ერთპიროვნული მმართველობისგან" - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:12

"იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

"იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი არ დაიზარებს არჩევნებზე მოსვლას და კიდევ ერთხელ მისი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებას. იმედი მაქვს ჩვენ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მომავალ წლებში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისგან, რაც იქნება ძალიან ცუდი საქართველოს მომავლი განვითარებისთვის",- განაცხადა ბაქრაძემ.

"იმედი მაქვს, მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება" - ეკა ბესელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:51

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმის პირველ უბანზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" მაჟორიტარების გამარჯვების მოლოდინშია. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოგვიანებით ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა დაფიქსირდება.

"აჭარაში ყველა უბანი გაიხსნა და ყველგან არის სიმშვიდე. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხმის მიცემისთვის და კენჭისყრის პროცედურისთვის ყველა წინაპირობა, რაც არის საჭირო საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შექმნილია. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ამ უბანზე მაღალ აქტიურობას, მაგრამ იმედი მაქვს, ცოტა მოგვიანებით, ამომრჩევლის უფრო მეტი აქტივობა იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში ყველა უბანი მზად არის არჩევნების ჩასატარებლად. ველოდებით ყველგან გამარჯვებას, ჩვენმა კანდიდატებმა ძალიან კარგად იმუშავეს მეორე ტურის წინ", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მან დავით უსუფაშვილის მიერ "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტი იყო და დანარჩენი გამოჩნდება მომავალში.

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:44

ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე მხარეებს შეახსენა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დღეს მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. მან მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

დღეს ასევე აკრძალულია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. იკრძალება 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

ამასთან, ცესკო-ს სპიკერის ცნობით, 07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი, რომლის ნომერია 2 51 00 51, ასევე იმუშავებს ონლაინ ოპერატორი. 

„მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ, ასევე მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია“, - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

" მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა" - ანა მიქელაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:37

ცესკოს ინფორმაციით მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მოტყუებით მოტყუებით შევიდა. 
"გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე, მთაწმინდის მე-18 საარჩევნო უბანზე სამი პირი მივიდა, რომლებმაც დაცვის პოლიციას თავი წარუდგინეს, როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები."- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პირები უბანზე შევიდნენ მაშინ, როდესაც უბანი უკვე დაკეტილი იყო.

„მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომლებიც შეიცავენ ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებს. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლობის სააკრედიტაციო ბეიჯები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოწმებლად მივიდნენ საოლქო-საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე მისული იყო უბნის თავმჯდომარე. შეტყობინება შევისა 112-ზე და გამოძახებული იყო პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო მასალა და დაკუმენტაცია უბანზე არის სრულყოფილი და დაუზიანებელი, აღნიშნული, კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ანა მიქელაძეს არ დაუკონკრეტებია რომელ სადამკვირვებლო ორგანიზაციასა და პარტიას წარმოადგენდნენ აღნიშნული პირები. 

არჩევნების მეორე ტური საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 10:21

საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები გაიხსნა. აქედან 18 ოლქი თბილისში, 32 კი რეგიონებშია. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში იმართება, სადაც კანდიდატმა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. დღესვე ახალციხეში მერის, ხოლო ზუგდიდში, ხარაგაულსა და ბოლნისში გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. გარდა ამისა საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდიანრეობს ლაგოდეხსა და სენაკში.

„ჩვენი პარტია არ არის მხოლოდ ოთხი-ხუთი ადამიანი“ - თამარ კეკენაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 29 ოქტომბერი 2016 16:26

„რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც არიან პრატიის დამფუძნებლები და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით პარტიის განვითარებაში, არჩევნების შედეგების გამოყვენებიდან მეორე დღესვე დატოვეს პარტია. მათი საჯარო განმარტების მიხედვით, მათ აირეს პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რაც დაგვიდგა, რომ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. ეს არის ნორმალური პროცესი დემოკრატიულ ქვეყნებში. საქართველოში კი ეს იშვიათობაა და ამიტომაც მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. რაც შეეხება შემდგომ ბრალდებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენს პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით - ეს არის აბსურდი. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აპელირებენ ისინი ამ ყველაფერზე, თუმცა ისინი უკვე აღარ არიან „თავისუფალი დემოკრატები“ და ეს არის მათი პირადი პოზიციები.“ - განაცხადა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს თამარ კეკენაძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური