მამუკა ბახტაძე - საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019 10:48

საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების განვითარების სტრატეგია ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 5 წლის წინ ხელისუფლებამ საქართველოს მთის განვითარება პრიორიტეტად დაისახა და მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". მთავრობის მეთაურმა ისაუბრა აღნიშნული კანონის მიღების შედეგად მიღწეულ შედეგებზე.

„შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომლის ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მილიონი ლარი შეადგინა. ეს თანხა 4 წლის განმავლობაში მოხმარდა ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის  და სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში, გაიცა დაახლოებით 185 მილიონი ლარი. აქედან, შვილის დაბადებისას ფულადი დახმარების სახით 15 ათასამდე ბენეფიციარზე გაიცა 23 მილიონ ლარზე მეტი, საპენსიო დანამატები გაიცა 82 მილიონი ლარის ოდენობით. სოციალური პაკეტზე დანამატის სახით გაიცა 11 მილიონ ლარამდე, სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის სახით გაიცა 12 მილიონ ლარზე მეტი, ელექტრო ენერგია დაახლოებით 20 მილიონი ლარით აუნაზღაურდა 90 ათასამდე ბენეფიციარს, მასწავლებლებზე და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა 34 მილიონ ლარი. კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით უკვე ისარგებლა 300-ზე მეტმა საწარმომ და 20,000-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს იყო პირველი ნაბიჯი და შემდგომი ეტაპისთვის მთავრობამ  პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია.

„ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. ამ ხედვის მისაღწევად აუცილებელია მაღალმთიანი რეგიონებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამეწარმეო საქმიანობის განვითარება, დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით. ჯანდაცვის და სხვა ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვა. ეს გახლავთ გაცხადებული მიზნები, თითოეული ამ მიზნის უკან არის სამოქმედო გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს გაზრდილ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, კერძოდ, კერძოდ, სასწრაფო დახმარების შენობების, ამბულატორიების, საბავშვო ბაღების, სკოლების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა, ინტერნეტიზაცია და სხვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრატეგიის შექმნაში აქტიური როლი ითამაშა გაეროს განვითარების პროგრამამ  (UNDP).

„დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1,700-ზე მეტ დასახლებას და თითქმის 250 000 პირი სარგებლობს მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის  განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებისთვის შეიცვლება რეალობა უკეთესობისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ყველას კარგ შედეგებს მოგვიტანს და  ჩვენ ყველა ერთად შევაფასებთ ერთად გაწეულ სამუშაოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებს სოციალური შეღავათები დაუწესდათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 02 იანვარი 2016 13:22

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი 1 ლი იანვრიდან ამოქმედდა. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ.

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი საგადასახადო შეღავათების ნაწილში სრულად ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ არალიცენზირებადი საქმიანობის გარდა ყველა ტიპის წარმოება გადასახადებისგან (გარდა დღგ-სა) გათავისუფლებული იქნება. ასევე ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ასევე 1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა პირველ და მეორე ბავშვზე ყოველთვიური დახმარების გადაწყვეტილება ანუ, ამიერიდან ყველა ოჯახი მთაში, რომელსაც პირველი ან მეორე შვილი შეეძინება, ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.

რაც შეეხება მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს, ის ძალაში 2016 წლის სექტემბრიდან შედის. კერძოდ, სექტემბრიდან სოფლის ექთნები 180 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო სოფლის ექიმებისთვის გათვალისწინებულია 360 ლარიანი დანამატი. სექტემბრიდან ძალაში შედის სოციალური შეღავათები განათლების სფეროში და მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგები მიიღებენ საბაზისო დაფინანსებაზე 35%-დან 40%-მდე დანამატს. გარდა ამისა, მაღალმთიანი რეგიონების სკოლები ახალი სასწავლო წლიდან გაორმაგებულ ვაუჩერებს მიიღებენ. სოციალური შეღავათები გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერებისათვის, რომლებიც 2016 წლის სექტემბრიდან 216 ლარამდე გაზრდილ პენსიას მიიღებენ. სოციალური შეღავათები ასევე გათვალისწინებულია ელექტროენერგიის მოხმარების კუთხით და გათბობით უზრუნველყოფისათვის.

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა 30 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა და ეს სტატუსი 1582 დასახლებას მიენიჭა.

კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 01 აგვისტო 2015 12:54

დღეს, შევიდა ძალაში კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ახალი კანონი ითვალისწინებს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისათვის, სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის და მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის.

კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. 

„კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ითვალისწინებს ობიექტური კრიტერიუმების შემოღებას, რომელთა საფუძველზე მთაში მდებარე დასახლებებს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მათი მოსახლეობა და იქ მოქმედი საწარმოები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის საჭირო თანხა ყოველწლიურად ჩაიდება სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - თენგიზ შერგელაშვილმა.

ახალი კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მაღალ მთაში მოქმედი გარკვეული საწარმოებისათვის, ფინანსური და სოციალური დახმარება მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სახელფასო დანამატები პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, სოციალური დახმარება პენსიონერებისათვის, შეღავათები ელექტროენერგიით სარგებლობისას და გათბობით უზრუნველყოფის საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

საჭირო თანხები აკუმულირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელიც, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მოამზადებს დასახლებათა სიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნული სიას, საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. 

„ახალი კანონი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ის ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“,- თქვა შომბი შარპმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) საექსპერტო დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შემუშავებაში. გარდა ამისა, ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში შედგა გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაცვლა სამი მაღალმთიანი სახელმწიფოს -  საქართველოს, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებსა და პარლამენტებს შორის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ზოგადად, საქართველოს რეგიონული მმართველობის განვითარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური